არგენტინული აბრაკადაბრა: ნამდვილი სიგიჟე: 30-გუნდა ჩემპიონატი, ბონუს-ტური და პლეი ოფები

AutoSharing Option
* არგენტინის პირველობაზე ელიტაში 30 გუნდი თამაშობს.

* 29 ტურს დაემატება ეგრეთ წოდებული დერბების ტური.


არგენტინაში ქვეყნის ჩემპიონატი დაიწყო, რიგით 87-ე სეზონი. პრიმერა დივიზიონი, არც ისე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ხულიო გრონდონას ხსოვნის პატივსაცემად, მისი სახელობისა იქნება.

ამერიკის კონტინენტზე ჩახლართული ფორმატითა და სისტემით ხშირად გვაკვირვებენ ხოლმე და ახლა არგენტინელებმა საერთოდ ახალი სიტყვა თქვეს მსოფლიო ფეხბურთში...

ჩემპიონატი, რომელიც 13 თებერვალს დაიწყო და 6 დეკემბერს დამთავრდება, 30-გუნდიანია! მოგეხსენებათ, წინა სეზონში უმაღლესი ლიგიდან არავინ გავარდა და 20 კლუბს 10 ქვედალიგელი დაემატა (ალდოსივი, არგ.
ხუნიორსი, კოლონი, კრუსერო დელ ნორტე, ურაკანი, ნუევა ჩიკაგო, სან მარტინი, სარმიენტო, უნიონი და ტემპერლეი).

გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან, რაც 29 ტურს მოგვცემს, ხოლო 30-ე ერთგვარი ბონუს-ტური ლოკალური დერბების, პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებების ტური იქნება (მაგალითად: ბოკა-რივერი და ასე შემდეგ).

უკვე ცნობილია, რომ ეს დამატებითი ტური რიგით 24-ე იქნება და 12-13 სექტემბრის უიქენდზეა გაწერილი.

ლიგილია პრე-ლიბერტადორესი
ჩემპიონი და მეორეადგილოსანი ლიბერტადორესის თასის საგზურს მოიპოვებენ, 2016 წლის კოპა ლიბერტადორესის საგზურს მიიღებს თასის გამარჯვებულიც.

ჩემპიონატში III-VI ადგილებზე გასული კლუბები ერთმანეთში ამავე ტურნირის კიდევ ერთ საგზურს გაითამაშებენ და ამას "ლიგილია პრე-ლიბერტადორესი" ეწოდა.

ერთგვარი პლეი-ოფის პირველი რაუნდი (ნახევარფინალი) ერთმატჩიანი იქნება.

მესამეადგილოსანი გუნდი მეექვსეადგილოსანს უმასპინლებს, ხოლო მეოთხეადგილოსანი - მეხუთეადგილოსანს. დამარცხებულები "ლიგილია პრე-სუდამერიკანას" მეორე ეტაპზე ჩაერთვებიან, გამარჯვებულები კი ორმატჩიან დუელს გამართავენ. მოგებულს ლიბერტადორესის საგზური შეხვდება, წაგებულს - სუდამერიკანასი.

ლიგილია პრე-სუდამერიკანა
ამ პლეი ოფის პირველ სტადიაზე ერთმანეთში ურთიერთობას VII-XVIII-ადგილოსნები გაარკვევენ. მატჩები ერთმატჩიანი იქნება და უფრო მაღალ ადგილზე მყოფი კლუბი შინ ითამაშებს. მეორე ეტაპზე ექვს გუნდს "ლიგილია პრე-ლიბერტადორესის" ნახევარფინალში დამარცხებული ორი დაემატება. ამ ეტაპზე დაპირისპირებები უკვე ორმატჩიანი იქნება და 4 გამარჯვებული სუდამერიკანაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

გავარდნა
პრიმერა დივიზიონიდან ორი გუნდი გავარდება, მაგრამ არა რეგულარული სეზონის შედეგებით უკანასკნელ ორ ადგილზე გასული კლუბი, არამედ ტრადიციულად, ეგრეთ წოდებული "სამწლიანი ცხრილის" საშუალო მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე ცოტა საშუალო მაჩვენებლის მქონეები.

პირველი ტური
ამ ჩახლართულობათა მოკლე ახსნა-განმარტებების შემდეგ ორი სიტყვა პირველ ტურზეც ვთქვათ. "ბოკამ" და "რივერმა" მოგებებით დაიწყეს. პირველის რიგებში "ოლიმპოსთან" საშინაო 3:1-ისას დუბლი სებასტიან პალასიოსმა შეასრულა, ხოლო "რივერმა" "სარმიენტოსთან" საგარეო 4:1-ით და თეოფილო გუტიერესის დუბლით დაიწყო. თუმცა ამ შემთხვევაში უფრო აღსანიშნავი "ურაკანიდან" მიყვანილი 21 წლის გონსალო მარტინესის ორი საგოლე პასია, დებიუტისთვის მშვენიერი მონაგარია.

მოგებებით დაიწყეს "სან ლორენსომ" და "ლანუსმაც", მილტონ კარალიოს დუბლით იმარჯვა "ველეს სარსფილდმაც". სამაგიეროდ, წააგო მოქმედმა ჩემპიონმა "რასინგმა".

ყველაზე "გემრიელი" "ნიუელსი"-"ინდეპენდიენტეს" მატჩი გახლდათ, რომელსაც სტუმრები ლუკას ალბერტენგოს დუბლით იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მეორე ტაიმში, 5-წუთიან მონაკვეთში, მოახერხეს გათანაბრება, თუმცა დიეგო როდრიგესმა პენალტით მაინც მოაგებინა აველიანედელებს. ბოლოსკენ ათი კაცით დარჩენილი "ნიუელსის" მხრიდან ერთი გოლი მაქსი როდრიგესმა შეაგდო.

ახალწვეულთაგან ყველაზე შთამბეჭდავი, უდავოდ, "ტემპერლეი" გახლდათ. ეს გუნდი სტუმრად "ბანფილდთან" 27-ე წუთზე ათი კაცით დარჩა, ხოლო 90-ეზე - 9 კაცით, მაგრამ ბოლო წამებზე სწორედ ცხრაკაციანმა გაიტანა გამარჯვების ბურთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული