ბუნდესგუნდი არგენტინასთან ტესტ-მატჩში 1:3 დამარცხდა და რაც ყველაზე საინტერესოა, ალეხანდრო საბელას გაუჩოებმა, თვალნათლივ, გერმანელებზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს.
ცხადია, თამაშსა და შედეგზე დიდი გავლენა იქონია გერმანელთა მეკარის, რონ-რობერტ ცილერის გაძევებამ, რომელიც მოედნიდან 26-ე წუთზე მიაბრძანეს.
ცილერის ბრალეულობით დანიშნულ პენალტს (სოსა წააქცია) გერმანელთა კარში გოლი არ მოჰყოლია (ტერ შტეგენმა მესის აუღო),
რაკი კაპიტან ფილიპ ლამზე და ვიცე-კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერზე უარი თქვა, ლიოვმა ძირითად შემადგენლობაში მათ ნაცვლად მარსელ შმელცერი და ლარს ბენდერი ათამაშა, ხოლო ლუკას პოდოლსკის ადგილი კი, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მარკო როისმა დაიკავა. გერმანიის კაპიტანი და ერთადერთი ცენტრფორვარდი კი მიროსლავ კლოზე გახლდათ.
"ალბისელესტეს" თავკაც საბელას კი ბევრი სიურპრიზი არ შემოუთავაზებია - ერთი ეგ იყო, რომ ბევრისთვის მოულოდნელად, ძირითად შემადგენლობაში კუნ აგუერო არ გაამწესა და 4-4-2 ტაქტიკური სქემის წინა ხაზზე ლეო მესის გონსალო იგუაინი შეუწყვილა.
გერმანელები ცილერის გაძევებამდე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ: მონდომებით უტევდნენ და არგენტინელთა ნახევარზე მოხდენილად კომბინირებდნენ. ბუნდესგუნდში განსაკუთრებით ლარს ბენდერი აქტიურობდა - ბევრს დარბოდა, თავდაუზოგავად შრომობდა და ბურთისთვის მედგრად იბრძოდა.
ეფექტური გახლდათ როისიც, რომელიც ხშირად ფლანგიდან ცენტრისკენ იწევდა და როგორც კლოზეს, ისე იოზილსაც იდეალურად ეხსნებოდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესი პირველ ტაიმში თამაშიდან გამორთული გახლდათ, რაც, პირველ რიგში, გერმანელი საყრდენების დამსახურებაა, რომლებიც "ბარსას" სუპერვარსკვლავისკენ მიმავალ პასებს დროულად ბლოკავდნენ. ხოლო იმ დროს, როცა ლეო ბურთს დაეუფლებოდა, გერმანელები მის შეჩერებას კოლექტიურად ცდილობდნენ და რაც მთავარია, ეს კარგადაც გამოსდიოდათ.
ცილერის გაძევების შემდეგ გერმანელები შეტევაში პასიურები გახდნენ და უმეტესად გრძელი პასებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. არგენტინელებს შეტევიდან დაცვაზე დროულად გადართვა არ გამოსდიოდათ. ასე განსაჯეთ, პირველ ტაიმში მესი და იგუაინი უკანა ხაზს ერთხელაც არ მიხმარებიან - ჰაერში იყვნენ გამოკიდებულები.
ტაიმი არგენტინამ სამი ხედირას ავტოგოლის წყალობით მოიგო, მეორე ტაიმში კი არგენტინა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. მესიმ და კომპანიამ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება დაიწყეს და შედეგმაც არ დააყოვნა: 52-ე წუთზე ლეომ სხვაობა ორამდე გაზარდა, 73-ეზე კი დი მარიამ გერმანელთა კარი მესამედ აიღო. მატჩის მიწურულს ხედირა გერმანიას პრესტიჟის გოლით შეეწია - 1:3 0:3-ს ნამდვილად სჯობია.
იოახიმ ლიოვი: "ამ თამაშის შეფასება მიჭირს. პირველი 20-25 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ, ცილერის გაძევებამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ავტოგოლი მივიღეთ. ყველაფრის მიუხედავად, ფაქტია, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. შესაბამისად, ბიჭებს ვერ ვუსაყვედურებ."
ალეხანდრო საბელა: "ის ფაქტი, რომ გერმანიას ფეხბურთელი პირველივე ტაიმში გაუძევეს, ჩვენს გამარჯვებას ვერ დააკნინებს.
ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და უძლიერესი მეტოქე დაამარცხა. ფაქტია, რომ სწორ გზაზე ვართ."
გერმანია-არგენტინა 1:3
გერმანია (4-2-3-1): ცილერი - ბოატენგი, ჰუმელსი (25. ჰიოვედესი), ბადშტუბერი, შმელცერი - ლ. ბენდერი (74. გიოტცე), ხედირა (69. გიუნდოგანი) - თ. მიულერი (32. ტერ შტეგენი), იოზილი (69. კროოსი), როისი - კლოზე (62. შიურლე).
არგენტინა (4-2-2-2): რომერო - საბალეტა (65. კამპანიარო), ფერნანდესი, გარაი, როხო - გაგო, მასკერანო (79. ბრანა) - დი მარია (73. გუინასუ), სოსა (46. აგუერო) - მესი, იგუაინი.
32-ე წუთზე მესიმ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 0:1 ხედირა (45+1 საკ. კარში), 0:2 მესი (52), 0:3 დი მარია (73), 1:3 ჰიოვედესი (81)
გაძევება: ცილერი (30. გერმანია)
გაფრთხილება: საბალეტა
მაყურებელი: 48 808
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"