მთავარმა პრეტენდენტმა "ესტუდიანტესმა" დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა შინ მოქმედ ჩემპიონ "არგენტინოს ხუნიორსის" წინააღმდეგ. მასპინძელები თავიდანვე დაეუფლნენ ტერიტორიული უპირატესობას, მაგრამ კარგა ხანი არ ფიქრობდნენ თამაშის უფრო მეტად გამწვავებაზე. ამ მხრივ, "სტუდენტებს" ძალიან დაეხმარათ გაშვებული გოლი. ნესტორ ორტიგოსამ ფრანკო ნიელი გაიყვანა გარღვევაზე, რომელიც ლამაზად გაექცა მცველს და ზუსტადაც დაარტყმა. ბურთი ისედაც კარში მიდიოდა, მაგრამ ჩირო რიუსმა პროცესი დააჩქარა და პარტნიორის გოლი მიითვისა.
ალეხანდრო საბელიას შეგირდები იძულებულნი გახდნენ გაეაქტიურებინათ თამაში შეტევაში და მალე თავისას მიაღწიეს. მარცხენა ფრანგიდან ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება გასტონ ფერნანდესმა შეუცვალა
55-ე წუთზე მსაჯს შეეძლო პენალტი დაენიშნა ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის კარში, მაგრამ ხერმან რეს სიმულაციისთვის გაფრთხილება მისცა. სინამდვილეში "არგენტინოსის" მცველმა მართლაც გამოსდო ფეხი მეტოქეს, ასე რომ, არბიტრის გადაწყვეტილება მცდარი იყო.
მალე "ესტუდიანტესი" მაინც გავიდა წინ. ცოცხალი კედლის "აგებისას" სტუმრებმა დაივიწყეს მაქსი ნუნიესი, რომელიც მარცხნივ საჯარიმოს ხაზთან მარტო იდგა. გაბრიელ მერკადომაც მას მიაწოდა ბურთი და ნუნიესმა შემობრუნებით ზუსტად დაარტყა. წერტილი თავად მერკადომ დასვა - მან ფერნანდესის მსგავსად მარცხნიდან ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.
გაცილებით რთული მატჩი ჰქონდა ჩემპიონობის მეორე პრეტენდენტ "ველეს სარსფილდს", რომელსაც მეორე დღეს უწევდა თამაში. მის მეტოქეს "გოდოი კრუსს" მაქსიმალურად სწრაფად სურდა ლიბერტადორესის თასის საგზურის გაფორმება, შესაბამისად, მოტივირებული აპირებდა მოედანზე გასვლას.
მაგრამ "გოდოის" მოთამაშეთა მოტივაციისგან თამაშის წინ არაფერი დარჩა. მოედანზე გასვლამდე მათ შეიტყვეს, რომ "ნიუელსმა" ვერ შეძლო "სან ლორენსოს" დამარცხება, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მენდოსელებმა მიაღწიეს მთავარ მიზანს - მოიპოვეს ლიბერტადორესის თასზე თამაშის უფლება. გასაგებია, რომ "გოდოისთვის" ეს ისტორიური მიღწევაა და ასეთი სასიამოვნო ცნობის შემდეგ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლის ნაცვლად ზეიმი უნდოდათ. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ომარ ასადის შეგირდები მოდუნდნენ და "ველესმა" ამით კარგად ისარგებლა.
პირველი გოლი სანტიაგო სილვამ გაიტანა. ურუგვაელი ფორვარდი ბოლო მომენტში ფეხით მიწვდა მაქსი მორალესის მარცხნიდან ჩაწოდებულს. სილვა აპერტურას ბომბარდირობისთვის იბრძვის და ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო მის მიერ შესრულებული დუბლი. 52-ე წუთზე "გოდოის" მცველმა ლეონარდო სიგალიმ საკუთარ საჯარიმოში პოზიციური ბრძოლა მოიგო, მაგრამ ბურთს თავი ააცილა და "ველესის" გოლეადორმა მაშინვე ისარგებლა ამ საჩუქრით. სამბურთიანი უპირატესობა მორალესმა დააფიქსირა, რომელსაც მეტოქემ წინსვლისა და დარტყმისთვის საკმარისი სივრცე მისცა. ყველაზე ლამაზი ხონათან კრისტალდოს გოლი იყო - 20 მეტრიდან შემობრუნებით შორეულ კუთხეში დაარტყა - 4:0.
საჩემპიონო რბოლაში ძალიან ბევრს გაარკვევს შუა კვირას გასამართი ტური, რომელშიც "ესტუდიანტესს" სერიოზული გამოცდა ელის - შეხვედრა სტუმრად "რივერ პლეიტთან". პარალელურად "ველესი" საკუთარ მოედანზე "ურაკანს" შეხვდება. არ არის გამორიცხული, ჩემპიონობის მაძიებლებმა ქულების ერთნაირი რაოდენობით დაასრულონ ჩემპიონატი და ამ შემთხვევაში მათ შორის "ოქროს მატჩი"
გაიმართება.
XVII ტური
ოლ ბოისი-ბანფილდი 2:1
გოლები: 1:0 სეგოვია (11-საკ. კარში), 2:0 მატოსი (31), 2:1 გ. მენდესი (68)
რასინგი-ხიმნასია 2:0
გოლები: 1:0 ჰაუჩი (20), 2:0 ტორანსო (60)
ესტუდიანტესი-არგ. ხუნიორსი 3:1
გოლები: 0:1 რიუსი (30), 1:1 გ. ფერნანდესი (35), 2:1 მ. ნუნიესი (58), 3:1 მერკადო (75)
კოლონი-რივერ პლეიტი 1:2
გოლები: 1:0 მორენო ი ფაბიანესი (41), 1:1 ლამელა (55), 1:2 პავონე (90+3)
სან ლორენსო-ნიუელსი 0:0
გოდოი-ველეს სარსფილდი 0:4
გოლები: 0:1 ს. სილვა (32), 0:2 ს. სილვა (52), 0:3 მ. მორალესი (55), 0:4 კრისტალდო (83)
ტიგრე-ურაკანი 3:1
გოლები: 1:0 სტრაკალურსი (6), 1:1 რ. სარატე (29-პენ), 2:1 სტრაკალურსი (31), 3:1 ალტობელი (38)
ბოკა ხუნიორსი-კილმესი 1:0
გოლი: 1:0 ეობესი (73)
ლანუსი-ინდეპენდიენტე 0:0
თ მ ფ წ ბ ქ
1. ესტუდიანტესი 17 12 3 2 26-8 39
2. ველესი 17 11 4 2 29-9 37
3. არსენალი 17 8 5 4 20-16 29
4. რასინგი 17 8 4 5 24-15 28
5. რივერი 17 7 7 3 17-13 28
6. გოდოი 17 7 6 4 29-22 27
7. ნიუელსი 17 6 8 3 13-10 26
8. ოლ ბოისი 17 7 4 6 21-18 25
9. ლანუსი 17 7 4 6 17-20 25
10. არგ. ხუნიორსი 17 6 5 6 20-18 23
11. ბოკა 17 7 2 8 19-19 23
12. კოლონი 17 6 5 6 19-27 23
13. ტიგრე 17 6 3 8 22-23 21
14. სან ლორენსო 17 5 6 6 16-18 21
15. ბანფილდი 17 4 7 6 19-17 19
16. ოლიმპო 17 4 3 10 17-25 15
17. ინდეპენდიენტე 17 2 8 7 13-24 14
18. კილმესი 17 2 7 8 12-23 13
19. ურაკანი 17 3 4 10 15-31 13
20. ხიმნასია 17 2 5 10 9-21 11
ბომბარდირები: 11 - სილვა (ველესი); 9 - სტრაკალურსი (ტიგრე), მარტინესი (ველესი); 8 - რამირესი (გოდოი); 7 - პალერმო (ბოკა), ობოლო (არსენალი), მატოსი (ოლ ბოისი).