მესი: ეს საოცარი სიურპრიზი იყო

AutoSharing Option

"ოქროს ბურთის" მფლობელმა ლიონელ მესიმ ფიფას ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა.


- ლიონელ რას გრძნობთ ტრიუმფის ჟამს?
- ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ არ ველოდი გამარჯვებას. არ ველოდი, რადგან ირგვლივ იმდენს საუბრობდნენ ჩავის ან ანდრესის გამარჯვებაზე, რომ მეც დავიჯერე ეს ხმები.

 

ანდრესი და ჩავიც იმსახურებდნენ ამ ტიტულს, მათ ბრწყინვალე წელიწადი ჰქონდათ:

 

მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონატი, რაც ხშირად საკმარისია "ოქროს ბურთის" ტიტულის მოსაპოვებლად. თანაც, მათ მართლაც დიდი წვლილი მიუძღვით ესპანეთის ნაკრების გამარჯვებაში. აი, ამ მიზეზთა გამო მეგონა, რომ ერთ-ერთ მათგანს გამოიძახებდნენ პოდიუმზე და "ოქროს ბურთს"

გადასცემდნენ. მოკლედ, ჩემთვის ეს იყო საოცარი სიურპრიზი.

- რას ფიქრობთ, რას გრძნობენ ჩავი და ინიესტა ახლა?
- არა მგონია, რომ გული დაწყდათ, ჩვენ ხომ ერთი გუნდის დიდი წარმატების შემოქმედნი ვართ და სასიხარულოა, რომ "ოქროს ბურთი" ჩვენ დაგვრჩა. ვფიქრობ, სამივე ბედნიერი ვართ.

- თქვენ თქვით, რომ ისინიც იმსახურებდნენ გამარჯვებას, როგორ ფიქრობთ, რის გამო აჯობეთ კონკურენტებს?
- ხალხმა, ვინც ამ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო, მე ამირჩია, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. ეს ჩემი მეორე გამარჯვებაა და ისევე მიხარია, როგორც შარშან ამ დროს მიხაროდა. ახლა ჩვენ ამ გამარჯვებას აღვნიშნავთ.

- მუნდიალზე ასპარეზობა თქვენ ხელს გიშლიდათ ამ პრიზის მიღებაში?
- ალბათ, კი. ცუდი მუნდიალი არ გვქონია, მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ჩემპიონები ვერ გავხდით. ეს იყო ერთადერთი, რაც შარშანდელი სეზონიდან ცუდად დამამახსოვრდა.

- ალბათ, უკვე მომავალი კოპა ამერიკისთვის ემზადებით?
- არგენტინის ნაკრების უახლოესი ამოცანა ამ ტურნირის მოგებაა, ეს იქნება დიდებული ჩვენი ქვეყნისთვის, გულშემატკივრებისთვის და ჩვენთვისაც. გამარჯვება ჩვენ წინ წაგვწევს მომავალი მუნდიალისთვის ფსიქოლოგიურ მზადებაში.

- და ალბათ იმ კრიტიკას აგარიდებთ, რომ "ალბისელესტეს" შემადგენლობაში ნაკლებად ბრწყინავთ.
- რა თქმა უნდა. მსურს რამე განსაკუთრებულს მივაღწიო ეროვნულ ნაკრებთან ერთად. "კოპა ამერიკა" კი კარგი სამიზნეა.

- ვის უძღვნით პრიზს?
- ყველა ჩემ თანაგუნდელს "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებში, ჩემს ოჯახს და ყველას, ვინც გვერდში მედგა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც თავმდაბალია მესი მერთლაც მაგარია და ვარსკვლავებს წყვიტავს
nika _barsa
15:54 17-01-2011
0

სიახლეები პოპულარული