ბრაზილიისა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად ინგლისის ქალაქ დერბიში გაეჯიბრნენ. ევრო 2012-ის ფინალური ეტაპის თანამასპინძელი უკრაინა წესისამებრ, შესარჩევი ტურნირისგან თავისუფალია და შესაბამისად, მომდევნო წელიწადნახევარის განმავლობაში მხოლოდ ამხანაგური მატჩებით მოუწევს ფონს გასვლა. ბრაზილიელები მომავალი წლის შემოდგომიდან მომდევნო მუნდიალის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვებიან და ზაფხულში გასამართ "კოპა ამერიკამდე" მათაც არ ელით ოფიციალური შეხვედრა. გუშინდელი მატჩი კი ორივე გუნდისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო და მოსალოდნელი შედეგითაც დასრულდა.
ბრაზილიელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზეშმა რამდენიმე ახალწვეული გამოსცადა და მათი თამაშით კმაყოფილიც დარჩა. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში
მატჩი ბრაზილიელთა საგრძნობი უპირატესობით დაიწყო. დებიუტში უკრაინელებს ნერვიულობა ეტყობოდათ, მაგრამ მალევე დალაგდნენ და შეეცადნენ, მეტოქისთვის შესატევი სივრცეები შეეზღუდათ. ეს ცოტა ხანი გამოსდიოდათ კიდეც, მაგრამ რობინიოს ფლანგურ გარღვევას დანი ალვეშის მისამართით გამოზომილი გადაცემა მოჰყვა და ბარსელონელმა ერთი შეხებით დალაშქრა უკრაინელთა კარი.
კალიტვინცევის გუნდი ბედს არ შეეგუა და შეეცადა, თამაში მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ გადაეტანა. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ალექსანდ ალიევი გამოირჩეოდა, მაგრამ მხოლოდ მისი მონდომება არ კმაროდა. ბრაზილიელთა მეორე გოლი კი კარლოს ედუარდოს მიერ წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა. პატო უკრაინელებმა უმეთვალყურეოდ მიატოვეს და ამ უკანასკნელსაც ახლო მანძილიდან ანგარიშის გაზრდა არ გასჭირვებია - 2:0.
მეორე გოლის შემდეგ უკრაინა მარცხს შეეგუა, თამაშის ტემპი დაეცა, თავი აღარც ბრაზილიელებს გამოუდიათ და შეხვედრაც მშვიდად დასრულდა.
ამხანაგური მატჩი
ბრაზილია-უკრაინა 2:0
ბრაზილია: ვიქტორი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, ლუკასი - სანტოს ანდრე (46. ადრიანო), რამირესი (65. სანდრო), ელიასა (87. უესლი), კარლოს ედუარდო (65. ჟულიანო) - რობინიო (82. ანდრე), პატო (78. ნილმარი).
უკრაინა: დიკანი - კუჩერი, მანძიუკი, ფედეცკი, რომანჩუკი - ტიმოშჩუკი, როტანი, პოლევოი (73. გაი), გუსევი (46. ხუდობიაკი) - ალიევი, მილევსკი (61. სელეზნიოვი).
გოლები: 1:0 დანი ალვეში (25), 2:0 პატო (64)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"