- საფრანგეთში თქვენი სახელი მხოლოდ "ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთს" არ უკავშირდება. ასევე ყველას ახსოვს არშემდგარი ტრანსფერი პსჟ-ში. რა მოხდა მაშინ?
- როდესაც მილანში მივედი, სპორტული დირექტორი ლეონარდო იყო, რომელსაც პარიზელებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა.
ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, გაჩნდა იდეა, პსჟ-ში იჯარის წესით გადასვლისა, რადგან სათამაშო პრაქტიკა დამეგროვებინა. "როსონერიში" მაშინ ჩემს პოზიციაზე თვით რუი კოშტა და რივალდო თამაშობდნენ! თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ანჩელოტის განკარგულებაში დავრჩენილიყავი.
- ბევრი ისწავლეთ რუი კოშტასა
- ძალიან ბევრი. ორივენი დაახლოებით ერთ პოზიციაზე თამაშობდნენ და ძალაუნებურად ვსწავლობდი მათთან კონტაქტით და მათი ყურებით. ჩვენს შორის არასდროს არ იყო კონკურენციის მომენტი. რივალდოს ნაკრებიდან ვიცნობდი, "მილანში" მხოლოდ ნახევარი წელი მომიწია მასთან ერთად თამაში.
აი, რუი კოშტასთან კი უფრო დიდ ხანს მქონდა ურთიერთობა. იგი ხშირად მესაუბრებოდა ტაიმებს შორის შესვენებებზეც, რჩევებს მაძლევდა, მიხსნიდა, როგორ დამეღწია თავი პერსონალური მეურვეობისთვის და როგორ მეპოვნა სივრცე.
- მალდინიმ ერთხელ თქვა, რომ რუი კოშტა თქვენი მასწავლებელი იყო.
- ეს მართალია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვქონდა კიდეც მოსწავლესა და მასწავლებლისთვის დამახასიათებელი ურთიერთობა.
ამერიკული მისია
- ერთხელ თქვით, რომ მედიასთან ურთიერთობა ძნელია, რადგან პრესაში პირად ცხოვრებაზე ბევრ ჭორს ავრცელებენ. ამერიკაში ფეხბურთი არც ისე პოპულარულია და, ალბათ, ამ მხრივ უფრო მშვიდად ხართ არა?- როგორ გითხრათ... თუ უშუალოდ ამერიკულ მასმედიაზე ვისაუბრებთ, აქ ნამდვილად ნაკლებად გაწუხებენ. ნაკლები სპეკულაციაა, ნაკლები ნეგატივი და დეზინფორმაცია. თუ რამის სისწორეში დარწმუნებულნი არ არიან, ამ ინფორმაციას უბრალოდ არ ავრცელებენ, უფრო სოლიდური მიდგომა აქვთ. მეორე მხრივ, როდესაც საჯარო ფიგურა ხარ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენზე ჭორები და მითქმა-მოთქმა სულ იქნება.
თუმცა გეთანხმებით, აშშ-ში თავს გაცილებით თავისუფლად ვგრძნობ. აქ მშვიდად შემიძლია სასეირნოდ წასვლა. ერთიცაა, ბოლო დროს, სიტუაცია ცოტა შეიცვალა და ქუჩებში ხალხი უფრო მცნობს, მთხოვენ მათთან ერთად სურათის გადაღებას, მაგრამ რა შედარებაა, მარტივად მიხვდები, რომ აქ ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სახეობა არ არის.
- თქვენი მისია "ორლანდო სიტიში"... როგორ უყურებთ და როგორ გესმით ეს?
- იდეა ისაა, რომ კლუბს განვითარებაში დავეხმარო. არა მხოლოდ კლუბს, არამედ მთლიანად ამერიკის ჩემპიონატს. "ორლანდო" მსოფლიოში ცნობილი გუნდი უნდა გახდეს. მაგალითად, ჩვენ გვსურს ბრაზილიელი მოთამაშეების მოწვევა, რომ ბრაზილიაში გაიგონ "ორლანდოს" არსებობის შესახებ და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, MLS ერთ-ერთი წამყვანი ჩემპიონატი გახდება.
- არის რაიმე სახის საორგანიზაციო თუ ინფრასტრუქტურული ხარვეზები ამერიკაში?
- არა, როდესაც აქ გადმოვედი უკვე ყველაფერი მშვენივრად დამხვდა ორგანიზებული, დეტალურად გათვლილი. ყველაფერი ზედმეტი პომპეზურობის გარეშეა, მაგრამ მოსახერხებელია. რასაკვირველია, შემიძლია გარკვეული რჩევების მიცემა, მაგრამ ძირეული ცვლილებები საჭირო არ არის, ისედაც ყველაფერია, რაც საჭიროა - სამედიცინო ცენტრი, სასწავლო-სავარჯიშო ბაზა რამდენიმე მოედნით, სტადიონი.
არ შეიძლება ასეთი რეტროგრადები ვიყოთ
- ბრაზილიურ ფეხბურთს ახლა საუკეთესო დროება არ უდგას. ჯერ კიდევ 2014 წელს თქვენ აღნიშნეთ, რომ ბრაზილიური ფეხბურთი ერთ ადგილს ტკეპნიდა. შეგიძლიათ ახსნათ რას გულისხმობდით?- იმას, რომ ბრაზილიური ფეხბურთი არ ვითარდება. თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, იქ ფეხბურთი იცვლება, ეძებენ ახალ სავარჯიშო მეთოდებს, იყენებენ ტექნოლოგიურ სიახლეებს. ჩვენ კი ერთ ადგილას ვართ. გასაგებია, ჩვენ ხომ 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონები ვართ! თუმცა არაფერი შეცვლილა, იგივე სტრუქტურა, იდეები... წლიდან წლამდე! ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთიც უნდა დაიძრას, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სასწავლი და ასათვისებელი ბევრი გვაქვს.
- იქნებ ცვლილებების შიში იმით არის გამოწვეული, რომ მერე ბრაზილიური ფეხბურთი თავის ხიბლს და სილამაზეს დაკარგავს?
- სიმართლე ითქვას, არ მგონია, რომ კონკრეტულად ცვლილებების შიშის ხარისხი მაღალი იყოს. ცვლილებების არ ეშინიათ, უფრო, ამის ნება არ არის. თუმცა ის მართალია, რომ ხალხი ისევ წარსული გამარჯვებებით ცხოვრობს: არ შეიძლება, რომ ასეთი რეტროგრადები ვიყოთ და პროგრესს შევეწინააღმდეგოთ. ტვინი უნდა გავანძრიოთ და ავითვისოთ ახალი მეთოდები.
- არის ვინმე ბრაზილიურ ფეხბურთში ვინც არ ნაყავს წყალს და ცდილობს რამე შეცვალოს?
- ულაპარაკოდ, ეს ტიტეა ("კორინთიანსის" მთავარი მწვრთნელი, პრაგმატული ფეხბურთის მოყვარული. მან 2012 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო - რედ.). აი, მან შეძლო გადაწყობა ყველაფერი ახლის გამოყენებით და ეს მისი გუნდის შედეგებზეც აისახება.
განსაცდელი აძლიერებს
- "მილანთან" ერთად ყველაფერი მოიგეთ რისი მოგებაც შეიძლებოდა, "ოქროს ბურთის" ჩათვლით. აი, "რეალში" კი თქვენი კარიერა ისე არ აეწყო, როგორც ველოდით. რატომ?- არა მგონია, რომ რაიმე ფიასკოზე ან გუნდის არჩევის დროს შეცდომაზე უნდა იყოს საუბარი. რასაკვირველია, "მილანური" პერიოდი განსხვავებული იყო, მაგრამ მადრიდში ხომ 4 წელი გავატარე, 3 ტიტული მოვიგე და 120 მატჩში 29 გოლი გავიტანე.
ყველაზე დიდი პრობლემა არასტაბილურობის შეგრძნება იყო, რაც მხოლოდ ტრავმებით არ აიხსნება, არამედ მწვრთნელების ჩემდამი დამოკიდებულებითაც. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ეს დაკარგული დრო გახლდათ, ჩემთან განშორება პირველივე სეზონის მერე ხომ არ ისურვეს, გუნდში საკმაო ხნით დავრჩი.
- "რეალში" ყოფნისას მართლაც ბევრი ტრავმა გქონდათ, არ გიმართლებდათ...
- უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიურად იყო ძნელი. როდესაც არ იცი, როდის ჩადგები მწყობრში და რა მდგომარეობაში იქნები, ძალიან რთულია. ორივე მუხლზე ოპერაცია გავიკეთე, ერთი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე. ბევრი არასასიამოვნო მომენტი გადავიტანე, მაგრამ, მეორე მხრივ, განსაცდელმა გამაძლიერა.
- "რეალში" თამაშისას მგონი, ერთხელ აღნიშნეთ, რომ იქ ჩვეულებრივ ფეხბურთელად გადაიქეცით...
- მსგავსი რამ არასოდეს მითქვამს, ეს შეცდომაა! ამას ვერ ვიტყოდი, რადგან თავს ჩვეულებრივ ფეხბურთელად არასდროს ვგრძნობდი. იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი განსხვავებულნი ვართ და ყველას ჩვენი თავისებურებები და თვისებები გვაქვს. გარდა ამისა, ფეხბურთი გუნდური სპორტია და ძალიან დამოკიდებული ხარ დანარჩენ 10 მოთამაშეზე, რომელიც მინდორზეა.
საბედნიეროდ, მქონდა საუცხოო პერიოდი, როდესაც პროფესიონალური კუთხთით და პირადული კუთხითაც ძალიან გავიზარდე, თითქოს, სამოთხეში აღმოვჩნდი, როდესაც პირველად "მილანში" მივედი.
საყვარელი წიგნი - ბიბლია
- თქვენ "ოქროს ბურთის" ბოლო მფლობელი ხართ მესისა და რონალდოს ეპოქამდე...- ლიონელი და კრიშტიანო ფენომენალური მოთამაშეები არიან. მესი გენიაა. თუმცა რონალდოც თანამედროვე ფეხბურთის სიმბოლოა. კრიშტიანო ძლიერი მოთამაშეა, რომელიც კარგად თამაშობს ორივე ფეხით, თავით, მშვენივრად ასრულებს სტანდარტებს - რონალდო თანამედროვე ფეხბურთის განსახიერებაა. თავიანთი თაობის უძლიერესი მოთამაშეები არიან. თუმცა, როგორც უკვე ვთვქი, გუნდს დიდი მნიშვნელობა აქვს და ისინი ძალიან კარგ და ძლიერ გუნდებში თამაშობენ.
- თქვენ განსხვავდებით სტერეოტიპული ბრაზილიელი მოთამაშისგან, რომელიც ღარიბულ უბანში იწყებდა... თქვენ უზრუნველყოფილი ოჯახი გყავდათ. მკვეთრ სოციალურ სხვაობას ვერ გრძნობდით თქვენსა და დანარჩენებს შორის?
- სულაც არ ყოფილა ასე! ვგრძნობდი. მადლობა ღმერთს, მსგავსი პრობლემები არასდროს მქონია და არც მე მიყურებდა ვინმე ალმაცერად წარმომავლობის გამო.
მახსოვს, ჩვენი ინტერნატიდან ხშირად ვეპატიჟებოდი ბიჭებს. მათ ვარჯიშებისა და თამაშების მერე სახლში დაბრუნება არ გამოსდიოდათ და ინტერნატში ცხოვრობდნენ. მათ მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ხშირად მოენახულებინათ ისინი და მიეხედათ მათთვის. ამ ბიჭებიდან ბევრთან ვმეგობრობდი და ზოგიერთთან ახლაც ვმეგობრობ.
- ამბობენ, რომ წიგნები ძალიან გიყვართ.
- დიახ, კითხვა მიყვარს!
- რაზე?
- ყველაფერზე. საყავრელი წიგნი - ბიბლია. თუმცა ცოტა ხნის წინათ, ერთი ბრაზილიელი მწერალი გავიცანი - აუგუსტო კიური. მისი წიგნების უმეტესობა სერიოზული ფსიქოლოგიური აქცენტებითა და დეტალებითაა და ახლა ამან გამიტაცა.
- ფსიქოლოგია ეს ის სფერია, რომელშიც მწვრთნელი უნდა ერკვეოდეს...
- (იცინის) არ ვიცი დავადგები თუ არა ამ გზას. "ორლანდოსთან" კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვნახოთ რა იქნება მერე. თუმცა სიგიჟემდე მიყვარს ფეხბურთი და იმდენი ხანი ვითამაშებ, სანამ ამას ფიზიკურად შევძლებ.
დოსიე
რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე "კაკა"
დაიბადა: 1982 წ. ბრაზილია (ბრაზილია)
ამპლუა: ნახევარმცველი
კარიერა: 2001-03 - სან პაულო; 2003-09 - მილანი; 2009-13 - რეალი; 2013-14 - მილანი; 2014 - სან პაულო; 2014 და 2016-დან - "ორლანდო".
ბრაზილიის ნაკრები: 89 თამაში, 29 გოლი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"