იმ ევროპული გუნდებიდან, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ, რთული ან მეტ-ნაკლებად რთული მატჩები ჰოლანდიას და იტალიას ელით. "ნარინჯისფერების" ახალი თავკაცის, ლუის ვან გაალის დებიუტი ოფიციალურ დონეზე თურქეთთან საშინაო მატჩში შედგება, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი იტალიელები კი ბულგარეთს სტუმრობენ. საინტერესო უნდა გამოვიდეს დანიისა და ჩეხეთის ნაკრები გუნდების მატჩიც.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის
A ჯგუფი
7 სექტემბერი
ხორვატია-მაკედონია 22:15
უელსი-ბელგია 22:45
8 სექტემბერი
შოტლანდია-სერბეთი 18:00
11 სექტემბერი
სერბეთი-უელსი 22:30
ბელგია-ხორვატია 22:45
შოტლანდია-მაკედონია 23:00
ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული ჯგუფია და ლოგიკურად, პირველიდან ბოლო ტურამდე მძაფრი ბრძოლები უნდა ვნახოთ.
ჯერ მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ხორვატია, სერბეთი და მაკედონია ერთ ქვეჯგუფში მოხვდნენ! აქვე არიან შოტლანდია და უელსიც და არც ბელგიის სწრაფად პროგრესირებადი ნაკრები უნდა დაგვავიწყდეს - ბელგიელი ტალანტები ევროპაში ხომ სულ უფრო და უფრო ძვირად ფასობენ.
ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, თეორიულად ჯგუფის მთავარი ფავორიტი ხორვატიის ნაკრებია, რომელიც დღეს მაკედონიას უმასპინძლებს.
სწორედ ამ შეხვედრაში შედგება ხორვატთა ახალი მთავარი მწვრთნელის, იგორ სტიმაჩის ოფიციალური დებიუტი. სლავენ ბილიჩის შემცვლელმა ნაკრებში ყველა წამყვანი ფეხბურთელის გამოძახება შეძლო.
განსაკუთრებით კარგ ფორმაშია თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი, რომელმაც ევრო 2012-ზეც კარგად იასპარეზა, მერე კი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა, სადაც რეგულარულად თამაშობს და გოლებიც გააქვს. სტიმაჩმა ნაკრებს მიღმა არც ივიცა ოლიჩი დატოვა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე არ ყოფილა და შესაბამისად, უაღრესად მოტივირებულია.
სერბები მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლას 8 სექტემბერს, შოტლანდიაში გასვლითი მატჩით დაიწყებენ. მათი მოტივაცია გულშემატკივრებისთვის ბოდიშის მოხდაა - გეხსომებათ: სერბეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა (ესტონეთს ჩამორჩა).
უელსელებმა შარშან უდიდესი შოკი გადაიტანეს - გაგახსენებთ: 2011 წლის ნოემბერში ნაკრების თავკაცი გარი სპიდი ტრაგიკულად დაიღუპა. გუნდს ახლა კრის კოულმენი წვრთნის, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა და ისეთი ტოპ-ფეხბურთელების იმედი აქვს, როგორებიც არიან ბეილი (ტოტენჰემი), ალენი (ლივერპული) და რემსი (არსენალი).
უელსის ნაკრების მეტოქე დღეს ბელგიის ძალიან საინტერესო გუნდია: აზარი, ვიტსელი, დემბელე, ლუკაკუ, ვერტონგენი - ზაფხულში ამ ფეხბურთელებზე უდიდესი მოთხოვნა იყო.
თუ მათ კომპანის, ვერმაელენსა და ფელაინისაც დავუმატებთ, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ ბელგიელებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა შეუძლიათ. შეგახსენებთ, 2002 წლის შემდეგ ბელგიას დიდ ტურნირზე არ უთამაშია...
B ჯგუფი
7 სექტემბერი
მალტა-სომხეთი 22:00
ბულგარეთი-იტალია 22:45
8 სექტემბერი
დანია-ჩეხეთი 22:15
11 სექტემბერი
ბულგარეთი-სომხეთი 22:00
იტალია-მალტა 22:45
ვერ ვიტყვით, რომ ევროპის ვიცე-ჩემპიონი იტალია იოლ ჯგუფში მოხვდა, რადგან "სკუადრა აძურას" დანიისა და ჩეხეთის ნაკრები გუნდების სახით ევრო 2012-ის მონაწილეებსა და საკმაოდ ამბიციურ გუნდებთან ექნება საქმე.
მალტა ჯგუფის უპირობო აუტსაიდერია, ბულგარეთს და სომხეთს კი ბრძოლა შეუძლიათ, მაგრამ ლოგიკურად, მუნდიალის საგზურს ვერ წაეპოტინებიან.
იტალია მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ბულგარეთში არცთუ იოლი შეხვედრით იწყებს და თანაც, "აძურის" თავკაც ჩეზარე პრანდელის რიკარდო მონტოლივოსა და მარიო ბალოტელის სახით ორი წამყვანი მოთამაშე აკლია.
იტალიელთა დამრიგებელმა "ინტერში" გადაბარგებულ და საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ ანტონიო კასანოზე უარი თქვა და ჩვენი იტალიელი კოლეგების ვარაუდით, ბულგარეთთან იტალიის ნაკრების თავდასხმაში ჯოვინკო-ოსვალდოს ტანდემს ვიხილავთ. დანიელე დე როსისა და ჯამპაოლო პაცინის მცირე ტრავმები აწუხებთ.
სომხეთი დღეს მალტას სტუმრობს და თუ ჩვენი მეზობლების ბოლოდროინდელ პროგრესს გავითვალისწინებთ, წესით, სომხებმა კუძულიდან სამი ქულა უნდა წამოიღონ. დანიას კი 8 სექტემბერს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ჩეხეთთან ექნება საქმე.
C ჯგუფი
7 სექტემბერი
ყაზახეთი-ირლანდია 20:00
გერმანია-ფარერები 22:45
11 სექტემბერი
ავსტრია-გერმანია 22:30
შვედეთი-ყაზახეთი 22:30
C ჯგუფს გერმანიის ნაკრების სახით გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა რაც უნდა ამტკიცოს, ამ ჯგუფში იოლ გასეირნებებს ნუ ელითო, საფეხბურთო ევროპა მაინც მიიჩნევს, რომ გერმანელებმა ბრაზილია 2014-ის საგზური სწორედაც უპრობლემოდ უნდა მოიპოვონ.
ლოგიკურად, გერმანიის ნაკრებისთვის ხეირიანი წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ შვედეთის ეროვნულ გუნდს შეუძლია. მართალია, ირლანდიაც კარგი გუნდია, მაგრამ ბუნდესნაკრების კალიბრამდე ძალიან ბევრი აკლია.
აღარაფერს ვამბობთ, ავსტრიაზე, ყაზახეთზე ან, მით უმეტეს, ფარერებზე.
გერმანელები, მისისას სახელწოდებით, "მსოფლიოს ჩემპიონობას" ყველაზე იოლ მეტოქესთან, ფარერებთან საშინაო მატჩით იწყებენ.
ეს შეხვედრა ჰანოვერში გაიმართება და ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ გერმანიის ნაკრები არსებობის ისტორიაში რიგით მე-500 გამარჯვებას იოლად მოიპოვებს. აქვე გეტყვით, რომ ბუნდესგუნდს მსოფლიო ასპარეზზე დებიუტი 1908 წლის 5 აპრილს, შვეიცარიასთან ჰქონდა...
ჯოვანი ტრაპატონის ირლანდიელები კი მუნდიალის შესარჩევ ციკლს ყაზახეთში იწყებენ. ავსტრია და შვედეთი კი ბრძოლაში სამშაბათიდან ჩაერთვებიან - ავსტრიელები გერმანიას მიიღებენ, სკანდინავიელები კი ყახაზეთს უმასპინძლებენ.
D ჯგუფი
7 სექტემბერი
ესტონეთი-რუმინეთი 22:00
ჰოლანდია-თურქეთი 22:30
ანდორა-უნგრეთი 22:30
11 სექტემბერი
რუმინეთი-ანდორა 21:30
უნგრეთი-ჰოლანდია 22:30
თურქეთი-ესტონეთი 23:00
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო და კონტინენტის პირველობაზე ძალიან ცუდად იასპარეზა, მერე კი მწვრთნელი შეეცვალა, "ნარინჯისფერები" მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს მაინც ფავორიტების რანგში იწყებენ, რადგან ჯგუფში თურქეთის სახით ერთადერთი მართლა სერიოზული მეტოქე ჰყავთ.
"ერთ მშვენიერ დღეს" ჰოლანდიის ნაკრების დამარცხება რუმინეთსაც შეუძლია და ესტონეთის ნაკრებიც "კერკეტი კაკალია", მაგრამ ყველა ლოგიკის მიხედვით, ჰოლანდიელებს ამ ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ. ანდორას, რა თქმა უნდა, სათვალავშიც კი არ ვაგდებთ...
7 სექტემბერს ლუის ვან გაალი ჰოლანდიის ნაკრებში ოფიციალურად იწყებს თავის მეორე ერას და პირველივე მატჩში მთავარ კონკურენტ თურქეთს მასპინძლობს.
ვან გაალს გოლეადორი ბას დოსტი გამოაკლდა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ისედაც არ განიხილებოდა, მაგრამ ლუისმა მის ნაცვლად "გლადბახის" ცუდ ფორმაში მყოფი ცენტრფორვარდი ლუუკ დე იონგი გამოიძახა. ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების ცნობით, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვან გაალი კლაას-იან ჰუნტელაარს მიენდობა, რობინ ვან პერსის კი სათადარიგოთა სკამზე დასვამს.
საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ამ ციკლში ესტონეთის ნაკრები - გუნდი, რომელმაც ევრო 2012-ის შესარჩევის სენსაციურად პლეი ოფში გააღწია და პოლონეთ/უკრაინაში მხოლოდ იმიტომ ვერ გაემგზავრა, რომ ირლანდიის ნაკრებთან დამარცხდა.
ესტონელები დღეს რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ და ზემოთ დასმულ კითხვას ეს თამაში სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც უპასუხებს. უნგრეთი ჰოლანდიასთან მეორე ტურის მატჩის წინ, ანდორასთან გაივარჯიშებს...
E ჯგუფი
7 სექტემბერი
სლოვენია-შვეიცარია 22:30
ალბანეთი-კვიპროსი 22:30
ისლანდია-ნორვეგია 22:45
11 სექტემბერი
ნორვეგია-სლოვენია 22:00
კვიპროსი-ისლანდია 22:00
შვეიცარია-ალბანეთი 22:30
რა უნდა ითქვას ამ ჯგუფზე? მაშინ, როცა არსებობს ქვეჯგუფი, სადაც ესპანეთი და საფრანგეთი ერთადაა და არც სხვა გუნდებს დაეწუნებათ - აქ ფავორიტებიც კი მოისუსტებენ. აბა, შვეიცარიას და ნორვეგიას მსოფლიო ფეხბურთის გრანდებში რა უნდათ?!
მოკლედ, ისეთი კომპანიაა, კვიპროსელები და ალბანელებიც კი იმედით ელოდებიან საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებას. ეს ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა მონაწილე ევრო 2012-ის მიღმა დარჩა!
პირველი ტურის ცენტრალური მატჩი 7 სექტემბერს ლუბლიანაში, "სტოჟიცეს" სტადიონზე გაიმართება, რომელიც 16 ათას მაყურებელს იტევს - სლოვენია შვეიცარიას მასპინძლობს. ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპის ჩაფლავების შემდეგ (სლოვენია იტალიის ჯგუფში მე-4 ადგილზე გავიდა, ესტონეთსა და სერბეთს ჩამორჩა) ოქტომბერში მატიაჟ კეკი 42 წლის სერბმა სპეციალისტმა სლავიშა სტოიანოვიჩმა შეცვალა.
სტოიანოვიჩი ადგილობრივი სერბია, სლოვენიურ ფეხბურთს ის ხუთი თითივით იცნობს და სამწვრთნელო კარიერა 29 წლის ასაკში "სლოვანში" დაიწყო. "დომჟალესთან" ერთად ორჯერ სლოვენიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, სტოიანოვიჩი სრეჩკო კატანეცის ასისტენტი იყო არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრებში.
სლოვენიის ნაკრებში მისი დებიუტი იქნება ოფიციალურ მატჩებში (ამხანაგურებში - 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება). შვეიცარიის ნაკრები ლუბლიანაში გამოცდილ გერმანელ სპეციალისტ ოტმარ ჰიტცფელდს ჩაჰყავს, რომელიც უკვე 4 წელიწადია, ამ ქვეყნის ნაკრების თავკაცია. ევროპის ჩემპიონატზე ვერც შვეიცარიელებმა ითამაშეს (ჯგუფში ინგლისმა და ჩერნოგორიამ გაუსწრეს). ზედიზედ 4 დიდი ტურნირის შემდეგ შვეიცარია ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა.
სტუმართა ნაკრები ჯგუფის ფავორიტად ითვლება, გუნდს ჰყავს ლიდერიც - "ბაიერნის" ახალწვეული ჯერდან შაჩირი, რომელიც, სხვათა შორის, ალბანური წარმოშობისაა და ამ ციკლში ისტორიული სამშობლოს წინააღმდეგაც მოუწევს თამაში (უკვე ამ სამშაბათს). სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჰიტცფელდის გუნდი ბრაზილიის საგზურის მოპოვების უმთავრესი კანდიდატია.
ვნახოთ, მას დღესვე, 7 სექტემბერს ელის სერიოზული გამოცდა. სტუმრები უნდა უფრთხოდნენ შემტევ ზლატან ლიუბიანკიჩს და შეეცადონ ნაკლებად დაარღვიონ თამაშის წესი საჯარიმოს სიახლოვეს, რადგან ვალტერ ბირსა დიდებულად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს.
დღის ორ სხვა მატჩში ალბანეთი კვიპროსს მასპინძლობს, ხოლო 70 წლის ეგილ ოლსენის ნორვეგია რეიკიავიკში ჩადის ჩრდილოევროპული დერბის გასამართავად.
F ჯგუფი
7 სექტემბერი
რუსეთი-ჩრდ. ირლანდია 19:00
აზერბაიჯანი-ისრაელი 20:00
ლუქსემბურგი-პორტუგალია 22:45
11 სექტემბერი
ისრაელი-რუსეთი 22:00
ჩრდ. ირლანდია-ლუქსემბურგი 22:45
პორტუგალია-აზერბაიჯანი 23:15
7 სექტემბერს მოსკოვში, "ლოკომოტივის" სტადიონზე რუსეთის ნაკრების ოფიციალურ მატჩში დებიუტი ექნება იტალიელ ფაბიო კაპელოს. მისი ახალი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს მასპინძლობს.
რუსთა ფორვარდი ალექსანდრ კერჟაკოვი მიიჩნევს, რომ ორივე თამაშში (სამშაბათს კაპელოს გუნდი ისრაელს ეწვევა) ნაკრებმა 6 ქულა უნდა მოიპოვოს: "ცხოვრებაში არ მინახავს ერთი მატჩიც კი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მონაწილეობით, ისრაელთან კი 2008 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე გვაქვს წაგებული.
ახლა იქ, ალბათ, ძალიან ცხელა, მაგრამ ამას რა აზრი აქვს - გუნდმა უნდა მოიპოვოს 6 ქულა ამ ორ თამაშში. ჩვენი მთავარი ამოცანა ბრაზილიის საგზურის მოპოვებაა", - განაცხადა კერჟაკოვმა. სხვათა შორის, კაპელომ არ გამოიძახა "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი ანდრეი არშავინი.
სერიოზულად არის განწყობილი ფაბიო კაპელოც: "სისტემა თუ მუშაობს, მისი შეცვლა რა საჭიროა. გუნდის ბირთვი დაკომპლექტებულია, ბირთვს კი "ზენიტის" ფეხბურთელები შეადგენენ. ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. იმავე მოდელს გამოვიყენებთ, როგორითაც კოტდივუარის ნაკრებს ვეთამაშეთ.
ექსპერიმენტების დრო ახლა არაა, ამისთვის არის ამხანაგური მატჩები. რატომ არ გამოვიძახე პავლიუჩენკო, არშავინი და პოგრებნიაკი? მათ ახლა სათამაშო პრაქტიკა აკლიათ, თორემ სათამაშო დონე ვიცი და როცა ათამაშდებიან, აუცილებლად მოვიწვევ".
არშავინის არგამოძახებამ დიდი დისკუსია გამოიწვია რუსულ მედიაში. "სოვეტსკი სპორტის" გამოკითხვამ აჩვენა, რომ გულშემატკივრები იტალიელი თავკაცის მხარეს არიან - 76% მიიჩნევს, რომ კაპელო მართალია ამ შემთხვევაში და მხოლოდ 9%-ია ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი.
ბუნებრივია, რუსეთის ნაკრების უმთავრესი კონკურენტი ბრაზილიის საგზურისათვის ბრძოლაში პორტუგალიაა. პორტუგალია დღეს ლუქსემბურგის ნაკრებს მასპინძლობს, რომელმაც ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან მოსამზადებლად და სასპარინგოდ რატომღაც ჩვენ აგვირჩია.
პორტუგალიის ნაკრებს ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით 8 ბურთის სხვაობით აქვს მოგებული. ახლა კრიშტიანო რონალდოს და კომპანიას ამ რეკორდის დამხობის შანსი აქვს. რეალელებს, რონალდოს და პეპეს, ბოლო ხანებში არ უვარჯიშიათ, ორივეს მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი მაინც ითამაშებენ ჯუჯა-ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ.
პაულუ ბენტუ, სავარაუდოდ, სასტარტოშივე ათამაშებს "დეპორტივოს" ფორვარდ ნელსონ ოლივეირას, რომელმაც პანამასთან მატჩში კარგად ითამაშა. ზუსტად ერთი წლის წინათ ამ გუნდების შეხვედრა პორტუგალიამ 5:0 მოიგო. დღის მესამე მატჩში ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ისრაელს მასპინძლობს.
G ჯგუფი
7 სექტემბერი
ლიხტენშტეინი-ბოსნია 21:00
ლიტვა-სლოვაკეთი 22:15
ლატვია-საბერძნეთი 22:30
11 სექტემბერი
სლოვაკეთი-ლიხტენშტეინი 22:15
საბერძნეთი-ლიტვა 22:45
ბოსნია-ლატვია 23:00
ფორტუნა ბერძნებს უღიმის - ზედიზედ მეორე ციკლია, გუნდს ხელსაყრელი შესარჩევი ჯგუფი ხვდება. ამ ჯგუფში ფერნანდო სანტუშის გუნდი აშკარა ფავორიტია - 7 სექტემბერს ბერძნები ბრაზილიის საგზურისთვის ბრძოლას რიგის "სკონტოს" სტადიონიდან დაიწყებენ, სადაც ლატვიის ნაკრებს სტუმრობენ.
ევრო 2012-ზე მეოთხედფინალამდე მისული ნაკრები ბალტიისპირეთში პირველი სამი ქულისთვის იბრძოლებს. ელინთა ყველაზე დიდი პრობლემა დღეისათვის მეკარის პოზიციაა - რიგაში, ალბათ, ალექსანდროს ცორვასი ითამაშებს, მაგრამ მას საკლუბო პრაქტიკა თითქმის არ აქვს.
დაცვაში გამორჩეულია "ვერდერის" ფეხბურთელი სოკრატის პაპასტატოპულოსი, რომელიც ასაკის მიუხედავად, უკვე გამოცდილი ფეხბურთელია (24 წლისას ნაკრებში 32-ჯერ აქვს ნათამაშები). წინ კი ბერძნებს "პარმას" ახალწვეულის, სოკრატის ნინისის ეიმედებათ. ბერძენთა პორტუგალიელ თავკაცს ტრავმების გამო დააკლდებიან დიმიტრის სალპინგიდისი და ავრაამ პაპადოპულოსი.
7 სექტემბერს ბოსნიის ნაკრები ლიხტენშტეინს სტუმრობს, ხოლო ლიტვა სლოვაკეთს მასპინძლობს.
H ჯგუფი
7 სექტემბერი
მონტენეგრო-პოლონეთი 22:30
მოლდოვა-ინგლისი 22:45
11 სექტემბერი
სან მარინო-მონტენეგრო 22:30
პოლონეთი-მოლდოვა 22:45
ინგლისი-უკრაინა 23:00
ჯგუფის ფავორიტი როი ჰოჯსონის ინგლისის ნაკრებია, რომლის შესახებაც ამავე ნომერში მოზრდილ სტატიას გაეცნობით.
ასე რომ, აქ ინგლისელებზე აღარ შევჩერდებით. ვიტყვით მხოლოდ, რომ 7 სექტემბერს ეს გუნდი "ზიმბრუს" სტადიონზე მოლდოვას სტუმრობს.
7 სექტემბერს პოდგორიცაში ბრანკო ბრნოვიჩის ჩერნოგორია პოლონეთს მასპინძლობს, რომელსაც ევრო 2012-ზე ჩაფლავების შემდეგ ახალი მწვრთნელი ჰყავს - 49 წლის ვალდემარ ფორნალიკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"