"ატლეტიკო მინეირო" კრიზისშია

AutoSharing Option
ბრაზილიაში მე-14 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა: “ფლამენგომ” “ატლეტიკო მინეიროს” უმასპინძლა.

მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია და “ენჟენაო” თითქმის ბოლომდე გაივსო. ამ შეხვედრას დამატებით ინტრიგას რონალდინიოს დაბრუნება სძენდა - გაუჩო “ფლამენგოდან” მაისში წავიდა, ვინაიდან კლუბი მას ხელფასს ვერ უხდიდა.

ძალიან დაძაბულ და მძიმე ბრძოლაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ და ამით “ფლამ” სამსახური მოსისხლე მტერ “ფლუმინენსეს” გაუწია. ამ მარცხის გამო “ატლეტიკო” უკვე 4 ქულით ჩამორჩება აბელ ბრაგას გუნდს.

რაც შეეხება “ფლამენგოს”, ზედიზედ ჩატარებული წარმატებული მატჩების გამო გუნდი გასავარდნ ზონას გვარიანად მოშორდა და ახლა უკვე
მე-10 ადგილზეა.

ანგარიში 21-ე წუთზე ვაგნერ ლავმა გახსნა და ჩემპიონატში მე-11 გოლი გაიტანა. მატჩის მეორე ტაიმში, მოსკოვის ცსკას კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟომ გამოიჩინა თავი და “ატლეტიკოს” ქომაგებს მოგების იმედი გაუჩინა, თუმცა ძალიან მალე, ზუსტად 6 წუთში, ლიედსონმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი, რომელიც გამარჯვების მომტანი გამოდგა.

შეხვედრის 73-ე წუთზე სტუმრებს ერთ-ერთი ლიდერი და დაცვის ბურჯი რევერი გაუძევეს, რომელმაც კარიოკელთა მცველ მარკოს გონსალესს თავი ჩაარტყა. 10-კაციანმა “ატლეტიკომ” ვერაფერი გააწყო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო ვაგნერ ლავი, რომელმაც გულშემატკივარი შეაქო:

"დღეს ჩვენ ყველას ვუჩვენეთ, თუ რას ნიშნავს, იყო "ფლამენგო". როდესაც ჩვენ ასეთი მხარდაჭერა გვაქვს, აბსოლუტურად ყველას დამარცხება შეგვიძლია”.

გეტყვით, რომ ამ სეზონში “ფლამენგოს” თამაშებს საშუალოდ 9 ათასი გულშემატკივარი ესწრება, რაც ძალიან ცოტაა იმ გუნდისთვის, რომელსაც, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, 45 მილიონამდე (!) ადამიანი ქომაგობს.

ბრაზილია. სერია ა. გამოტოვებული მატჩი.
ფლამენგო-ატლ. მინეირო 2:1
გოლები: 1:0 ვაგნერ ლავი (21), 1:1 ჟო (50), 2:1 ლიედსონი (56).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 26 16 8 2 43-18 56
2. ატლ. მინეირო 26 15 7 4 40-19 52
3. გრემიო 26 15 4 7 37-21 49
4. ვასკო და გამა 26 12 8 6 32-26 44
5. სან პაულო 26 13 3 10 38-28 42
6. ბოტაფოგო 26 11 7 8 41-33 40
7. ინტერნასიონალი 26 10 10 6 33-23 40
8. კორინთიანსი 26 9 9 8 30-26 36
9. კრუზეირო 26 10 5 11 32-36 35
10. ფლამენგო 26 9 7 10 28-36 34
11. პონტე პრეტა 26 8 10 8 30-32 34
12. სანტოსი 26 8 9 9 31-35 33
13. პორტუგეზა 26 8 8 10 28-30 32
14. ნაუტიკო 26 9 4 13 31-42 31
15. ბაია 26 7 10 9 27-30 31
16. კურიტიბა 26 8 4 14 38-46 28
17. სპორტ რესიფე 26 6 9 11 23-35 27
18. პალმეირასი 26 6 5 15 25-36 23
19. ფიგეირენსე 26 5 7 14 29-45 22
20. ატლ. გოიანიენ. 26 4 8 14 27-46 20

ბომბარდირები:
12 -ფრედი (ფლუმინენსე); 11 -ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრუნო მინეირო (პორტუგეზა), ვაგნერ ლავი (ფლამენგო); 9 -ალეკსანდრო (ვასკო და გამა), ალოიზიო (ფიგეირენსე), ველინგტონ პაულისტა (კრუზეირო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული