რუსეთის ნაკრებს ბოროდიუკი მიხედავს

AutoSharing Option
რუსული პრესა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ალეკსანდრ ბოროდიუკი დაინიშნება - სპეციალისტი, რომელიც რუსეთის ეროვნულ გუნდში ჯერ გუუს ჰიდინკის, მერე კი დიკ ადვოკაატის თანაშემწე გახლდათ. ეს ცნობა რუსულ პრესაში გუშინ გავრცელდა, წყარო კი ინკოგნიტოდ დარჩენილი, რუსეთის საფეხბურთო კავშირთან დაახლოებული პირია.

ხსენებული ინფორმატორის თქმით, ბოროდიუკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის საკითხი თვით ვლადიმირ პუტინის დონეზე გადაწყდა და არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის საფეხბურთო კავშირს.

რაც შეეხება რუსული ფეხბურთის მთავარი მესაჭის ვაკანტურ პოსტს: ჩვენი რუსი კოლეგების ცნობით,
საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყველაზე აქტიურად ნიკოლაი ტოლსტიხის კანდიდატურა განიხილება. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ახლა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დირექტორია, მანამდე კი რუსეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ბოსი გახლდათ.

მიმომხილველთა მტკიცებით, რუსებს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უცხოელი სპეციალისტის დანიშვნა აღარ სურთ, რადგან ასეთს სიტუაციის გასაცნობად ძალიან ცოტა დრო ექნება.

რუსეთში ყველას, მათ შორის, ხელისუფლებასაც მიაჩნია, რომ ბოროდიუკი იდეალური ვარიანტია, რადგან გამოცდილმა და წარმატებულმა რუსმა მწვრთნელებმა (მაგალითად, იური სიომინი ან ვალერი გაზაევი) თავიანთი შესაძლებლობები უკვე ამოწურეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული