დრიბლინგი ევროპაში: ამხანაგი კუჭკუჭი ბალაკოვი

AutoSharing Option
წავიდა ბალოტელი, გამოჩნდა კეროლი; სესკი ცეკვავდა, "რაიო ვალეკანოს" მწვრთნელს კი თავი ჯორდანი ეგონა - ინსტიქტურად; რონალდომ და მესიმ კი ახალი ფენომენი შექმნეს... 
ამჯერად გერმანული სტილის დრიბლინგი გამოგვივიდა.

ინგლისი
ბიგ ენდი და კმაყოფილი კენი
"ლივერპულს" შაბათს კარგი დღე ჰქონდა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ჯერარდს და კომპანიას სათასო მატჩი ჰქონდათ.

არადა, კენი დალგლიშის ბიჭებმა "ევერტონთან" ასოციაციის თასის ნახევარფინალურ დერბი ცუდად დაიწყეს. უფრო სწორად "ევერტონს" გაუმართლა, რადგან იელავიჩის გოლი მხოლოდ იღბლის წყალობა და კარაგერის შეცდომის შედეგი გახლდათ. ამის შემდეგ ევერტონელები
მხოლოდ თავს იცავდნენ - მანამ, სანამ დისტინმა კარაგერზე უარესი შეცდომა არ დაუშვა და სუარესს ანგარიში გაათანაბრებინა.

"ლივერპულმა" გამარჯვების გოლი გვიან, მატჩის მიწურულს გაიტანა და ნახეთ, ვინ გამოიჩინა თავი? ენდი კეროლმა! "ბიგ ენდიმ", რომელიც პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე კეთილსინდისიერ, მეტოქე გუნდების მცველების საყვარელ თავდამსხმელადაა აღიარებული.

ასეა, თუ ისე, თავად დალგლიშისთვის ეს გამარჯვება კარგი ნიშანი გამოდგა. კენი იმდენად კმაყოფილი გახლდათ, რომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეუტია - თქვენ რომ კაცმა დაგიჯეროთ, "ლივერპული" ნაგავსაყრელზე გადასაგდები გუნდი გახდა, მაგრამ წერეთ, რაც გინდათ, ფაქტი ის არის, რომ ჩვენ კარგად ვართო.
ვნახოთ, ვნახოთ...

ეშლი კარგად დაფრინავს
პრემიერლიგის უსიმულანტესმა ფეხბურთელმა ეშლი იანგმა მორიგი სპექტაკლი დადგა, რასაც თვით სერ ალექს ფერგიუსონმაც კი "დრამატული შემთხვევა" უწოდა. რუნიმ პენალტი უპრობლემოდ გაიტანა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი სწორედ ასე დაიწყო "ატონ ვილას" რბევა (საბოლოო შედეგი 4:0). ფერგიმ მატჩის შემდეგ ისიც თქვა, ეშლი ზოგადად სიმულანტი არ არის, მე სხვანაირ ეშლი იანგს ვიცნობო.

მოგვიანებით ამ საკითხზე "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერიც კი საუბრობდა და საქმეს მისთვის ჩვეული დიპლომატიით მიუდგა - გაამართლა ყველა: "ასტონ ვილას" დამნაშავე მცველი კლერკიც, მსაჯიც და თავად იანგიც.

"ჰო, ინგლისში სიმულაციები უცხოელმა ფეხბურთელმა შემოიტანეს, - თქვა ფრანგმა, - მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა ეს ფენომენი ძალიან მალე და კარგად აითვისეს."

"პროფესორს" აღარ განუმარტავს, ეს კომპლიმენტი იყო, თუ კრიტიკა.

იტალია
ტრაგედია და ტრაგიკომედია
პიერმარიო მოროზინის სიკვდილმა მთელი იტალია (და არა მარტო იტალია) შეძრა. "პესკარა"-"ლივორნოს" მატჩის დროს მომხდარმა ტრაგედიამ ათიათასობით ტიფოზერია ქუჩებში გამოიყვანა.

გლოვობდნენ პიერმარიოს მშობლიურ ქალაქ ბერგამოში, ლივორნოში, სადაც ბოლოს თამაშობდა, პიზაში, ფლორენციაში და ყოფილი კლუბების ქალაქებშიც, უდინეში, ბოლონიაში, რეჯო კალაბრიაში, პადოვასა და ვიჩენცაშიც. ტიფოზებმა სტადიონებს მიაშურეს - გამოფინეს ფოტოები, ყვავილები და მორიზინის გამოსათხოვარი წერილები. "ვიჩენცას" და "ლივორნოს" ხელმძღვანელებმა კი გადაწყვიტეს, რომ 25-ე ნომერი აღარავის გადასცენ.

მოკლედ, იტალიაში ამ უქმეებზე დიდი გლოვა იყო, მაგრამ ტრაგედიამ ბოლოს ტრაგიკომედია გამოიწვია. ეს სამარცხვინო გადასვლა კი იმით დაიწყო, რომ "ლეგა კალჩომ" ყველა მატჩი გადადო. თავად ეს ფაქტი ნამდვილად არ არის განსასჯელი, მაგრამ განსასჯელია ის, რაც ამ ფაქტს მოჰყვა. ჯერ ერთი, სხვა დროს უკიდურესად ბიუროკრატიული FIGC-ის შეფმა ჯანკარლო აბეტემ გადაწყვეტილება ამჯერად ძალიან სწრაფად მიიღო, რამაც ერთის მხრივ საკმაოდ ლოგიკურად აღაშფოთა კლუბები.

ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ აბეტეს და კლუბების ხელმძღვანელებს ტრაგედიის დღეს მაინც უნდა შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და მგლოვიარე სიტუაცია. ნაცვლად ამისა, იმავე დღეს დაიწყო ტიპურ იტალიური პოლემიკა იმის თაობაზე, რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება მატჩების გადადების შესახებ და თუ როდის უნდა გაიმართოს ეს გადადებული ტური.

კვირას დაიწყო ოფიციალური დაპირისპირება იმის შესახებ, ჩაგდებული ტური მომდევნო შაბათ-კვირას უნდა ჩატარდეს, თუ მომავალ უქმეებზე ჩვეულებრივად, მომდევნო ტური უნდა გაიმართოს, გადადებული კი შუა კვირაში, 25 აპრილს უნდა შედგეს. "ინტერმა", "ჯენოამ", "კიევომ" და "ნაპოლიმ" მოითხოვეს, რომ მომავალ უქმეებზე 34-ე ტური ჩატარებულიყო, გამოტოვებული 33-ე კი 25 აპრილს გამართულიყო.

ამის მომხრე გახლდათ Pაყ თV-იც, რადგან ასეთ შემთხვევაში, საღამოს მატჩი "იუვენტუსი"-"რომა" მომავალ უქმეებზე შედგებოდა და ტელევიზიაც დიდ ფულს იშოვნიდა - როგორც დაგეგმილი იყო. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ უქმეებზე ჩაგდებულ ტურს ჩაატარებდნენ, 34-ეს კი 25 აპრილისთვის გადადებდნენ, ყველა მატჩი, მათ შორის "იუვენტუსი"-"რომაც" ნაშუადღევს უნდა გამართულიყო, რაც ტელევიზიისთვის მომგებიანი ვეღარ იქნებოდა.

"ახლა ამ ომების დრო არ არის, - დასჭექა ბოლოს და ბოლოს ადრიანო გალიანიმ. მისმა რომაელმა კოლეგამ, ფრანკო ბანდინიმ კი ისეთი განცხადება გააკეთა, რაც ამ ამბის დასასრულისთვის იდეალურია: "ჩვენ ბოლოს ყველა სიტუაციაში ვახერხებთ ხოლმე იმის დემონსტრირებას, რაც სინამდვილეში ვართ: ადამიანები, რომლებსაც თვით ტრაგიკულ მომენტებშიც კი შეუძლიათ თავი სასაცილოდ გაიხადონ."


ესპანეთი
DANCING CESC
"ბარსელონა" არა მარტო (სავარაუდოდ) ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს ამ პლანეტაზე (სავარაუდოდ იმიტომ, რომ გემოვნებაზე დავა არ წამოიჭრას), არამედ კატალონიელები მუდმივად ახალ-ახალი ტრიუკებით გვაოცებენ.

ალბათ ქვესათაურითაც მიხვდით, რომ ამჯერად საქმე სესკ ფაბრეგასს, უფრო სწორად მის ცეკვას ეხება. თუ მომხდარი არ გინახავთ, ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ და ნუ იფიქრებთ, რომ მორიგ ბანალურ დრიბლინგზე ან პასზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება.

"ლევანტესთან" მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში "ბარსას" სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა, საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმის შესრულებას, რა თქმა უნდა, ლეო მესი აპირებდა. სესკი ამ დროს ცოცხალ კედელში, სახით კარისკენ იდგა და მოულოდნელად ცეკვა დაიწყო! მისი მიზანი აშკარად "ლევანტეს" კარის დარაჯის დაბნევა გახლდათ.

სესკის ცეკვამ შედეგი ვერ გამოიღო, მესიმ ბურთი კარს ააცილა და კარგია ეს, თუ ცუდი, ამაზე მსჯელობა მკითხველისთვის მიგვინდია...

ხოსე რამონ ჯორდანი
"რაიო ვალეკანოს" მთავარი მწვრთნელი ხოსე რამონ სანდოვალი გასულ უქმეებზე, რბილად რომ ვთქვათ, აიჭრა - თავი არა მარტო კალათბურთში, არამედ თვით მაიკლ ჯორდანი ეგონა... "ატლეტიკოს" ბრაზილიელ გამთამაშებელ დიეგოს აუტის სწრაფად მოწოდება სურდა, როცა სანდოვალმა ისეთი ჩაუჭრა, თქვენი მოწონებული!

"ეს ინსტიქტურად გავაკეთე, - თქვა 43 წლის სპეციალისტმა მატჩის შემდეგ, - მერე ამის გამო დიეგოსაც მოვუბოდიშე და მსაჯსაც. ისე, ადრე მაიკლ ჯორდანის ფანი ვიყავი და ვფიქრობ, ეს მშვენიერი ბლოკი იყო."

სხვათა შორის, სანდოვალი იმ მომენტში ასისტენტსაც ეჩხუბა, რადგან სწორედ ამ უკანასკნელმა მიაწოდა ბურთი დიეგოს.

რეკორდები, რეკორდები, რეკორდები
თუ აქამდე გამოთქმა "მოედანს უგოლოდ არ ტოვებს" ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო ეპითეტი იყო, ახლა ახალი, გაცილებით გრანდიოზული ფენომენი შეიქმნა: "მოედანს ურეკორდოდ არ ტოვებს!"

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი: კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი რეკორდს რეკორდზე ამყარებენ და რაც მთავარია, ამას ისე აკეთებენ, თითქოს წინდებს იცვლიან.

ბრაზილიელი რონალდოს რეკორდის დამხობის შემდეგ, მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მოედანი უგოლოდ ზედიზედ ათ მატჩში არ დატოვა. ამასთან, ლეოს მიმდინარე სეზონში "ნოუ კამპზე" უკვე 28 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის საუკეთესო "საშინაო ბომბარდირია".

რაც შეეხება კრიშტიანოს: არგენტინელს არც პორტუგალიელი უდებს ტოლს. რონალდოს გასვლით მატჩებში 20 გოლი აქვს გატანილი და დღეისათვის პრიმერადივიზიონის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია ერთ სეზონში გასვლით შეხვედრებში გატანილი გოლების მიხედვით.

ამასთან, რონალდო ესპანეთში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ ორ სეზონში მინიმუმ 40 გოლი გაიტანა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მეშვიდე ჰეთ-თრიკითაც უძველესი რეკორდი დაამხო.

თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო - ლა ლიგის ფინიშამდე კიდევ ხუთი ტურია დარჩენილი...

გერმანია
ცოტა რამ ფილოსოფიის შესახებ
გენიალური ერიხ მარია რემარკი "სამ მეგობარში" ჰერ ბლუმენტალის პირით გვეუბნებოდა, ცხოვრების აზრი იმაშია, რომ ბოლოს ყველაფერი უნდა გაწონასწორდესო - ბლუმენტალი ყოველი სიგარის დაგემოვნების შემდეგ ერთ ვაშლს ჭამდა, რათა ორგანიზმისთვის თამბაქოთი მიყენებული ზიანი აენაზღაურებინა...

ვერ გეტყვით, "კაიზერსლაუტერნის" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება "სიგარის მოწევაა" თუ "ვაშლის ჭამა", მაგრამ ფაქტია, რომ ამ გუნდის გავარდნით ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ გაწონასწორდება, რადგან "ლაუტერნი" ბუნდესლიგის უსუსურესი გუნდია. საბოლოო ბალანსისთვის ყოვლად უთავმოყვარეო "კიოლნის" გავარდნაც აუცილებელია და ვაი, რომ იდეაში არც "ჰერტა" იმსახურებს ელიტაში თამაშს (მიუხედავად იმისა, რომ ბერლინელებმა "ლევერკუზენში" 3:3 ითამაშეს, რადგან "ლევერკუზენი" საერთოდ ცალკე სალაპარაკო თემაა).

რაკი ბუნდესლიგაში გუნდების 16-მდე შემცირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება, ისღა დაგვრჩენია, მეორე ბუნდესლიგის ცხრილს გადავხედოთ. პირველ ადგილზე "ფიურტია" და არა უშავს (მხოლოდ იმიტომ არა უშავს, რომ პირველ ადგილზეა), მეორეზე ფრანკფურტის "აინტრახტი" (აი, ის გაწონასწორება, რაც რემარკს ბლუმენტალის პირით აქვს ნათქვამი) და მესამეზე... "პადერბორნი"!

ამოუშვით "პადერბორნი" პირველ ბუნდესლიგაში და ომი აღარ იქნება!

ვინ ეტყვის?
საფეხბურთო გერმანიისთვის მთავარი საფიქრალი ახლა ის არის, თუ ვინ აიღებს თავის თავზე 34-ე ტურის შემდეგ "კაიზერსლაუტერნის" მუდამ მომღიმარი მწვრთნელისთვის, უბედური კრასიმირ ბალაკოვისთვის იმის შეტყობინებას, რომ სეზონი დამთავრდა, "ლაუტერნი" კი გავარდა და მას რომ პირველი წრე ეგონა, თურმე მეორე ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული