“ჩელსი” ამ ბოლო დროს სამხრეთამერიკელებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. “არისტოკრატთა” შეფობამ “სან პაულუს” 19 წლის შემტევი ნახევარმცველი კარლოს ენრიკე კასემირო ამოიღო თვალში და ზაფხულზე მის გადაბირებას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიური პრესა ავრცელებს. თინეიჯერმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო. გარდა კარლოსისა, ლონდონელებს “სანტოსიდან” 18 წლის ნეიმარის ყიდვაც სურთ. ამ უკანასკნელზე ლამის ნახევარი ევროპა ნადირობს. ვის ჩაუვარდებიან ხელში ეს სუპერტალანტები, ჯერ კიდევ უცნობია.
თავად კარლოს ენრიკე აცხადებს, რომ მას კარიერის გაგრძელება იტალიაში სურს და არჩევანს ალბათ “მილანზე” გააკეთებს. "კორიერე
ლილი ჰაზარდს 21 მილიონად აფასებს
როგორც ფრანგული პრესა იუწყება, ლიგა 1-ის ლიდერი “ლილი”, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ სეზონში დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს და შემოსავალი ლამის გაუორმაგდება, თავისი ლიდერის, ბელგიელი ედენ ჰაზარდის გასხვისებას ზაფხულზე ულაპარაკოდ დათანხმდება, თუკი მსურველი კლუბი მას 21 მილიონ ევროს გადაუხდის. 19 წლის ბელგიელი დიდი ხანია, ევროგრანდების სასურველ ლუკმად ითვლება. მისით დაინტერესებულები არიან “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი”. “მეთოფეთა” ინტერესის თაობაზე პირადად არსენ ვენგერმა ილაპარაკა, განაცხადა რა, რომ მისი კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვუნდერკინდი “ემირეიტსზე” მოხვდეს.
ზეედორფი რეკორდსმენია
“მილანის” ვეტერანი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ამაზრზენად გამოიყურებოდა და ამას ხაზი ლამის ყველა იტალიურმა გაზეთმა გაუსვა. მხოლოდ რამდენიმე მათგანს გაახსენდა, რომ ჰოლანდიელისთვის აღნიშნული შეხვედრა სარეკორდო, 42 გამოდგა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფებში. მას ფეხდაფეხ მისდევს რაული (41 მატჩი), მესამეზეა “მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი რაიან გიგზი (40 შეხვედრა).
დატოვებენ დე კუიპზე მიაიჩის?
“ფეიენოორდის” იაპონელმა ლეგიონერმა რიო მიაიჩიმ “დე კუიპზე” ორადორი მატჩის ჩატარება მოასწრო და უკვე ყველა მიხვდა, რომ საქმე ნამდვილ ტალანტთან აქვს. სწორედ მან უნდა მოახერხოს და წელს ლამის ქვესკნელამდე დაცემული როტერდამული კლუბი ფეხზე წამოაყენოს. ყველა თანხმდება, რომ მის გარშემო შეიძლება ძლიერი, ამბიციური გუნდის შეკრება, მაგრამ... საქმე ის არის, რომ ეს ფეხბურთელი “არსენალის” საკუთრებაა და “ფეიენოორდში” მხოლოდ იმიტომ თამაშობს, რომ იაპონელს დიდ ბრიტანეთის შრომის სამინისტრომ მუშაობის უფლება არ მისცა. 18 წლის ბიჭი სამუშაო ვიზისთვის საკმარის პროცენტებს ეროვნულ გუნდში კიდევ დიდხანს ვერ დააგროვებს და როტერდამელებს სწორედ ამის იმედი აქვთ. მათ ჯერ ფეხბურთელის იჯარით ხანგრძლივად დატოვება და შემდეგ მისი გამოსყიდვა სურთ.
ლევან ბიბილაშვილი