სესარ ლუის მენოტი: ზეპ ბლატერი ფრანც ბეკენბაუერმა უნდა შეცვალოს!

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერის წინააღმდეგ ღვაწლმოსილმა არგენტინელმა მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმაც გაილაშქრა.

მისი აზრით, მსოფლიოს ფეხბურთის მესაჭე აუცილებლად უნდა შეიცვალოს და რაც ყველაზე საინტერესოა, 73 წლის მენოტის ფიფას პრეზიდენტად გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, ფრანც ბეკენბაუერის ხილვა სურს.

"დროა, ფიფას პრეზიდენტი შეიცვალოს, რადგან ფაქტია, რომ ბლატერი მოვალეობებს თავს ვეღარ ართმევს. მას უკვე ზედმეტად ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა და რაც ყველაზე მთავარია, ეს კრიტიკა აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია, - აცხადებს მენოტი გერმანულ სპორტულ ჟურნალ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, - ვფიქრობ, ფიფას
პრეზიდენტის რანგში იდეალური ვარიანტი დღესდღეობით ფრანც ბეკენბაუერია.

"კაიზერ-ფრანცს" მთელ მსოფლიოში უდიდეს პატივს სცემენ, ყველგან მიღებული და დაფასებული პერსონაა. ბეკენბაუერი წესიერებასთან და პატიოსნებასთან ასოცირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის და თუ მსოფლიო ფეხბურთის მესაჭე გახდება, არასდროს დაივიწყებს იმას, რომ ერთ დროს თვითონაც ფეხბურთელი იყო".

მენოტის (და არა მარტო მისი) აზრით, ფეხბურთი ბოლო დროს უკიდურესად დაბინძურდა.

არგენტინელი მიიჩნევს, რომ სპორტის ეს სახეობა აუცილებლად და სწრაფად უნდა დაუბრუნდეს ფესვებს:

"დღესდღეობით ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესია, რის გამოც ხიბლს წლიდან წლამდე კარგავს. ფეხბურთში დიდი ხანია, ინფლაციაა დაწყებული და ამას მალე თუ არ ეშველა, სპორტის ეს გენიალური სახეობა შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს," - მიაჩნია მენოტის, რომელმაც არგენტინის ნაკრებს 1978 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში - ეს კოშმარია!
არგენტინელმა სპეციალისტმა ხსენებულ ინტერვიუში ფიფა ყველაზე მეტად ორი მუნდიალის გამო გააკრიტიკა: "პირველი ფატალური შეცდომა 2002 წელს იქნა დაშვებული - ვგულისხმობ მსოფლიოს ჩემპიონატის, ამ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ჩატარებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და გაუაზრებელი შეცდომა. ამით ბევრმა მოითბო ხელი.

სულ მალე კი მეორე კოშმარი გველის: მუნდიალი ყატარში, 2022 წელს. ეს იგივეა, ბერლინის სიმფონიურმა ორკესტრმა ბოლივიაში რომ დაუკრას," - აცხადებს მენოტი და ფიქრობს, რომ მუნდიალები მსოფლიოს მხოლოდ 9-10 საუკეთესო საფეხბურთო ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს.

ასეთებად მას, პირველ რიგში, არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ჰოლანდია და ესპანეთი მიაჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული