დრიბლინგი ევროპაში: გაუშვი, იფრინოს...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიში" მონასტერი არეულია და რაც ყველაზე საინტერესოა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რობერტო მანჩინის მარიო ბალოტელიზე ზრუნვა, როგორც იქნა, ყელში ამოუვიდა; მილანელები ისევ გაუქმებულ გოლზე ბრაზობენ, გალიანის კვლავ სახე აელეწა, მაგრამ ვერაფრით გაირკვა, სამართლიანად თუ უსამართლოდ; გაგიკვირდებათ და, "დრიბლინგი" ამჯერად ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე განხორციელდება:

იტალია

იყო თუ არ იყო?
რა ჩიპი? რომელი კამერა? გოლის დამადასტურებელ ან უარმყოფელ უახლეს ტექნოლოგიას MMS ეწოდება! სწორედ ასეთი სახის ფოტო-შეტყობინება მიიღო შაბათს საღამოს ადრიანო გალიანიმ თავის მობილურ ტელეფონზე, რასაც იტალიაში დიდი ამბები მოჰყვა.

გადიდებული
TV-ფოტო იმის დასტური გახლდათ, რომ რობინიოს დარტყმის შემდეგ ბურთმა "კატანიას" კარის ხაზი გადაკვეთა. მსაჯებმა გოლი არ ჩათვალეს, "მილანმა" კი ორი ქულა დაკარგა (1:1). გალიანიმ ეს შეტყობინება ყველა წამყვან რედაქციას გადაუმისამართა, მოგვიანებით კი, პრეს-არეაში ტელეფონ-შემართული დარბოდა და ყვიროდა: "ეს ყველაფერი უკვე დაუჯერებელია! როგორც ჩანს, საფეხბურთო წესები შეიცვალა და თანაც, მარტო "მილანისთვის"! მეორე ადგილზე რომ გავიდეთ და "იუვენტუსს" 2-3 ქულით რომ ჩამოვრჩეთ, პირადად მე ვიტყვი, რომ სეზონი მანიპულირებულია!"

შეგახსენებთ, "მილანს" ერთი თვის წინ "იუვენტუსთანაც" არ ჩაუთვალეს გოლი იდენტურ სიტუაციაში. ინტერნეტში "იუვეს" ფანებმაც განგაშის ზარებს შემოჰკრეს, ეგ ფოტო დამონტაჟებულიაო. ამის შემდეგ ხმა თავად "როსონერის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმაც კი აიმაღლა - დროა, "იუვენტუსის" ფანებმა მოკეტონო. ცუდი ის არის, რომ "მილანს" ამ შემთხვევაში ვერაფერი უშველიდა, რადგან მომენტის ათასჯერ ნახვის შემდეგაც კი არ გამოჩნდა ცხადად, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი...

P.S. ყველაზე ცუდი კი მაინც ის არის, რომ ამ თამაშის შემდეგ იტალიაში კაციშვილს არ უხსენებია ის, რომ "კატანიამ" "მილანთან" ძალიან კარგად ითამაშა...

სტრამოუჩონი
კვირას "სან სიროზე" შეკრებილი ინტერისტები თვალებს არ უჯერებდნენ: "ნერაძური" ცოცხალი ყოფილა! "ინტერმა" "ჯენოა" უხვგოლიან და ემოციებით დატვირთულ შეხვედრაში 5:4 დაამარცხა - ამ მატჩში ყველაფერი ვნახეთ: 9 გოლი, 4 პენალტი და 2 გაძევება.

გარდა ამისა, ვნახეთ, რომ დიეგო ფორნალს სირბილი შეუძლია, დიეგო მილიტოს გოლების გატანა (ჰეთ-თრიკი შეასრულა), მაურო სარატე სულაც არ ყოფილა ცუდი ფეხბურთელი და არც ლუსიოს დავიწყებია ის, თუ როგორ უნდა ჩაერთოს შეტევებში (ბრაზილიელის ანგარიშზე ორი საგოლე პასი იყო).

"პრეზიდენტმა სპექტაკლი მოითხოვა და ვფიქრობ, დღეს ნანახით კმაყოფილი დარჩებოდა," - თქვა მატჩის შემდეგ "ინტერის" ახალმა და ახალგაზრდა დამრიგებელმა ანდრეა სტრამაჩონიმ. 36 წლის სპეციალისტი იმ კვირაში "ინტერის" 19-წლამდელთა გუნდიდან პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად გადაიყვანეს და ისე გამოვიდა, რომ სტრამაჩონი "ინტერის" ყველაზე ახალგაზრდა დამრიგებელია ბოლო 65 წლის განმავლობაში.

საინტერესო იყო ისიც, რომ მსაჯმა "ინტერის" კარში სამი პენალტი დანიშნა, რაზეც სტრამაჩონიმ რომაული აქცენტით იხუმრა - მასპინძლის კარში სამ თერთმეტმეტრიანს არ ნიშნავენო. ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა კი "ნერაძურის" თავკაცს უკვე "სტრამოუჩონი" უწოდეს - რა თქმა უნდა, დაუვიწყარი ჟოზეს საპატივცემულოდ.

"მოურინიო? - გაიკვირვა ანდრეამ, - ჟოზე ხომ გარტყმაშიც არაა, ვინ ვარ მე!"

დიდი შანსია, კვირის შემდეგ ჟოზემ მშვენივრად იცოდეს, ვინ არის ანდრეა სტრამაჩონი.

მარადონას აპატიებენ
დიდი შანსია, რომ დიეგო მარადონამ ნეაპოლში მშვიდად ჩასვლა შეძლოს და აღარ ეშინოდეს იმის, რომ კარაბინერები დააპატიმრებენ. როგორც იცით, 1991 წლის შემდეგ, როცა დიეგომ ნეაპოლიდან აიბარგა, ფინანსური პოლიცია მას 6 მილიონ ევროს ედავება - გადაუხდელი გადასახადები, პროცენტული ჯარიმები და საერთო ჯამში, საქმე 40 მილიონამდეც მივიდა. სიახლე ის არის, რომ სულ მალე მარადონას ამ ყველაფერს აპატიებენ და მხოლოდ 2 მილიონი ევროს გადახდას დააკისრებენ, რაც გადასახდელთან შედარებით, რა თქმა უნდა, სასაცილო თანხაა, მაგრამ უსამართლობაზე საუბარი მაინც არ ღირს - საქმე ხომ თვით დიეგო მარადონას ეხება.

ინგლისი
"იყო თუ არა ეს ის მომენტი, საიდანაც "მანჩესტერ სიტის" შუაზე გახლეჩა იწყება?!" - წერდა კვირას გაზეთი "ობსერვერი" რიტორიკულად. როგორც ჩანს, ამ კითხვაზე დადებითი პასუხი უნდა გავცეთ, რადგან "სანდერლენდთან" 3:3-ის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სიტის" უკვე ხუთი ქულით გაასწრო, მომდევნო ტურში კი "იუნაიტედი" "ქუინზ პარკ რეინჯერსს" ხვდება, "სიტის" კი "არსენალთან" ექნება საქმე. ამიტომაც აღიარა რობერტო მანჩინიმ, ინგლისის ჩემპიონატის ბედი, შესაძლოა, ამ კვირაში გადაწყდესო.

იტალიელმა შეგირდები ლანძღა, განსაკუთრებით კი მარიო ბალოტელი - მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა ორი გოლი გაიტანა.

ფეხბურთელი ასე არ უნდა თამაშობდეს და იქცეოდესო, თქვა "მანჩომ" და იქვე დასძინა: "ბალოტელი კარგად ვერ ერკვევა შექმნილ ვითარებაში!"

21 წლის მარიოს 1:3-ის დროს "სიტის" ფანებმაც უსტვინეს - იმის გამო, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ეკამათებოდა ალეკსანდარ კოლაროვს იმაზე, თუ ვის უნდა დაერტყა ჯარიმა. მოგვიანებით ბალოტელის გასახდელში იაია ტურესთანაც უჩხუბია.

ფაქტია, მანჩინის გუნდში ზედმეტად ბევრი "დივა" ჰყავს იმისათვის, რომ "სიტის" ჩემპიონობა რეალური ყოფილიყო. ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, ბალოტელი უკვე ტრანსფერზეა დაყენებული, ისევე, როგორც კარლოს ტევესი...

ინგლისელებმა სიმულანტობა არ იციან? როგორ გეკადრებათ!
"ნიუკასლმა" კრიზისში მყოფი "ლივერპული" (მეექვსე წაგება ბოლო შვიდ მატჩში) 2:0 დაამარცხა და ეს თამაში სიმულაციის ზეიმი გახლდათ. ჯერ ენდი კეროლი დავარდა ისე, თითქოს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყესო, რასაც მისი გაფრთხილება მოჰყვა, რაზეც კენი დალგლიშმა ზედმეტად დიპლომატიურად თქვა, ჩემი აზრით, უბრალოდ წონასწორობა დაკარგაო. მერე კი ჯეიმს პერჩი და პეპე რეინა ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მსახიობობაში, რასაც "ლივერპულის" კარის დარაჯის გაძევება მოჰყვა. ამან ის გამოიწვია, რომ კარში ხოსე ენრიკე ჩადგა ("ლივერპულს" სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა).

კარგი ის არის, რომ დალგლიშს თავის და შეგირდების მართლება არ დაუწყია, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უპასუხოდ დატოვა: რატომ არ ჩააყენა კარში ლუის "განელთა რისხვა" სუარესი?

ესპანეთი
რა გიკვირს, ჟოზე?
ჟოზე მოურინიოს "რეალის" ფანებთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს, როგორიც "რეალის" შედეგებიდან გამომდინარე ლოგიკური იქნებოდა.

პორტუგალიელს ქომაგების მხარდაჭერა არ აკმაყოფილებს - განსაკუთრებით "რეალის" გასვლით მატჩებში. მაგალითად, როცა "რეალი" მადრიდის გარეუბანში "ხეტაფესთან" თამაშობდა, "სამეფო გუნდს" იქ მხოლოდ 500-მა ფანმა უგულშემატკივრა. შაბათს მადრიდელები პამპლონაში "ოსასუნას" შეხვდნენ. ეს ქალაქი კი ესპანეთის დედაქალაქიდან 318 კილომეტრშია და მიუხედავად ამისა, "რეალს" ფანებით დატვირთული რამდენიმე ავტობუსი გაჰყვა.

თუმცა 5:1-ზე მოგებული თამაშით გამოწვეული სიხარული რეალელებს მალე გაუნელდათ, რადგან უკანა გზაზე ავტობუსებს რადიკალურად განწყობილმა ანტი-მადრიდისტებმა ქვები დაუშინეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მაგრამ ერთ ავტობუსს საქარე მინა იმდენად დაუზიანდა, რომ სათადარიგო ავტობუსი გამოიძახეს. ამის მერეც გაუკვირდეს მოურინიოს, რატომ არ დადიან "რეალის" კონსერვატიული ფანები გასვლით მატჩებზე...

ღეზალიც გამოიჭირეს
"ლევანტე" გასაოცრად თამაშობს. გასულ უქმეებზე მესამეადგილოსან "ვალენსიასთან" ფრეს (1:1) მიაღწია, მეხუთე ადგილზეა და მომდევნო სეზონში ევროპალიგაზე თამაშის შესანიშნავი შანსი აქვს. მოკლედ, "ლევანტეში" ყველა კმაყოფილია - გარდა ერთისა!

აბდელქადერ ღეზალი იტალიის იუსტიციის ყურადღების ცენტრში მოხვდა! როგორც ირკვევა, ალჟირელი მანიპულაციებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. ღეზალი "ბარის" საკუთრებაა, "ლევანტეში" კი არენდით თამაშობს. პოლიცია კი გასული სეზონის რამდენიმე მატჩს იძიებს, მათ შორის "ბარის" 0:2-ს ლეჩესთან, რასაც გუნდის სერია B-ში დაქვეითება მოჰყვა. საერთო ჯამში 20 პიროვნებაა ეჭვმიტანილი. ორშაბათს კი "ატალანტას" ფეხბურთელი ანდრეა მასიელო დააკავეს, რომელიც წინა სეზონში ასევე "ბარიში" თამაშობდა...

გერმანია
ეჰეი, რობენ!
მიუხედავად იმისა, რომ არიენ რობენმა "ნიურნბერგთან" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა (1:0 და გამარჯვების გოლიც მის ანგარიშზეა), მატჩის შემდეგ რატომღაც მაინც წამოჭრა მოძველებული თემა და თქვა, ჩემი სათადარიგოთა სკამზე დასმა უდიდესი შეცდომააო. ლოგიკურად მისი ასეთი განცხადებების ისტორია ასე უნდა გაგრძელდეს: რობენი იუპ ჰაინკესის თავს მოითხოვს - ლანგრით მომართვითო; მერე კი ფრანც ბეკენბაუერს პრესასთან ურთიერთობას აუკრძალავს... ძალიან გაუტია, ხო იცით?!

ისევ ბალაკოვი
"კაიზერსლაუტერნის" ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და ფანები უდიდესი წუხილით იუწყებიან, რომ პფალცელების სიამაყე გაისად მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს. მართალია, ჯერ სუნთქვა არ შეუწყვეტია და "მხოლოდ" სულის ღაფვის პროცესშია, მაგრამ ფაქტია, რომ "ლაუტერნის" გარდაცვალება, უფრო სწორად, კლინიკური სიკვდილი, უკვე გარდაუვალია.

ახალ მწვრთნელ კრასიმირ ბალაკოვს კი ამის დაჯერება უჭირს და შესაბამისად, ცოტა ხანში ალბათ სამკურნალო იქნება. წინასწარი დიაგნოზი: შიზოფრენია!

იმ დროს, როცა მთელმა "კაიზერსლაუტერნმა" კაპიტულაცია გამოაცხადა, კონკურენტ "ჰამბურგთან" წაგების შემდეგ ბალაკოვს "მხსნელის ჩანაწერებიდან" (ყოველი შემთხვევისთვის დასამახსოვრებელი ფრაზები იმ გუნდების მწვრთნელებისთვის, რომლებიც მეორე ლიგისკენ მიექანებიან) მოჰყავდა ციტატები: "ჰამბურგს" მთელ რიგ მომენტებში აშკარად ვჯობდით (?!)"; "თუ მომდევნო ტურში ჰოფენჰაიმს მოვუგებთ, შანსი გვაქვს"; ჩვენ "მაინც არ ვნებდებით!"
მაგათ ხელში კიდევ კარგადაა...

ჯერმეინ მფატრავი
"შალკეს" საყრდენმა ნახევარმცველმა ჯერმეინ ჯონსმა მიმდინარე სეზონის მე-15 მატჩში მე-10 გაფრთხილება მიიღო და მომდევნო ტურისთვის დისკვალიფიცირებულია. შესაბამისად, დარჩენილ ხუთ მატჩში შეუძლია იმდენი "გაფატროს", რამდენიც მოუნდება - ტომაშ ჰაიტოს (აბა, ვის ახსოვს ეს კაცი?) რეკორდს (16 ყვითელი) ნაღდად ვეღარ დაამხობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული