დრიბლინგი: გააუქმეთ ეს სულელური კანონი! იზეიმოს ფეხბურთელმა ისე, როგორც უნდა!

AutoSharing Option
იტალიაში "რენე იგუიტა" ვნახეთ, ლუკა ტონი კი მკვდრეთით აღსდგა; ინგლისელები სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ მატჩის წინ გუნდების მისალმება პროტოკოლიდან ამოიღონ.

ჩვენ კი მართლა სულით და გულით მოვითხოვთ, გაუქმდეს კანონი, რომელიც ფეხბურთელის გაფრთხილებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი გოლს მაისურის გახდით აღნიშნავს.

რატომ? მომყევით!

იტალია
ჯიჯი ძოფი და ხუმარა პრეციოზი

"ჯენოასა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება თვალსასეირო გამოდგა: პირველი ტაიმი გენუელებმა მოიგეს, მატჩი - "იუვენტუსმა". იტალიის ჩემპიონმა ქულები რომ არ დაკარგა, ეს, პირველ რიგში, ჯანლუიჯი ბუფონის დამსახურებაა - "იუვენტუსის" "დემონმა" არაერთი რთული
დარტყმა მოიგერია.

მატჩის მერე გენუელთა თავკაცმა ჯიჯი დე კანიომ თქვა, წარმატების მიღწევაში დღეს ხელი ძოფმა შეგვიშალაო. ლეგენდარულ დინო ძოფთან შედარება არანაკლებ (თუ მეტად არა) ლეგენდარულ სუპერჯიჯის, ალბათ, მაინც ესიამოვნებოდა. გასაკვირი კი ის არის, "ჯენოამ" ერთხელ მაინც რომ მოახერხა "იუვენტუსის" კარის დალაშქვრა.

ეს პირველ ნახევარში მოხდა, მეორე ტაიმის საწყის წუთებში კი მოვლენები რადიკალურად ვითარდებოდა: 52-ე წუთზე ჯოვინკომ ბურთი ძელს მოარტყა, 57-ეზე ექს-იუვენტუსელმა ბორიელომ ბუფონის კარის ძელი მოიკითხა, 4 წუთის შემდეგ ჯიჯიმ (თუ დინო ძოფმა) მორიგი სუპერსეივი გააკეთა და იმავე წუთზე ჯაკერინიმ ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ ტურინელებმა 3:1 მოიგეს და წაუგებელი სერია 42 მატჩამდე (!) გაზარდეს.

შეხვედრის ყველაზე მაგარი მაყურებელი კი "ჯენოას" პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზის გამოსახულება გახლდათ. ამ უკანასკნელმა 17 მაისს სასამართლო ბოლო ინსტანციაშიც წააგო და მანიპულაციების სკანდალის გამო სტადიონზე მისვლა 6 თვით აუკრძალეს.

პრეციოზი 2005 წელს "ვენეციას" ბოსებს ფულით სავსე ჩემოდნით ესტუმრა და სამი ქულა იყიდა, რაც "ჯენოას" ძალიან ძვირად დაუჯდა.

ბოლო ინსტანციაში წაგება პრეციოზიმ სწორედ "იუვენტუსთან" მატჩისას გააპროტესტა: მის ადგილზე ლოჟაში ენრიკოს გამოსახულება იდო, საიდანაც პრეციოზი მოედანს ქარიზმატული ღიმილით მისჩერებოდა...

ისევ ის ლუკა
აკი თქვა თავის დროზე ლუკა ტონიმ, კარიერას ისე არ დავამთავრებ, რომ "ფიორენტინაში" არ დავბრუნდე და ფლორენციელი ტიფოზები ისევ არ გავახაროო.

თქვა და შეასრულა კიდეც!

"იუვენტუსში" საჭირო კაცად რომ აღარ ჩათვალეს, რამდენიმე თვე "ალ ნასრში" გაატარა, ივნისში შვილს ელოდებოდა და მისი მეუღლის მშობიარობა ტრაგედიით დასრულდა - ბავშვი დაკარგეს. ცოტა ხნის წინ კი "ფიორენტინაში" ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს და ლუკაც დათანხმდა, რადგან ეს არის კლუბი, სადაც ტონის ორი ფანტასტიკური სეზონი (49 გოლი 71 მატჩში) აქვს გატარებული, რასაც ფლორენციელები არასდროს დაუვიწყებენ.

"კატანიასთან" ტონი შეცვლაზე შევიდა, ორ წუთში იოვეტიჩის პასი გოლად აქცია და მაშინვე ყურისკენ წაიღო მარჯვენა ხელი - ლუკას "ვიოლასთვის" ბოლო გოლი 2007 წლის აპრილში ჰქონდა გატანილი.

პუბლიკამ ლუკას უდიდესი ოვაციები მიუძღვნა, თავად ტონის კი სახე ძველებურად უბრწყინავდა: "აქაურობა ძალიან მომენატრა! წლებია, ვიღაც-ვიღაცები ფიქრობენ, რომ ჩემი ფეხბურთი დამთავრებულია, მაგრამ მე - არა!"

იგუიტა კალიარიში
"კალიარის" მეკარე აგაციმ "პალერმოსთან" მატჩში თითქმის იგივე გააკეთა, რითაც ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგად ცნობილმა კოლუმბიელმა კიპერმა რენე იგუიტამ გაითქვა სახელი: "პალერმოსთან" მატჩში (1:1) ბურთი მანაც დაახლოებით იგუიტას სტილში მოიგერია და "კალიარიმ" ქულა რომ წაიღო, აგაცის დამსახურებაცაა.

"პალერმოს" გიჟ პრეზიდენტ მაურიციო ძამპარინის კი ისევ "მოუარეს" და რაკი გუნდს სამი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს, მწვრთნელი ჯუზეპე სანინო დაითხოვა. ეს ძამპარინის პრეზიდენტობის 26-წლიან ერაში რიგით 41-ე მსხვერპლი-მწვრთნელია.

არადა, შაბათს საღამოს მაურიციომ კითხვას, გაუშვებდა თუ არა სანინოს, ასე უპასუხა: "ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მირჩევნია, კარგად გამოვთვრე!"

ვნახოთ, სადამდე გაძლებს თანამდებობაზე სანინოს შემცვლელი ჯან პიერო გასპერინი...

ინგლისი
განუმეორებელი ბერბა

"საუთჰემპტონთან" 6:1-ის შემდეგ ლონდონის "არსენალის" ფანები ტიტულზე (!) ოცნებობენ და ჟერვინიოზე აბოდებთ - ამ უკანასკნელს გამთამაშებლის პოზიციაზე გამწესებამ აშკარად არგო, რადგან ნახევარდაცვის ცენტრიდან ჟერვინიო მეტოქე გუნდის მცველებისთვის უფრო არაპროგნოზირებადია, ვიდრე თანაგუნდელებისთვის.

"ტურის ყველაზე მაგარი კაცის" სტატუსს კი დიმიტარ ბერბატოვი იმსახურებს, რომელმაც "ფულჰემის" ფორმით ვესტ ბრომვიჩს დუბლი შეუსრულა.

"სანდი თაიმსი" წერდა, ბერბასგან ასეთ შემართებას ინგლისში არავინ ელოდაო.

ბულგარელი დიდმა კაცმა ალან შირერმაც შეაქო, ასეთი მონდომებული დიმიტარი "ფულჰემს" ევროსარბიელზე გაიყვანსო.

როგორც იცით, ბერბატოვმა "ფიორენტინას" და "იუვენტუსის" ბოსებს უარი მარტო იმიტომ შეუთვალა, რომ მის ცოლი ლონდონზეა შეყვარებული, "ფულჰემს" კი გაუმართლა, ბულგარელი "არსენალმა" და "ჩელსიმ" რომ არ აიყვანეს...

როი, ათამაშე მაიკლი სან მარინოსთან!
როგორც მოსალოდნელი იყო, ანტონ ფერდინანდმა ჯონ ტერის და ეშლი კოულს ხელი არ ჩამოართვა, რაც ყველასათვის კარგად ნაცნობი სკანდალის მორიგი გამოძახილია და ინგლისში ახლა იმაზე ბჭობენ, იქნებ საერთოდ ამოვიღოთ პროტოკოლიდან ის, რომ ფეხბურთელებმა თამაშის წინ ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვანო.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პრემიერლიგის მომდევნო ტურში "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს და ყველა ხვდება, რომ სუარესი ევრას იმავე მიზეზით ხელს არ ჩამოართმევს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ რიტუალის გაუქმების კანონპროექტი მალე მომზადდება.

"სტოკ სიტისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩის 90-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში მოედანზე მაიკლ ოუენი გამოჩნდა და მერე რა, რომ ბურთთან ურთიერთობა ვერ მოასწრო. მთავარი ისაა, რომ ინგლისის ნაკრების თავკაცი როი ჰოჯსონი 32 წლის ოუენს ნაკრებში გამოძახებას დაჰპირდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) თავდაუზოგავად იბრძოლებს; ბ) ბევრ გოლს გაიტანს; გ) ძალიან კარგად ითამაშებს.

ოქტომბერში ინგლისი სან მარინოს ეთამაშება და... როი, რა საჭირო იყო ამდენი ულტიმატუმი?

ესპანეთი
იყო და არა იყო რა

ის, რაც გასულ უქმეებზე "ვისენტე კალდერონზე" მოხდა, ვიღაცისთვის საეჭვო ამბავია, ვიღაცისთვის, უბრალოდ, გოლების წვიმა და ვიღაცისთვის ესპანური ფეხბურთის ზეიმი.

პირველ ტაიმში ისეთი არაფერი მომხდარა: "ატლეტიკომ" მარიო სუარესის გოლით 1:0 მოიგო. მეორე ტაიმის ქრონიკა მოკლედ: ჯერ მადრიდელებმა შვიდ წუთში სამი გოლი გაიტანეს და ანგარიში 4:0 გახდა; მერე კი, "ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა რატომღაც აღარ მოისურვეს "რაიო ვალეკანოს" მოთამაშეების წამების გაგრძელება და იმდენი ქნეს, რომ ასევე ზუსტად შვიდ წუთში სამი გოლი მიიღეს...

12 წელი ბარსაში
ლეო მესის ვულოცავთ! არა მარტო იმას, რომ "ხეტაფესთან" მატჩში მოედანზე მხოლოდ მე-60 წუთზე გამოჩნდა და 18 წუთში დუბლი შეასრულა, არამედ, პირველ რიგში, იმას, რომ "ბარსელონაში" მისი გამოჩენიდან ზუსტად 12 წელი გავიდა!

2000 წლის 17 სექტემბერს "ბარსას" ბაზაზე მივიდა ყველასათვის უცნობი მამაკაცი, სახელად ხორხე ლოპესი, რომელსაც თან ახლდა 13 წლის მორცხვი ბიჭუნა... ამ ისტორიის გაგრძელება ყველამ იცის!

ხეტაფე, ლევანტე, ბილბაო და...
ერთი მოგება, ერთი ფრე, ორი წაგება... ვინც ახლა ცხრილს გადახედა, მაშინვე მიხვდებოდა, რომ არც "ხეტაფეზე" ვწერთ, არც "ლევანტეზე" და არც "ბილბაოზე" - ამ გუნდებთან ერთად ასეთივე შედეგი აქვს მადრიდის "რეალსაც".

ჟოზეს ბიჭები სევილიაში დამარცხდნენ. "სამეფო გუნდის" კარში გამარჯვების გოლი თვით პიოტრ ტროხოვსკიმ გაიტანა.

მატჩის შემდეგ მოურინიომ თქვა, გუნდი არ მყავსო. ყოველდღიურმა გაზეთმა "სპორტმა" კი პორტუგალიელს "შეახსენა", რომ "რეალის" შემადგენლობა დაახლოებით 450 მილიონ ევროდაა შეფასებული.

"...და "რეალს" გასავარდნ ზონამდე მხოლოდ ორი ქულაღა აშორებს," - ესეც ხსენებული გამოცემის ჰედლაინია.

გერმანია
ჰუშტი და ისევ ჰოფე

"ჰანოვერის" გამარჯვება "ვერდერთან" ჟაბოლჩ ჰუშტიმ დაიწყო და მანვე დაასრულა: მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და მასპინძლებს სამი ქულა მოუტანა, რამაც, რასაკვირველია, სიგიჟემდე გაახარა - უნგრელმა მაისურა გაიხადა და ფანებთან მივარდა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი მატჩი უნდა გამოტოვოს.

ჰუშტი გააგდეს იმისათვის და იმის შემდეგ, რაზეც ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებდა!!! ძალიან სამწუხაროა, რომ კანონი ამას კრძალავს!

ჰოფენჰაიმში სერიოზული პრობლემებია. შესაძლოა, "ბერლინერისგან", "აინტრახტისგან" და "ფრაიბურგისგან" ჯამში მიღებული 13 გოლი ასატანი იყოს... დავუშვათ, რომ ხდება ხოლმე ის, რაც მეკარე ტიმ ვიზეს დაემართა (5-დან 4 გოლი მის სინდისზე იყო)... ვირწმუნოთ, რომ "ჰოფეს" უქულო აუტსაიდერობა დროებითია...

მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა, ის ხომ მაინცაა ფაქტი, რომ "სოფლელების" მწვრთნელი მარკუს ბაბელი ცამდე მართალია, როცა ამბობს, დაუშვებელია, ფეხბურთელმა ისე თავისუფლად გაიტანოს გოლი, როგორც ეს მაკიადიმ "ფრაიბურგის" მეოთხე გოლის დროს გააკეთაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაისურის გახდა კი არა ფეხბურთელებს მოედნის დატოვება და ტრიბუნაზე ხტომაც უნდა აუკრძალო,არც ბალახის "მოხვნა" რონალდუს და მოურინიოს სტილში არ უნდა ეპატიოთ,მეტსაც გეტყვით საერთოდ უფლება უნდა მისცე გოლის გამშვებს ბურთი ცენტრში მიიტანონ და თამაშიც დაიწყონ სანამ მოწინააღმდეგე "ზეიმობს".
giorgi
18:06 21-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული