ვარსკვლავები და... საეჭვო თამაშები რუსეთში

AutoSharing Option
რუსეთი. პრემიერლიგა. XX ტური
რუბინი-ცსკა 1:1
გოლები: 1:0 ნათხო (33, პენალტი), 1:1 ძაგოევი (90+5)
იგნაშევიჩმა (ცსკა) 67-ე წუთზე ვერ გამოიყენა პენალტი
გაძევება: კალეშინი (66, რუბინი)

ზენიტი-ცსკა 1:1
გოლები: 1:0 კოლომოიცევი (23), 1:1 კერჟაკოვი (52),
45-ე წუთზე ლაზოვიჩმა (ზენიტი) ვერ გამოიყენა პენალტი

დინამო-ტერეკი 6:2
გოლები: 0:1 ევერტონი (6), 1:1 ვორონინი (29), 2:1 კურანი (35), 3:1 სემშოვი (45), 4:1 იუსუპოვი (49), 5:1 სემშოვი (84), 5:2 გეორგიევი (87), 6:2 საპეტა (90+2)
76-ე წუთზე კარიაკამ („დინამო“) ვერ გამოიყენა პენალტი

სპარტაკი (მ)-ანჟი 3:0
გოლები: 1:0 არი (75), 2:0 დ.
კომბაროვი (44), 3:0 კოზლოვი (73)

როსტოვი-ყუბანი 1:2
გოლები: 0:1 ზელაუ (23), 1:1 ბრაკამონტე (57), 1:2 ნე (63)

ვოლგა-ლოკომოტივი 0:0

კრასნოდარი-კრილია სოვეტოვი 1:2
გოლები: 0:1 ჯორჯევიჩი (34), 0:2 ბობიორი (84), 1:2 მარცვალაძე (90+4)

ტომი-სპარტაკი (ნ) 0:2
გოლები: 0:1 შანიცინი (75), 0:2 სირაძე (90+1)

პარაგვაელი ნელსონ აედო ვალდესი, არგენტინელი მაურო სარატე, ნიგერიელი ობაფემი მარტენსი, - არავის გაუკვირდებს, ეს სამი ცნობილი თავდამსხმელი უკვე ამ შაბათ-კვირას რუსულ პრემიერლიგაში რომ გამოჩნდეს; კვლავაც აქტუალურია სამუელ ეტოოს მახაჩყალის „ანჟიში“ გადასვლის საკითხი; ბოლო დღეებში კი ისეთი სატრანსფერო ჭორი აგორდა, ვფიქრობთ, ამ ზაფხულს შემდგარ ყველა სატრანსფერო გარიგებას რომ დაჩრდილავს, - შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობების მქონე „ანჟი“ რაულს იწვევს!

ისე, ამ ბოლო დროს რუსულ საკლუბო ფეხბურთში იმხელა ფული „ტრიალებს“, აგვისტოს ბოლომდე (ანუ, „სატრანსფერო ფანჯრის“ დახურვამდე), სულ მცირე, სამი-ოთხი ხმაურიანზე-ხმაურიანი ტრანსფერს რომ უნდა ველოდოთ.

თუმცა, მანამდე გასულ ტურზე ვისაუბროთ, ორი მეტად და მეტად საეჭვო მატჩითა და ერთიც სენსაციური შედეგით რომ დაგვამახსოვრდა. ტურის მიმოხილვასაც იმ ორი სწორედაც საეჭვოზე-საეჭვო მატჩით დავიწყებთ, ოღონდ გადაჭრით ვერაფერს დავამტკიცებთ ორივე შეხვედრის შედეგის მანიპულაციაზე, - უბრალოდ, რუსული მედიის „ერთსულოვნებაც“ გვინდა აღვნიშნოთ და ის ფაქტიც, რომ ვინც „ტომი“-„ნალჩიკის“ და „კრასნოდარი“-„კრილია სოვეტოვის“ დაპირისპირებებს თვალი მიადევნა, აშკარად გაორებული შთაბეჭდილება დარჩებოდა...

XX ტური სწორედ „ტომი“-„ნალჩიკის“ მატჩით დაიწყო და სტუმართა მოულოდნელი გამარჯვებით დამთავრდა: შეხვედრის მიწურულს 29 წლის დავით სირაძემ ჯერ ასისტენტობა გაუწია თანაგუნდელს, შემდეგ კი მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

ბევრად უფრო „ხმაურიანი“ გამოდგა ტურის უკანასკნელი შეხვედრა, თანაც ეჭვები იმ ფაქტმაც გააძლიერა, როცა რუსეთისა და ევროპის თითქმის ყველა საბუქმეიქერო კანტორაში „კრასნოდარი“-„კრილია სოვეტოვის“ მატჩამდე სამი დღით ადრე ფსონების მიღება შეწყვეტილი იყო! ბუქმეიქერები კი, მოგეხსენებათ, იშვიათად ცდებიან: მასპინძელთა 34 წლის მეკარემ იგორ უსმინსკიმ ისეთი ბურთები გაუშვა, კაცი შაყირის ხასიათზე დადგებოდა; განსაკუთრებით კი მეორე გოლი გვინდა აღვნიშნოთ, რომელიც 28 წლის იგორ ბობიორმა უკიდურესად მახვილი კუთხიდან გაიტანა. ჩვენთვის ერთადერთი „შვება“ ის თუ იქნებოდა, ახალ კლუბში პირველი გოლით ოთარ მარცვალაძე რომ გამოირჩა - 27 წლის ფორვარდმა მატჩის ბოლო წუთზე, ფაქტობრივად, ცარიელი კარი დალაშქრა.

ტურის მთავარი მოულოდნელობა კი, რაღა თქმა უნდა, „ზენიტის“ საშინაო ფრე იყო: ლუჩანო სპალეტის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადადიოდა, მაგრამ რაშიდ რახიმოვის გაწვრთნილ „ამკართან“ პაექრობაში მხოლოდ ფრეს დასჯერდა. მასპინძლებს ამ მატჩის წინ „ჩეზენაში“ იჯარით ნათამაშები 27 წლის ალესანდრო როზინა დაუბრუნდათ, მაგრამ დაცვაში „ჩამჯდარ“ მეტოქესთან კინაღამ წააგეს: 28 წლის ალექსანდრ კერჟაკოვის ეფექტური თავური დარტყმა მხოლოდ ქულის მომტანი აღმოჩნდა. არადა, პირველ ტაიმში „ზენიტმა“ პენალტი ვერ გამოიყენა: 28 წლის სერბმა დანკო ლაზოვიჩმა ბურთი ხარიხას გადააცილა.

გასულ ტურში კიდევ ორი გაცუდებული პენალტი ვნახეთ: 32 წლის სერგეი იგნაშევიჩმაც (ცსკა) არაზუსტად დაარტყა, ხოლო 33 წლის ანდრეი კარიაკამ (დინამო) მეტოქის მეკარეს ვერ აჯობა. ამ ტურში ორი შეხვედრა იწვევდა განსაკუთრებულ ინტერსს და ორივეში ჩვენებურები მონაწილეობდნენ; „რუბინი“ მთელი მატჩის განმავლობაში უგებდა ცსკა-ს და ეს, პარტნიორებთან ერთად, ყაზანელთა 19 წლის ცენტრალური მცველის საბა კვირკველიას დამსახურებაც იყო; თუმცა, მსაჯის მიერ დამატებული მეოთხე წუთიც რომ იწურებოდა, არმიელთა შემტევმა ნახევარმცველმა, 21 წლის ალან ძაგოევმა საჯარიმოს მისადგომებიდან ნახევარბრუნში ზუსტად გაისროლა და თავის გუნდს ლიდერობაც შეუნარჩუნა!

აი, რაც შეეხება ტურის მეორე ცენტრალურ შეხვედრას, აქ, ფაქტობრივად, ბრძოლა არც ყოფილა: ვალერი კარპინის „სპარტაკმა“ ყველაფერში დაჯაბნა „ანჟი“ და რუსების „სახალხო გუნდიც“ ამ გამარჯვებით IV ადგილზე აღზევდა. ჩვენთვის ნამდვილად არასასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ზედიზედ სამი შთამბეჭდავი მატჩის მერე თამაში არ „წაუვიდა“ „ანჟის“ 24 წლის მეკარეს ნუკრი რევიშვილს; ჰოდა ჩვენს რუს კოლეგებსაც მეტი რა უნდოდათ, - მაშინვე იმაზე დაიწყეს ლაპარაკი, „ანჟი“ ბევრად უფრო მაღალი დონის მეკარეს იმსახურებსო; ამ დროს კი, რატომღაც „ავიწყდებათ“, რომ მახაჩყალელთა ძვირადღირებულ ახალწვეულებს, 27 წლის იური ჟირკოვსა და 24 წლის ბალაშ ჯუჯაკს იმ მატჩში ხეირიანი არაფერი გაუკეთებიათ.

ჟირკოვის გარდა, გასულ ტურში კიდევ რამდენიმე ცნობილ ახალწვეულს ჰქონდა დებიუტი რუსულ პრემიერლიგაში: 32 წლის ხორვატ მეკარეს სტიპე პლეტიკოშას („როსტოვი“), 30 წლის ბრაზილიელ ევერტონს („დორტმუნდისა“ და „სარაგოსას“ ყოფილი ნახევარმცველი კარიერას „ტერეკში“ აგრძელებს), 24 წლის ნიგერიელ თავდამსხმელს ემანუელ ემენიკეს („სპარტაკი“), 25 წლის პორტუგალიელ მცველს მანუელ და კოშტასა და 22 წლის ეკვადორელ ფორვარდს ფილიპე კაისედოს (ორივე-„ლოკომოტივი“). სადებიუტო მატჩი ჩაატარა აგრეთვე 23 წლის ზურაბ არზიანმაც, ვინც 26 წლის გოჩა ხოჯავასთან და 22 წლის მათე ვაწაძესთან ერთად „ვოლგას“ ძირითადში თამაშობდა.

დაბოლოს, ამ ჩემპიონატის მართლაც გამორჩეულ გუნდზეც: სერგეი სილკინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე მოსკოვის „დინამომ“ მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და „ტერეკი“ დიდი ანგარიშით (6:2) დაამარცხა. შესანიშნავ ფორმაში არიან დინამოელთა ვეტერანი ლიდერები: 33 წლის იგორ სემშოვი, 32 წლის ანდრეი ვორონინი და 29 წლის კევინ კურანი, რომელთა წინააღმდეგ „ტერეკის“ მცველები ვერაფერს ახერხებდნენ. არანაკლებ ჩინებულად ითამაშა მასპინძელთა მარჯვენა ნახევარმცველმა, 27 წლის ალექსანდრ სამედოვმა, რომელმაც ამ შეხვედრაში სამი საგოლე პასი გააკეთა; საერთოდ კი, გამოუყენებელი პენალტის გარდა, „დინამომ“ მეტოქის კართან... 14 საგოლე მომენტი შექმნა!..

მომდევნო, XXI ტური, 20 აგვისტო
ამკარი-რუბინი
ცსკა-ტომი
კრილია-ზენიტი
ტერეკი-როსტოვი
ლოკომოტივი-კრასნოდარი
სპარტაკი (ნ)-სპარტაკი (მ)
ანჟი-დინამო
ყუბანი-ვოლგა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული