მე სპორტსმენი არ ვარ, მე მხატვარი ვარ

AutoSharing Option
ის 57 წლის ასაკში 2011 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა და მთელი მსოფიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული.

სოკრატესი იყო ადამიანი, რომელსაც მოსაყოლი ძალიან ბევრი ჰქონდა, დღეს მხოლოდ 10 ისტორიას შემოგთავაზებთ.

1. ფეხბურთელი სახელად სოკრატესი? იმ დროს, როდესაც თანამედროვე საფეხბურთო ვარსკვლავებს საკმაოდ მოსაწყენი, ლიონელის, კრიშტიანოს, უეინის და მარიოს მსგავსი სახელები ჰქვიათ, სოკრატესის მამამ გადაწყვიტა, რომ მსოფლიო ლიტერატურისადმი სიყვარული, შვილის სახელში გამოეხატა.

"როდესაც მე მოვევლინე სამყაროს მამაჩემს პლატონის "რესპუბლიკა" ახალი წაკითხული ჰქონდა", - იხსენებდა სოკრატესი. შესაბამისად მამამ პირველ შვილს სოკრატესი (სოკრატე) დაარქვა,
მომდევნო ორს კი სოსთენი და სოფოკლე. ამას უკვე "რაის ფაზა" მოჰყვა და მომდევნო შვილებს რაიმუნდო, რაიმარი და რაი დაარქვა. ამ უკანასკნელმა მიაღწია იმას, რაც ვერ შეძლო თავად სოკრატესმა - ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2. ზედმეტსახელი "დოქტორი" სოკრატესმა საქმით დაიმსახურა: ფეხბურთის პროფესიონალურად თამაშის მიღმა, სოკრატესმა მედიცინაში, კერძოდ პედიატრიაში დაიცვა ხარისხი. იმისთვის, რომ სწავლაში ხელი არ შეშლოდა, ფეხბურთელმა თავის პირველ კლუბ "ბოტაგოგოს" კონტრაქტში შესაბამისი პუნქტი ჩაადებინა.

3. 1,92 მ. სიმაღლის ნახევარმცველმა ინტელექტუალის სახელი მალე დაიგდო. მიზეზი მხოლოდ მედიცინის შესწავლა არ იყო. სოკრატესი 80-იანი წლების დიქტატორულ ბრაზილიაში პოლიტიკურადაც აქტიური პირი გახლდათ.

1982 წელს "კორინთიანსის" ვარსკვლავმა ორგანიზაცია "დემოკრასია კორინთიანა" დააარსა. ეს იყო ერთგვარი ფეხბურთელთა საპროტესტო მოძრაობა, რომელიც მიმართული იყო ბრაზილიის დემოკრატიზაციისკენ. 1982 წლის 15 ნოემბრის არჩევნების წინ, მოთამაშეები მოედანზე მაისურებით გამოდიოდნენ, რომლებზეც ეწერა: "Dia 15 Note", რაც ქართულად ასე ითარგმნება: "ხმა მიეცით 15-ში".

4. სოკრატესის პოლიტიკური აქტივობა მალე მთელ გუნდს გადაედო. "ჩვენ გადაწყვეტილებას კოლექტიურად ვიღებთ, ყველას ხმა თანაბარია, იქნება ეს ფეხბურთელი, მასაჟისტი თუ მინდვრის მომვლელი" - ამბობდა სოკრატესი.

თუმცა ყველა არ იზიარებდა მის ენთუზიაზმს: "ახალწვეულები გაოცებულნი იყვნენ და კითხულობდნენ, რატომ არავინ ლაპარაკობდა გასახდელში ფეხურთზე".

5. ბრაზილიელმა კარიერის საწყის წლებში კარგი ცხოვრების (Bon Vivant) მოყვარული ადამიანის სახელი დაიგდო. გაოცებული ჟურნალისტები წერდნენ, რომ ინტერვიუების დროს სოკრატესი ლუდის კათხას კათხაზე ცლიდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.

განსაკუთრებით ტრაგიკულად ეს ცნობები ახლა მოჩანს, როდესაც ვიცით, რომ გენიალური ფეხბურთელი 57 წლის ასაკში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა.

1984 წელს სოკრატესმა წარმოთქვა ფრაზა: "მე სპორტსმენი არ ვარ, მე მხატვარი ვარ".

6. 1984 წელს სოკრატესმა ევროპაში გადასვლა გადაწყვიტა. ფლორენციის "ფიორენტინამ" ბრაზილიელში 8.5 მილიონი გადაიხადა, მაგრამ მხოლოდ 25 თამაშის (6 გოლი) და ნახევარი წლის შემდეგ, "დოქტორი" ისევ ბრაზილიაში დაბრუნდა.

იტალიურმა პრესამ ბრაზილიელი მხატვარი საკმაოდ უხეში სტატიებით გააცილა, რაზეც სოკრატესის, რომელიც იტალიაში დიდი იმედებით ჩავიდა ("მე იტალიური ფეხბურთის დემოკრატიზირება მსურს"), პასუხმაც არ დააყოვნა: "ფლორენციელებს ცხოვრება არ უხარიათ. იტალიელები ევროპაში ყველაზე უბედური და მოსაწყენი ერია".

7. სოკრატესი "ჟოგა ბონიტოს", ანუ "ლამაზი თამაშის" სინონიმი გახლდათ. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილიის მეტოქე მოქმედი ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი იყო. ეს მატჩი ალბათ იმ ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება გამოდგა, რომელიც მიშელ პლატინის საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა და ბრაზილიელთა მარცხში წვლილი სოკრატესმაც შეიტანა.

73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, სოკრატესმა ზიკოს, რომელიც პენალტის დასარტყმელად ემზადებოდა, ცუდი რჩევა მისცა (ზიკო: "ის ჩემთან მოვიდა და ერთ-ერთ კუთხეში დარტყმა მირჩია, სამწუხაროდ შეცდა").

მოგვიანებით კი, პენალტების სერიაში, სოკრატესის დარტყმა ფრანგთა მეკარე ჟოელ ბატსმა მოიგერია.

8. 2004 წელს, კარიერის დასრულებიდან 14 წლის შემდეგ, სოკრატესმა ბრიტანელი საიმონ კლიფორდის პიარ-აქციაში მიიღო მონაწილეობდა და ინგლისი რიგით მეცხრე დივიზიონის გუნდ "გარფორთ თაუნში" ჩაირიცხა, რომლის მწვრთნელიც და მფლობელიც კლიფორდი იყო. კლიფორდმა, რომელმაც 8 წელიწადში 700-მდე საფეხბურთო სკოლა გახსნა, განაცხადა, რომ მომდევნო წლებში გუნდში ზიკო და კარეკა ჩაირიცხებოდნენ.

მედიამ მიიჩნია, რომ სოკრატესის კონტრაქტი ხანგრძლივი იყო, რასაც ბრაზილიელმა ცივი წყალი გადაასხა: "მე მხოლოდ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ვითამაშებ, ისიც მხოლოდ 15 წუთით, ბოლოს და ბოლოს უკვე 50 წლის ვარ". საბოლოოდ სოკრატესმა 12 წუთი ითამაშა.

9. სოკრატესი პროფესიებს ისე აგროვებდა, როგორც ჩვეულებრივი ხალხი საფოსტო მარკებს აგროვებს. ბრაზილიელის პროფესიათა არასრული სია: ფეხბურთელი, პედიატრი, პოლიტიკური აქტივისტი, მხატვარი, მწერალი, პოლიტიკოსი, კოლუმნისტი, კომპოზიტორი, დრამატურგი.

10. 2011 წლის 4 დეკემბერს სოკრატესი სან პაულოში, სეპსისით გამოწვეული ნაწლავური ინფექციით გარდაიცვალა. იმავე წლის აგვისტოში ის საავადმყოფოში, გასტროინტესტინალური სისხლდენის და ჰეპატიტის დიაგნოზით მოხვდა. გამოწერის შემდეგ სოკრატესი ალკოჰოლს უხვად მოიხმარდა.

თვეების შემდეგ საავადმყოფოში მეორედ მოხვედრისას ბრაზილიელმა "ფეისბუქზე" ბოლო სტატუსი დაწერა: "განაგრძეთ ჩემი მხარდაჭერა. ჩვენ ვიგებთ. ცხოვრება ერთი დიდი სიამოვნებაა. გმადლობთ. გმადლობთ. გმადლობთ".

ცოტა ხანში სოკრატესი გარდაიცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული