ფიფას ოფიციალური საიტი 36 წლის ყოფილ ფეხბურთელს სწორედ 2012 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტებზე და ფეხბურთელისთვის ამ პრიზის მოგების მნიშვნელობაზე გაესაუბრა.
გარდა ამისა, "ფენომენმა" გაიხსენა ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ პრიზს იმსახურებდნენ, მაგრამ არასდროს მოუგიათ.
წლევანდელი ფიფას "ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობას 2013 წლის 7 იანვარს, ციურიხში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე შევიტყობთ.
- როდესაც ფეხბურთელი იყავით, "ოქროს ბურთის" მფლობელის
- ყველა ფეხბურთელს სურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს. მართალია, ყოველ წელს მხოლოდ ერთი გამარჯვებული შეიძლება იყოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ასეთ აღიარებაზე ყველა ოცნებობს. ეს პრიზი მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომის შეჯამებაა.
თუ შენ კარგად თამაშობდი, გოლებს იტანდი, ტიტულებს იგებდი და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყავი, წლის ბოლოს "ოქროს ბურთის" მოგების იმედიც გაქვს. ძალიან ბევრი კრიტერიუმი არსებობს, რომელთა შეჯამებითაც, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ირკვევა.
- 1996 წელს მოგებულმა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულმა თქვენს კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა?
- პირველი ტუტული მართლაც განსაკუთრებული იყო. ასეთი პრიზის მოგების შემდეგ ოპონენტებიც უფრო მეტად გაფასებენ და პასუხისმგებლობაც იზრდება, თუმცა პირადად ჩემზე გაზრდილი ზეწოლა ყოველთვის კარგად მოქმედებდა, რადგან ზედმეტი პასუხისმგებლობა მოტივაციას მმატებდა, უფრო მეტს ვშრომობდი და კიდევ უფრო კარგად ვთამაშობდი.
- 1996 წლის დასაწყისში "პსვ ეინდჰოვენში" თამაშობდით, ზაფხულში ოლიმპიადაზე იასპარეზეთ, შემდეგ "ბარსელონაში" გადახვედით და ბოლოს წლის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდით. მიგაჩნიათ, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ წელს შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
- მართლაც საოცარი წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ "პსვ ეინდჰოვენში" მუდმივად ვთამაშობდი და გოლებიც გამქონდა, ბრაზილიის ნაკრების მუდმივ წევრად მაინც არ ვითვლებოდი. ზაფხულში კი "ბარსელონაში" გადავედი და ყველაფერი შეიცვალა.
ამ წელს მართლაც ბევრი რამ შეიცვალა და მეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწია, რადგან კლუბის და ქვეყნის შეცვლა იოლი არ არის. საბედნიეროდ, "ბარსელონაში" ძალიან კარგად მიმიღეს და მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრაციის საშუალება მომცეს.
- 2002 წელს უმძიმესი ტრავმა მოირჩინეთ, მსოფლიოს ჩემპიონი გახდით და წლის ბოლოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მესამედ მოიგეთ...
- ტრავმის შემდეგ დაბრუნება და წლის ბოლოს საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოგება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მძიმე ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც წელიწადნახევარი გამიცდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების საშუალება მომეცა, სადაც კარგად ვითამაშე, საუკეთესო ბომბარდირიც გავხდი და წლის ბოლოს ინდივიდუალური აღიარებაც დავიმსახურე.
2002 წლის პრიზი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პირველი, რადგან ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია.
- განსაკუთრებული დაპირისპირება ხომ არ გქონდათ რომელიმე ფეხბურთელთან, მაგალითად ზინედინ ზიდანთან, რომელმაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ასევე სამჯერ მოიგო?
- ჩემი აზრით, მაშინ კონკურენცია უფრო დიდი იყო. დღეს ტიტულისთვის მესი და კრიშტიანო რონალდო იბრძვიან, ჩემ დროს კი პრეტენზიას ზინედინ ზიდანი, რივალდო, ლუიშ ფიგუ, მე, მოგვიანებით კი რონალდინიო ვაცხადებდით...
თუ ვინმე ამ ტიტულს იგებდა, ის ამას იმსახურებდა. როდესაც ზიდანი ხდებოდა გამარჯვებული, წლის განმავლობაში საუკეთესო უდავოდ ის იყო.
- თქვენ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ისეთი ვარსკვლავის გვერდით გითამაშიათ, ვისაც ეს პრიზი მოგებული აქვს. შეგიძლიათ გამოარჩიოთ რომელიმე მოთამაშე, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს იმსახურებდა, მაგრამ ეს პრიზი არასდროს მოუგია?
- ფეხბურთი სპორტის არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური სახეობაა და კოლექტივს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
არიან ფეხბურთელები, რომლებიც წლების განმავლობაში სტაბილურად კარგად ასპარეზობენ, საკუთარი გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ინდივიდუალურ პრიზებს ვერ იგებენ.
მაგალითად, პაოლო მალდინი, რომელიც საუკეთესო მცველი იყო იმათგან, ვინც კი ოდესმე მინახავს და ვის წინააღმდეგაც მითამაშია.
ის ამ ტიტულს რამოდენიმეჯერ იმსახურებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ინდივიდუალურ პრიზებს, უმეტესად, შემტევი ფეხბურთელები იგებენ, რადგან გულშემატკივრებს გოლების და ფინტების ნახვა სურთ.
- ევროპის მიღმა მოთამაშე ფეხბურთელებისთვის ხმის მიღება რთულია?
- ფეხბურთი, ზოგადად, კარგად არის დაბალანსებული, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საუკეთესო ფეხბურთელები ევროპაში თამაშობენ და სწორედ ევროპული ფეხბურთი არის პირველ ადგილზე. შესაბამისად, ბუნებრივიც არის ის, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ფეხბურთელებიდან ირკვევა.
- თქვენი აზრით, ნეიმარის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით დაყენება შეიძლება?
- ნეიმარი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მე ადრეც ვთქვი, რომ ის სათამაშოდ ევროპაში უნდა ჩამოვიდეს და საკუთარი შესაძლებლობები აქ დაამტკიცოს. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება - ის ევროპულ კლუბში მოეწყობა და "ოქროს ბურთის" მოგების რეალური კანდიდატიც იქნება.
- ისიც თქვენსავით ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა ბრაზილიის ნაკრებში და მისგან უკვე საკმაოდ ბევრს ელიან. რას ურჩევდით მას?
- განსაკუთრებულს ვერაფერს ვურჩევ, რადგან ის ყველაფერს სწორად აკეთებს. ნეიმარი ბევრს შრომობს, დისციპლინას იცავს და ბოლომდე ფეხბურთის თამაშზეა კონცენტრირებული.
დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ის ევროპაში ითამაშებს და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებს იმას, რომ ბრაზილიელებს ნიჭიერი ფეხბურთელების გაზრდა ჯერ კიდევ შეგვიძლია.
- წლევანდელ "ოქროს ბურთს" ვის გადასცემდით და რატომ?
- პრიზისთვის წელსაც მესი და რონალდო იბრძოლებენ. ტიტულს ინიესტა და ჩავიც იმსახურებენ, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი ნახევარმცველები არიან, მათი შანსი შედარებით მცირეა.
მე ჩემს ხმას მესის მივცემდი - გარდა იმისა, რომ მას ბევრი გოლი გააქვს და ტიტულებს იგებს, მესი მოედანზე სასწაულებს ჩადის, ის ნამდვილი ჯადოქარია.
რონალდო ძალიან ტექნიკური, ძლიერი და პრაგმატული მოთამაშეა, მაგრამ მესი უფრო მაღლა დგას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის წლიდან წლამდე ახერხებს ყველას გაოცებას.
- წლის საუკეთესო მწვრთნელად ვის დაასახელებდით?
- ჩემს ხმას მოურინიოს მივცემდი. ის საოცარი ტაქტიკოსია, შესანიშნავად გეგმავს გუნდის თამაშს და ძალიან კარგი სავარჯიშო მეთოდები აქვს. იოლი ნამდვილად არ არის, ყოველდღე ასე კარგად გაუმკლავდე 25 ვარსკვლავს და გუნდში ყოველი მათგანი ბედნიერი გყავდეს.
- ქალთა ფეხბურთზე რას იტყოდით?
- მინდა, რომ მარტამ მოიგოს (იცინის). რამდენი ტიტული აქვს, ხუთი, ხომ? ჰოდა, მსურს, რომ მეექვსედაც გაიმარჯვოს. ამიტომ ჩემს ხმას მარტას მივცემდი.
- სიმბოლურ ნაკრებსაც მივადექით. რომელ 11 ფეხბურთელს შეარჩევდით?
- კარში აუცილებლად კასილიასი იდგებოდა. დაცვაში დანიელ ალვეშს, სერხიო რამოსს და ჯონ ტერის დავაყენებდი.
მარცხენა მცველად კი... რობერტო კარლოსს (იცინის), მარცხენა მცველად მარსელოს ვათამაშებდი. ნახევარდაცვაში იქნებოდნენ ჩავი, ინიესტა და ლამპარდი. შეტევაში კი მესი, რონალდო და ნეიმარი.
- თქვენი სათამაშო კარიერის დროს პუშკაშის პრიზი რომ ყოფილიყო, თქვენი რომელი გოლი მოიგებდა ამ ტიტულს?
- ალბათ, გოლი, რომელიც "ბარსელონაში" თამაშის დროს "კომპოსტელას" გავუტანე. ჩემი აზრით, ის გოლი ამ პრიზს ნამდვილად მოიგებდა.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი გოლებიდან რომელია საუკეთესო?
- ალბათ, 2002 წლის ჩემპიონატის ფინალში გერმანიის კარში გატანილი მეორე გოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"