სკოლარის მსაჯის გინება არ აპატიეს

AutoSharing Option
სან პაულუს "პალმეირასის" დამრიგებელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ ბრაზილიის ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტისგან ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. სახელგანთქმულმა ბრაზილიელმა მწვრთნელმა 19 სექტემბერს "ფლამენგოსთან" 0:2 წაგებული მატჩის მსვლელობისას რეფერის აგინა.

პირველ ტაიმში "პალმეირასის" ფეხბურთელებმა საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება მიიღეს და სკოლარის მოეჩვენა, რომ არბიტრმა ჟოზე ენრიკე დე კარვალიუმ "სან პაულუს" მეკარის მიერ "აშენებული კედელი" სათანადო დისტანციაზე არ დაწია. მწვრთნელმა უკმაყოფილება უხეში ფორმით გამოხატა და მისი სიტყვები ერთ-ერთი ლაინსმენის ყურამდეც მივიდა.

ასისტენტმა მთავარ მსაჯს მყისვე აცნობა სკოლარის გამოხტომის შესახებ და დე კარვალიუმაც ლუის ფელიპეს
წითელი ბარათი უჩვენა. 6 ოქტომბერს კი ბრაზილიის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ამ ინციდენტის გამოძიების მასალები შეაჯამა და ვერდიქტიც გამოიტანა – სკოლარის თავისი გუნდის ორი მომდევნო მატჩის ყურება სტადიონის ტრიბუნიდან მოუწევს და არა სამწვრთნელო ადგილიდან.

აქვე გეტყვით, რომ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა მწვრთნელმა "პალმეირასთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ სამხრეთაფრიკული მუნდიალის დაწყებამდე გააფორმა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოვალეობების შესრულებასაც შეუდგა. დღეს "პალმეირასი" ბრაზილიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული