ტომი-ვოლგა 0:3
გოლები: 0:1, 0:2 მარცვალაძე (18, 45), 0:3 აჯინჯალი (90)
ამკარი-ცსკა 0:2
გოლები: 0:1, 0:2 დუმბია (8, 84)
კრილია სოვეტოვი-სპარტაკი (ნ) 0:2
გოლები: 0:1 ზახიროვიჩი (26), 0:2 გოშოკოვი (43)
რუბინი-ყუბანი 0:2
გოლები: 0:1 ზელაუ (53), 0:2 ბუკური (70)
ზენიტი-ტერეკი 0:0
დინამო-ლოკომოტივი 4:1
გოლები: 1:0, 2:0 კურანი (10, 25), 3:0 სემშოვი (37), 3:1 ლოსკოვი (66), 4:1 ვორონინი (79)
გაძევება: კოკორინი (27, დინამო), დიურიცა (46, ლოკომოტივი)
სპარტაკი (მ)-როსტოვი 3:2
გოლები: 1:0 ველიტონი (54), 2:0 კულეშა (57, საკუთარ კარში),
კრასნოდარი-ანჟი 2:2
გოლები: 0:1 ივანოვი (38), 1:1 მარსიუ (61), 2:1 მიხეევი (66), 2:2 ანგბვა (79)
რუსულ პრემიერლიგაში დაახლოებით ერთთვიანი შესვენებაა: მარათონული ტურნირის მესამედი უკვე გავლილია და გარკვეული დასკვნის გაკეთებაც შეიძლება.
სამწრიანი ჩემპიონატის ამ განვლილ ეტაპს უახლოეს მომავალში შევაჯამებთ და რუსული პრემიერლიგის ახალ-ახალ და, რაც მთავარია, „ხმაურიან“ ტრანსფერებზეც ვისაუბრებთ; მანამდე კი განვლილ ტურზე გვინდა ვთქვათ, რამდენიმე მოულოდნელი შედეგი რომ დაფიქსირდა. ერთის მხრივ, მოვლენათა ასეთი განვითარება, ალბათ, მოსალოდნელიც იყო: 10-დან 26 ივნისის ჩათვლით რუსული პრემიერლიგის ყველა გუნდს ხომ 5-5 მატჩის ჩატარებამ მოუწია! ანუ, დროის ასეთ მოკლე პერიოდში ერთეულმა გუნდებმა თუ შეძლეს სტაბილურად ასპარეზობა და ეს, უპირველეს ყოვლისა, ცსკა-ზე ითქმის: ლეონიდ სლუცკის გუნდმა ხუთივე შეხვედრა მოიგო და ჩემპიონატსაც დამაჯერებლად ლიდერობს.
არმიელებმა ახლაც კლასის ხარჯზე დაძლიეს სტუმრად „ამკარის“ წინააღმდეგობა და ეს იმის მიუხედავად, რომ დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, 27 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ვაგნერ ლავი აკლდა. სამაგიეროდ კვლავაც გაილაღა ცსკა-ს მეორე და არანაკლებ მაღალი დონის თავდამსხმელმა, 23 წლის სეიდუ დუმბიამ. ვინც „დუბლი“ შეასრულა. დუმბიამ ბოლო სამ მატჩში ხუთი ბურთი გაიტანა და რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ახლა „ორხელისუფლებანობაა“ - კოტდივუარელ ფორვარდსაც და „ზენიტის“ 28 წლის თავდამსხმელს დანკო ლაზოვიჩს 9-9 გოლი აქვთ.
ისე როგორც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, ლეგიონერთა თემა გასულ ტურშიც აქტუალური იყო: 23-დან 15 გოლი სწორედ უცხოელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ამათგან კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენი თანამემამულის, 26 წლის ოთარ მარცვალაძის მართლაც შთამბეჭდავი თამაში უნდა აღინიშნოს, გასული ტურის, უდავოდ, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი რომ გახლდათ.
„ტომთან“ სტუმრად ჩატარებულ მატჩში მარცვალაძეს „ვოლგას“ კაპიტნის სამკლავური ეკეთა და ერთი-მეორეზე უკეთესი ორი ლამაზი გოლიც გაიტანა მასპინძელთა კარში! ეგ კი არა, შეხვედრის მიწურულს, მარცვალაძის ზუსტი პასით მატჩის საბოლოო ანგარიში „ვოლგას“ გამოცდილმა ნახევარმცველმა, 37 წლის რუსლან აჯინჯალმა დააფიქსირა. ამას გარდა, მარცვალაძის პასით 22 წლის მათე ვაწაძესაც შეეძლო თავის გამოჩენა.
ტურის დასრულების შემდეგ რუსული სპორტული მედია აღფრთოვანებას არ მალავდა მარცვალაძის გამორჩეული თამაშის გამო, - YND-ს საფეხბურთო მიმომხილველებმა კი ისიც ინატრეს, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო რუსულ პრემიერლიგაში...
„ვოლგას“ საგარეო გამარჯვება ბევრისთვის მოულოდნელი თუ იყო, აი, „ზენიტის“ საშინაო ფრე „ტერეკთან“ და „რუბინის“ საშინაო მარცხი „ყუბანთან“ უკვე სენსაციებად შეფასდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის ფაქტი უნდა ყოფილიყო, რომ „ტერეკის“ შემადგენლობაში 90 წუთის განმავლობაში პროდუქტიულად ასპარეზობდა 31 წლის ლევან გვაზავა. აქვე, „ზენიტის“ ერთ-ერთ ბოლო სატრანსფერო სიახლეზეც: ლუჩანო სპალეტიმ თავის გუნდში თანამემამულე, იტალიის ნაკრების 24 წლის მცველი დომენიკო კრიშიტო გადაიბირა! თუმცა, ჯერ სადა ვართ - რუსულ პრემიერლიგაში „სატრანსფერო ფანჯარა“ ოფიციალურად მალე გაიხსნება და საქვეყნოდ აღიარებული ვარსკვლავების მოზღვავება მერე ნახეთ...
მარცვლაძის მსგავსად გასულ ტურს კიდევ ერთი გმირი ჰყავდა: მოსკოვის „დინამოს“ კაპიტანს, 31 წლის ანდრეი ვორონინს კარიერის განმავლობაში სად აღარ უთამაშია (მიონხენგლადბახის „ბორუსია“, „კიოლნი“, „ლევერკუზენი“, „ჰერტა“, „ლივერპული“), მაგრამ ასეთ ფორმაში არასდროს ყოფილა. უკრაინელმა ლეგიონერმა ახლაც ჩინებულად ითამაშა და „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში გოლის გარდა სამი საგოლე პასითაც (!) გამოირჩა. ამ სამიდან ორი გოლი „დინამოს“ კიდევ ერთმა „ცნობადმა“ სახემ, 29 წლის კევინ კურანიმ გაიტანა, ერთიც ვეტერანმა ნახევარმცველმა, 33 წლის იგორ სემშოვმა. „დინამო“-„ლოკომოტივის“ მსგავსად 5 გოლი გავიდა „სპარტაკი“-„როსტოვის“ შეხვედრაშიც, ოღონდ უცნაური ის იყო, რომ გულშემატკივრებმა ხუთივე გოლი შესვენების შემდეგ იხილეს. „სპარტაკის“ შემადგენლობაში კვლავაც აქტიური თამაშით დაგვამახსოვრა თავი 18 წლის ჯანო ანანიძემ, რომლის გამჭოლი გადაცემის შემდეგაც „როსტოვის“ 21 წლის მცველმა არტიომ კულეშამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მომდევნო ტური, 23 ივლისი
ტერეკი-რუბინი
ყუბანი-ტომი
ლოკომოტივი-ამკარი
სპარტაკი (ნ)-კრასნოდარი
ანჟი-ზენიტი
როსტოვი-დინამო
ვოლგა-სპარტაკი(მ)
ცსკა-კრილია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"