გასაკვირი არ არის, რომ დიალოგი არ შედგა, ხოლო ურთიერთობათა გარჩევა გრანდიოზული სკანდალით დასრულდა. დრო გავიდა და მარადონამ არგენტინულ გაზეთ "კლარინისთვის" მიცემულ ინტერვიუში აგვიხსნა - რატომ არის ბილარდო მოღალატე, ხოლო გრონდონა
- ბილარდომ თქვა, რომ სწორედ მან "მოაჭრა მარადონას ჭიპლარი". როდიდან გახდით მისი ვაჟი?
- მე ვიცოდი, რომ ის მთელი ცხოვრება ატყუებდა ხალხს. ჩემთვის მტკივნეულია ამ ყველაფრის ხილვა და ძალიან სამწუხაროა, რომ კლაუდია მოჰყავს მოწმედ. ის ვინც მამაკაცად მიიჩნევს თავს, არ იკადრებს და ასეთ საქმეში ქალს არ მიმართავს დახმარებისთვის, მით უმეტეს ჩემს ყოფილ მეუღლეს. არასოდეს გავაკეთებდი ისე, რომ ბილარდოს ცოლი გლორია ჩემსა და კარლოსს შორის ჩამდგარიყო. თუ მას ჩემთვის რაიმეს თქმა უნდა, უმჯობესია პირდაპირ დამელაპარაკოს. მას ჰქონდა ასეთი შესაძლებლობა, თან არაერთხელ. მაგრამ თუ ბილარდო ამას არ აკეთებს, მაშინ ის ნაძირალა ყოფილა.
- ის ამტკიცებს, რომ თქვენ არასოდეს აგიხსნიათ მისთვის, რატომ უწოდებთ მოღალტეს. როდის და რაში გიღალატათ ბილარდომ?
- ბილარდო ჩემი წყალობით მოხვდა ნაკრებში. მე რომ მეთქვა - "არა", მას იქ ვერ იხილავდით. გრონდონამ თავდაპირველად მე დამირეკა და მკითხა: "შეიძლება ბილარდო რომ შემოგვიერთდეს?" მე მაშინ ვუპასუხე: "მას შემდეგ, რაც მან რადიოში თქვენზე სისულელეები ილაპარაკა? კარგით, იმუშაოს". მოგვიანებით ბილარდომ მადლობა გადამიხადა: "მე ამას არასოდეს დაგივიწყებ". ამიტომაც მიმაჩნია ის მოღალატედ.
- მან გითხრათ, რომ არ სურდა ბრაუნთან და ბატისტასთან მუშაობა?
- არა. ეს მათ მითხრეს, რომ არ უნდათ ბილარდოსთან მუშაობა, რაზეც ვუპასუხე: "არა ბიჭებო, მე მასთან მოლაპარაკებული ვარ".
- ახლა რა როლს თამაშობს ბილარდო ნაკრებში?
- უბრალო ქანდაკების. ამ კითხვაზე ვერავინ გიპასუხებთ, რადგან არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. ვეტერანებს სულ უფრო და უფრო რთულად ესმით მისი, ახალგაზრდები კი საერთოდ ვერ უგებენ. ის პენსიაში უნდა გასულიყო.
- ის ბატისტას დანიშვნას უჭერდა მხარს. როგორ შეძლო მასთან საერთო ენის გამონახვა?
- ის მზად არის იმუშაოს ბატისტასთან, საბელიასთან, ვისთანაც უნდა, ოღონდ ყოველთვიურად მიიღოს ხელფასი, რომელზეც ძალიან ბევრი პრეტენდენტი არსებობს.
- გრონდონამ რა მოგატყუათ?
- გრონდონა დამპირდა, რომ ყველაფერში დამიჭერდა მხარს, ამბობდა, რომ მისი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ, როგორც კი პირველი უთანხმოება გაჩნდა, მაშინვე თავიდან მომიშორა. ყველაზე საშინელი ის არის, რომ გერმანიასთან მეოთხედფინალის შემდეგ მან ყველა მოთამაშის თანდასწრებით განაცხადა, რომ პატივს სცემს სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრს და ამის შემდეგ გრონდონამ უცებ მათი შეცვლა გადაწყვიტა.
დღეს მე შემიძლია მშვიდად გავიდე ქუჩაში, ყველას დაველაპარაკო. ხალხი კმაყოფილია, რადგან მათ ღიმილი დავუბრუნეთ. და არიან ისეთი პიროვნებები, რომლებსაც თითიც არ გაუნძრევიათ, მაგრამ მაინც ყველა დამსახურება მიითვისეს, თითქოს მათ გააბედნიერეს არგენტინელები. მათთვის უცნობია, რას ნიშნავს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თამაში, არ იციან, რა გრძნობაა "ალბისელესტეს" მაისურის ჩაცმა. ამიტომაც შემიძლია მათ თამამად შევხედო თვალებში. ვიცი, რომ ერთხელ ნაკრებში ისევ დავბრუნდები.
- ისევ გაქვს ამის იმედი?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ორი წავა აქედან. დიდი დრო არ აქვთ დარჩენილი.
- გრონდონა იმეორებდა, რომ თქვენ დარჩებით ნაკრების სათავეში იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თანაშემწეები წავლენ...
- არგენტინის ნაკრებს არასოდეს ჰყოლია ასეთი დამსახურებული სამწვრთნელო შტაბი. ახლა კი ეს ადამიანები სახლებში სხედან...
- გრონდონა მარაზმში გადავარდნილი მოხუცია?
- ის წელიწადში სამჯერ წვება La Prainie-ს კლინიკაში (ცნობილი შვეიცარიული კლინიკა, რომელიც გაახალგაზრდავებასა და კოსმეტიკურ ოპერაციებზე სპეციალიზდება). მარტო ამისთვის შეიძლება ის ასე დავახასიათოთ.
- გრონდონას საკუთარი ვაჟიშვილები მართავენ?
- მე პატივს ვცემ ხულიოს, უმბერტოსთან კი პირადად ვისურვებდი შეხვედრას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის მამაკაცი არ არის.
- რუჯერიმ ზიანი მოგაყენათ?
- დიახ, რადგან ახლო ურთიერთობა აქვს იმათთან, ვისაც გრონდონას მხარე უჭირავს. მაგრამ მე ყოველთვის და ყველგან გავიმეორებ იმას, რომ რუჯერიმ სიცოცხლე დათმო "ალბისელესტეს" მაისურისთვის და არ შემეძლო მისი შუა გზაში მიტოვება.
- ფალსიონი მისაღები კანდიდატურაა "ბოკა ხუნიორსის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე?
- არა. მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ამ როლისთვის არ გამოდგება.
- ის ერთხელ დაბლოკეთ, როცა ბასილეზე გააკეთეთ არჩევანი, არადა ამ ადამიანს ახლა თქვენი ნახვა არ სურს...
- ბასილესთან ურთიერთობა მე არ გამიწყვეტია, ეს მან გააკეთა. გაიხსენეთ, როცა ის სანტა ფედან მოვიდა, უკვე აღარ ავარჯიშებდა და მე დავეხმარე კონტრაქტების გაფორმებაში.
- ნანობთ მისთვის რეკომენდაციის გაწევას?
- სულაც არა. ბასილე ერთადერთი იყო, ვისაც შეეძლო დაემყარებინა ბალანსი ნაკრების ლიდერებსა და ახალგაზრდებს შორის. არც ერთ მწვრთნელს ამის გაკეთება არ შეუძლია.
- ბასილე მიიჩნევს, რომ თქვენ მესის, აგუეროსა და ჰაინცეს დახმარებით დაუდეთ ფეხი...
- რა აქვს მხედველობაში? მე ისე გავაკეთე, რომ ფეხბურთელებმა შეგნებულად ითამაშეს ცუდად ან ბურთი სპეციალურად ცდებოდა კარს?! არ მჯერა, რომ ის ჩემზე ასე ფიქრობს, რადგან წარსულში თავად იყო ფეხბურთელი. მაგრამ მისი საშინელი გარემოცვისგან, რომელიც TWITTER-ში ათასგვარ სისაძაგლეს წერს, ყველაფერია მოსალოდნელი.
- რატომ ვერ გაიტანა მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერც ერთი გოლი, როცა "ბარსელონას" შემადგენლობაში მატჩში ორი-სამი გოლი გააქვს?
- უბრალოდ მის წინ კარი არ გაიხსნა - არაფერი განსაკუთრებული. მის დარტყმებს ან მეკარეები იგერიებდნენ ან ძელები. ლეომ ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ითამაშა და ჩემთან ურთიერთობაში ღირსეულ მამაკაცად წარსდგა.
- რატომ არ დადგა მესი თქვენს მხარეს? ახლა ის უკვე ვიცე-კაპიტანია...
- ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ. მესის სრული უფლება აქვს აირჩიოს ის, რაც მოსწონს. გერმანიასთან მატჩის შემდეგ ჩემთან ნომერში მოვიდა და ყველაფერზე დავილაპარაკეთ. ამის შემდეგ ლეოსთან კავშირი აღარ მქონია, მაგრამ ნუ დავადანაშაულებთ ამაში, იმიტომ, რომ ზაფხულიდან მოყოლებული არავინ შემომხმიანებია.
- შესვამთ თუ არა ჭიქა ყავას სერხიო ბატისტასთან?
- არა. მიმაჩნია, რომ მას თავში მოკლე ჩართვა ჰქონდა და არ მომეწონა, როგორ მოიქცა გარკვეულ სიტუაციებში. მაგრამ მაინც ვუსურვებ მიაღწიოს ნაკრებში იმას, რაც მე ვერ მოვახერხე.
- რიკელმესთან?
- რიკელმესთან - კი. როცა ის ამბობს, რომ "ბოკას" გულისთვის შეუძლებელიც უნდა გავაკეთოთ, მე მას ულაპარაკოდ ვუჭერ მხარს. თუმცა მას შემდეგ, რაც რაღაც "პრინციპებსა" და "კოდექსებზე" დაიწყო ლაპარაკი, აღარ შევხვედრივარ. ნაკრების მწვრთნელობისას მხოლოდ იმას ვამბობდი, რომ ის 20 მეტრით უნდა მიუახლოვდეს თავდამსხმელებს. მე მართლაც გულწრფელად მადლობელი ვარ იმისთვის, რაც რიკელმემ "ბოკასთვის" გააკეთა და ღმერთმა ქნას, ისევ გაახაროს გულშემატკვირები.
- ოდესღაც გახდებით "ბოკას" მწვრთნელი?
- მეგონა, რომ უკვე დამიძახებდნენ, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა. ამეალს (ხორხე ამორ ამეალი - "ბოკას" პრეზიდენტი) არ შეუძლია გაარჩიოს რაგბის ბურთი ფეხბურთის ბურთისგან, ამიტომაც აირჩია ფალსიონი. მეკარე! მაგრამ ოდესღაც ისინი მნახავენ ამ გუნდის სათადარიგოთა სკამზე.
* * *
გულიო გრონდონა (არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი): "არსებობს თემები, რაზეც მხოლოდ ოჯახის წრეში ან გარკვეულ კამპანიაშია მიღებული ლაპარაკი. ეს სენიორი ძალიან ბევრს ლაპარაკობს წესებსა და კოდექსებზე, მათ შორის ეთიკურზეც, მაგრამ, როგორც ჩანს, თავად განიცდის ამის დეფიციტს. მართალია, 79 წლის ვარ, მაგრამ განსაზღვრება - "მარაზმში გადავარდნილი მოხუცი" არ შემეფერება. მე თავად შევთავაზე არგენტინის ნაკრებში მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო სამწვრთნელო შტაბზე მოლაპარაკება, რომლის შემადგენლობაც მე არ მაწყობდა. მარადონას საერთო ენა რომ მოენახა იმათთან, ვისათანაც საჭირო იყო, ამისგან ყველა მოგებული დარჩებოდა."
კარლოს ბილარდო (არგენტინის ყველა ნაკრების კოორდინატორი): "მარადონაზე ცუდს არასოდეს ვიტყვი, მაგრამ ჩვენი ისედაც ცალმხრივი ურთიერთობა საბოლოოდ შეწყდა. ძალიან ბევრ რამეზე ვინარჩუნებ დუმილს და ამას დიეგოს ქალიშვილების ხათრით ვაკეთებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 1985 წელს მთელს ქვეყანასთან მომიწია ომი იმის გამო, რომ მარადონა ნაკრების კაპიტანი გამხდარიყო. ასევე მომიწია მისი დაცვა პრესისგან, რომელიც სრულიად საფუძვლიანად აკრიტიკებდა დიეგოს, რომ ის "ბარსელონაში" უბრალოდ ირიცხებოდა, ხოლო "ნაპოლის" ჩემპიონთა თასი ვერ მოაგებინა. ხშირად, იმისთვის, რომ მარადონას მხარე დამეჭირა, საკუთარ სახეს ვკარგავდი."
.