რუსული "ბოქსინგ დეი"

AutoSharing Option
რუსულ პრემიერლიგაში... საზაფხულო „ბოქსინგ დეი“ დაიწყო: 16 დღის განმავლობაში გუნდებმა ხუთ-ხუთი მატჩი უნდა ჩაატარონ! აი, ამის შემდეგ კი (კერძოდ, 26 ივნისიდან) რუსულ პრემიერლიგაში დაახლოებით ერთთვიანი შესვენება გამოცხადდება, მერე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაც გაიხსნება და როგორც რუსი ჟურნალისტები ვარაუდობენ, მეორე წრეში არაერთი ცნობილი უცხოელი ფეხბურთელიც უნდა გამოჩნდეს.

თუმცა, ერთ-ერთი ასეთი ხმაურიანი ტრანსფერი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია: ამ სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა მახაჩყალის „ანჟიმ“ ჰოლანდიური პსვ-ს საუკეთესო ფეხბურთელის ბალაშ ჯუჯაკის შეძენა გადაწყვიტა! უნგრეთის ნაკრების 24 წლის შემტევის სანაცვლოდ „ანჟი“ ისეთ თანხას იხდის, ჰოლანდიური გრანდის ხელმძღვანელობა
უარს რომ ვერ იტყვის - 14,5 მილიონი ევრო და ჯუჯაკი ნუკრი რევიშვილის თანაგუნდელი გახდება!

ვიდრე უნგრელი ვარსკვლავი რუსეთში გადაბარგდება, „ანჟი“ კვლავაც განაგრძობს წარმატებულ სვლას - გაჯი გაჯიევის გუნდი მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს ცსკა-ს. გასულ ტურში „ანჟიმ“ უპრობლემოდ დაამარცხა „კავკასიურ დერბიში“ ნალჩიკის „სპარტაკი“: პირველი გოლი შორეული საჯარიმო დარტყმით (თანაც, საკმაოდ მახვილი კუთხიდან) მახაჩყალელთა კაპიტანმა, 38 წლის რობერტო კარლოსმა გაიტანა; ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა, შესვენების შემდეგ კი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ამჯერად უკვე საგოლე პასით გამოიჩინა თავი და ჩეხ ფორვარდს, 25 წლის იან გოლენდას გაუწია ასისტენტობა.

სხვათა შორის, ამ მატჩის წინ ერთობ არასასიამოვნო აჟიოტაჟი იყო ატეხილი რუსულ მედიაში; საქმე კი იმაშია, რომ მავანთა აზრით, „ანჟის“ წინა სეზონიდან „გადმოყოლილი ვალი“ მართებდა (შარშან, ბოლო ტურში მახაჩყალელებმა სწორედ ნალჩიკის „სპარტაკის“ ძლევით შეინარჩუნეს ადგილი უმაღლეს ლიგაში) და, ამიტომაც ბევრი ელოდა მასპინძელთა მარცხს. თუმცა, ასე არ მოხდა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ანჟიმ“ ყველა კომპონენტში დაჩაგრა აუტსაიდერი მეტოქე.

ისე, ნალჩიკის „სპარტაკის“ საქმეები უკან და უკან მიდის: დავით სირაძის გუნდმა I ტურში რომ გაიმარჯვა, იმის მერე მოგების „გემო“ დაივიწყა; ამიტომაც საუბრობენ უკვე ხმამაღლა ამ გუნდში მოსალოდნელ სამწვრთნელო გადაადგილებაზე: წარუმატებლად მომუშავე ვლადიმერ ეშტრეკოვს, ალბათ, გაუშვებენ, ხოლო მის ნაცვლად, სავარაუდოდ, იური კრასნოჟანს მიიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში თავკაცობდა ნალჩიკელებს, ამ სეზონის დაწყების წინ კი ბევრად უფრო ამბიციური გუნდი, მოსკოვის „ლოკომოტივი“ ჩააბარეს. 48 წლის კრასნოჟანი „ლოკომოტივიდან“ ამ კვირის დასაწყისში მართლაც სკანდალურად გაათავისუფლეს - თანაც, რკინიგზელთა კლუბის ხელმძღვანელობამ ისეთი ბრალდება წაუყენა, კაცს ლამის საციხედ გაუხადეს საქმე! თურმე, ნუ იტყვით და, წინა ტურის მატჩში, კრასნოჟანმა... შეგნებულად დააყენა არაოპტიმალური შემადგენლობა, რათა „ლოკომოტივს“ საშინაო მატჩი წაეგო „ანჟისთან“!

რუსული მედია ასეთ ვერსიას კატეგორიულად კი უარყოფს, თუმცა არც იმის აღნიშვნა ავიწყდებათ, რომ ამ სეზონში „ანჟის“ მონაწილეობით ჩატარებულ ლამის ყოველ მეორე შეხვედრას გარკვეული აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე. „ლოკომოტივთან“ მატჩის გარდა, კიდევ სამი ისეთი მატჩიც დასახელდა, ბევრის აზრით, საეჭვოთა კატეგორიას რომ უნდა მიეკუთვნოს: „როსტოვი“-„ანჟი“, „ვოლგა“-„ანჟი“ და „ტერეკი-“„ანჟი“.

ისევ გასულ ტურს დავუბრუნდეთ და წინას მსგავსად, ახლაც უჩვეულოდ უხვგოლიანი ტური გამოდგა: 8 მატჩში 25 გოლი გავიდა. თანაც, ისიც საინტერესოა, რომ ამ 25-დან 17 გოლი... ლეგიონერების ანგარიშზეა და სასიხარულოა, რომ მათ შორის არის საქართველოს ნაკრებისა და ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგას“ 26 წლის ფორვარდი ოთარ მარცვალაძე. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში „დუბლით“ გამოიჩინა თავ: პირველ ტაიმში პენალტი ზუსტად შეასრულა, შესვენების შემდეგ კი დასწრებაზე ითამაშა და მეტოქის მეკარეს, ალჟირის ნაკრების კარის დარაჯს, 25 წლის რაის მბოლის ეფექტური ბურთი გაუტანა!

ლეგიონერების თემას გავაგრძელებთ და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ცსკა-ს ბრაზილიელი ფორვარდი ვაგნერ ლავი: 27 წლის ფორვარდმა „ტერეკს“ დუბლი ხომ შეუსრულა, ამას გარდა, 23 წლის კოტდივუარელ სეიდუ დუმბიასა და 24 წლის იაპონელ კეისუკე ჰონდას საგოლე პასებიც ჩამოურიგა!

საერთოდაც, რუსულ პრემიერლიგაში ყველაზე შთამბეჭდავად სწორედ ცსკა გამოიყურება - ლეონიდ სლუცკის გუნდი გათამაშების ფავორიტის სტატუსსაც ამართლებს და სანახაობრივ ფეხბურთსაც უჩვენებს. რასაც ვერ ვიტყვით ქვეყნის ჩემპიონ „ზენიტზე“ - ლუჩანო სპალეტის გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს და ახლაც მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა. თუმცა, იტალიელი მწვრთნელის აზრით, „ზენიტი“ მსაჯების გამო ზარალდება: ახლაც, მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩში, სანკტ-პეტერბურგელებმა გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გაუშვეს, არადა გუნდებს ოთხი წუთი უნდა ეთამაშათ. „დინამო“-„ზენიტის“ დაპირისპირება გასული ტურის ცენტრალური მატჩი იყო და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გამარჯვებას მასპინძლები უფრო იმსახურებდნენ, მაგრამ მასპინძელთა კაპიტანის, 31 წლის ანდრეი ვორონინის აქტიურობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

კიდევ ერთი „დამაინტრიგებელი“ მატჩი „სპარტაკისა“ და „რუბინის“ შეხვედრა უნდა ყოფილიყო. თუმცა მასპინძლებს სერიოზულზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი საკადრო პრობლემები ჰქონდათ: რუსების „სახალხო გუნდის“ მთავარ მწვრთნელს ვალერი კარპინს ძირითადი შემადგენლობის 9 (!) ფეხბურთელი აკლდა; მაგრამ ჩვენთვის მთავარი ის იყო, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „სპარტაკის“ ძირითადში 18 წლის ჯანო ანანიძე გამოჩნდა!

აქვე, რუსულ პრემიერლიგაში მოასპარეზე სხვა ქართველებზეც: „ტერეკის“ შემადგენლობაში შეცვლაზე აქტიურად შემოვიდა 30 წლის ლევან გვაზავა, „კრასნოდარის“ კაპიტანმა, 28 წლის ალექსანდრე ამისულაშვილმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და „სპორტ-ექსპრესის“ მიერ შედგენილ „ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც“ დამსახურებულად მოხვდა.

დაბოლოს, ნუკრი რევიშვილზეც - „ანჟის“ რომ ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული, საქართველოს ნაკრების 24 წლის მეკარის უდიდესი დამსახურებაცაა!

რუსეთი. პრემიერლიგა. XII ტური
ტომი-ლოკომოტივი 2:2
გოლები: 1:0 რ. იანბაევი (14, საკუთარ კარში), 2:0 მ. კანუნნიკოვი (37), 2:1 ს. იბრიჩიჩი (74), 2:2 ვ. იგნატიევი (81)

ანჟი-სპარტაკი( ნალჩიკი) 2:0
გოლები: 1:0 რობერტო კარლოსი (20), 2:0 ი. გოლენდა (61)

ყუბანი-ამკარი 3:2
გოლები: 0:1 დ. ბელორუკოვი (29), 1:1 ლ. ტრაორე (44), 1:2 ნ. ბურმისტროვი (51), 2:2 ლ. ტრაორე (66), 3:2 გ. ბუკური (88)

ვოლგა-კრილია სოვეტოვი 2:0
გოლები: 1:0 ო. მარცვალაძე (49, პენალტით), 2:0 ო. მარცვალაძე (72)

დინამო-ზენიტი 1:1
გოლები: 0:1 დ. ლაზოვიჩი (82), 1:1 ა. სამედოვი (90+5)
გაძევება: ვ. ფაიზულინი („ზენიტი“)

სპარტაკი-რუბინი 0:0

როსტოვი-კრასნოდარი 1:3
გოლები: 1:0 დ. კირიჩენკო (15, პენალტით), 1:1 ვ. ტატარჩუკი (33), 1:2 ი. მოვსისიანი (46), 1:3 ა. მარსიუ (53)

ტერეკი-ცსკა 2:4
გოლები: 0:1 ს. დუმბია (19), 0:2 ვაგნერ ლავი (36), 0:3 კ. ჰონდა (52), 0:4 ვაგნერ ლავი (80) 1:4, 2:4 მაურისიუ (86, 89)


მომდევნო ტური, 14 ივნისი
კრასნოდარი-ვოლგა
ცსკა-ანჟი
ლოკომოტივი-სპარტაკი (ნალჩიკი)
ტომი-სპარტაკი (მოსკოვი)
ზენიტი-როსტოვი
რუბინი-დინამო
კრილია სოვეტოვი-ყუბანი
ამკარი-ტერეკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული