ბრაზილია-ინგლისი კინაღამ ჩაიშალა

AutoSharing Option
ახლად გარემონტებული "მარაკანა", რომელზეც მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ჩატარება იგეგმება, 1 ივნისს ბრაზილია-ინგლისის ამხანაგურ მატჩს უმასპინძლებს, არადა, საკითხს დიდი კითხვის ნიშანი დაესვა მას მერე, რაც ხუთშაბათს საღამოს რიო დე ჟანეიროს საქალაქო სასამართლომ, კერძოდ კი მოსამართლე ადრიანა კოშტა დუშ სანტუშმა პროკურატურის განცხადება დააკმაყოფილა და აღნიშნული მატჩის ჩატარება აკრძალა.

როგორც გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, მიზეზი იყო ის, რომ შესაბამის სამსახურებს საჭირო დრომდე არ ჰქონდათ წარდგენილი ოფიციალური დასკვნა, სტადიონის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით.

რიო დე ჟანეიროს ადმინისტრაციამ სასწრაფოდ გაავრცელა განცხადება, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აპელაციის
წესით ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივრებდა. მათი მტკიცებით, "მარაკანას" ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო დოკუმენტები მზად იყო და პრობლემა მხოლოდ ბანალური ბიუროკრატიული დაუდევრობის შედეგი გახლდათ, რის გამოც ხუთშაბათამდე მათი დანიშნულების ადგილამდე მიტანა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთ მიზეზად დასახელებული იყო 29 მაისს გამართული კათოლიკური სადღესასწაულო ღონისძიებაც. სააპელაციო სასამართლოში ქალაქის ხელმძღვანელთა სარჩელს მხარი დაუჭირა ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამაც.

"მარაკანაზე" დასასწრები 78 ათასივე ბილეთი რამდენიმე დღის წინ გაიყიდა. ასე რომ, აპელაციის დაკმაყოფილების შემდეგ მთელი ბრაზილია ხმაურიან საერთაშორისო სკანდალს გადაურჩა. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონების მძიმე მდგომარეობა. ამ თემაზე ფიფაში უკვე დიდი ხანია ხმამაღლა ალაპარაკდნენ. შეგახსენებთ, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ეს ლეგენდარული სტადიონის გახსნის მეორე მცდელობაა. პირველად 15 მაისს თამაში წყალგაყვანილობის მსხვილი მილის დაზიანების გამო გადაიდო.

იქამდე, ვიდრე თამაშის ჩატარება-არჩატარების ამბავი გადაწყდებოდა, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა დროს უქმად არ დაკარგეს და რიოს პლაჟზე მცხუნვარე მზეს მიეფიცხნენ. ბრაზილია-ინგლისის ამხანაგური მატჩი ლუიშ ფელიპე სკოლარის შეგირდებისთვის უკანასკნელი რეპეტიციაა კონფედერაციის თასის გათამაშების (15-30 ივნისი) დაწყებამდე. კუნძულელები კი ამის შემდეგ დამსახურებულ შვებულებებში გავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი-ირლანდია 1:1: უშიშარი კელტები "უემბლიზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული