”კორინთიანსის” ფეხბურთელი მძარცველებმა მოკლეს

AutoSharing Option
ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის სან პაულუს "კორინთიანსის" 19 წლის ნახევარმცველი უილიამ მორე მძარცველებმა დაცხრილეს. პოლიციის თქმით, მას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ბრაზილიის ქალაქ ბელუ-ორიზონტიში გამართული წვეულებიდან ბრუნდებოდა. მორემ გაქცევა სცადა, მაგრამ ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა ზურგში ესროლა.

"კორინთიანსის" მოთამაშე მორე ბელუ-ორიზონტიში იმიტომ გადავიდა, რათა იჯარის წესით კლუბ "ამერიკაში" ეასპარეზა. მისი მკვლელობის საქმეზე პოლიციელებმა სამი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს.

ეს პირველი ინციდენტი არაა, რომელიც "კორინთიანსის" ფეხბურთელებს შეემთხვათ. ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა ადრეც რამდენიმე ხულიგნური აქცია მოაწყვეს. ერთ-ერთი მათგანის დროს ისინი თავიანთი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე შეიჭრნენ,
მოთამაშეების რამდენიმე მანქანას შუშები ჩაუმტვრიეს და კედლები კლუბისა და მისი კაპიტნის, რონალდოს მისამართით შეუარაცხმყოფელი წარწერებით ააჭრელეს. სხვა ფანატებმა თავიანთი გუნდის ავტობუსს ქვები დაუშინეს.

ორივე აქცია მათ მას შემდეგ მოაწყვეს, რაც "კორინთიანსი" ლიბერტადორესის თასის გათამაშებიდან გამოვარდა. ტურნირის საწყის ეტაპზე გუნდი გასვლით მატჩში კოლუმბიურ "დეპორტეს ტოლიმასთან" 0:2 დამარცხდა.

ბრაზილიური კლუბის კაპიტანმა , 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა რონალდომ, ძალადობრივი აქციების გამო აღშფოთება გამოხატა. "ამ მოვლენების შემდეგ კარიერის დასრულებაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ გადავწყვიტე კრიტიკოსებისა და ვანდალებისთვის ეს სიამოვნება არ მიმენიჭებინა", - თქვა რონალდომ.


მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული