ევროპის 4 წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში შემდგარ გარიგებებს გადავხედეთ და საინტერესო დასკვნამდე მივედით: ჯერჯერობით ყველაზე მეტი ფული იტალიელებმა დახარჯეს.
ტრანსფერმარკტის მონაცემებით, სერია A-ს კლუბებმა სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან დღემდე 167 მილიონი ევრო დახარჯეს.
თუმცა ევროპის ვიცე-ჩემპიონების ქვეყანაში თითით საჩვენებელი და ძვირად ღირებული ტრანსფერი ჯერ არ
სატრანსფერო ბაზარს ყველაზე აქტიურად იტალიურმა სუპერგრანდებმა, ჩემპიონმა "იუვენტუსმა" და მილანის "ინტერმა" შეუტიეს, თუმცა ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი "ნაპოლის" ჰყავს: ნეაპოლელებმა ჩილელ ედუარდო ვარგასში 11.4 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალისგან განსხვავებით, სატრანსფერო ბაზარზე, აქტიურობის მხრივ, ესპანეთი იტალიასთან აშკარად "მარცხდება": ლა ლიგის კლუბებმა დღემდე მხოლოდ 33 მილიონი ევრო დახარჯეს.
ამ თანხის ნახევარზე ოდნავ ნაკლები კი მარტო ხორდი ალბაზე მოდის, რომელიც "ბარსელონამ" 14 მილიონ ევროდ იყიდა. ლისაბონიდან ვალენსიისკენ გეზაღებული ჟოაო პერეირა "ღამურებს" 3 684 210 ევრო დაუჯდათ.
გერმანული და ინგლისური კლუბები კი ესპანურებზე გაცილებით მეტად აქტიურობენ - ბუნდესლიგასა და პრემიერლიგაში დაახლოებით 134-134 მილიონი ევრო დაიხარჯა.
ინგლისში მთელი თანხის მესამედი ლონდონის "ჩელსიმ" გაიღო - "არისტოკრატებმა" ედენ აზარი ფრანგული "ლილიდან" 40 მილიონად გადაიბირეს. ბუნდესლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერის ავტორი კი ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსიაა" - 17.1 მილიონი ევრო მარკო როისის სანაცვლოდ, რომელიც BVB-ში "გლადბახიდან" გადაბარგდა.
ზოგადად, გერმანული კლუბებიდან ამ ეტაპზე ყველაზე მეტი, მოლოდინისამებრ, "ბაიერნმა" დახარჯა - რეკორდმაისტერმა ჯიბე 29.3 მილიონით შეითხელა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"