27 სექტემბერს გამოტოვებული მატჩი "ფლამენგო"-"ატლეტიკო მინეირო" უნდა გაიმართოს და გამარჯვების შემთხვევაში, მინას ჟერაესის შტატის წარმომადგენლები "ფლუსთან" მხოლოდ ქულათა სხვაობას თუ შეამცირებენ...
ლიდერების განსხვავებული გამოსვლა
მორიგი სათამაშო დღე სწორედ ჩემპიონატის ლიდერმა გახსნა. "ფლუმინენსეს" მეტოქე "ნაუტიკო" იყო, გუნდი, რომელიც ლამის ყველას ამარცხებს სახლში, მაგრამ ამავე დროს, სტუმრად თითქმის ყოველთვის აგებს.
ამ გარემოებიდან გამომდინარე, ფავორიტი, რა თქმა უნდა, აბელ ბრაგას გუნდი
"ფლუს" დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ფრედი დაუბრუნდა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ასევე აღსანიშნავია დეკუს დაბრუნება - "პორტუს", "ბარსელონას" და "ჩელსის" ყოფილ ვარსკვლავს თითქმის ორი თვე არ ჰქონდა ნათამაშები.
ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა: ველინგტონ ნემის კუთხურს სტუმართა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. ყველაზე უკეთ სიტუაციაში ფრედი გაერკვა, რომელმაც ბურთი მკერდზე მიიღო, მაგრამ სანამ დაარტყამდა, მას თანაგუნდელმა, შეტევაში ჩართულმა მცველმა, ლეანდრო ეუსებიომ დაასწრო და სეზონში მესამე გოლი გაიტანა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე "ფლუმ" მეორე გოლიც გაიტანა. თავი ამჯერად ფრედმა გამოიჩინა, რომელმაც ტიაგო ნევეშის გადაცემით ისარგებლა. ფრედისთვის ეგ გოლი მე-12 იყო ჩემპიონატში და ის ბომბარდირთა დავაში კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.
"ნაუტიკო" ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ამ გუნდს სტუმრად დადებითი შედეგის დაფიქსირება, უბრალოდ, არ შეუძლია.
დებიუტანტმა მეორე ტაიმში ერთი ბურთი გაქვითა: გოლი კიმის ანგარიშზეა. მატჩის ბოლო წუთებზე კი იმავე კიმს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ დიეგო კავალიერიმ საოცარი რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი იხსნა, თუმცა ეპიზოდი ამით არ დამთავრებულა: კიმი დამატებაზე თამაშს ცდილობდა, მაგრამ მასპინძელთა მცველმა გუმმა ფორვარდს ხელი წესების აშკარა დარღვევით შეუშალა.
კიმმა და სტუმართა სხვა ფეხბურთელებმა პენალტის დანიშვნა მოითხოვეს, მაგრამ არბიტრმა კუთხურისკენ მიუთითა. საბოლოოდ 2:1 და "ფლუმინენსემ" შეინარჩუნა ლიდერობა.
"ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არ უნდა მოვეშვათ. სეზონის ბოლომდე სულ ცოტა დარჩა და ბოლომდე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.
დღეს მშვენივრად ვთამაშობდით, ორი ბურთით ვიგებდით და ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მოვეშვით და კინაღამ დავისაჯეთ, ასეთი რამ მომავალში არ უნდა დაგვემართოს", - განაცხადა მატშის შემდეგ დეკუმ.
ტურის ცენტრალური მატჩის მონაწილე "ატლეტიკო მინეირო" იყო. "ინდეპენდენსიაზე" ერთმანეთს მეორე და მესამე ადგილებზე მყოფი გუნდები ხვდებოდნენ.
დამატებით ინტრიგას ამ მატჩს რონალდინიოს ფაქტორი სძენდა - რონიმ ფეხი ხომ სწორედ "გრემიოში" აიდგა და ფეხბურთის თამაში იქ დაიწყო. სხვათა შორის, შეხვედრის დაწყებამდე მასპინძელთა ქომაგებმა რონალდინიოს დედის მხარდასაჭერი ბანერი გამოფინეს, დონა მიგელინა უკურნებელ სენს ებრძვის.
გაუჩომ რამოდენიმეჯერ გაიხედა ბანერისკენ, მატჩის შემდეგ კი გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
ასევე თბილად შეხვდნენ "ატლეტიკოს" ქომაგები "გრემიოს" დამრიგებელ ვანდერლეი ლუშემბურგოს, რომელიც 2010 წელს სწორედ "ატლეტიკოს" მწვრთნელი იყო.
თვითონ შეხვედრა ძალიან სანახაობრივი და სახიფათო მომენტებით დატვირთული გამოდგა, მაგრამ გუნდებმა გოლების გატანა ვერ შეძლეს.
პირველ ტაიმში უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ და რეალური მომენტებიც ჰქონდათ. ყველაზე კარგი შანსი რონალდინიოს პასის შემდეგ გილერმეს შეექმნა, მაგრამ მასპინძელთა მე-9 ნომერმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მეორე ნახევარი კი უკეთ "გრემიომ" ჩაატარა და სტუმრებმა კინაღამ მოიგეს - მარსელო მორენოს საოცარი მომენტი რომ არ გაენიავებინა, სტუმრები პორტუ ალეგრიში სამი ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდებოდნენ.
შეხვედრის ბოლო წამებზე მსაჯმა მოედნიდან "ატლეტიკოს" დამრიგებელი კუკა გააძევა, რომელმაც ეს გაძევება უსამართლოდ მიიჩნია, თუმცა ჟურნალისტებთან ყურადღება სხვა არბიტრის სხვა გადაწყვეტილებაზე გაამახვილა:
"გუშინ მსაჯი ვალდებული იყო, რომ "ფლუმინენსეს" კარში პენალტი დაენიშნა. მის გადაწყვეტილებას, სეზონის ბოლოს, შესაძლოა ძალიან დიდი ფასი დაედოს, რადგან "ნაუტიკოს" გადარჩენისთვის ბრძოლაში შეიძლება სწორედ ეს ერთი ქულა დააკლდეს. მატჩი ფრედ რომ დამთავრებულიყო, ჩვენ კვლავ პოტენციური ლიდერები ვიქნებოდით".
პალმეირასის ოცნება - ახალმა ცოცხმა გაამართლა
ფლორიანოპოლისში ე.წ. 6-ქულიანი მატჩი გაიმართა გასავარდნ ზონაში მყოფ "ფიგეირენსესა" და მის მეზობელ "პალმეირასს" შორის.
სტუმრები ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟილსონ კლეინას ხელმძღვანელობით, პირველ მატჩს ატარებდნენ და ახალგაზრდა სპეციალისტს დებიუტი წარმატებული გამოუვიდა.
ამ შეხვედრაში გაიბრწყინა მარკოს ასუნსაომ, რომელიც ტრავმის მოშუშების შემდეგ მხოლოდ მეორე მატჩს ატარებდა. ვეტერანმა გოლი გაიტანა და გარდა ამისა, 2 საგოლე პასი გააკეთა. მისი გადაცემებით მცველებმა, ტიაგო ელენომ და ენრიკემ (რომელიც ასუნსაოს არყოფნაში საყრდენად თამაშობდა) იხეირეს. "ფიგეირენსეს" საუკეთესო ბომბარდირმა ალოიზიომ 65-ე წუთზე სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ ზუსტად ორ წუთში ასუნსაომ თავადაც გაიტანა და "პალმეირასს" უმნიშვნელოვანეს მატჩში მოაგებინა.
"სანტოსთან" ერთად ბრაზილიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი (8 საჩემპიონო ტიტული) ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება და ახალი მთავარი მწვრთნელის ფაქტორი "პალესტრა იტალიას" ქომაგებს ოპტიმისტურად განაწყობს.
სკანდალის გარეშე არც ამ მატჩს ჩაუვლია. "პალმეირასის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხორხე ვალდივიამ, შეხვედრის არბიტრი ვილტონ პერეირა სამპაიო მიკერძოებაში დაადანაშაულა. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი სჯიდა ბრაზილიის თასის ფინალის საპასუხო შეხვედრას "პალმეირასსა" და "კურიტიბას" შორის. იმ შეხვედრაში მსაჯმა ვალდივია გააძევა, აღნიშნულ ტურში კი ჩილელი უკვე მე-4 წუთზე გააფრთხილა და ამითაც არ დაკმაყოფილდა.
თავად ვალდივიას მოვუსმინოთ:
"მან დამაჯარიმა, შემდეგ ჩემკენ გამოემართა და სახე სახეზე მომადო, ხელები გაშალა და მემუქრებოდა. ამ ეპიზოდის ფოტოები თავად შეგიძლიათ ნახოთ. ფეხბურთელმა თუ მსაჯისკენ გაიწია - დაისჯება, მსაჯს კი, როგორც ჩანს, ყველაფრის უფლება აქვს.
არ ვიცი, ასე რატომ იქცეოდა. შესაძლოა, გულში წყენა ბრაზილიის თასის ფინალიდან მოყოლებული აქვს ჩადებული. მან ეს ყველაფერი უნდა დაივიწყოს და თავი დამანებოს".
მოიგო "ფლამენგომაც", რომელიც ძალიან ახლოს იყო გასავარდნ ზონასთან. დორივალ ჟუნიორის შეგირდებმა ბოლო ადგილზე მყოფი "ატლეტიკო გოიანიენსე" დაამარცხეს.
სტუმრები თავიდან აგებდნენ, მაგრამ თავი აქაც ვეტერანებმა გამოიჩინეს: 36-ე წუთზე კლებერ სანტანამ, რომელიც "ფლამენგოში პირველ მატჩს ატარებდა, ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი 66-ე წუთზე ლიედსონმა გაიტანა.
საერთოდ, ეს ტური გამორჩეული იყო მსოფლიოში ცნობილი ლეგიონერებისა და ვეტერანებისთვის. თავად განსაჯეთ: 36 წლის კლარენს ზეედორფმა დუბლი შეასრულა, გოლი გაიტანა ხოსე პაულო გერერომაც. თავი ასევე გამოიჩინეს: ფრედმა, 36 წლის მარკოს ასუნსაომ, კლებერ სანტანამ, 34 წლის ლიედსონმა, დიეგო ფორლანმა და 33 წლის კლებერსონმა.
"ბრაზილეირაოს" მომდევნო ტური 29-30 სექტემბერს გაიმართება და მას ბრაზილიის კლასიკო, "ფლამენგო"-"ფლუმინენსე", იგივე "ფლა"-"ფლუ" დაამშვენებს.
ბრაზილია. სერია ა. XXVI ტური
ფლუმინენსე-ნაუტიკო 2:1
გოლები: 1:0 ლეანდრო ეუსებიო (41), 2:0 ფრედი (45), 2:1 კიმი (82).
ფიგეირენსე-პალმეირასი 1:3
გოლები: 0:1 ტიაგო ელენო (8), 0:2 ენრიკე (10), 1:2 ალოიზიო (65), 1:3 მარკოს ასუნსაო (67).
სანტოსი-პორტუგეზა 1:3
გოლები: 0:1 ბრუნო მინეირო (38), 0:2 ლეო სილვა (43), 0:3 ბრუნო მინეირო (63), 1:3 ანდრე (75).
ბოტაფოგო-კორინთიანსი 2:2
გოლები: 1:0 ზეედორფი (6), 1:1 გერერო (9), 1:2 დუგლასი (13-პენ), 2:2 ზეედორფი (75).
სან პაულო-კრუზეირო 1:0
გოლი: 1:0 ოსვალდო (68).
პონტე პრეტა-ვასკო და გამა 0:0
ატლ. გოიანიენსე-ფლამენგო 1:2
გოლები: 1:0 ჟოილსონი (11), 1:1 კლებერ სანტანა (36), 1:2 ლიედსონი (66).
ინტერნასიონალი-ბაია 3:1
გოლები: 1:0 ფრედი (13), 2:0 ფორლანი (38), 3:0 ლეანდრო დამიაო (53), 3:1 კლებერსონი (90).
სპორტ რესიფე-კურიტიბა 1:0
გოლი: ჟილბერტო (90-პენ).
ატლ. მინეირო-გრემიო 0:0
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 26 16 8 2 43-18 56
2. ატლ. მინეირო 25 15 7 3 39-17 52
3. გრემიო 26 15 4 7 37-21 49
4. ვასკო და გამა 26 12 8 6 32-26 44
5. სან პაულო 26 13 3 10 38-28 42
6. ბოტაფოგო 26 11 7 8 41-33 40
7. ინტერნასიონალი 26 10 10 6 33-23 40
8. კორინთიანსი 26 9 9 8 30-26 36
9. კრუზეირო 26 10 5 11 32-36 35
10. პონტე პრეტა 26 8 10 8 30-32 34
11. სანტოსი 26 8 9 9 31-35 33
12. პორტუგეზა 26 8 8 10 28-30 32
13. ნაუტიკო 26 9 4 13 31-42 31
14. ფლამენგო 25 8 7 10 26-35 31
15. ბაია 26 7 10 9 27-30 31
16. კურიტიბა 26 8 4 14 38-46 28
17. სპორტ რესიფე 26 6 9 11 23-35 27
18. პალმეირასი 26 6 5 15 25-36 23
19. ფიგეირენსე 26 5 7 14 29-45 22
20. ატლ. გოიანიენ. 26 4 8 14 27-46 20
ბომბარდირები:
12 - ფრედი (ფლუმინენსე); 11 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრუნო მინეირო (პორტუგეზა); 10 - ვაგნერ ლავი (ფლამენგო); 9 - ალეკსანდრო (ვასკო და გამა), ალოიზიო (ფიგეირენსე), ველინგტონ პაულისტა (კრუზეირო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"