ბრაზილია. სერია ა. XXVII ტური: "ფლუმინენსე" გაფრინდა

AutoSharing Option
სერია A-ს 27-ე ტურის შემდეგ სხვაობა ლიდერსა და მდევრებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა.

"ფლუმინენსემ" გამარჯვება ბრაზილიის ყველაზე დიდ და ცნობილ დერბიში მოიპოვა, ხოლო "ატლეტიკო მინეიროს" და "გრემიოს" კვლავ ფეხი დაუცდათ...

ფლა-ფლუ

ტურის ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, რიოში, ჟოაო აველანჟის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე, იგივე "ენჟენაოზე" გაიმართა.

"ფლა" და "ფლუ" ბრაზილიის ჩემპიონატში 49-ე თამაშს ატარებდნენ, სულ კი ეს მათი 307-ე შეხვედრა იყო.

"ფლამენგომ" რამოდენიმე დღით ადრე საკუთარ მოედანზე "ატლეტიკო მინეირო" დაამარცხა და "ფლუს" საჩუქარი გაუკეთა. "ფლას" ქომაგების მხურვალე მხარდაჭერის და უამრავი
საგოლე მომენტის შექმნის მიუხედავად, გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ.

ერთადერთი გოლი მატჩის მე-18 წუთზე ფრედმა მაკრატელა დარტყმით გაიტანა. მასპინძლებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, ვაგნერ ლავმა გაიტანა კიდეც, თუმცა ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.

შეხვედრა, როგორც დერბის შეეფერება, უხეში იყო და მატჩის მთავარ არბიტრ მარსელო დე ლიმა ენრიკეს ჯიბიდან ბარათის ამოღება ხშირად უწევდა - საბოლოოდ მან ფეხბურთელებს 9 ყვითელი ბარათი და ერთი წითელი (ბოლო წუთზე "ფლამენგოს" მცველმა რამონმა მიიღო) უჩვენა.

"ფლას" შეეძლო მატჩის გადარჩენა - 87-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, მაგრამ გუნდის არგენტინელმა ლეგიონერმა დარიო ბოტინელიმ დიეგო კავალიერის ვერ აჯობა.

საბოლოოდ 0:1 და ეს გამარჯვება "ფლუსთვის" მე-100 გამოდგა ფლამენგოსთან მატჩებში, თუმცა 107 მოგებით "მენგო" ჯერ ისევ წინ არის, კიდევ 99 მატჩი ფრედ დასრულდა. რაც შეეხება "ბრაზილეირაოს" სტატისტიკას, აქ ასეთი სიტუაციაა: 16 მატჩი "ფლამენგომ" მოიგო, 14 ფრედ დასრულდა, ხოლო "ფლუმინენსემ" მე-19 შეხვედრაში იმარჯვა.

მიუხედავად მარცხისა, "ფლამენგოს" ერთ-ერთი ლიდერი ლიედსონი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო: "ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ვფლობდით და გოლებიც უნდა გაგვეტანა.

გაცილებით უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. მათ ჩვენი შეცდომით ისარგებლეს და გოლი ჯარიმის შემდეგ გაგვიტანეს, ეს იყო და ეს, სხვა საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. ჩვენ კი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პენალტი ვერ გამოვიყენეთ და გარდა ამისა, ვაგნერ ლავის გოლი არ ჩაგვითვალეს.

მიუხედავად მარცხისა, მე კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით, "ფლამენგო" აშკარად წინ მიდის და ამას ყველა ხედავს".

გამარჯვების ტოლფასი ქულა
"გრემიომ" ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, ამჯერად შინ "სანტოსთან", რომელსაც შეუძლია ამ ქულით იამაყოს.

საქმე იმაშია, რომ სტუმრებს შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ნილსონ ნოგეირა დიასმა ნეიმარი უკვე 53-ე წუთზე გაუძევა.

"სანტოსმა" ანგარიშის გათანაბრება ამის შემდეგ შეძლო და ბოლოს კინაღამ მოიგო - შეტევებში დიდი ძალებით წასულ "გრემიოს" 94-ე წუთზე სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარა. ბერნარდო მარსელო გრეოსთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ მასპინძელთა საყრდენმა ლეო გაგომ დარტყმა არ აცადა და ზედ საჯარიმოს ხაზთან წააქცია.

გაგომ წითელი მიიღო, ჯარიმა კი იმავე ბერნარდომ დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. მატჩიც აქვე დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ მსაჯის მოქმედებით აღშფოთებულნი იყვნენ როგორც ნეიმარი, ასევე "სანტოსის" მწვრთნელი მურისი რამალიო.

"გრემიოს" ფეხბურთელები ნეიმარს მთელი მატჩის განმავლობაში ფეხებში ურტყამდნენ, რაც მის საფუძვლიან აღშფოთებას იწვევდა. ერთ ეპიზოდში, როდესაც მან არბიტრს უსაყვედურა, ნოგეირა დიასმა ნეიმარს ყვითელი უჩვენა, ზუსტად ორ წუთში კი, იმის გამო, რომ "სანტოსის" ლიდერმა ყოფილ თანაგუნდელ პარას ფეხი დაადგა, პირდაპირ წითელი ბარათი ამოუღო.

"ნეიმარს მთელი მატჩის განმავლობაში განზრახ ურტყამდნენ, მაგრამ მსაჯს ამაზე რეაქცია არ ჰქონდა. შემდეგ კი ის პარასთან ორთაბრძოლისას დაეცა და არბიტრმა მას წითელი უჩვენა. არადა, პარას იმ ეპიზოდში არც არაფერი სტკენია და არც კი გაუფორმებია.

დიასმა ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა, რისი მიზეზიც მხოლოდ და მხოლოდ ნეიმარის ფაქტორი იყო. მას აშკარად განსხვავებულად ექცევიან და თითქოს არბიტრები მასთან ჯიბრში ჩადგომას საკუთარ მოვალეობად თვლიან.

ჩემი აზრით, ნეიმარმა ბრაზილია უნდა დატოვოს, რადგან მისთვის ასეთ პირობებში თამაში შეუძლებელია" - განაცხადა აღშფოთებულმა მურისი რამალიომ.

სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნეიმარს მოედნიდან საეჭვო სიტუაციაში აძევებენ. ცოტა ხნით ადრე მან წითელი გოლის აღნიშვნის დროს ტრიბუნებიდან გადმოგდებული ნიღბის გაკეთებისთვის მიიღო.

ატლეტიკომ ისევ ვერ მოიგო
ისევ ვერ მოიგო რონალდინიოს "ატლეტიკო მინეირომ". კუკას გუნდმა ამჯერად "პორტუგეზა" ვერ დაამარცხა და მოუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გაზარდა. მინას-ჟერაესის შტატის გუნდი აშკარად კრიზისშია და თუ ასე გააგრძელა, მალე მეორე ადგილის დათმობაც მოუწევს.

ამ ტურში ასევე "პალმეირასის" ზედიზედ მეორე გამარჯვება უნდა გამოვყოთ. ერნან ბარკოსის დუბლის და მარკოს ასუნსაო გოლის წყალობით, ჟილსონ კლეინას გუნდმა "პონტე პრეტა" დაამარცხა და ახლა მე-16 ადგილზე მყოფ "კურიტიბას" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

სერია ა. XXVII ტური
ვასკო და გამა-ფიგეირენსე 3:1
გოლები: 0:1 კაიო (13), 1:1 ლუანი (34), 2:1 კ. ტენორიო (51), 3:1 ჟუნინიო (80).

პორტუგეზა-ატლ. მინეირო 1:1
გოლები: 1:0 ლეო სილვა (51), 1:1 ბერნარდი (66).

ნაუტიკო-ატლ. გოიანიენ. 2:0
გოლები: 1:0 კიეზა (19-პენ), 2:0 კიეზა (41).

პალმეირასი-პონტე პრეტა 3:0
გოლები: 1:0 ბარკოსი (12), 2:0 ბარკოსი (15), 3:0 მარკოს ასუნსაო (60).

ფლამენგო-ფლუმინენსე 0:1
გოლი: 0:1 ფრედი (18).

კორინთიანსი-სპორტ რესიფე 3:0
გოლები: 1:0 პაულინიო (55), 2:0 რომარინიო (71), 3:0 რომარინიო (85).

კურიტიბა-სან პაულო 1:1
გოლები: 1:0 ევერტონ რიბეირო (60-პენ), 1:1 ოსვალდო (84).

ბაია-ბოტაფოგო 2:0
გოლები: 1:0 ფაელი (19), 2:0 ელდერი (86).

გრემიო-სანტოსი 1:1
გოლები: 1:0 ვერლეი (34), 1:1 ბრუნო როდრიგო (58).

კრუზეირო-ინტერნასიონ. 0:0

სატურნირო ცხრილი

გუნდი თ 
1 ფლუმინენსე 27 17 8 2 44-18 59
2 ატლ. მინეირო 27 15 8 4 41-20 53
3 გრემიო
27 15 5
7
38-22
50
4 ვასკო და გამა
27 13 8
6
35-27 47
5 სან პაულო 27 13 4 10 39-29 43
6 ინტერნასიონ. 27 10 11 6 33-23 41
7 ბოტაფოგო 27 11 7 9 41-35 40
8 კორინთიანსი 27 10 9 8 33-26 39
9 კრუზეირო 27 10 6 11 32-36 36
10 ნაუტიკო 27 10 4 13 33-42 34
11 ფლამენგო 27 9 7 11 28-37 34
12 ბაია 27 8 10 9 29-30 34
13 სანტოსი 27 8 10 9 32-36 34
14 პონტე პრეტა 27 8 10 9 30-35 34
15 პორტუგეზა 27 8 9 10 29-31 33
16 კურიტიბა 27 8 5 14 39-47 29
17 სპორტ რესიფე 27 6 9 12 23-38 27
18 პალმეირასი 27 7 5 15 28-36 26
19 ფიგეირენსე 27 5 7 15 30-48 22
20 ატლ. გოიანიენ. 
27 4
8
15
27-48 20

ბომბარდირები: 13 - ფრედი (ფლულმინენსე); 11 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრუნო მინეირო (პორტუგეზა), ვაგნერ ლავი (ფლამენგო); 9 - ალეკსანდრო (ვასკო და გამა); ბარკოსი (პალმეირასი); კაიო (ფიგეირენსე), ალოიზიო (ფიგეირენსე), კიეზა (ნაუტიკო), ველინგტონ პაულისტა (კრუზეირო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული