ბოლო დროს კრიტიკის ქარცეცხლში გახვეულმა 76 წლის ფუნქციონერმა თქვა, გერმანელებმა 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება იყიდესო.
17 ივლისს ბლატერმა გაზეთ "ბილდში" ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც შოკირებულ და მასზე განრისხებულ გერმანელებს მიმართავს. სანამ ამ წერილის შინაარსს გაგაცნობდეთ, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რა უთხრა ბლატერმა "ბლიკს".
"გაყიდული მუნდიალი... ჰმ... ახლა მახსენდება ის დღე, როცა გერმანიამ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
კარგად მახსოვს,
ბლატერის ამ განცხადებას კორესპონდენტის ლოგიკური კითხვა მოჰყვა: "და თქვენ ეჭვობთ, რომ გერმანიამ 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება იყიდა?" ზეპის პასუხი: "კი არ ვეჭვობ, დავადგინე!"
ბლატერს გერმანელ ფუნქციონერებთან დაძაბული ურთიერთობა კი აქვს (მას ყველაზე ხშირად და მწარედ სწორედ გერმანელები აკრიტიკებენ).
მის ამ განცხადებებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ვოლფგანგ ნირსბახი გამოეხმაურა - მან თქვა, რომ გერმანია სუფთაა, ბლატერის მიზანი კი ყურადღების სხვა თემაზე გადატანა იყოო.
როგორც ჩანს, ნირსბახი ცამდე მართალია იმ კუთხით, რომ ზეპს მართლაც საფეხბურთო საზოგადოების ყურადღების გადატანა სურდა, რადგან ფიფას ბოსმა, რომელსაც წყალი აქვს შემდგარი, "ბილდის" ფურცლებიდან სრულიად საფეხბურთო გერმანიას ღია წერილი მისწერა, რომელშიც იკვეთება, რომ მისი მიზანი თავის მართლება უფრო იყო, ვიდრე გერმანელების რამეში დადანაშაულება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ზეპისთვის თავის მართლების უკანასკნელი და საკმაოდ სარისკო შანსი იყო, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, იყიდეს თუ არა გერმანელებმა 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება - ასეც რომ იყოს, ეს, პირველ რიგში, სწორედ ფიფას პრეზიდენტს, ანუ თავად ბლატერს აკისრებს პასუხისმგებლობას.
ამიტომაც დასვა ორშაბათს გერმანულმა გაზეთმა "ფრანკფურტერ რუნდშაუმ" ასეთი კითხვა: "ნუთუ ბლატერი იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თვითონ ზის?"
ახლა კი გაეცანით ბლატერის ღია წერილს, რომელიც "ბილდში" გამოქვეყნდა.
ბლატერის წერილი გერმანიას
"ბილდის" ძვირფასო მკითხველებო,
უძვირფასესო გერმანელებო!
გაზეთ "ბლიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, რას ვეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც დღენიადაგ იმეორებენ, რომ ყატარმა და რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება არაობიექტურ სიტუაციაში მოიპოვეს, მე ვთქვი, რომ 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლებაც ნაყიდია და ისე გამომივიდა, თითქოს შეგვიძლია, თვით გერმანიასაც წავუყენოთ ბრალდება.
ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ყოველთვის და ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეიძლება ეჭვის თვალით შეხედო. ყოველთვის შეიძლება მონახო იმის არგუმენტი, რომ ესა თუ ის საქმე სუფთად არ გაკეთდა.
ამის შემდეგ ჟურნალისტმა მკითხა, ეჭვობთ თუ არა, რომ გერმანიამ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი იყიდაო, რაზეც ვუპასუხე, კი არ ვეჭვობ, დავადგინე-მეთქი, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც სხდომის მიწურულს ხმის უფლების მქონე ადამიანი დგება და მოულოდნელად ოთახიდან გადის, ეს საეჭვოზე მეტია, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ეს კაცი თავის ხმას გერმანიას არ აძლევდა და სხდომა რომ დატოვა, სწორედ ამიტომ მოიპოვა გერმანიამ 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება.
ეს ფაქტი გვიჩვენებს და გვიმტკიცებს იმას, რომ ყოველთვის შეიძლება მიზეზის მონახვა და გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა. იმის თქმა მინდოდა, რომ ეჭვები შეიძლება ისეთ სუფთა და წესიერ ქვეყანასთან მიმართებაშიც კი გაჩნდეს, როგორიც გერმანიაა - გერმანია, რომელმაც 2006 წელს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუნდიალი ჩაატარა.
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი მართლაც იდეალურად ორგანიზებული საფეხბურთო ზღაპარი იყო, რომლითაც გერმანია სამართლიანად ამაყობს.
ჩემო ძვირფასებო, მე არ მჯერა თეორიების, მე მხოლოდ ფაქტების მჯერა. სანამ არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ყატარმა და რუსეთმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება კორუფციის გზით მოიპოვეს, ამის გადაჭრით თქმის უფლება არავის აქვს. ეს ზუსტად ისე ეხება ყატარს და რუსეთს, როგორც გერმანიას! აი, ამის თქმა მინდოდა პირველ რიგში.
პატივისცემით,
თქვენი ზეპ ბლატერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"