სკანდალი მსოფლიო ფეხბურთში: გერმანიამ 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობა იყიდა!

AutoSharing Option
ფიფას კრიტიკის ქარცეცხლში გახვეულმა პრეზიდენტმა 15 ივლისს სკანდალური განცხადება გააკეთა. ზეპ ბლატერმა ცეცხლზე ნავთი დაასხა კომენტარით, რომლის მიხედვითაც, ის ფიქრობს, რომ გერმანელებმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდეს!

კითხვაზე, რას უპასუხებს კრიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ და ცდილობენ დაასაბუთონ, რომ 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობის უფლება რუსეთმა და ყატარმა არაობიექტურ სიტუაციაში მოიპოვეს, ბლატერმა შვეიცარიული გაზეთის, "ბლიკის" კორესპონდენტს ასეთი პასუხი გასცა:

"გაყიდული მუნდიალი... ჰმ... ახლა მახსენდება ის დღე, როცა გერმანიამ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

კარგად მახსოვს, როგორ დატოვა
ერთმა პიროვნებამ სხდომა კენჭისყრის მიწურულს. ამ ფაქტის გამო ხმები გერმანიის სასარგებლოდ 10:9-ზე გადანაწილდა და გერმანელებმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება მიიღეს.

იმ პიროვნებას სხდომა რომ არ დაეტოვებინა, 10:10 დაფიქსირდებოდა, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ის გერმანიისთვის არ აპირებდა ხმის მიცემას. უცებ ადგა და გავიდა".


ბლატერის ამ განცხადებას კორესპონდენტის ლოგიკური კითხვა მოჰყვა:

"და თქვენ ეჭვობთ, რომ გერმანიამ 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება იყიდა?"

ზეპის პასუხი: "კი არ ვეჭვობ, დავადგინე!"

ის კაცი ჩარლზ დემპსი იყო...
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატისთვის გერმანიას რომ უნდა ემასპინძლა, ეს ამბავი 2000 წლის ივლისში გადაწყდა; ხოლო პიროვნება, რომელზეც ბლატერი საუბრობს, ახალზელანდიელი ჩარლზ დემპსია, რომელმაც კენჭისყრის ფინიშამდე რამდენიმე წუთით ადრე თავისი ხმა გააუქმა, რითაც გერმანიას 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობისკენ გზა გაუხსნა.

მანამდე ყველა ამბობდა, დემპსი თავის ხმას სამხრეთ აფრიკას მისცემსო. აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ აფრიკამ მაინც მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება - ოღონდ უკვე 2010 წლისთვის...

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბლატერი კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, მერამდენედ გახდა საყოველთაო კრიტიკის ობიექტი, რადგან ფიფას კორუმპირებულობის კიდევ არაერთი დამადასტურებელი დოკუმენტი გაჩნდა.

რაც მთავარია, ფუნქციონერებმა დაადასტურეს, რომ ბლატერი ყველაფრის შესახებ ინფორმირებული იყო. ამის შემდეგ გერმანიის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა რაინჰარდ რაუბალმა ბლატერს პირად საუბარში გადადგომა მოსთხოვა.

"მე მას ვუთხარი, რომ ეს ასე ადვილი არ არის. რაც უნდა იყოს, მე კონგრესის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვარ", - აცხადებს ბლატერი ზემოთ ხსენებულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ რაუბალთან ერთად, ზეპი გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმაც გააკრიტიკა. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, ბლატერის სკანდალური განცხადება სწორედ ნირსბახისა და რაუბალისთვის გაცემული პასუხია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ბლატერს ყველაზე მეტად სწორედ გერმანელები აკრიტიკებენ. მის წინააღმდეგ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემაც არაერთხელ გაილაშქრეს.

ამ ყველაფრის ფონზე, ბლატერი არ გამორიცხავს იმას, რომ ფიფას პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი - თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, კანდიდატურას კიდევ წამოვაყენებო.

ბლატერმა "ბლიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში 96 წლის ჟოაო აველანჟისთვის ფიფას საპატიო პრეზიდენტის წოდების ჩამორთმევაც მოითხოვა.

"ამ ამბების შემდეგ მას აღარ აქვს იმის უფლება, რომ საპატიო პრეზიდენტი იყოს", - თქვა ბლატერმა იმ მოვლენების ფონზე, რაც ბოლო დღეებში აველანჟის გარშემო განვითარდა.

ზეპმა ისიც თქვა, რომ 1986 წლის მუნდიალის წინ მას ერთ-ერთი გადამწყვეტი საკვალიფიკაციო მატჩის მონაწილემ გარკვეული სამსახურის გაწევის სანაცვლოდ 50 000 დოლარი შესთავაზა - ბლატერი ამბობს, ფული, რა თქმა უნდა, არ ავიღეო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სკანდალი ფიფაში: ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი ქრთამს იღებდა
ერთ დოლარად ნაყიდი მსოფლიოს 7 ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლება
ბლატეროფობია - კაცი, რომელსაც ყველა ლანძღავს
პელემ ზეპ ბლატერს ომი გამოუცხადა, ბლატერმა - ბრაზილიას
ული ჰიონესი: თქვას ბლატერმა, რომ არ შეუძლია და წავიდეს!
ჰიონესი: ბლატერი უნდა გადადგეს!
რუმენიგე: ძირს ფიფა, ძირს ზეპი!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბლატერი სულ გაბლატავდა ყველას მექრთამეს და ნაძირალას ეძახის არადა თვითონ არის მექრთამე,ნაძირალა და არაკაცი ძირს ბლატერი
dato-dato
15:18 16-07-2012
0

სიახლეები პოპულარული