კრიშტიანო რონალდოს რომ ჰკითხოთ, არგენტინის ნაკრებს სულაც არ უჯობნია პორტუგალიისთვის. გამარჯვების გოლი ლეო მესიმ მართლაც სულ ბოლოს, ისიც პენალტით გაიტანა და სამხრეთ ამერიკელებს 2:1 გაამარჯვებინა.
აი, რას ამბობს "რეალის" ვარსკვლავი: "ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ერთხელ გავიტანე და თავის გამოჩენა კიდევ შემეძლო. არგენტინა არაფრით გვჯობდა და მოგება არ დაუმსახურებია. მინდა ვთქვა, რომ ეს მატჩი არ იყო მესისა და ჩემი დუელი, ჩვენ ორივე ნაკრებისთვის ვირჯებოდით. ეს იყო დუელი პორტუგალიასა და არგენტინას შორის. ახლა ჩვენ ორივე გაცილებით უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე მუნდიალზე. წაგება კი ყოველთვის
რაც უნდა საწინააღმდეგო ამტკიცონ მესიმ და რონალდომ, მათმა დაპირისპირებამ პორტუგალია-არგენტინის მატჩს სულ სხვა ელფერი მიანიჭა. ფეხბურთის ქომაგები ამათი დუელის გამო "ჟენევის ომს" გერმანია-იტალიის და საფრანგეთი-ბრაზილიის წინაც აყენებდნენ. თავიდანვე ვიტყვით, რომ მეგავარსკვლავთა დუელი შედგა და ორივემ ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა მაინც მესი უნდა გამოვყოთ, მათ გოლები თითო გაიტანეს, მაგრამ ლეოს ანგარიშზე საგოლე პასიცაა და თანაც როგორი!
დაიწყო მატჩი და პორტუგალიამ ერთი-ორი იერიში მოაწყო არგენტინელთა კართან, მაგრამ თანდათან სამხრეთამერიკელებმა ააწყეს კომბინაციური თამაში. მესი, ესტებან კამბიასო და ესეკიელ ლავეცი კარგად ათამაშებდნენ ბურთს, პირველი საგოლე მომენტიც "ლა პულგას" ანგარიშზეა, მაგრამ მისი თავური ოდნავ აცდა პორტუგალიელთა კარს. გოლიც მალე გავიდა, რომელიც თავიდან ბოლომდე მესიმ შექმნა, მან ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო და ჩვეული რეიდით თან გაიყოლა ოთხი პორტუგალიელი მცველი, ამის შემდეგ მესიმ არაორდინალურ ხერხს მიმართა და დარტყმის ნაცვლად, საჯარიმოში ანხელ დი მარია მოძებნა, რომელმაც, საოცარია, როგორ გაასწრო პორტუგალიელ ვიზავის. ასე, ბარსელონურ-რეალური კომბინაციით გაიხსნა ანგარიში მატჩში - 1:0.
ახლა პორტუგალიისა და რონალდოს ჯერი დადგა, ნანის აქტიურობას მარჯვენა ფლანგზე კრიშტიანოს გოლი მოჰყვა, რომელმაც გოლის საოცარი ალღო გამოიჩინა და დროულად გაჩნდა სერხიო რომეროსთან და დაასწრო არგენტინელ გოლკიპერს - 1:1. პორტუგალიელები კარგად შლიდნენ არგენტინელთა თამაშის რიტმს, სარგებლიანად მოქმედებდა რაულ მეირელეში, თუმცა მეტისმეტიც მოსდიოდა და, საოცარია, როგორ გადაურჩა ყვითელ-წითელ ბარათებს. არგენტინელთა თამაშს კი სტაბილურობა აკლდა, გაბრიელ მილიტო და ხავიერ მასკერანო ხანდახან საოცარ შეცდომებს უშვებდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში პორტუგალიამ ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რონალდომ საჯარიმოში მივიწყებული უგო ალმეიდა მოძებნა, მაგრამ ფორვარდის თავური ხარიხამ აისხლიტა. რამდენიმე წუთში მან კიდევ ერთხელ გაარტყა ბურთი თავით ხარიხას. სანამ ალმეიდა მიზანს ისწორდებდა, პორტუგალიელთა უხეშობამ კინაღამ მძიმე შედეგი იქონია მათთვისვე, მესიმ ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო, მაგრამ მეკარე ედუარდომ იყოჩაღა.
ერთი საათის გასვლის შემდეგ მესი-რონალდოს დუელი დასრულდა (1:1), პორტუგალიელმა ოვაციების თანხლებით დატოვა მოედანი, ხოლო მესი ბოლომდე დარჩა. ამის შემდეგ "ალბისელესტეს" უპირატესობა შესამჩნევი გახდა, დებიუტანტ მარკოს როხოს გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ მოსკოვის "სპარტაკის" მცველმა თავით ააცილა ბურთი კარს. შემდეგ პალერმოელმა ხავიერ პასტორემ დუელი ვერ მოუგო ედუარდოს. მოკლედ, გოლი მწიფდებოდა და "ველეს სარსფილდის" ფორვარდი ხუან მანუელ მარტინესი საჯარიმოში ფაბიო კოენტრაომ წააქცია, პენალტი კი გამარჯვების გოლად "ლა პულგამ" აქცია.
ლეო მესი: "ძალიან გახარებულები ვართ, რომ კვლავ მოიგო ნაკრებმა. დღეს მე რონალდოსთან დუელი სულაც არ მქონია, ეს არ იყო მატჩი რონალდოსა და მესის შორის და არც "ბარსა"-"რეალი". ჩვენ ორივე საკუთარი ქვეყნის ნაკრებისთვის ვიღწვოდით. 90 წუთი თამაში თავად მოვითხოვე, პენალტს რაც შეეხება, ვფიქრობ, ურიგოდ არ ვურტყამ".
სერხიო ბატისტა (არგენტინა): "ლეო ერთი თავით მაღლა იდგა კრიშტიანო რონალდოზე. ორი ასეთი ფეხბურთელის თამაშის ნახვა, ერთი სიამოვნებაა. პორტუგალიას შევაქებ, ძალიან კარგი ნაკრებია. ჩვენ კი ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მესი ძალიან მოწადინებული იყო, შეხვედრა კი თვალსასეირო გამოდგა".