55-ე წუთზე გოლიშევმა („ტომი“) ვერ გამოიყენა პენალტი
ვოლგა-ტერეკი 3:1
გოლები: 1:0 ტურსუნოვი (18), 2:0 გოგუა (39), 3:0 ხოჯავა (55, პენალტით), 3:1 პავლენკო (85)
როსტოვი-ანჟი 1:1
გოლები: 1:0 კალაჩოვი (72), 1:1 ეტოო (80)
დინამო-სპარტაკი (ნ) 2:0
გოლები: 1:0 კურანი (17), 2:0 სემშოვი (36)
ზენიტი-კრასნოდარი 5:0
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 კერჟაკოვი (24, 30, 79-პენალტით), 4:0 შიროკოვი (85), 5:0 დანი (90)
რუბინი-კრილია 1:0
გოლი: 1:0 დიადიუნი (36)
ყუბანი-ლოკომოტივი 0:1
გოლი: 0:1 კაისედო (36)
48-ე წუთზე ვარგამ („ყუბანი“) ვერ გამოიყენა პენალტი
სპარტაკი (მ)-ცსკა 2:2
გოლები: 1:0 ველიტონი (45), 1:1 დუმბია
ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო: ჩინებულ ფორმაში მყოფი „ზენიტი“ მანამდე ერთპიროვნულ ლიდერს ცსკა-ს ქულებით გაუთანაბრდა და არმიელები პირველ ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო იმყოფებიან. თანაც, ცსკა-ს მთავარ მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის სერიოზული საკადრო პრობლემების გადაჭრა მოუწევს: „სპარტაკთან“ უპრინციპულეს დაპირისპირებაში მძიმე ტრავმა მიიღო არმიელთა გუნდისა და რუსეთის ნაკრების მართლაც ჩინებულმა მეკარემ, 25 წლის იგორ აკინფეევმა.
არმიელები იმასაც აპროტესტებდნენ, რომ ამ ეპიზოდში აკინფეევს განზრახ ეუხეშა „სპარტაკის“ ბრაზილიელი ლეგიონერი, 24 წლის ველიტონი, თუმცა არბიტრს წესების დარღვევა არ დაუფიქსირებია. ბედის ირონიით, ამ შეხვედრის პირველი გოლი სწორედ ველიტონმა გაიტანა - აკინფეევის ნაცვლად შემოსული სათადარიგო მეკარე, 25 წლის სერგეი ჩეპჩუგოვი ამ ეპიზოდშიც უძლური იყო და იმ დროსაც, როცა შეცვლაზე შემოსულმა 24 წლის ემენიკემ მართლაც ეფექტური გოლი გაიტანა. „სპარტაკის“ ნიგერიელმა ახალწვეულმა ამ დარტყმით თავის გუნდს ქულა მოუტანა და აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ არმიელთა მხრიდანაც თავი ლეგიონერებმა გამოიჩინეს: 23 წლის კოტდივუარელმა სეიდუ დუმბიამ სეზონში მე-13 გოლი გაიტანა, 24 წლის სერბმა გარემარბმა ზორან ტოშიჩმა კი - მესამე.
სამწუხაროდ, ტურის ამ ცენტრალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია „სპარტაკის“ 18 წლის ქართველ ლეგიონერს ჯანო ანანიძეს. აი, „ზენიტმა“ კი მართლაც გაილაღა და „კრასნოდარის“ კარში 5 უპასუხო გოლი გაიტანა. შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა „ზენიტისა“ და რუსეთის ნაკრების ცენტრფორვარდმა, 28 წლის ალექსანდრე კერჟაკოვმა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი „ჰეთ-თრიქის“ ავტორიც გახდა. არანაკლებ ჩინებულად გაისარჯა მასპინძელთა გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, 28 წლის დანი - პორტუგალიელმა გამთამაშებელმა ორი საგოლე პასიც მიითვალა და შეხვედრის ბოლო წუთზე ეფექტური გოლიც გაიტანა. „კრასნოდარის“ შემადგენლობაში, როგორც ყოველთვის, 90 წუთი ითამაშა გუნდის კაპიტანმა, 29 წლის ალექსანდრე ამისულაშვილმა; აი, რაც შეეხება ოთარ მარცვალაძეს, ისე როგორც წინა სამ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების 27 წლის გარემარბი ამჯერადაც შეცვლაზე შემოვიდა.
გასული ტურის უმთავრესი მოვლენა კი, რაღა თქმა უნდა, „ანჟის“ მორიგი ვარსკვლავური შენაძენის, 30 წლის სამუელ ეტოოს სადებიუტო მატჩი უნდა ყოფილიყო. ასტრონომიული ხელფასის მქონე კამერუნელი ვარსკვლავი მოედანზე 58-ე წუთზე შემოვიდა და 22 წუთში პირველი „რუსული გოლიც“ გაიტანა! თუმცა, ამ გოლში ეტოოზე არანაკლები წვლილი „ანჟის“ კიდევ ერთმა ძვირფასმა შენაძენმა, 28 წლის იური ჟირკოვმა შეიტანა, რომელმაც შთამბეჭდავი სოლო-რეიდი საგოლე გადაცემით დაასრულა. ამ გოლით „ანჟიმ“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, შეხვედრის პირველი გოლი კი „როსტოვის“ ბელარუსმა ლეგიონერმა, 30 წლის ტიმოფეი კალაჩოვმა „საფირმო“ საჯარიმო დარტყმით გაიტანა (ამ ეპიზოდში „ანჟისა“ და საქართველოს ნაკრების 24 წლის მეკარეს ნუკრი რევიშვილს ვერავინ დაადანაშაულებდა). ქართველების თემა გავაგრძელოთ და კვლავაც ქების სიტყვებით გვინდა 19 წლის საბა კვერკველიას დამაჯერებელი თამაშის აღნიშვნა: „რუბინის“ გამოცდილი მწვრთნელი ყურბან ბერდიევი პერსპექტიულ ქართველ მცველს ისევ დიდ ნდობას უცხადებს.
აი, ნალჩიკის „სპარტაკმა“ კი ორი წარმატებული მატჩის შემდეგ წააგო და კვლავაც სახიფათო ზონაში იმყოფება - 29 წლის დავით სირაძის გუნდს საკმაოდ „მძიმე“ ფინიში ელოდება. სამაგიეროდ, ნავსი გატეხა „ვოლგამ“ - ნიჟნი ნოვგოროდელები „ტერეკთან“ მატჩში ახალმა მწვრთნელმა, სერგეი პერედნიამ გაიყვანა და გუნდმაც ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ეგ კი არა, „ვოლგას“ 6 მატჩი გოლი არ ჰქონდა გატანილი და აი, ასეთი შედეგიანობაც; ჩვენთვის გასახარი უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველებმა: 27 წლის გოგიტა გოგუამ, 26 წლის გოჩა ხოჯავამ, 23 წლის ზურაბ არზიანმა და 22 წლის მათე ვაწაძემ. მასპინძელთა შორის სხვა ქართველებსაც უნდა ეთამაშათ, მაგრამ 29 წლის ლაშა სალუქვაძე ტრავმირებულია, ხოლო 22 წლის გია გრიგალავა დისკვალიფიცირებული იყო.
P.S. ტურში 19 გოლი გავიდა და ნახევარზე მეტი (12) ლეგიონერების ანგარიშზეა.
მომდევნო ტური, 10 სექტემბერი
ცსკა-დინამო
ლოკომოტივი-ზენიტი
კრასნოდარი-რუბინი
კრილია-ტომი
სპარტაკი (ნ)-როსტოვი
ანჟი-ვოლგა
ამკარი-სპარტაკი (მ)
ტერეკი-ყუბანი