რუსებს ახლა ეტო'ო და არშავინიც მოუნდათ...

AutoSharing Option
რუსეთი. პრემიერლიგა. XIX ტური

ცსკა-ზენიტი 0:2

გოლები: 0:1 კერჟაკოვი (54), 0:2 ანიუკოვი (55)

ანჟი-ტომი 2:0
გოლები: 1:0 პრუდნიკოვი (17), 2:0 გაჯიევი (82)

ყუბანი-დინამო 3:1
გოლები: 1:0 დავიდოვი (45), 1:1 კურანი (59), 2:1 დავიდოვი (64), 3:1 კომკოვი (72)

ვოლგა-როსტოვი 0:1
გოლი: 0:1 ბრაკამონტე (82)
გაძევება: ბუსაიდი, გაცკანი (ორივე-როსტოვი)

ამკარი-კრასნოდარი 0:2
გოლები: 0:1 მარსიო (13), 0:2 დრინჩიჩი (49)

სპარტაკი (ნ)-რუბინი 0:1
გოლი: 0:1 ლებედენკო (72)
ლეანდრომ (სპარტაკი) ვერ გამოიყენა პენალტი

ტერეკი-სპარტაკი 2:4
გოლები: 1:0 ალსიდაროვი (20), 2:0 მაურისიო (35), 2:1 დ. კომბაროვი (51, პენალტით), 2:2 არი (76), 2:3 ძიუბა
(90+5), ველილტონი (90+10)
35-ე წუთზე ალსიდაროვმა ვერ გამოიყენა პენალტი
43-ე წუთზე ძიუბამ ვერ გამოიყენა პენალტი
გაძევება: ჯანაევი (47, ტერეკი)

ლოკომოტივი-კრილია 0:0

რუსულ პრემიერლიგაში სატურნირო მდგომარეობა (ლიდერთა ჯგუფს ვგულისხმობთ) გვარიანად დაიძაბა: ტურის ცენტრალურ მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა "ზენიტმა" სტუმრად მოუგო ცსკა-ს და ლუჩანო სპალეტის გუნდი არმიელებს ამჟამად მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ცსკა-ს მართლაც შთამბეჭდავი, 12-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, მაგრამ ლეონიდ სლუცკის გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო და "ზენიტიც" საჩემპიონო რბოლაში ჩაება. ამ მატჩში სანკტ-პეტერბურგელთა შორის თავი გამოიჩინეს რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებმა, 28 წლის ალექსანდრ კერჟაკოვმა და მისმა თანატოლმა ალექსანდრ ანიუკოვმა.

ამ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა "ზენიტის" იტალიელ ლეგიონერს, 24 წლის დომენიკო კრიშიტოს, რომელმაც "იუვენტუსში" კარიერის გაგრძელებას რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობა ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა პირველ აგვისტოს გაიხსნა და კრიშიტოს გარდა, უკვე რამდენიმე ცნობილ ფეხბურთელსაც ჰქონდა დებიუტი: მოსკოვის "სპარტაკში" ჰოლანდიის ნაკრების 29 წლის ნახევრამცველი დემი დე ზეუვი გამოჩნდა, "ანჟიში" ტაიმნახევარი ითამაშა 24 წლის უნგრელმა ბალაშ ჯუჯაკმა (ჰოლანდიური პსვ-დან მისი ტრანსფერი 14,5 მილიონი ევრო დაჯდა), "ლოკომოტივში" შეცვლაზე შემოვიდა 24 წლის ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ობინა და ასე შემდეგ. მაგრამ, ეს კიდევ არაფერია: "ტომთან" მატჩის წინ "ანჟიმ" კიდევ ერთი ცნობილი ახალწვეული წარადგინა და ეს რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იური ჟირკოვი გახლდათ!

ეგ კი არა, სხვადასხვა რუსული საინფორმაციო საშუალებები ამ ბოლო დღეებში იმასაც გვამცნობენ, რომ იმავე "ანჟიში" კიდევ ერთი (შესაძლოა, ორიც) საერთაშორისო დონის ვარსკვლავიც ჩაირიცხოს - თავდაპირველად ლაპარაკი იყო რუსეთის ნაკრების ფორვარდებზე, რომან პავლიუჩენკოსა ("ტოტენჰემი") და პაველ პოგრებნიაკზე ("შტუტგარტი), შემდეგ კი ბევრად უფრო სახელოვანი მოთამაშეების გვარებიც დასახელდა: ანდრეი არშავინი ("არსენალი"), და... სამუელ ეტოო ("ინტერი")!

ისევ გასულ ტურს დავუბრუნდეთ, რომლის მიმოხილვასაც სამწუხაროდ, ოდნავ დაგვიანებით გთავაზობთ. თავდაპირველად, რაღა თქმა უნდა, ჩვენებურებზე უნდა ვთქვათ და საუბარი კვლავაც ნუკრი რევიშვილის მორიგი "მშრალი მატჩით" გვინდა დავიწყოთ. ერთი შეხედვით, "ანჟის" ძლიერი მეტოქე არ ჰყოლია, მაგრამ გამოცდილი სპეციალისტის, ვალერი ნეპომნიაშჩის დამოძღვრილი "ტომი" სტუმრად ძლიერად თამაშობს და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო. თუმცა, საქართველოს ნაკრების 24 წლის მეკარემ კვლავაც უაღრესად საიმედოდ ითამაშა და თავისი გუნდი, სულ მცირე, სამჯერ გადაარჩინა აშკარა ხიფათს.

სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს "ვოლგას" წარუმატებლობას - ნიჟნი ნოვგოროდელები ამჯერად უშუალო კონკურენტთან, "როსტოვთან" დამარცხდნენ. ეს ერთადერთი ბურთი რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ყველაზე "სტაჟიანმა" ლეგიონერმა, 33 წლის არგენტინელმა ექტორ ბრაკამონტემ გაიტანა. ქართველებიდან "ვოლგას" შემადგენლობაში მხოლოდ გოჩა ხოჯავამ ითამაშა - 26 წლის ნახევარმცველი მოედანზე პირველი ტაიმის მიწურულს გამოჩნდა. სხვათა შორის, მასპინძლებს არც იმ ფაქტმა უშველათ, რომ "როსტოვმა" მატჩი ცხრა კაცით ჩაამთავრა!

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ვოლგას" მთავარ მწვრთნელს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მათე ვაწაძის უთამაშებლობაზეც ჰკითხეს; დიმიტრი ჩერიშევმა 22 წლის ქართველ თავდამსხმელზე თქვა, საგოლე ალღო არ ჰყოფნისო, თუმცა ისიც დასძინა, რომ მომავალ ტურში აუცილებლად ვათამაშებო.

კვლავაც აუტსაიდერთა შორისაა ნალჩიკის "სპარტაკიც"; თუმცა ყაბარდო-ბალყარელთა გუნდი ამ ტურში მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდა. ჯერ იყო და მასპინძელთა 26 წლის ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლეანდრომ პენალტი ვერ გამოიყენა, რასაც "რუბინის" ფორვარდის, 28 წლის იგორ ლებედენკოს აშკარად წესების დარღვევით გატანილი გოლი მოჰყვა. ნალჩიკელთა ძირითადში იყო 29 წლის დავით სირაძე, ხოლო "რუბინის" დაცვის ცენტრში იტალიელ სალვატორე ბოკეტისთან ერთად დამაჯერებლად თამაშობდა 19 წლის საბა კვირკველია.

ზედიზედ სამი ფრის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა "კრასნოდარმა", რომლის შემადგენლობაშიც ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის კაპიტანი 28 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი გახლდათ, ხოლო მეორე ტაიმში მოედანზე 27 წლის ოთარ მარცვალაძეც გამოჩნდა.

დაბოლოს, XIX ტურის ყველაზე "ხმაურიან" და მართლაც სკანდალურ შეხვედრაზე: "ტერეკისა" და "მოსკოვის "სპარტაკის" მატჩი თითქმის სამი საათი გრძელდებოდა! მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობითაც მოიგეს, რაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, 31 წლის ლევან გვაზავას დამსახურება იყო, რომელმაც სტუმართა კარში გატანილ ორივე გოლში აქტიური მონაწილეობაც მიიღო. თუმცა ამის შემდეგ მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა: ჯერ კიდევ პირველ ტაიმში არბიტრმა "აქეთ-იქით" პენალტები მოიგონა და ორივეჯერ მეკარეებმა იყოჩაღეს!

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, მსაჯმა კიდევ ერთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: "ტერეკის" მეკარე სოსლან ჯანაევი უკანასკნელი იმედის ჯარიმისათვის მოედნიდან გააძევა და "სპარტაკის" სასარგებლოდ კიდევ ერთი პენალტი დანიშნა. სტუმრებმმა ეს შანსი გამოიყენეს, შემდეგ კი ბრაზილიელმა არიმ ანგარიშიც გაათანაბრა და სულ ცოტა ხანში სტადიონზე შუქიც ჩაქრა! თამაში, თითქმის ერთი საათით იყო შეჩერებული და როცა მოედანი ნაწილობრივ განათდა, "სპარტაკის" თავკაცმა შეცვლაზე 18 წლის ჯანო ანანიძე შემოიყვანა.

ქართველი შემტევი აქტიურად ჩაერთო თამაშში და "სპარტაკმაც" მატჩის მიწურულს, უფრო ზუსტად, მსაჯის მიერ დამატებულ ათ წუთში (!) რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი მეტოქის კარში 2 გოლის გატანა მოახერხა. ისე, "ტერეკის" მწვრთნელის გადაწყვეტილებაც საკამათოდ მოგვეჩვენა: მეკარის გაძევების შემდეგ, ისა ბაიტიევმა მოედნიდან ლევან გვაზავა გაიყვანა და ამის შემდეგ მასპინძლებს ერთი ხეირიანი შეტევა (გნებავთ, კონტრშეტევა) არ გაუკეთებიათ...

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ცსკა 19 12 5 2 36-14 41
2. ზენიტი 19 11 6 2 30-12 39
3. დინამო 19 10 5 4 30-21 35
4. რუბინი 19 9 6 4 25-16 33
5. ანჟი 19 9 6 4 22-14 33
6. სპარტაკი 19 9 4 6 24-22 31
7. ლოკომოტივი 19 8 5 6 31-22 29
8. ყუბანი 19 8 4 7 22-19 28
9. კრასნოდარი 19 6 8 5 23-24 26
10. ტერეკი 19 6 4 9 16-22 22
11. ამკარი 19 5 5 9 13-26 20
12. ტომი 19 4 7 8 18-30 19
13. ვოლგა 19 5 1 13 17-24 16
14. როსტოვი 19 4 4 11 20-33 16
15. ნალჩიკი 19 2 7 10 15-26 13
16. კრილია 19 2 7 10 10-27 13

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული