დრიბლინგი: კაიზერ კლოზე და ხასიათწამხდარი კრიშტიანო

AutoSharing Option
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: იტალიელმა ჟურნალისტებმა მიროსლავ კლოზეს "ფენომენი" უწოდეს; "ინტერის" ფანები "იუვენტუსს" იმდენად ვერ იტანენ, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელს სცეს პატივი, ხოლო "კალიარი"-"ატალანტას" მატჩის დროს ეკრანზე ტირეთი ეწერა სიტყვა "განავალი".

ინგლისმა სატრანსფერო ქაოსი გამოიარა, ესპანეთი კრიშტიანო რონალდომ ააფორიაქა, გერმანია კი ტიმ ვიზეს დასცინის, რომელიც ამბობდა, "ჰოფენჰაიმმა" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა იბრძოლოსო...

იტალია
ზდენეკი და ინტერისტები
იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩად მიჩნეულმა "ინტერისა" და "რომას" ჯახმა იმედები გაამართლა: ზდეკენ ზემანის დედაქალაქელმა "გიჟებმა" მილანელები განსაკუთრებით მეორე ტაიმში შეურაცხყვეს.

"რომამ" "სან
სიროზე" 3:1 მოიგო, გენიალურმა ფრანჩესკო ტოტიმ კი ორი საგოლე პასი გააკეთა და დაგვაიმედა - ჯერ არ დავბერებულვარო.

"ბებერი" კაპიტნის პასების გარდა, რომაელთათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა ალესანდრო ფლორენცის გოლი, რომელიც "ინტერის" თავკაც ანდრეა სტრამაჩონის რატომღაც თვალში ეპატარავებოდა.

ამ ყველაფერთან ერთად, რომაელებისთვის სასიამოვნო იყო ისიც, რომ "ინტერის" ტიფოზთა გარკვეულმა დაჯგუფებამ ასეთი წარწერის მქონე ტრანსფარანტი გადმოფინა: "ჩვენ პატივს ვცემთ ზემანს - სუფთა ფეხბურთის მოყვარულსა და მიმდევარს."

მართალია, ზემანი დაბერდა და დღეს იმდენს ვეღარ ახურებს, რამდენსაც ადრე ახურებდა, მაგრამ მისი სახელი მართლაც ასოცირდება ისეთ კაცთან, რომელმაც პირველად ილაპარაკა კალჩოში დოპინგზე, ჩაწყობილ თამაშებზე, მსაჯების მოსყიდვაზე და ა.შ.

"ინტერის" ფანები მეტოქე გუნდის ან თუნდაც მისი მწვრთნელის მიმართ პატივისცემას იშვიათად გამოხატავენ ხოლმე და როგორც ჩანს, ზემანის შემთხვევაში გადამწყვეტი როლი იმ ფაქტმა ითამაშა, რომ ზემანი "იუვენტუსის" აღიარებული მტერი და, სხვათა შორის, სტრამაჩონის კუმირიცაა...

ქაქი სანტ ელიაზე
"კალიარისა" და "ატალანტას" დაპირისპირება არაფრით გამორჩეული მატჩი იქნებოდა, რომ არა ჩვენი იტალიელი კოლეგების დაუოკებელი მიდრეკილება "ბინძური იუმორისკენ" და მოდური წესი, რომლის მიხედვითაც, რეპორტაჟის დროს გუნდების სახელები შემოკლებით უნდა ეწეროს და თითოეულის სახელწოდება სამი ასოსგან უნდა შედგებოდეს.

შედეგად, ხსენებული მატჩის მიმოხილვისას იტალიელ ჟურნალისტებს ხარხარი აუტყდათ და რამდენიმე წუთი ხორხოცებდნენ - მიზეზი წარწერა CAG-ATA გახლდათ, რაც იტალიური სიტყვაა და უკაცრავად, მაგრამ განავალს... ბევრ განავალს ნიშნავს! თანაც, თითქოს დამთხვევა არც ის იყო, რომ სტადიონის რეკონსტრუქცია ჯერაც არ დასრულებულა და გუნდებს, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუხდათ თამაში - უახლოეს ქუჩაზე განლაგებული ულტრასების ხმა მოედნამდე კი აღწევდა, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია.

დამთხვევას არც ის ჰგავდა, რომ "კალიარიმ" 8 წუთში ორი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა ამ შეხვედრაში გოლები მაინც გავიდა, ოღონდ ბოლო წუთებზე და "სანტ ელიას" VIP-ლოჟის რამდენიმე ბინადარი წამოყარა. ერთი სიტყვით, ეს თამაში მართლაც CAGATA გამოვიდა.

კლოზინიო
იტალიელები ემოციური ხალხია და უკიდურესობებში გადავარდნა უყვართ. მიროსლავ კლოზემ "პალერმოსთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა და მისი მეორე გოლი მართლაც ძალიან ეფექტური გამოვიდა, მაგრამ არა იმდენად ეფექტური და მიმზიდველი, როგორც ამაზე მეორე დღეს "კორიერე დელო სპორტი" წერდა: "ლაციოს" ფენომენმა და გერმანიის მეფემ მორიგი სპექტაკლი დადგა! Grazie Klose! მადლობა ამ ულამაზესი ყვავილისთვის - ეს იყო გოლი, რომელმაც მთელი რომი გადარია.

მირომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გენიალური, უმაღლესი კლასისა და რანგის თავდამსხმელი და ნამდვილი ჩემპიონია.

განუმეორებელ გერმანელს შეუძლია, თამაშები მარტომ მოიგოს. "პალერმოს" მან ორი მშვენიერი გოლი გაუტანა და საკუთარ ასაკს დასცინა - კლოზე არ ბერდება!"

კლოზე მართლა კარგი ფეხბურთელია, რომელიც ისტორიას დარჩება, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ცოტა ხნის წინ ფენომენებად რობერტო ბაჯოს და რონალდოს მოიხსენიებდნენ, კლოზეს ასეთივე ეპითეტით შემკობა, ვფიქრობთ, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია.

თუმცა იტალიელ ჟურნალისტებსაც ნუ დავძრახავთ - მას მერე, რაც კარლო ანჩელოტიმ სერია A-ს შემოქმედთა ძალიან დიდი ნაწილი პარიზში გარეკა, რა გასაკვირია, რომ ჩემი იტალიელი კოლეგები სასწრაფოდ ახალი ფენომენების ძებნას შეუდგნენ...

ყანა ნეაპოლში
"ნაპოლისა" და "ფიორენტინას" მატჩი საშინელ მოედანზე ჩატარდა და ეს ყველას თვალში მოხვდა, მაგრამ "სქაი იტალიას" კომენტატორი ამაზე არაფერს ამბობდა მანამ, სანამ რეჟისორმა ახლო კადრით არ გვაჩვენა მოედანზე ამოსული სოკო.

"ნაპოლიმ" 2:1 მოიგო, მატჩის შემდეგ კი ერთ-ერთმა ნეაპოლელმა ტიფოზმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ასეთი რამ დაწერა: "ზემანი "რომაში", ტონი "ფიორენტინაში", ბორიელო "ჯენოაში", ბერლუსკონი პრემიერმინისტრობაზე იყრის კენჭს - თუ ვინმე წლების მანძილზე კომაში იყო და ახლა გამოეღვიძა, აყურებინეთ იტალიის ჩემპიონატის ტურის მიმოხილვა და იფიქრებს, რომ დივანზე ჩაეძინა."

ინგლისი
ფერგის მე-1000
როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" ეთამაშება, ყოველთვის რაღაც ისეთი ხდება ხოლმე, რაზეც მერე დიდხანს ლაპარაკობენ.

როგორ შეიძლება ამ გუნდების 1996 წლის ჯახის დავიწყება, რომელიც "საუთჰემპტონმა" "ოლდ ტრაფორდზე" 3:1 მოიგო: პირველი ტაიმის შემდეგ "იუნაიტედი" 0:3-ს აგებდა და მანკუნიანელებმა შესვენებაზე ფორმები გამოიცვალეს - სერ ალექს ფერგიუსონმა მაშინ წაგების უმთავრეს მიზეზად ნაცრისფერი (და იშვიათი სიმახინჯის) მაისურები შერაცხა და სხვათა შორის, ის ფორმა მანჩესტერელებს მას მერე აღარასოდეს ჩაუცვამთ. მიუხედავად ამისა, ექვსი თვის შემდეგ "საუთჰემპტონმა" ისევ მოიგო - 6:3.

"იუნაიტედი" ახლაც კინაღამ დამარცხდა და მართალია, კინაღამ არ ითვლება, მაგრამ მატჩი ამჯერადაც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა: "საუთჰემპტონი" 2:1-ს იგებდა და რობინ ვან პერსიმ "იუნაიტედს" 87-ე და 90-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოაგებინა, რითაც პრემიერლიგაში ფერგიუსონის რიგით მე-1000 მატჩი უზრუნველყო.

საბრალო მაიკლი
აგვისტოს ბოლო დღეს ინგლისში სატრანსფერო ციებ-ცხელებამ პიკს მიაღწია. "ფულჰემის" ამერიკელ თავდამსხმელ კლინტ დემპსის, რომელსაც "ლივერპულში" გადასვლა სურდა, უცებ "ასტონ ვილადან" დაუკავშირდნენ და ბრწყინვალე პირობები შესთავაზეს, მაგრამ ბოლოს "ტოტენჰემში" აღმოჩნდა.

თავის მხრივ, "ტოტენჰემმა" ვერაფრით მოახერხა "პორტუდან" ჟოაო მოუტინიოს გადაბირება, რაც მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს.

მაიკლ ოუენმა "მილანს" შესთავაზა სამსახური, მაგრამ "როსონერის" ხელმძღვანელებმა მისი შეთავაზება ერთ ყურში შეუშვეს და მეორედან გამოუშვეს - საბოლოოდ, ოუენი თაროზე დარჩა, თუმცა ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ "ლივერპულში" ან სადმე აიყვანენ.

ესპანეთი
კრიშტიანოს ვნებანი
კრიშტიანო რონალდომ არა მარტო მადრიდი, არამედ მთელი საფეხბურთო ესპანეთი ააფორიაქა და აალაპარაკა.

პორტუგალიელმა "რეალის" ფორმით ოფიციალურ მატჩებში 149-ე და 150-ე გოლები გაიტანა, მადრიდელებმა "გრანადა" 3:0 დაამარცხეს და წესით, კრიშტიანო კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც გოლები აღნიშნა და მეტიც: მატჩის შემდეგ თქვა, "რეალში" უკმაყოფილო ვარ და ეს კლუბის ხელმძღვანელებმაც იციანო.

რონალდოს მიზეზი არ დაუკონკრეტებია და ვისაც არ დაეზარა, ყველამ სავარაუდო მიზეზები ჩამოთვალა.

ნუთუ კრიშტიანოს "რეალიდან" წასვლა სურს? ან იქნებ მეტი ფული უნდა? ყოველ შემთხვევაში, მისი უკმაყოფილება მხოლოდ იმ მიზეზით ნაღდად არ აიხსნება, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რომ არ დაასახელეს...

გერმანია
ღია წერილი ტიმ ვიზეს
პატივცემულო ჰერ ვიზე, ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის ისეთ ფეხბურთელებზე ან ისეთ გუნდებზე იერიშის მიტანა, რომლებიც ისედაც ყელამდე განავალში სხედან (ეს მხოლოდ ჰამბურგს არ ეხება - გასაგები მიზეზების გამო) და რა თქმა უნდა, სულაც არაა თქვენი ბრალი ის, რომ "ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელები იდიოტები არიან, რის გამოც გუნდი, რომელშიც ახლახან გადახვედით და რომლის მეკარე ხართ, კიდევ ერთხელ, ამჯერად "აინტრახტთან" შერცხვა (0:4); მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ღირსი ხართ იმის, რაც ბოლო სამ კვირაში თავს დაგატყდათ!

რატომ? იმიტომ, რომ სეზონის წინ აბსურდულ რაღაცებს ამბობდით - "ჰოფენჰაიმს" ჩემპიონთა ლიგაში რა უნდა?

ჰელმერი ბჭობდა...
ყოფილი ფეხბურთელები სატელევიზიო ექსპერტები ხდებიან ხოლმე და ეს ტენდენცია ყველგან მოდაშია - განსაკუთრებით კი, გერმანიაში.

გასულ შაბათ-კვირას ერთ-ერთმა ასეთმა, ნაძალადევად გაექსპერტებულმა თომას ჰელმერმა "ბრწყინვალე" ანალიზი შემოგვთავაზა - "ჰოფენჰაიმის" ახალწვეულებმა იმედები ვერ გაამართლესო.

მომდევნო გადაცემაში ჰელმერი წარმოგვიდგენს ანალიზს იმის შესახებ, რომ წყალი სველია, ძაღლის "CAGATA”-ს ცუდი სუნი აქვს და რომ ინგლისელებმა პენალტების დარტყმა არ იციან...

P.S. შაბათს, 2012 წლის 1 სექტემბერს, ჩვენი დროით 16 საათსა და 10 წუთზე მარსელ შმელცერმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი ხეირიანად ჩააწოდა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული