ორხელისუფლებიანობა დაიშალა

AutoSharing Option


"ესტუდიანტესის" უპირატესობა მოულოდნელად და სწრაფად გაქრა და სტუდენტებს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწიათ. ლიდერისთვის "ურაკანის ბარიერი რთული არ ყოფილა - ალეხანდრო საბელიას შეგირდებმა თითო ტაიმის სტარტზე თითო გოლი გაიტანეს და უპრობლემოდ გაიფორმეს სამი ქულა. მერვე წუთზე ვერონმა შეასრულა საჯარიმო. სტუმრების მცველებსა და მეკარეს ბურთზე რეაგირება არ ჰქონიათ და მერკადომ ვარდნაში შეაგორა ბურთი კარში. მეორე გოლი ენცო პერესის ანგარიშზე იყო. ის კარის წინ თავისუფალ სივრცეში აღმოჩნდა და ვერონმაც არ დაუგვიანა გადაცემა.

აი როგორ გამოიყურება დარჩენილ ოთხ ტურში ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტთა კალენდარი: "ესტუდიანტესი"

- "ინდეპენდიენტე" (გასვლა), "არგენტინოსი" (შინ), "რივერ პლეიტი" (გასვლა), "არსენალი" (შინ); "ველეს სარსფილდი" - "ტიგრე" (შინ), "გოდოი კრუსი" (გასვლა), "ურაკანი" (შინ), "რასინგი" (გასვლა"). უფრო უკეთესი კალენდარი "ველესს" აქვს, მაგრამ თუ ამ გუნდმა ორი ქულით წააგო ჩემპიონატი "ესტუდიანტესთან", მაშინ ამ უკანასკნელმა მადლობა უნდა გადაუხადოს თანაქალაქელ "მოსისხლე" მტერს - "ხიმნასიას".

ეს გუნდი ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და სწორედ მან დააკარგვინა "სტუდენტების" კონკურენტს ორი ქულა. "ველეს სარსფილდს" ტრავმირებული ჰყავდა ბომბარდირი სანტიაგო სილვა, რომელიც მაინც გავიდა მინდორზე, მაგრამ თავის გუნდს ვერ დაეხმარა.
სტუმრები ორჯერ იყვნენ ახლოს მიზანთან: ერთხელ ზედა ძელს გაარტყმა საპატამ, მეორე შემთხვევაში "ხიმნასიას" ერთ-ერთმა მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა კრისტალდოს დარტყმული ბურთი.

ვუნდერკინდის გოლი
"ბოკასა" და "არსენალის" თამაშთან დაკავშირებით გასული ჩემპიონატი გვახსენდება. მაშინ "კოლონთან" მარცხის (0:3) შემდეგ პოსტი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ალფონსო ალვესმა და მისმა დროებითმა შემცვლელმა რობერტო პომპეიმ პირველივე შეხვედრაში გაანადგურა "არსენალი" - 4:0. ისტორია განმეორდა: შუა კვირაში "რივერთან" წაგების შემდეგ კლაუდიო ბორხი წავიდა და გუნდში ისევ პომპეი მივიდა. თუმცა ამჯერად 4:0 არ განმეორდა. "არსენალი" სულ სხვა გუნდია, რომელსაც ახლაც გააჩნია ჩემპიონობის თეორიული შანსი. თანაც "ბოკამ" ხუან რომან რიკელმე დაკარგა, რომელიც წელს ვეღარ გავა მოედანზე. ამიტომაც არგენტინული გრანდი მინიმალური ანგარიშით გამარჯვებითაც კმაყოფილი უნდა იყოს.

"ბოკა" ძალიან მოტივირებული გავიდა მოედანზე, თუმცა კლასიკოს შემდეგ ოდნავ გადაღლილი ჩანდა. რთული სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, პომპეის მე-20 წუთზე იძულებითი შეცვლა რომ არ განეხორციელებინა - ვიატრიმ ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება და მის ნაცვლად მოედანზე 18 წლის სერხიო არაუხო შევიდა. შვიდი წუთის შემდეგ ვუნდერკინდი გოლს ზეიმობდა. მან მარკონეს აართვა ბურთი, იქვე მოატყუა, საჯარიმოში შევიდა და ლამაზი დარტყმაც გამოუვიდა.
ორიოდე სიტყვით "ბოკას" ამომავალი ვარსკვლავის შესახებ: ეს არაუხოს პირველი გოლი იყო არგენტინის ჩემპიონატში. ეს ფეხბურთელი 2009 წელს, 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას გაიცნეს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მან 5 მატჩში 3 გოლი შეაგდო. ფინალურ ტურნირში არაუხომ ჯერ ჰონდურასს გაუტანა გამარჯვების გოლი, შემდეგ იგივე გააკეთა გერმანიასთან შეხვედრაში, მერვედფინალში კი კოლუმბიასაც გაუტანა და 2:0 დააწინაურა არგენტინა, მაგრამ მეტოქემ სამი ბურთით უპასუხა და სერხიოს გუნდი ტურნირს გამოეთიშა.

მეორე ტაიმში ლისანდრო ლოპესმა (ეს მცველია და არ აგერიოთ "ლიონის" ლისანდროში) გაქვითა არაუხოს გოლი, მაგრამ "არსენალი" მეკარე კამპესტრინიმ დააღალატა - ჩაწოდების შემდეგ ბურთი ვერ დააფიქსირა და პალერმო მზად აღმოჩნდა დასამატებლად - 2:1.
საინტერესო იყო "სან ლორენსოსა" და "რივერ პლეიტის" შეხვედრა. რამონ დიასი "რივერის" წინააღმდეგ! - აი ამ მატჩის მთავარი ქვეტექსტი. დიასი გრანდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია (1995-2002 წლებში "რივერი" შვიდჯერ გააჩემპიონა და ერთხელ ლიბერტადორესის თასი მოაპოვებინა) და მან შარშან მიანიშნა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მზად იყო მშობლიურ კლუბში დასაბრუნებლად, მაგრამ პასარელამ ანხელ კაპა აირჩია და როგორც აღმოჩნდა, შეცდა.

ამასობაში, "რივერის" ახალი მწვრთნელი ხუან ხოსე ლოპესი სუპერკლასიკოში გამარჯვების შემდეგ გულშემატკივართ კერპი გახდა და თუ წარმატებას განავრცობს, იქნებ კლაუსურაშიც მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება.

რთული სათქმელია, წარმატებად ჩაეთვლება თუ არა ლოპესს ამ კლასიკურ დაპირისპირებაში მიღწეული ფრე, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ "სან ლორენსომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ვერ მოიგო და დიასს შეიძლება კარისკენ მიუთითონ. ამით ეს სპეციალისტი თავის საყვარელ კლუბში დაბრუნების საშუალებას მიიღებს, თუ, რა თქმა უნდა, შარშანდელი უარის გამო წყენა არ აქვს ჩადებული გულში.

* * *

საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობს ლიბერტადორესის თასის საგზურებისთვის. ამ მხრივ სხვებზე უკეთეს სიტუაციაში იმყოფება "გოდოი კრუსი", რომელიც უშუალო კონკურენტ "ბანფილდს" ხვდებოდა და დადებითი შედეგის შემთხვევაში 90 პროცენტით ინაღდებდა თავის მოკრძალებულ ისტორიაში ლიბერტადორესის თასზე პირველად მონაწილეობას.

"გოდოიმ" პირველივე წუთზე დაიწყო თავისი ამოცანის შესრულება. მასპინძელთა ლიდერს დავიდ რამირესს შედევრი გამოუვიდა. ამ შესანიშნავმა ფეხბურთელმა შეამჩნია, რომ მეტოქის მეკარე ხუთი მეტრით წინ იყო გამოსული და დაახლოებით 25 მეტრიდან ულამაზესი დარტყმით თავზე გადაუგდო ბურთი ბოლონიას. ექვს წუთში დაახლოებით ანალოგიური სიტუაციიდან გაიტანა კარლოს სანჩესმა და ორმადე გაზარდა ანგარიში. "გოდოის" იმანაც გაუადვილა საქმე, რომ პირველივე ტაიმში "ბანფილდს" დოს სანტოსი გაუგდეს. მასპინძლებმა გადაწყვიტეს, რომ გამარჯვება არსად წავიდოდა და მეორე ტაიმში ბევრის საშუალება მისცეს "ბანფილდს". თუმცა სტუმრებმა შანსი მხოლოდ ერთხელ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოიყენეს. კიდევ ერთი შედევრი შემოგვთავაზა გაბრიელ მენდესმა - საჯარიმოს ფარგლებს გარეთ მახვილი კუთხიდან ფანტასტიკური დარტყმა შეასრულა - ბურთი მეკარეს თავზე გადააფრინდა და კარში ჩაეშვა.

მარადონა აქტუალურია
"ბოკა ხუნიორსს" დავუბრუნდეთ. არგენტინაში ორმა ყველაზე პოპულარულმა ინტერნეტ-პორტალმა Ole-მ და Canchallena-მ გამოკითხვა ჩაატარეს - ვის ისურვებდნენ "ბოკა ხუნიორსის" გულშემატკივრები ახალ მთავარ მწვრთნელად. ორივე ვებგვერდზე დაახლოებით ერთნაირი შედეგები დაფიქსირდა: გამოკითხულთა 30 პროცენტს სურს, რომ "ბოკა" კრიზისიდან მისმა ლეგენდამ - დიეგო მარადონამ გამოიყვანოს. არც ისე ბევრით ჩამორჩა მას "ბანფილდის" ამჟამინდელი დამრიგებელი ხულიო სესარ ფალსიონი, მესამე იყო "ბოკას" ყოფილი მოთამაშე ბლას ჯუნტა (12 პროცენტი).

ვარიანტებს შორის არ იყო კარლოს ბიანკის გვარი. ლეგენდარულმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ განუცხადა უარი ყოფილ კლუბს.

XV ტური
გოდოი-ბანფილდი 2:1
გოლები: 1:0 დ. რამირესი (10), 2:0 კ. სანჩესი (16), 2:1 გ. მენდესი (90+1)
ოლ ბოისი-ნიუელსი 2:0
გოლები: 1:0 მატოსი (36), 2:0 ე. პერეა (67)
ესტუდიანტესი-ურაკანი 2:0
გოლები: 1:0 მერკადო (8), ე. პერესი (57)
ბოკა-არსენალი 2:1
გოლები: 1:0 არაუხო (28), 1:1 ლ. ლოპესი (47), 2:1 პალერმო (75)
რასინგი-კილმესი 1:1
გოლები: 0:1 სერო (69), 1:1 ჰაუჩი (71)
სან ლორენსო-რივერ პლეიტი 0:0
ხიმნასია-ველესი 0:0
ოლიმპო-არგ. ხუნიორსი გვ. დასრულდა
კოლონი-ინდეპენდიენტე გვ. დასრულდა
ლანუსი-ტიგრე გვ. დასრულდა

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ესტუდიანტესი 15 10 3 2 21-6 33
2. ველესი 15 9 4 2 23-8 31
3. არსენალი 15 7 4 4 17-14 25
4. გოდოი 15 6 6 3 26-17 24
5. რასინგი 15 6 4 5 20-14 22
6. ოლ ბოისი 15 6 4 5 18-15 22
7. რივერ 15 5 7 3 14-12 22
8. ნიუელსი 15 5 7 3 12-10 22
9. კოლონი 14 6 4 4 17-21 22
10. ბოკა 15 6 2 7 18-18 20
11. სან ლორენსო 15 5 5 5 15-16 20
12. ბანფილდი 15 4 7 4 17-13 19
13. არგ. ხუნიორსი 14 5 4 5 15-14 19
14. ტიგრე 14 5 3 6 18-18 18
15. ლანუსი 14 5 3 6 13-19 18
16. ოლიმპო 14 4 1 9 15-22 13
17. ურაკანი 15 3 4 8 13-26 13
18. ინდეპენდიენტე 14 2 6 6 11-21 12
19. ხიმნასია 15 2 5 8 8-16 11
20. კილმესი 15 1 7 7 10-21 10
ბომბარდირები: 9 - მარტინესი (ველესი), სილვა (ველესი); 7 - სტრაკალურსი (ტიგრე), პალერმო (ბოკა), რამირესი (გოდოი), ობოლო (არსენალი).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული