"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ბრაზილიური "პალმეირასი" ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ "მილანიდან" რონალდინიო გადაიბიროს. ამ უკანასკნელის თავის გუნდში ხილვა ძალიან სურს ლუიშ ფელიპე სკოლარის, რომელმაც "პალმეირასი" სულ ახლახანს ჩაიბარა და მომავალი სეზონისთვის დიდი მიზნები დაუსახავს.
სან პაულუელები რონალდიონიოს წელიწადში მილიონევროიან ხელფასს სთავაზობენ, რითაც ძნელი წარმოსადგენია, რომ იგი მოხიბლონ. "პალმეირასი" რონალდინიოს ერთადერთი მსურველი არაა – რიგში დგანან ასევე ბრაზილიური "ფლამენგო", ბერძნული ოლიმპიაკოსი და ამერიკული "ლოს ანჯელეს გელექსი".
თავად ფეხბურთელს კი ჯერ გარკვევით არ უთქვამს, "მილანში"
დარჩება თუ ადგილსამყოფელს შეიცვლის. "ახლა შვებულებაში ვარ და ფეხბურთზე ნაკლებად ვფიქრობ. პრესაში დაწერილ ინფორმაციებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ჩემს გადაწვეტილებას მალე გავახმაურებ", - ასეთია ბრაზილიელი ფლეიმეიქერის კომენტარი.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მას არასოდეს უთამაშია არც "პალმეირასში" და არც "ფლამენგოში". ერთადერთი ბრაზილიური კლუბი, რომლის ღირსებასაც რონალდინიო იცავდა, პორტუ ალეგრეს "გრემიო" იყო.