ბრაზილია. სერია A. XXXIV ტური: თითქმის ყველაფერი გარკვეულია

AutoSharing Option
სერია A-ს 34-ე ტურის შემდეგ "ფლუმინენსე" მდევარ "ატლეტიკო მინეიროს" უკვე 9 ქულით უსწრებს და ჩემპიონობამდე თითქმის არაფერი აშორებს. ამავე 34-ე ტურში გავარდნისკენ დიდი ნაბიჯი "პალმეირასმა" გადადგა, რომელმაც შინ "ბოტაფოგოს" ვერ მოუგო. ახლა ჟილსონ კლეინას გუნდს სასწაული თუ იხსნის...

ზემოთ ყველაფერი გაირკვა...
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი სან პაულოს ეწვია და "მორუმბიზე" "სან პაულოს" დაუპირისპირდა. გარდა იმისა, რომ ეს იყო ლიდერის და მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდის მატჩი, მოედანზე ერთმანეთის პირისპირ ბრაზილიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირები, ფრედი და ლუიშ ფაბიანო წარსდგნენ. ალბათ, არავის გაკვირვებია ის,
რომ გოლები სწორედ ამ მოთამაშეებმა გაიტანეს.

50-ე წუთზე ლუიშ ფაბიანომ ისარგებლა "ფლუს" მცველების მიუტევებელი შეცდომით, ერთი-ერთზე გავიდა დიეგო კავალიერისთან, ეს უკანასკნელი მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

ეს იყო ლუიშ ფაბიანოს მე-16 გოლი, სულ რაღაც მე-20 შეხვედრაში და ამ მაჩვენებლით ის ფრედს გაუტოლდა, თუმცა არცთუ ისე დიდი ხნით - 18 წუთში გოლს უკვე ფრედი ზეიმობდა, რომელმაც ახალგაზრდა სამუელ როსას გადაცემით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრა მთლიანობაში საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და ორივე გოლი მცველების აშკარა შეცდომის შემდეგ გავიდა. პირველ შემთხვევაში ლუიშ ფაბიანომ ლეანდრო ეუსებიოს პასი ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, "ფლუს" გოლის დროს კი სამუელ როსამ, "სან პაულოს" ახალგაზრდა მცველს, რაფაელ ტოლოის ბურთი კუთხურის ალამთან "მოპარა" და ფრედს პრაქტიკულად ცარიელ კარში გაატანინა.

გუნდებს ეტყობოდათ, რომ ფრეზე თანახმანი იყვნენ და რომ არა მცველთა დაუდევრობა, მატჩი, დიდი ალბათობით, უგოლოდ დასრულდებოდა.

"სან პაულო"-"ფლუმინენსეს" დასრულების შემდეგ სათამაშოდ "ატლეტიკო მინეირო" გავიდა, რომელსაც ლიდერთან ქულათა სხვაობის 6-მდე შემცირების შანსი ჰქონდა, თუმცა რონალდინიოს გუნდს საკმაოდ რთული მეტოქე ჰყავდა - "კორიტიბა" საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს და ეს ამ შეხვედრაშიც დაამტკიცა.

ამ მატჩმა ასევე გამოაჩინა ისიც, რომ "ატლეტიკოს" ჩავარდნა აქვს და კუკას გუნდი ჩემპიონობისთვის, უბრალოდ, მზად არ აღმოჩნდა. მატჩის ერთადერთი გოლი "ფლამენგოში" რონალდინიოს ყოფილმა თანაგუნდელმა, დეივიდმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს უკვე მეშვიდე გოლი იყო. არადა, დეივიდს "კორიტიბაში" მხოლოდ 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

ამ შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ფლუმინენსე" რონალდინიოს გადაბირებას აპირებს.

ბრაზილიური პრესის ცნობით, რონის ძმა, რობერტო ასისი და "ფლუს" ხელმძღვანელები მოლაპარაკებას აწარმოებენ. "გაუჩოს" "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი დეკემბერში ეწურება და დედაქალაქში დაბრუნება უფასოდ შეუძლია.

"ფლუმინენსეს" ხელმძღვანელები თვლიან, რომ ერთ გუნდში რონალდინიოს, დეკუს, რაფაელ სობისის, ტიაგო ნევეშის და ფრედის ყოლა, კოპა ლიდერტადორესზე წარმატებული გამოსვლის გარანტია იქნება და რთულია, მათ ამაში შეედავო.

პალმეირასი წვალობს
"პალმეირასმა" ამ ტურში "ბოტაფოგოს" უმასპინძლა და ისევ ვერ მოიგო, თუმცა ვერმოგებას ვინ ჩივის, გუნდმა ქულაც ძლივს აიღო.

ერნან ბარკოსმა დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს ერთი ქულა მოუტანა. ახლა "პალმეირასის" ბედი დიდწილად სპორტული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - თუ "ინტერთან" მისი თამაშის შედეგი გაუქმდება, მაშინ ჟილსონ კლეინას გუნდს თადარიგში ერთი თამაში ექნება, მაგრამ თუ იმ მატჩის საბოლოო შედეგი ძალაში დატოვეს, "პალმეირასი" პრაქტიკულად გავარდნილად უნდა მივიჩნიოთ.

ამ ტურში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო "სპორტ რესიფემ", რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაშია და უკანასკნელ 4 შეხვედრაში 9 ქულის აღება მოახერხა.

რესიფელთა მორიგი მსხვერპლი საშინელ ფორმაში მყოფი "ვასკო და გამა" იყო, რომელსაც სტუმარმა გუნდმა დიდი ანგარიშით მოუგო. "სპორტი" ახლა მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება სალვადორის "ბაიას" და გადარჩენის შანსი "პალმეირასზე" გაცილებით დიდი აქვს.

ტურის სხვა მოვლენებიდან აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ნეიმარის ჰეთ თრიქი, რომლის წყალობითაც ვუნდერკინდი ბომბარდირთა დავაში გაერია - "სანტოსის" ფორვარდის ანგარიშზე 12 გოლია; თანაც, ნეიმარმა სულ რაღაც 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მომავალ ტურში "ფლუმინენსე" "პალმეირასს" სტუმრობს და მოგების შემთხვევაში, შანსი აქვს, ისტორიაში მეოთხედ გახდეს ბრაზილიის ჩემპიონი.

სერია A. XXXIV ტური
გრემიო-პონტე პრეტა 1:0
გოლი: 1:0 ანდრე ლიმა (90).

კრუზეირო-სანტოსი 0:4
გოლები: 0:1 ნეიმარი (12), 0:2 ნეიმარი (36), 0:3 ფელიპე ანდერსონი (53), 0:4 ნეიმარი (82).

ფლამენგო-ფიგეირენსე 1:0
გოლი: 1:0 ერნანი (72).

ვასკო-სპორტი 0:3
გოლები: 0:1 ფელიპე აზევედო (40), 0:2 უგო (53), 0:3 ენრიკე (87).

პალმეირასი-ბოტაფოგო 2:2
გოლები: 0:1 ლოდეირო (21), 1:1 ბარკოსი (29), 1:2 ელკესონი (64), 2:2 ბარკოსი (90).

სან პაულო-ფლუმინენსე 1:1
გოლები: 1:0 ლუიშ ფაბიანო (50), 1:1 ფრედი (68).

ატლ. გოაინ.-კორინთიანსი 0:2
გოლები: 0:1 ხუან მარტინესი (54), 0:2 გილერმე (90).

პორტუგეზა-ბაია 0:1
გოლი: 0:1 სოუზა (77).

კორიტიბა-ატლ. მინეირო 1:0
გოლი: 1:0 დეივიდი (10-პენ).

ნაუტიკო-ინტერნასიონ. 3:0
გოლები: 1:0 სოუზა (23), 2:0 სოუზა (33), 3:0 კიეზა (62).

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 34 21 10 3 56-26 73
2. ატლ. მინეირო 34 18 10 6 55-30 64
3. გრემიო 34 18 9 7 48-28 63
4. სან პაულო 34 18 5 11 53-33 59
5. ბოტაფოგო 34 14 9 11 53-43 51
6. ინტერნასიონ. 34 13 12 9 44-35 51*
7. ვასკო და გამა 34 14 8 12 39-40 50
8. კორინთიანსი 34 13 11 10 42-34 50
9. სანტოსი 34 11 13 10 43-40 46
10. კორიტიბა 34 13 6 15 47-51 45
11. ნაუტიკო 34 13 6 15 41-47 45
12. ფლამენგო 34 11 11 12 34-42 44
13. კრუზეირო 34 12 7 15 38-46 43
14. პონტე პრეტა 34 11 10 13 36-43 43
15. პორტუგეზა 34 9 13 12 35-36 40
16. ბაია 34 9 13 12 33-37 40
17. სპორტ რესიფე 34 9 9 16 35-53 36
18. პალმეირასი 34 9 6 19 34-45 33*
19. ფიგეირენსე 34 7 8 19 36-62 29
20. ატლ. გოიანიენ. 34 5 8 21 31-62 23

შენიშვნა: "ინტერნასიონალი"-"პალმეირასის" საბოლოო შედეგი (2:1) სპორტულმა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

ბომბარდირები

17 - ფრედი (ფლუმინენსე); 16 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო); 14 - ბრუნო მინეირო (პორტუგეზა); 13 - კიეზა (ნაუტიკო), ბარკოსი (პალმეირასი); 12 - ნეიმარი (სანტოსი), ალოიზიო (ფიგეირენსე); 11 - ვაგნერ ლავი (ფლამენგო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული