დიეგო და მისი პრინცესა

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი საოჯახო კლანს მოგაგონებდათ. მარადონას უფროსი გოგონა - დალმა დიეგოს მთავარი ასისტენტი იყო, მისი ქმარი პრესდმივნის მოვალეობებს ასრულებდა, დიეგოს ამჟამინდელი საყვარლის ძმა ფეხბურთელთა მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი, ყოფილი ცოლი - კლაუდია ოპერატორების მუშაობასა და არგენტინელთა გამოსვლის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებებს აკონტროლებდა, კლაუდიას ამჟამინდელი ქმარი კი უსაფრთხოების სამსახურს ედგა სათავეში. მხოლოდ უმცროსი ქალიშვილისთვის - ჯანინასთვის არ მოინახა "თბილი" ადგილი.

ერთხელ მარადონას ქალიშვილების შესახებ რომელიღაც არაკეთილისმსურველმა ბოროტად იხუმრა: "მარადონას გოგონები ნიჭით დედას დაემსგავნენ, სილამაზით - მამას!" პირველ ნაწილში

შედარება არც ისე ზუსტია - ქერათმიანი კლაუდია განქორწინების შემდეგ წარმატებული პროდიუსერი გახდა. რაც შეეხება სილამაზეს - აქ შედარება უზუსტესია! დიეგოს გენებმა თავისი საქმე გააკეთა - გოგონები დაბლები, დაღუნულფეხებიანი და ულამაზოები გამოვიდნენ. და თუ დალმამ პლასტიკური ქირურგების, დიეტოლოგებისა და... ტემპერამენტიანი ქმრის წყალობით ბოლო ორ წელიწადში გარეგნობა გამოისწორა, უმცროსმა ჯანინამ ვერაფრით მოიშორა მუდმივად სკოლის მოსწავლის იერი. ის ყოველთვის თან ატარებს პასპორტს. ამ დოკუმენტის გარეშე რესტორანში და მამაკაცთან ერთად სასტუმროს ნომერში  არ უშვებენ. უცნობებს არ სჯერათ, რომ ჯანინა უკვე 21 წლისაა, ერთი ვაჟი ჰყავს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელის კანონიერი მეუღლეა.


საიდუმლო არ არის, რომ არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა ვაჟზე ოცნებობდა. 15 წლის მარადონამ დისკოტეკაზე კლაუდია ვილაფანეს პრაქტიკულად გაცნობისთანავე ჰკითხა: "შეძლებ ჩემთვის სამი ვაჟის გაჩენას?" და 14 წლის გოგონასგან დადებითი პასუხი მოისმინა. კლაუდიას დიდი ხანია უყვარდა დიეგო. მომავალმა ვარსკვლავმა გოგონა იმ ღამესვე შინ წაიყვანა და მშობლებს განუცხადა: "გაანთავისუფლეთ კუთხის ოთახი, მე ახლა ამასთან ერთად ვიცხოვრებ!" როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, დიეგოს ფონზეც კი მინიატურულმა კლაუდიამ აშკარად ვერ შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები. მხოლოდ თანაცხოვრების მე-11 წლის თავზე, ორჯერ მუცლის მოშლისა და სერიოზული მკურნალობის შემდეგ დაიბადა გოგონა - დალმა. მაშინ ექიმებმა გააფრთხილეს დიეგო, რომ მისი შეყვარებული ორგანიზმის განსაკუთრებული აგებულების გამო, მხოლოდ უსურურ გოგონებს თუ გააჩენდა, ახალი ორსულობა კი უბრალოდ მოკლავდა ქალს. მარადონამ არ დაიჯერა და მცდელობები განაახლა. ორი წლის შემდეგ კლაუდია სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს, სამაგიეროდ მეორე გოგო გააჩინა.

თუ ლეგენდას დავუჯერებთ, მარადონა ისე იყო განაწყენებული, რომ პირდაპირ სამშობიარო სახლში აპირებდა შეყვარებულთან განშორებას, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა, როგორც კი პალატაში ახალდაბადებული შეიყვანეს. უფროსი დის - დალმასგან განსხვავებით, რომელმაც მამასთან გაცნობა საშინელი ტირილით აღნიშნა, ჯანინა უფრო გონიერად მოიქცა: გადაიკისკისა და მამას თითი ხელში ჩაბღუჯა. "ჩემი პრინცესა!" - ამაყად წარმოთქვა საფეხბურთო გენიოსმა და გადაიფიქრა. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის დიეგომ კლაუდიაზე იქორწინა.
მას შემდეგ ასეა მიღებული: უფროსი დალმა - დედას გოგოა, უმცროსი ჯანინა - მამის. დიეგო თითქმის მთელ თავისუფალ დროს ჯანინასთან ატარებდა და ნებისმიერ სურვილს უსრულებდა. ჭკვიანმა გოგონამ მალე გააცნობიერა თავისი ძალა და მამას იოლად მართავდა. მუდმივად "ოროსანი" ჯანი ხუთჯერ მეტ ჯიბის ფულს იღებდა, ვიდრე ფრიადოსანი და მშრომელი დალმა. უმცროსს ხვდებოდა ყველაზე ლამაზი თოჯინები, კაბები და საჩუქრები.

16 წლის ჯანინამ მუდმივი მეგობარი გაიჩინა - კრისტიანი - სახელგანთქმული ხუან რომან რიკელმეს უმცროსი ძმა. მარადონა ამ კავშირს არ ეწინააღმდეგებოდა და არასრულწლოვან შეყვარებულებს თავის სახლში ხუთიდან ერთ-ერთი საძინებელიც კი გამოუყო. ყოველ დილით, წყვილთან საუზმეზე შეხვედრისას სახლის პატრონი კითხულობდა: "როდის მაჩუქებთ შვილიშვილს?", რაზეც ჯანინა პასუხობდა: "ვმუშაობთ ამ საკითხზე!" მაგრამ ერთხელ გოგონა სასაუზმოდ მარტო ჩავიდა და ყველა გააოცა ახალი ამბავით - დაშორდა "ღლაპ" კრისტიანს და ახლა ახალი ბოიფრენდი ჰყავს - არგენტინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი სერხიო აგუერო.


სერხიო აგუერო ფეხბურთელი რომ არ გამოსულიყო, მისგან შესანიშნავი ალფონსი დადგებოდა. თითქოს სიმაღლე (172 სმ) არ უწყობს ხელს, სახით ბექჰემი სულაც არ არის, ფიგურით - კრისტიანო რონალდო, მაგრამ ადრეული ასაკიდან მაგნიტივით იზიდავდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. მისი ერთ-ერთი და იხსენებდა, რომ სერხიო შინ თითქმის არაფერს აკეთებდა, საკუთარ საწოლსაც არ ალაგებდა და დილიდან საღამომდე ბურთს დასდევდა. სკოლაში ათასში ერთხელ თუ შეივლიდა, მიუხედავად ამისა, "ოთხებზე" სწავლობდა და დროულად აბარებდა საკონტროლოებსა და თემებს - წერა მასზე შეყვარებულ სამ თანაკლასელ გოგონას ევალებოდა.
აი ასეთმა მაჩომ, რომელიც 18 წლის ასაკში ტრაბახობდა - ასამდე გოგონა (თანაც დამწყები მოდელები და მსახიობები) შევაცდინეო, ყველასთვის მოულოდნელად არჩევანი შეუხედავ ჯანინაზე გააკეთა.

რა ნახა მან ამ გოგოში? ამ კითხვას სვამენ ათასობით არგენტინელი და ესპანელი გოგონები, როცა საკუთარ კუმირს "სკოლის მოსწავლის" გვერდით ხედავდნენ. შეიძლება ეს დიდი სიყვარულია, მაგრამ ამის ნაკლებად სჯერათ. არც იმის თქმა შეიძლება, რომ აგუერო მარადონას ქალიშვილს იმის გამო ხვდებოდა, რომ არგენტინის ნაკრებში დაებევებინა ადგილი. იმ დროისთვის, როცა დიეგო მწვრთნელად დანიშნეს, ჯანი მეხუთე თვეზე იყო ფეხმძიმედ. ასევე სისულელეა სერხიოს დადანაშაულება იმაში, რომ მან საკუთარი სიმამრის ქონების მითვისება გადაწყვიტა. ცხოვრების მხიარული სტილისა და ძვირადღირებული განქორწინების გამო მარადონამ თითქმის მთელი თავისი ქონება დაკარგა. რომ არა სამწვრთნელო სამუშაო და დღევანდელი საზომით სასაცილო ხელფასი (ერთი მილიონი დოლარი), დიეგო დღეს გაკოტრებული იქნებოდა. გამოდის, რომ აგუეროს უბრალოდ სახელგანთქმულ ოჯახში შესვლა და თვით "ღმერთის" სიძეობა სურდა. ზერელე გამოთვლებით, მარადონასთან ნათესაობამ სერხიოს ბოლო ერთ წელიწადში ხუთ მილიონ ევროზე მეტი მოუტანა - ასეთი იყო სარეკლამო კონტრაქტების საერთო ღირებულება.


სხვათა შორის, მარადონა დიდად არ სწყალობს თავის სიძეს. სერხიოს მიმართ პირველი ანტიპატია ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როცა "კუნმა" დიეგოს "მუდმივი" რეკორდი დაამხო - არგენტინის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა. ამას დაემატა ცნობები აგუეროს მუდმივი ღალატის შესახებ იმ დღეებში, როცა ჯანინა საავადმყოფოში იწვა ბავშვის შესანარჩუნებლად და მთელი ქვეყანა ლოცულობდა მისი და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე. თუმცა ნანატრი შვილიშვილის დაბადებამ ოდნავ გააუმჯობესა აგუერომ იმიჯი.
მაგრამ ნაკრების მთავარ მწვრთნელს ძალიან არ მოსწონდა ფეხბურთელი და მისი აგენტები მარადონას სახელით ფულს რომ აკეთებდნენ. როგორც ამბობენ, თავიდან დიეგოს არც უნდოდა თავის გუნდში სიძის აყვანა, რომელიც მხოლოდ ფულსა და "ჩელსისთან" კონტრაქტზე ფიქრობდა. მაგრამ ჯანინამ თავისი საფირმო სვლებით მამას გადააფიქრებინა.

სხვათა შორის, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა "პრინცესას" გავლენა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის არგენტინის მზადების ციკლზე. როცა დიეგომ თავისი წინამორბედების - პასარელასა და პეკერმანის მსგავსად სექსზე მორატორიუმის დაწესება გადაწყვიტა, ჯანინამ მამას სკანდალი მოუწყო და დიეგომაც უკან დაიხია. შედეგად, არგენტინელთა ბაზა ერთ დიდ პაემნების სახლს დაემსგავსა. ადგილობრივი თანამშრომლების თქმით, განსაკუთრებით მხიარული ატმოსფერო ნომერ მეშვიდე შენობაში იყო, სადაც დასახლდა მარადონას მრავალრიცხოვანი ოჯახი. თავად მწვრთნელი თავის საყვარელთან ერთად პირველ სართულზე მოეწყო, უფროსი ქალიშვილი ქმართან ერთად - მეორეზე, ყოფილი ცოლი ახალ ქმართან ერთად - მესამეზე. დიეგოს განკარგულებით აგუეროსა და ჯანინას სულ ზედა სართული დაუთმეს, რათა ფეხბურთელს ცდუნება არ ჰქონოდა სხვაგან ეძებნა გასართობი და უარი ეთქვა ქმრის მოვალეობის შესრულებაზე. 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული