ალბათ, ყველას გახსოვთ 90-იან წლებში მოთამაშე შავკანიანი ფორვარდი, სახელად ალენ დელონი...
საინტერესო სახელების თვალსაზრისით, წლევანდელი სეზონიც გამორჩეულია. მოდით, ერთად შევადგინოთ ამ სეზონის სერია ა-ს სიმბოლური ნაკრები, ოღონდ მთავარი კრიტერიუმი არა თავად მოთამაშის სიძლიერე, არამედ მისი პროტოტიპის ცნობადობაა.
ტაქტიკურ სქემად 4-4-1-1 ავირჩიეთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტაქტიკა მოვარგეთ მოთამაშეებს და არა მოთამაშეები ტაქტიკას.
წინასწარ აღვნიშნოთ, რომ ბრაზილიელებს ძალიან უყვართ ამერიკის შეერთებული
მეკარე
მეკარე: ჯეფერსონი (ბოტაფოგო) - სრული სახელი: ჯეფერსონ დე ოლივეირა გალვაო.
"ბოტაფოგოს" 29 წლის მეკარე გუნდის ძირითადი მეკარეა და სერია ა-შიც ერთ-ერთი გამორჩეულია.
მართალია, ეს სახელი ბრაზილიაში ბევრ ფეხბურთელს ჰქვია, მაგრამ, როგორც ჩანს, მომავალი მეკარეების მშობლებს შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდათ, რადგან სხვა კიპერი საინტერესო სახელით, უბრალოდ, არ არის.
პროტოტიპი: თომას ჯეფერსონი - აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 1801-1809 წლებში.
მცველები
მარჯვენა მცველი: ჯონ ლენონი (ბოტაფოგო) - სრული სახელი: ჯონ ლენონ სილვა სანტოსი.
"ბოტაფოგოს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, რომელიც ბოლო დროს გუნდის ძირითადში ვეღარ ხვდება, რადგან ოსვალდო დე ოლივეირამ "სან პაულოსთან" დიდი ანგარიშით (4:0) წაგება სწორედ მას დააბრალა.
პროტოტიპი: ჯონ ლენონი - ლეგენდარული მუსიკოსი, ჰიპების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, The Beatles-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.
მარჯვენა ცენტრალური მცველი: ბრინერი (ბოტაფოგო) - სრული სახელი: ბრინერ ენრიკე სანტოს სოუზა.
"ბოტაფოგოს" მესამე და უკანასკნელი წევრი ჩვენს ნაკრებში. ყველაზე მეტი ფეხბურთელი სიმბოლურში სწორედ რიოს კლუბმა მიავლინა. ბრინერი ლენონზე ხშირად თამაშობს, თუმცა "სან პაულოსთან" ნახსენებ მატჩში მან გაცილებით ცუდად ითამაშა, ვიდრე ლენონმა, მაგრამ რატომღაც ჯოხი ამ უკანასკნელზე გადატყდა.
პროტოტიპი: იულ ბრინერი - ლეგენდარული მსახიობი, "ოსკარის" მფლობელი ფილმისთვის "მეფე და მე". მისი ყველაზე ცნობილი როლი, ალბათ, მაინც "შესანიშნავ შვიდეულში" კრისის როლი გახლავთ.
მარცხენა ცენტრალური მცველი: მატეუსი (კრუზეირო) - სრული სახელი: მატეუს ალვეშ მასიელი.
ასეთი სახელი ბრაზილიაში ბევრ ფეხბურთელს ჰქვია, მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილი და ამავე დროს, ყველაზე ძლიერი, სწორედ "კრუზეიროს" მცველი გახლავთ. ტანმაღალი ფეხბურთელი დაცვის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.
პროტოტიპი: ლოთარ მათეუსი - გერმანიის ნაკრების, მიონხენგლადბახის "ბორუსიას", "ბაიერნის" და "ინტერის" ყოფილი ლიდერი, 1980 წლის ევროპის და 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1990 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი, გერმანიის 7-გზის ჩემპიონი და კიდევ არაერთი გამორჩეული ტიტულის მფლობელი. სულ ბოლოს ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი იყო.
მარცხენა მცველი: უოლასი (ფლუმინენსე) - სრული სახელი: უოლას ოლივეირა დოს სანტოსი.
ბრაზილიაში უოლასიც საკმაოდ ბევრია, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეული აშკარად "ფლუმინენსეს" 18 წლის მცველია, რომელიც ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად თამაშობს. იყო ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრებში. ახლა კი 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატია.
პროტოტიპი: სერ უილიამ უოლასი - შოტლანდიის ეროვნული გმირი, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ უოლასი საკულტო ფიგურაა (განსაკუთრებით, ეკრანებზე "მამაცი გულის" გამოსვლის შემდეგ), მის შესახებ ძალიან ბევრი რამ არ არის ცნობილი. ჩვენი ცოდნა მასზე უმეტესწილად პოემით: "უილიამ უოლასის გმირობები" შემოიფარგლება, რომელიც უოლასის სიკვდილიდან 170 წლის შემდეგ არის დაწერილი და გადმოცემებსა თუ ლეგენდებზეა დაყრდნობილი.
ნახევარმცველები
საყრდენი ნახევარმცველი: ლენინი (ბაია) - სრული სახელი: ვიქტორ ლენინ პერეირა სანტანა.
ამ ფეხბურთელის შესახებ სათქმელიც ბევრი არაფერია - 21 წლის ნახევარმცველს ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია. უბრალოდ, ასეთი სახელის პატრონი ჩვენი სიმბოლურის მიღმა ვერ დარჩებოდა.
პროტოტიპი: ვლადიმერ ლენინი - ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, კომუნისტური პარტიის და მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს დამაარსებელი.
ცენტრალური ნახევარმცველი: ბრაიტნერი (ნაუტიკო) - სრული სახელი: ოვერატ ბრაიტნერ და სილვა მედინა.
როგორც ხედავთ "ნაუტიკოს" ერთ-ერთ, არაფრით გამორჩეულ ნახევარმცველს (სულ 5 თამაში 25 ტურის შემდეგ) არამარტო ხმაურიანი გვარი (ბრაიტნერ და სილვა მედინა), არამედ ხმაურიანი სახელიც (ოვერატი) ჰქვია. მიუხედავად ასეთი შესანიშნავი ნაზავისა, 23 წლის ფეხბურთელი ჯერჯერობით არც ოვერატს წააგავს და არც ბრაიტნერს.
პროტოტიპები: ვოლფგანგ ოვერატი და პაულ ბრაიტნერი - ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელები, გერმანიის ნაკრების წევრები, 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონები. ოვერატი "კიოლნის" ლეგენდაა, სადაც მთელი კარიერა აქვს გატარებული; ბრაიტნერი კი "ბაიერნის" ლეგენდა გახლავთ, თუმცა ასევე მადრიდის "რეალში" და ბრაუნშვაიგის "აინტრახტში" აქვს ნათამაშები.
მარჯვენა ნახევარმცველი: ჯექსონი (კორიტიბა) - სრული სახელი: ჯექსონ ფერნანდო დე სოუზა.
აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი, რიგით მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის სეხნია. "კორიტიბას" 22 წლის ნახევარმცველი ხშირად ხვდება ძირითადში და გუნდშიც ერთ-ერთი გამორჩეულია.
იმის გამო, რომ ყოფილი პრეზიდენტები ისედაც ბევრი გვყავს, მოდით, მის პროტოტიპად სხვა ჯექსონი ავიღოთ, მით უმეტეს, რომ ფეხბურთელი 1990 წელს არის დაბადებული და ალბათ, მისი მშობლები, როდესაც შვილისთვის სახელს არჩევდნენ, სწორედ ამ ჯექსონზე ფიქრობდნენ.
თუ ასე არ არის, მაშინ, უბრალოდ, ძალიან სურდათ, რომ მათ შვილს 50-დოლარიანები უხვად ჰქონოდა.
პროტოტიპი: მაიკლ ჯექსონი - პოპის მეფე, მსოფლიოს რეკორდსმენი გაყიდული ალბომების მიხედვით. მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი შემსრულებელი.
მარცხენა ნახევარმცველი: ლინიკერი (ნაუტიკო) - სრული სახელი: ლინიკერ ფერეირა ანისედო.
დაბადებისას "ნაუტიკოს" ახალგაზრდა ფეხბურთელს მოწმობაში მშობლებმა სახელი ოდნავ არაზუსტად ჩაუწერეს (Liniker, უნდა იყოს: Lineker), მაგრამ არა უშავს - ჩვენ ხომ ვიცით, ვისაც გულისხმობდნენ.
ოვერატ-ბრაიტნერის არ იყოს, სახელს ლინიკერიც ვერ ამართლებს - ჯერჯერობით მას ერთი მატჩიც კი არ უთამაშია.
პროტოტიპი: გარი ლინეკერი - ინგლისის ნაკრების, "ლესტერის", "ევერტონის", "ბარსელონას" და "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელი. ამჟამად ძალიან ცნობილი და პოპულარული ტელე-წამყვანი. ინგლისის ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა 48 გოლით.
გამთამაშებელი: ჰემილტონი (სპორტ რესიფე) - სრული სახელი: ჰემილტონ ენია ფერეირა კალეიროსი.
32 წლის ფეხბურთელი ბრაზილიაში კი არის დაბადებული, მაგრამ ტოგოს მოქალაქეც გახლავთ და ამ ქვეყნის ნაკრებში ერთი მატჩიც აქვს ჩატარებული. ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრების და ტოგოს 20-წლამდელთა ნაკრების (15 თამაში და 9 გოლი) ყოფილი წევრი.
პროტოტიპი: ალექსანდრ ჰემილტონი - აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორი და აშშ-ის პირველი ფინანსთა მინისტრი.
ფორვარდი
ფორვარდი: ნიქსონი (ფლამენგო) - სრული სახელი: ნიქსონ დარლანიო რეის კარდოსო. 20 წლის ფეხბურთელს სულ 2 მატჩი აქვს "ფლამენგოში" ჩატარებული. არის ძალიან სწრაფი და ტექნიკური, თუმცა ჯერ კიდევ დაუღვინებელია.
პროტოტიპი: რიჩარდ ნიქსონი - აშშ-ის 37-ე პრეზიდენტი. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც "უოტერგეიტის" სკანდალის გამო პოსტიდან საკუთარი ნებით გადადგა.
საბოლოოდ ჩვენმა სიმბოლურმა ასეთი სახე მიიღო: ჯეფერსონი - ჯონ ლენონი, ბრინერი, მატეუსი, უოლასი - ლენინი, ბრაიტნერი, ჯექსონი, ლინიკერი - ჰემილტონი - ნიქსონი.
გარდა ამ ფეხბურთელებისა, სერია ა-ში ასევე თამაშობენ: კიეზა (ნაუტიკო), პატრიკ ვიეირა (პალმეირასი), მაზინიო (პალმეირასი), უამრავი ბებეტო და კიდევ უფრო მეტი რომარიო.
ასევე, სერია ბ-შიც მოიძებნება ორი საინტერესო ფეხბურთელი: ბაჯო (გუარანტიგეტა) და ფრანკლინი (ბრაგანტინო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"