რეკოპა სუდამერიკანა: "კორინთიანსის" ჰეთ თრიქი

AutoSharing Option
"კორინთიანსმა" რეკოპა სუდამერიკანას საპასუხო მატჩიც მოიგო და "სან პაულო" ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა. ლიბერტადორესის თასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ტიტეს შეგირდებმა წრე შეკრეს და სეზონში მესამე ტიტულიც დაისაკუთრეს.

"სათქმელი არაფერი მაქვს, ყველაფერზე ეს ადამიანები მეტყველებენ," - განაცხადა ბედნიერმა ტიტემ და ხელი "ტიმაოს" ქომაგებით გადავსებული "პაკაემბუს" ტრიბუნებისკენ გაიშვირა.

პირველ შეხვედრაში მოპოვებული ერთბურთიანი გამარჯვების შემდეგ (2:1), საპასუხო მატჩი "კორინთიანსმა" ძალიან დამაჯერებლად დაიწყო და უპირატესობა მატჩის ბოლომდე არ გაუშვია. სტუმართა ფორვარდები - ოსვალდო და ლუიშ ფაბიანო 90 წუთის განმავლობაში ჩრდილში
იყვნენ. ამ დუეტმა ჯამში მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა - 45-ე წუთზე ლუიშ ფაბიანოს დარტყმული კასიომ მოიგერია.

პირველი გოლი 36-ე წუთზე რომარინიომ გაიტანა, შეხვედრას წერტილი კი დანილომ 69-ე წუთზე დაუსვა. გატანა ხოსე პაოლო გერეროს და ემერსონ შეიკსაც შეეძლოთ, მაგრამ იმ ეპიზოდებში როჟერიო სენი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

"ეს ტიტული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, მეტოქეს დღესაც ვაჯობეთ და დავამტკიცეთ, რომ ამ წყვილში უფრო ძლიერი სწორედ "კორინთიანსი" იყო," - განაცხადა დანილომ, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

"კორინთიანსმა" სამხრეთ ამერიკის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო, "სან პაულომ" კი ამ ტიტულის მესამედ მოგების შანსი გაუშვა ხელიდან. ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონს რეკოპა 1993 და 1994 წლებში აქვს მოგებული, 2006 წელს კი "ბოკასთან" წააგო.

აღსანიშნავია, რომ "სან პაულომ" (ყველა ტურნირზე) ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა და პაულო აუტუორის გუნდს უკვე 8 მატჩია არ მოუგია. ბოლოს "სან პაულომ" 30 მაისს იმარჯვა, როდესაც ბრაზილიის ჩემპიონატში "ვასკო და გამა" გაანადგურა (5:1).

კორინთიანსი-სან პაულო 2:0 (2:1)
გოლები: 1:0 რომარინიო (36), 2:0 დანილო (69)
კორინთიანსი (4-2-3-1): კასიო - ედენილსონი, ჟილი, პაულო ანდრე, ფაბიო სანტოსი - რალფი, გილერმე - რომარინიო (81. რენატო აუგუსტო), დანილო, ემერსონ შეიკი (89. იბსონი) - გერერო (86. პატო)
სან პაულო (4-4-2): როჟერიო სენი - დუგლასი, ლუსიო, რაფაელ ტოლოი, ჟუანი (68. მაიკონი) - როდრიგო კაიო, ველინგტონი (46. ალოიზიო), დენილსონი, განსო - ოსვალდო, ლუიშ ფაბიანო
გაფრთხილება: დანილო - დუგლასი
მაყურებელი: 38 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეკოპა სუდამერიკანა. I მატჩი: "კორინთიანსი" დაწინაურდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული