რუსეთის პრემიერლიგაში კვლავაც უცხოელთა ზეობაა

AutoSharing Option
რუსეთი. პრემიერლიგა. XXIII ტური

ცსკა-დინამო 0:4
გოლები: 0:1 ვორონინი (36), 0:2 კურანი (40), 0:3 ფერნანდესი (69), 0:4 კოკორინი (90)

ლოკომოტივი-ზენიტი 4:2
გოლები: 0:1 ლაზოვიჩი (7), 0:2 ბუხაროვი (30), 1:2 ობინა (46), 2:2 კაისედო (61), 3:2, 4:2 და კოშტა (75, 87)

კრასნოდარი-რუბინი 3:1
გოლები: 1:0 მოვსისიანი (8, პენალტით), 2:0 ამისულაშვილი (61), 2:1 ნათხო (86, პენალტით), 3:1 ჟოაოზინიო (90+3)

ამკარი-სპარტაკი (მ) 0:1
გოლი: 0:1 პარეხა (85)

სპარტაკი (ნ)-როსტოვი 0:1
გოლი: 0:1 კოჩიში (83)
38-ე წუთზე ადამოვმა (როსტოვი) ვერ გამოიყენა პენალტი

კრილია სოვეტოვი-ტომი 2:0
გოლები: 1:0 კორნილენკო (8), 2:0
იაკოვლევი (45)

ანჟი-ვოლგა 1:1
გოლები: 0:1 პლეშანი (4), 1:1 ეტოო (17), 2:1 რობერტო კარლოსი (60)

ტერეკი-ყუბანი 1:2
გოლები: 0:1 ტრაორე (28, პენალტით), 1:1 ალსიდაროვი (32), 1:2 ტრაორე (53)

უკომპრომისო და საინტერესო გამოდგა რუსული პრემიერლიგის XXIII ტური: რვა შეხვედრიდან არც ერთი მატჩი ფრედ არ დამთავრებულა და შედეგიანობის მაჩვენებელიც, ისე როგორც წინა ტურებში, კვლავაც მაღალი იყო.

ოღონდ, ამ შემთხვევაში უკვე მერამდენედ გვიხდება იმის აღნიშვნა, რუსეთის ჩემპიონატში გაზრდილი შედეგიანობა, უმეტესწილად, ლეგიონერთა დამსახურებაა და ყოველივე ეს განვლილმა ტურმაც დაადასტურა. თავად განსაჯეთ: ტურში 23 გოლი გავიდა და აქედან 20 ლეგიონერებმა გაიტანეს!

გასული ტურის კიდევ ერთი განსაკუთრებული მოვლენა ცსკა-ს სასტიკი მარცხი იყო: თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ცხრილის სათავეში მყოფი არმიელები დედაქალაქურ "დერბიში" მართლაც რომ უსუსურად გამოიყურებოდნენ. თუმცა, გამარჯვებულებსაც ნუ დავუკარგავთ გარჯას: სერგეი სილკინის გუნდმა ასეთი ძლიერი მეტოქის ძლევით დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც იმსახურებს და ოქროს მედლების რეალურ კანდიდატადაც შეიძლება მივიჩნიოთ. რა თქმა უნდა, არმიელებს სერიოზულზე-სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ (ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების მეკარე იგორ აკინფეევი მძიმე ტრავმის გამო, სულ მცირე, ექვსი თვე ვერ ითამაშებს), მაგრამ იმ საღამოს დინამოელთა ლიდერების შეჩერება შეუძლებელი იყო. კვლავაც შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარეს 32 წლის ანდრეი ვორონინმა (უკრაინა) და 29 წლის კევინ კურანიმ (გერმანია), თანაც ოთხი გოლის გარდა "დინამოს" კიდევ სამი რეალური შანსიც ჰქონდა...

კონკურენტის წაფორხილებით ვერ ისარგებლა "ზენიტმა", არადა ლუჩანო სპალეტის გუნდი წარმატების შემთხვევაში ცსკა-ს 3 ქულით ჩამოიტოვებდა. თუმცა, იტალიელმა მწვრთნელმა, ალბათ, ბევრი გააკვირვა, როცა "ლოკომოტივთან" მატჩში სათადარიგოთა შორის დატოვა გუნდის ლიდერები (ალექსანდრ ანიუკოვი, კონსტანტინ ზირიანოვი), ხოლო "ზენიტის" საუკეთესო ბომბარდირი ალექსანდრ კერჟაკოვი საერთოდ არ წაიყვანა მოსკოვში! ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი პეტერბურგელებმა მოიგეს (2:0), მაგრამ შესვენების მერე "ლოკომოტივის" ახალწვეულმა ლეგიონერებმა მართლაც რომ გაილაღეს და ქვეყნის ჩემპიონის კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს! თავი ჯერ 24 წლის ნიგერიელმა ვიქტორ ობინამ გამოიჩინა, შემდეგ 23 წლის ეკვადორელმა ფილიპე კაისედომ ანგარიში გაათანაბრა, ამის მერე კი პორტუგალიელმა მცველმა, 25 წლის მანუელ და კოშტამ ზუსტი თავური დარტყმებით "დუბლი" შეასრულა!

იმავე დღეს თამაშობდა ყაზანის "რუბინიც", მაგრამ ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ყურბან ბერდიევის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის ბრძოლა გაუჭირდება: 24 წლის იურა მოვსისიანის, 29 წლის ალექსანდრე ამისულაშვილის (საქართველო) და 22 წლის ჟოაოზინიოს (ბრაზილია) გოლებს სტუმრებმა ისრაელის ნაკრების ნახევარმცველის, 23 წლის ბიბრეს ნათხოს პრესტიჟის გოლით უპასუხეს. არადა, პირველად ამ სეზონში "რუბინი", ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგა (სამწუხაროდ, 19 წლის საბა კვერკველიას თადარიგში გადანაცვლებამ მოუწია), მაგრამ საქმეს ვერც ამ ფაქტმა უშველა და ვერც ისეთი ფეხბურთელების გამოჩენამ, როგორებიც არიან 24 წლის რომან ერიომენკო (ფინეთი), 26 წლის ობაფემი მარტენსი (ნიგერია), 27 წლის ნელსონ ვალდესი (პარაგვაი)...

სამივე ზემოთნახსნები მატჩი შაბათს ჩატარდა, მეორე დღის პირველივე შეხვედრაში კი "სპარტაკმა" სტუმრად შეძლო "ამკარის" დამარცხება. ეს დაპირისპირება ჩვენთვის იმით უფრო იყო მნიშვნელოვანი, რომ რუსების "სახალხო გუნდის" შემადგენლობაში გარკვეული პაუზის მერე კვლავაც გამოჩნდა ჯანო ანანიძე, რომელსაც წინა დღეს (10 სექტემბერს) 19 წელი შეუსრულდა! კვირის მატჩებიდან კი ქართველ გულშემატკივართა უდიდეს ინტერესს, რაღა თქმა უნდა, "ანჟისა" და "ვოლგას" შეხვედრა იწვევდა. სამწუხაროდ, ნიჟნი ნოვგოროდელთა გუნდში ქართველ ფეხბურთელთა რიცხვი ტურიდან-ტურამდე მცირდება.

"ლელოს" მკითხველებმა უკვე იციან, რომ "ანჟისთან" მატჩამდე ორი დღით ადრე "ვოლგას" ხელმძღვანელებმა ძალიან ბევრისთვის (მათ შორის, რუსი ჟურნალისტებისა თუ ნიჟნი ნოვგოროდელი ქომაგებისათვის) მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს და გუნდს ჩამოაშორეს ქართველ ფეხბურთელთა "ტრიო" (ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა, გოგიტა გოგუა). "ანჟისთან" მატჩში არ უთამაშიათ აგრეთვე ზურაბ არზიანს, გია გრიგალავას და ჩვენებურთაგან ძირითადში მხოლოდ 22 წლის მათე ვაწაძე გახლდათ.

ამ წყვილის უდავო ფავორიტი "ანჟი" იყო და რუსული პრემიერლიგის კი არა, ალბათ, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა კლუბმა მორიგი სამი ქულა მოიპოვა. თუმცა, ანგარიში , ცოტა არ იყოს, კურიოზული გოლით გაიხსნა: ვაწაძის აქტიურობის შემდეგ "ვოლგას" რუმინელმა ლეგიონერმა, 28 წლის მიხეიცე პლეშანმა შორიდან დაარტყა, ბურთი მასპინძელთა ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და "ანჟის" 24 წლის მეკარე ნუკრი რევიშვილი ამ ეპიზოდში უძლური იყო. საქართველოს ნაკრების მეკარეს ამ გოლში ვერავინ დაადანაშაულებს - რიკოშეტის შემდეგ ბურთმა ტრაექტორია მკვეთრად შეიცვალა. თუმცა, "ანჟიმ" მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება: რუსეთში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა მასპინძელთა ძვირადღირებულმა ახალწვეულმა 30 წლის სამუელ ეტოომ (კამერუნი). მეორე ტაიმში კი, "ანჟის" კაპიტანმა, 38 წლის რობერტო კარლოსმა მახვილი კუთხიდან "საფირმო" საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ამ შემთხვევაშიც მცირე რიკოშეტის შემდეგ ბურთი სტუმართა კარში აღმოჩნდა.

დაბოლოს, კიდევ ერთ ფაქტზეც: თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ "ტერეკის" ძირითად შემადგენლობაში 31Oწლის ლევან გვაზავა გამოჩნდა, მაგრამ გროზნოელთა გუნდი კვლავაც დამარცხდა - "ყუბანის" კოტდივუარელმა ლეგიონერმა, 21 წლის ლასინა ტრაორემ "დუბლი" შეასრულა და თავის გუნდს პირველ რვა გუნდში მოხვედრა, ფაქტობრივად, გაუნაღდა.

სატურნირო ცხრილი
1. ზენიტი 23 13 7 3 43-19 46
2. ცსკა 23 13 7 3 42-21 46
3. დინამო 23 13 5 5 43-25 44
4. ანჟი 23 11 7 5 27-20 40
5. ლოკომოტივი 23 11 6 6 37-24 39
6. სპარტაკი (მ) 23 11 6 6 31-25 39
7. რუბინი 23 10 8 5 29-21 38
8. ყუბანი 23 11 4 8 31-22 37
9. კრასნოდარი 23 7 8 8 27-33 29
10. ტერეკი 23 6 5 12 21-34 23
11. ამკარი 23 5 8 10 15-29 23
12. როსტოვი 23 5 6 12 24-37 21
13. ვოლგა 23 6 2 15 21-32 20
14. ტომი 23 4 8 11 18-37 20
15. კრილია 23 4 7 12 16-34 19
16. სპარტაკი (ნ) 23 3 8 12 18-30 17

მომდევნო ტური
17 სექტემბერი
ვოლგა-სპარტაკი (ნ)
ტომი-კრასნოდარი

18 სექტემბერი
როსტოვი-ცსკა
ტერეკი-ლოკომოტივი
დინამო-ამკარი
სპარტაკი (მ)-კრილია სოვეტოვი
რუბინი-ზენიტი
ყუბანი-ანჟი

ბომბარდირები
ს. დუმბია (ცსკა)-13
ა. კერჟაკოვი (ზენიტი)-13
დ. ლაზოვიჩი (ზენიტი)-10
ლ. ტრაორე (ყუბანი)-10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული