გოტფრიდ ლენცის საავტორო რუბრიკა "დრიბლინგი": ხანდახან კასანოც მოიწყენს ხოლმე...

AutoSharing Option
ამ შაბათ-კვირას ბურთი იტალიისა და გერმანიის უმაღლეს ლიგებშიც გაგორდა. ხომ იცით, ეს რასაც ნიშნავს? იმას, რომ ევროპის ოთხივე წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონატები დაწყებულია.

კიდევ? აბა, მკითხველებო, კიიიდევ რა სარგებლობა მოაქვს ევროპის ოთხივე წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში ბურთის გაგორებას?

სწორია: "ლელოს" დრიბლინგის განახლების დროა!

იტალია
აირია მონასტერი...
"31 აგვისტო - ამ დღეს უდიდესი იმედებით ველოდებით!" - იტყობინებოდნენ "მილანის" ტიფოზები "სამპდორიასთან" გადმოფენილი ერთ-ერთი ტრანსფარანტის მეშვეობით და გასაგებია, რისი თქმაც სურდათ: 31 აგვისტოს სატრანსფერო ფანჯარა იხურება, "მილანს" კი ხეირიანი ფეხბურთელები (ან თუნდაც მხოლოდ ერთი)
ჯერაც არ შეუძენია.

სერია A-ში ახლახან დაბრუნებულ "სამპდორიასთან" შეხვედრაში ცხადად გამოჩნდა, რომ "მილანის" ქომაგები ცამდე მართლები არიან - "როსონერიმ" თამაში 0:1 წააგო.

ეს იყო "მილანის" პირველი მშრალი სასტარტო მარცხი ბოლო 26 წლის მანძილზე და რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან გუნდმა 12 ფეხბურთელი დაკარგა.

ამ ყველაფრის ფონზე აღარც ის გაგვიკვირდა, რობინიომ ხელები თავში რომ წაიშინა, მწვრთნელს კი ანიშნა, ყველაფერი რიგზეაო, რის გამოც მასიმილიანო ალეგრიმ არა ბრაზილიელი, არამედ ელ შაარავი შეცვალა (მოედანზე ტიფოზებისგან დაწუნებული ახალწვეული ჯამპაოლო პაცინი შეუშვა).

ზუსტად ორ წუთში რობინიომ მწვრთნელს გაოცებული სახით უთხრა, კი მაგრამ, მე რატომ არ შემცვალე, აკი ტრავმა მივიღეო და ალეგრიც იძულებული გახდა, მოედნიდან ბრაზილიელიც გაეყვანა...

"აი, ასე იდიოტურად დავკარგე ერთი ცვლილება!" - ცოფებს ყრიდა საფინალო სასტვენის შემდეგ მილანელთა დამრიგებელი.

გაისმა თუ არა საფინალო სასტვენი, რამაც "მილანის" მარცხი დააფიქსირა, კომენტატორმა კარლო პელეგატიმ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა: "ახლა მატყობინებენ, რომ ამ წუთებში დამლაგებელმა მილანში კაკას სახლის დალაგება დაიწყო!"

31 აგვისტომდე დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ 28 აგვისტოს "მილანის" ბოსებმა უკან დაიხიეს - კაკას ტრანსფერი ზედმეტად სარისკო გვეჩვენებაო.

კარგი მსაჯობა, ცუდი მსაჯობა
რა საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგია, როცა არსებობს მაურიციო კამპი?

რომაელმა კარის მსაჯმა ამ უქმეებზე უდიდესი აპლოდისმენტები დაიმსახურა, რადგან "იუვენტუსისა" და "პარმას" დაპირისპირების დროს, მსაჯს ანდრეა პირლოს გოლის ჩათვლა ურჩია.

მან, ადამიანმა, შენიშნა, რომ პირლოს საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ხაზი რამდენიმე სანტიმეტრით გადაკვეთა - ეს იმ დროს, როცა მოგვიანებით, მომენტის რამდენიმე რაკურსით ნახვა გახდა საჭირო იმისათვის, რომ დადგენილიყო, მართლაც იყო თუ არა გოლი, ხოლო მატჩის შემდეგ, ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა პირდაპირ ეთერში ამ საკითხზე საათნახევარი იმსჯელეს და ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ბურთმა კარის ხაზი მართლაც გადაკვეთა.

სწორედ ამიტომ დაიმსახურა კამპიმ კომპლიმენტები და ბოლო დროს არაერთგზის გაკრიტიკებულ იტალიურ მსაჯობას ნამუსი მოსწმინდა.

თუმცა, ამავე მატჩის პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როცა იტალიური საფეხბურთო თემიდა მაინც შეცდა: ლაინსმენებმა აშკარა თამაშგარე მდგომარეობა ვერ შენიშნეს. არადა, ტურინელთა იმ შეტევას "პარმას" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა და კიდევ კარგი, რომ მირანტემ ვიდალს აუღო...

კასანო: პრემიამდე დარჩა 19
"მილანისგან" განსხვავებით, "ინტერმა" სეზონი ყაუათიანი გამარჯვებით (3:0 პესკარასთან) დაიწყო, ანტონიო კასანომ კი თავი პირველივე მატჩში საგოლე პასით გამოიჩინა.

საინტერესო ისაა, რომ მასიმო მორატიმ კასანოს მაგარი პრემია დაუწესა: თუ ანტონიო იტალიის ჩემპიონატის გოლს პლუს პასის რეიტინგში მინიმუმ 20 ქულას მაინც აიღებს, სეზონის ბოლოს ხელფასთან ერთად, 200 000 ევროს ჩაახუტებენ.

კასანოს ერთი ქულა უკვე აქვს...

ჰო, მართლა, კასანომ თქვა, "ინტერში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ მოვიწყენ ხოლმე, ასეთ დროს კი ნაგატომოს ოთახში შევდივარ და "ვაჩმორებ" ხოლმეო...

ასევე იხილეთ:

სერია A. I ტურის შეჯამება: სტარტზევე შერცხვენილი "მილანი"

ინგლისი
მანჩოს უცნაურობანი
ტურის მთავარი მატჩი უდავოდ "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება გახლდათ, რომელიც 2:2 დამთავრდა.

მოქმედმა ჩემპიონმა "ენფილდზე" ყველასათვის გასაოცრად, 3-5-2 ტაქტიკური სქემით ითამაშა - როგორც ჩანს, "სიტის" თავკაც რობერტო მანჩინის იმდენად მოეწონა ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების პირველი ორი მატჩი (იტალია-ესპანეთი 1:1, იტალია-ხორვატია 1:1), რომ ჩეზარე პრანდელის მიბაძა - შედეგიც ლოგიკურია, "სიტიმაც" ფრე ითამაშა.

ერთი ეგაა, რომ მანჩესტერელებმა ქულა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გადაარჩინეს, რომ "ლივერპულის" უკანახაზელი მარტინ შკრტელი აიჭრა (პასი ტევესს მისცა).

მატჩის შემდეგ მანჩინი უკმაყოფილო ჩანდა. ბოლო დროს მანჩო ხშირად ჩივის იმის გამო, რომ შეიხები ახალი ვარსკვლავების შესაძენ ფულს არ აძლევენ და ამჯერადაც თქვა, 31 აგვისტომდე დრო გვაქვს და ამ სეზონში ჩვენი შედეგები სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, გავძლიერდებით თუ არა ახალი ფეხბურთელებითო.

ცხადია, მანჩინის არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რატომ უნდა მაინცდამაინც "სუონსის" ფეხბურთელ სკოტ სინკლერის ყიდვა, როცა მინიმუმ არანაკლები რანგის მოთამაშე ადამ ჯონსონი "სანდერლენდში" გაუშვა...

ლივერპულელები კი ჩემპიონთან მოპოვებული ქულით დიახაც კმაყოფილები იყვნენ. ახლებმა, ჯო ალენმა და რაჰიმ სტერლინგმა თავიანთი საქმე ხუთიანზე გააკეთეს, "ენფილდის" ტრიბუნაზე კი "რეალიდან" გადმობირებული თურქი ნახევარმცველი ნური შაჰინი იჯდა "ლივერპულის" ფერებში გამოწყობილი ჰალსტუხი ეკეთა.

ყოვლად უიღბლო უეინი
ინგლისში შაბათ-კვირის ყველაზე უიღბლო კაცი, რა თქმა უნდა, უეინ რუნი გახლდათ - მიზეზებზე დაწვრილებით აღარ ვისაუბრებთ და მხოლოდ იმას დავძენთ, რომ 26 წლის გოლეადორს ექიმებმა ლაზარეთში მინიმუმ 2-თვიანი ყურყუტი გამოუწერეს.

თამამად უნდა ვთქვათ ისიც, რომ რუნის ეს უბედურება ძალიან ცუდ დროს დაემართა: "ევერტონთან" მატჩში (0:1) ცუდად თამაშის გამო განრისხებულმა სერ ალექს ფერგიუსონმა უეინი "ფულჰემთან" ძირითად შემადგენლობაში აღარ გაამწესა - შვებულებიდან გასუქებული ჩამოვიდა და თავის თავს არ ჰგავსო.

ახლა კი ტრავმა, რომელიც რუნიზე ნაღდად ცუდად იმოქმედებს, რადგან რობინ ვან პერსიმ "იუნაიტედის" ფორმით გოლების გატანა დაიწყო, ახალწვეული შინჯი კაგავა კი, რომელიც დაუფარავად ამბობს, მწვრთნელის სიტყვაც არ მესმისო, გოლთან ერთად, რამდენიმე ბრწყინვალე დრიბლინგითა და მოედნის იდეალური ხედვით გამოირჩა.

ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რუნის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება გაუჭირდება.

ხდება ხოლმე...
სანდერლენდში ადგილობრივი კლუბისა და "რედინგის" დაპირისპირება იმის გამო გადაიდო, რომ კოკისპირულმა წვიმამ მოედანი ფეხბურთის თამაშისთვის უვარგისი გახადა - აგვისტოში ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ ინგლისში მოხდეს.

თუმცა მთავარი დამნაშავე არა ავდარი, არამედ, თურმე ბრიუს სპრინგსტინი ყოფილა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამ სტადიონზე "რედ ჰოთ ჩილი პეპერსთან" ერთად კონცერტი გამართა, რის შემდეგაც მოედანზე მინდვრის ახალი საფარი დააგეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, წყალს ისე ვერ ატარებს, როგორც საჭიროა.

"ვერაფრით აგვიხსნია, რატომ დადგა მოედანზე ტბა," - გაოგნებული იყო "სანდერლენდის" თავკაცი მარტინ ონილი.

ხდება ხოლმე, მარტინ!

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. II ტური. შეჯამება: გაწვდენილი ხელი "ენფილდზე"

ესპანეთი
შეიხს ჯანდაბამდე გზა ჰქონია...
ესპანეთში ყველას უჭირს იმის თქმა, რა მიზნები უნდა ჰქონდა "მალაგას" ამ სეზონში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, შეიხის ძუნწობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ანდალუსიელებმა სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყეს.

4 ქულა ორი ტურის შემდეგ, 2:0 შინ და 0:0 სტუმრად "პანათინაიკოსთან" და თანაც, ანდალუსიელებს 16 წლის ფაბრის ოლინგას სახით თავიანთ რიგებში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, რომელმაც პრიმერადივიზიონში გოლის გატანა მოახერხა.

კამერუნელს "მალიორკასთან" არ უთამაშია და სანახაობრივი თვალსაზრისით მატჩი დიდი ვერაფერი გამოდგა (მიუხედავად უპირატესობისა, "მალაგა" 1:1-ს დასჯერდა). სამაგიეროდ, სპექტაკლი ადგილობრივმა ფანებმა დადგეს - ისინი სტადიონზე ღამის პიჟამოებით მივიდნენ, რითაც შეხვედრების გვიან დანიშვნა გააპროტესტეს.

იმანოლ, შე ძველო!
ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის ყველაზე "მაგარი კაცი" უდავოდ იმანოლ აგირეჩეა, რომელმაც სხვებზე უკეთ იცის, როგორ უნდა სეზონის კარგად დაწყება.

"რეალ სოსიედადის" 25 წლის თავდამსხმელი ვიგოს "სელტასთან" მატჩში ამ სეზონში მოედანზე პირველად გამოჩნდა და ორი გოლი გაიტანა, რითაც სან სებასტიანელთა გმირი გახდა - "სოსიედადმა" თამაში 2:1 მოიგო.

თუ გგონიათ, რომ სულ ესაა აგირეჩეს "მაგარი კაცობა", ცდებით: ამ თავდამსხმელმა წინა სეზონიც დუბლით დაიწყო! აგირეჩემ მაშინ "ხიხონის" კარი დალაშქრა ორჯერ და სხვათა შორის, "სოსიედადმა" ის მატჩიც 2:1 მოიგო.

შობეთ, რა, ბასკებო!
ბილბაოს "ატლეტიკის" გარშემო ატეხილი ამბავი, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ ხავი მარტინესს მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლა უნდა და ბასკები არ უშვებენ, უკვე ნერვებზე მოქმედებს!

მართალია, ლუკა მოდრიჩის "ტოტენჰემიდან" "რეალში" ტრანსფერის "საპნის ოპერა" უფრო დიდხანს გაიწელა და შესაბამისად, გაცილებით ნერვებმომშლელი იყო, მაგრამ ეს, უკვე (უკვე?) ჩავლილი ამბავია...

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. II ტურის შეჯამება: აგენტ ვანიას ვნებანი და "ბერნაბეუ"

გერმანია
გაიხარე, ჟერომ!
სადაც ბუნდესლიგაზე იწერება, იქ მიუნხენის "ბაიერნი" აუცილებლად ნახსენები უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექსტს არავინ წაიკითხავსო - ასე ამბობენ.

და თუ ტექტს არ წაიკითხავენ, უმუშევრად დარჩენის საფრთხე დამემუქრება, რაც, რა თქმა უნდა, ცუდი პერსპექტივაა.

მოკლედ, იძულებული ვარ, გერმანულ შაბათ-კვირაზე წერა "ბაიერნით" დავიწყო.

...და რა უნდა დაწეროს კაცმა? ვიცი: ხავი მარტინესის ყბადაღებული თემა უკვე თქვენც, "ბაიერნის" თავგადაკლულ ფანებსაც ყელში ამოგივიდათ.

ული ჰიონესს ისეთი არაფერი უთქვამს, სჯა-ბაასისთვის რომ ღირდეს და რას ვიზამთ, რომ იუპ ჰაინკესი არასდროს ყოფილა ისეთი ენაწყლიანი და ენაკვიმატი, როგორიც დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპია.

რამე ისეთის დაწერა, "დრიბლინგს" რომ მოუხდება, კიდევ იმიტომაა ძნელი, რომ "ბაიერნმა" თავისი თამაში უპრობლემოდ მოიგო და თანაც, "ფიურტს" მოუგო.

"ბაიერნზე" ყოველთვის ვერ დაწერ და ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ჟერომ ბოატენგი! მიუნხენელები 3:0-ს იგებდნენ, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ 89-ე (!) წუთზე ბოატენგს მაინც "მოუარეს" და ჟერომმა "სისხლიანი" ვარდნით მსაჯს ყვითელი ბარათი გამოსტყუა...

გასაგებია, რომ დრამატიზება არ ღირს, მაგრამ არა მაშინ, როცა საქმე ბოატენგს ეხება - გნებავთ ჟ-ს და გნებავთ, კ.-პ.-ს...

P.S.
ჰო, მართლა: "ჰანოვერის" ნახევარმცველ სერჟიო პინტუს სერჟიო პინტუ აღარ ჰქვია. ახლა მისი სრული სახელი და გვარია სერჟიო და სილვა პინტუ. რატომ? წადი და გაიგე!

იმედია, ჰაიკო ვესტერმანი არ მოითხოვს, HW4 დამიძახეთო...

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. I ტურის შეჯამება: მარკო და მარიო დაძმობილდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული