დრიბლინგი: კაცური კაცი ფაბრიციო

AutoSharing Option
ლუის სუარესს პენალტს, ალბათ, აღარასოდეს მისცემენ; "იუვენტუსის" ფანებს ზემანის სიკვდილი უნდათ, ჟოზე მოურინიო კი იგივეს (თითქმის) მთელ კატალონიას უსურვებს; 125 წლის ჰამბურგი პირველი ბუნდესლიგიდან, ალბათ, მაინც არ გავარდება...

იტალია
ზემანი არა, ისა...
"იუვეს" კარუსელი შეუჩერებლად ტრიალებს. "რომასთან" დაფიქსირებული შთამბეჭდავი 4:1 ტურინული გრანდისთვის ზედიზედ 45-ე წაუგებელი მატჩი იყო სერია A-ში.

ტურინელებმა რვა წუთში სამი გოლი გაიტანეს, მერე კი, მალევე, ორჯერ შეაზანზარეს სტეკელენბურგის კარის ძელი. რომაელთა ოთხივე მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, ალესანდრო მატრი კი რიგით მეცხრე (!) იუვენტუსელია, რომელმაც ამ სეზონში გოლი
გაიტანა.

აქვე გავიხსენოთ, რომ წინა სეზონში "იუვენტუსიდან" 20-მა მოთამაშემ (!) შეძლო გატანა და თუ ყოველივე ზემოთ თქმულს იმასაც დავუმატებთ, რომ ჯოვინკოს გოლამდე ცენტრალურმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ ნებისმიერი შემტევი ნახევარმცველისთვის შესაშური სოლორეიდი მოაწყო, აღარ დარჩება კითხვის ნიშნები იმ მოსაზრების გარშემო, რომლის მიხედვითაც, დისკვალიფიცირებულ ანტონიო კონტეს ევროპაში ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი ჰყავს.

ამრიგად, უძლეველ "იუვენტუსს" იტალიაში ამ ეტაპზე არც ერთი კონკურენტის არ უნდა ეშინოდეს - მით უმეტეს, ტურინში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ზდენეკ ზემანისა, რომელსაც ამ დღეებში მთელი "იუველენდი" ლანძღავდა.

ზიზღის მიზეზი გასაგები და მისაღებია, მაგრამ ტურინულ ტიფოზერიას ცოტა ზედმეტიც მოუვიდა - ტრიბუნებიდან ზემანს სიკვდილს უსურვებდნენ, ბოშაც უწოდეს, დედამისს კი მეძავად მოიხსენიებდნენ.

ზდენეკს თავი შეურაცხყოფილად არ უგრძვნია - მატჩის შემდეგ თქვა, არაფერი გამიგიაო და მხოლოდ "იუვენტუსის" ხელმძღვანელების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ზემანი ამ დონეზე მუშაობისთვის უკვე ძალიან დაბერდა: "პრეზიდენტი ნაპოლიტანო და რომის პაპი ჩემზე ასაკოვნები არიან, მაგრამ თავიანთ საქმეს იდეალურად აკეთებენ," - ენამოსწრებულად თქვა "რომას" თავკაცმა.

ფაბრიციო მიკოლი ხომ იცით?..

ტურის გმირი უდავოდ ფაბრიციო მიკოლია, რომლის "პალერმომ" ამ სეზონში პირველი გამარჯვება (4:1 "კიევოსთან") იზეიმა, თავად მიკოლიმ კი სამ გოლთან ერთად საგოლე პასიც მიითვალა. სამიდან ერთი მან ზუსტად 41.2 მეტრიდან შესრულებული მაკრატელა-დარტყმით გაიტანა.

ისე, ფაბრიციო ამ ყველაფრის გარეშეც ძალიან საინტერესო ტიპია: თავისი "სიმაღლის" (1.68 მეტრი) გამო მას სალენტოელი რომარიო შეარქვეს; ერთხელ "პალერმოს" ფორმით გატანილი გოლი რეი მისტერიოს ნიღბით იზეიმა; მომღერალმა "შაგიმ" მას თავისი ერთ-ერთი სიმღერა "FLY HIGH" მიუძღვნა.

მიკოლი კომუნისტური პარტიის წევრი და ავტომობილ "სიტროენ DS3"-ის ერთ-ერთი დიზაინერია; ამ ყველაფერთან ერთად, ფაბრიციო სიცილიური ქალაქის, კორლეონეს საპატიო მოქალაქეც გახლავთ და სხვათა შორის, სწორედ ამ სტატუსის გამო ამოისვირინგა მხარზე რევოლვერი.

კიდევ? 2010 წელს მან 25 000 ევროდ ის საყურე შეიძინა, რომელიც დიეგო მარადონას ჩამოართვეს და უნდა, რომ ლეგენდარულ არგენტინელს ეს ნივთი პირადად დაუბრუნოს...

აი, ასეთი ფენომენალური პიროვნებაა ფაბრიციო მიკოლი. კარგი იქნებოდა, მართლა დიდი ფეხბურთიც რომ ეთამაშა...

ინგლისი
იუნაიტედის ხვრელები
მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი 2:3 - "სპურზისთვის" ეს პირველი გამარჯვება იყო "ოლდ ტრაფორდზე" 1989 (!) წლის შემდეგ, ხოლო "იუნაიტედისთვის" მარცხი, რომელმაც ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

ეს განსაკუთრებით ნახევარდაცვის ცენტრს ეხება, სადაც მაიკლ ქერიკს და პოლ სქოულზს პირველ ტაიმში იმდენი ხვრელი ჰქონდათ, რომ მუსა დემბელეს ელმავლით სეირნობა შეეძლო. სიმბოლური სტატისტიკა: რაიან გიგზმა პირველ 45 წუთში მხოლოდ ხუთი (ხუთი!!!) პასი გააკეთა.

სერ ალექს ფერგიუსონმა, რა გასაკვირია და, ყველაფერი მსაჯს დააბრალა: "ჩვენთვის შეურაცხყოფაა ის, რომ არბიტრმა მატჩს მხოლოდ 4 წუთი დაამატა," - წუხდა "იუნაიტედის" თავკაცი.

კიდევ კარგი, რომ ფერგი ბუნდესლიგაში არ მუშაობს...

როჯერსის სუარესოფობია
როგორც იქნა, "ლივერპულმაც" მოიგო, თანაც, 5:2; ლუის სუარესმა კი ბრწყინვალე ჰეთ-თრიკი შეასრულა, მაგრამ მერსისაიდელთა მეტად საინტერესო თავკაცი ბრენდან როჯერსი მაინც უკმაყოფილო დარჩა - სუარესს ნაღდი პენალტი არ დაუნიშნესო.

"ახლა უკვე მართლა ვშიშობ, რომ სუარესის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისას პენალტს აღარასოდეს დაგვინიშნავენ," - შეწუხებული გახლდათ ჩრდილოირლანდიელი და ფაქტია, რომ დრამატიზება გადაამეტა.

ჩვენი აზრით, "სუარესოფობიას" ის აჯობებს, რომ ლუისი მეტოქის საჯარიმოში წაქცევისას ბუნებრივი იყოს - ნუ იღრძობს კისერს და ნუ აღმართავს ხელებს ისე, თითქოს ციხიდან გარბის, მიანათეს და დახვრეტას უპირებენ...

ბრიტანული იუმორი
სამაგიეროდ, "არსენალმა" მიიღო ორი ირონიული ჯარიმა, თუმცა "ჩელსისთან" ლონდონური დერბი მაინც წააგო - 1:2. ჯონ ტერი საზეიმო განწყობაზე იყო, "მეთოფეებმა" კი სასურველი "გოლის გატანა" მხოლოდ საფინალო სასტვენის შემდეგღა შეძლეს: "არსენალის" მასკოტმა "განერსაურუსმა" ტერის ხელი დემონსტრაციულად არ ჩამოართვა.

უფრო საინტერესო რამ მოხდა ნიუკასლში, სადაც მწვრთნელმა ალან პარდიუმ 8-წლიანი (!) კონტრაქტი გააფორმა და ვეჭვობთ, რომ ეს მსოფლიო რეკორდია. საინტერესოა, რას ფიქრობდა ამ ფაქტის ფონზე "კაჭკაჭების" შეფი მაიკ ეშლი...

ესპანეთი
მატეუ ლაოსის გასაჭირი
ესპანელი მსაჯები ცალკე სალაპარაკო, პარდონ, საღადავო თემაა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში სულ სხვა, ისეთ რამეზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება, რაც, თამამად შეგვიძლია, ახალ ფენომენად ვაქციოთ.

მიკერძოებულ ესპანურ სპორტულ პრესას ვგულისხმობთ, სადაც საყოველთაო დაცინვის ობიექტად ქცეული ესპანელი მსაჯების საქმიანობათა განხილვა ჯერ კიდევ თამაშების დროს ხდება. ამ მხრივ გასულ უქმეებზე ყველაზე გამორჩეული "სევილიასა" და "ბარსას" მატჩი იყო და ალბათ, უკვე ხვდებით, რომელ მომენტსაც ვგულისხმობთ.

შეხვედრის 72-ე წუთზე გარი მედელმა შუბლი დასაშვებზე მეტად გაიქნია და სესკ ფაბრეგასიც მყისვე მინდორზე გაიშხლართა, რასაც სევილიელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა.

რეფერ მატეუ ლაოსს "რეალთან" "დაძმობილებულმა" გაზეთმა AS-მა მაშინვე ძველი ამბავი გაუხსენა - 2010 წლის აპრილში იმხანად ბარსელონელი იაია ტურე ზუსტად ასე მოექცა "ვინმე" ხავი მარტინესს და ლაოსმა მაშინ მხოლოდ ყვითელი ბარათი ამოიღო და თანაც, ორივეს აუფრიალაო.

თქვენ გგონიათ, სულ ეს იყო? AS-მა ლაოსს სამი სტატია მიუძღვნა!

კაცური კაცი პაკო

გასაგებია, რომ "სევილია"-"ბარსელონა" კარგი სპექტაკლი იყო; ფაქტია, რომ კრიშტიანო რონალდომაც მნიშვნელოვნად გაზარდა აქტივი, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ის იყო, რაც "ვალიადოლიდმა" "რაიო ვალეკანოს" დამართა.

ხუთი წუთის შემდეგ "ვალიადოლიდი" 0:1-ს აგებდა და რაც მერე მოხდა, კომენტარს არ საჭიროებს - მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა (4:1) და მეორე ნახევარში "რაიომ" კიდევ ორი გოლიც მიიღო.

1:6-ზე განადგურებული "ვალეკანოს" თავკაცი პაკო ხემესი კი უდავოდ ტურის გმირის სტატუსს იმსახურებს, რადგან, ნაცვლად ფეხბურთელების ლანძღვისა, მან ამ სამარცხვინო ამბავში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი დაიდანაშაულა: "ფეხბურთელები მოედანზე გადიან და აკეთებენ იმას, რასაც მე ვეუბნები და ამ შემთხვევაში ამ წაგების მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრება. საშინელი შეცდომა დავუშვი და პატიებას ვითხოვ," - თქვა მან.

საქმე იმაშია, რომ ხემესმა "რაიო ვალეკანო" სამი მცველით ათამაშა და როგორც ხედავთ, ექსპერიმენტი 100 პროცენტით ჩაუვარდა...

გასროლა კლასიკოს წინ
მას "ელ პისტოლეროს" ეძახდნენ... ხრისტო სტოიჩკოვი 90-იან წლებში "ბარსელონას" ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახლდათ - "ბულგარელი" კატალონიურ გრანდს 177 მატჩში 83 გოლით "შეეწია".

მისი ბარსელონური კარიერის ბოლო ორი წლის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში ის კაცი იჯდა, ვინც დღეს "ბარსაზე" კარგს ძალიან იშვიათად ამბობს - ჟოზე მოურინიო, რომელიც ლუის ვან გაალის თანაშემწე გახლდათ.

მას მერე ჟოზეს და ხრისტოს კარგი ურთიერთობა აქვთ. სტოიჩკოვმა ახლა ისეთი რამ თქვა, რაც მომავალი "კლასიკოს" წინ გემრიელი სასუსნავია: "ერთხელ მოურინიომ მითხრა, შენ ერთადერთი ადამიანი ხარ კატალონიაში, ვინც არ მინდა, მკვდარი ვნახოო..."

გერმანია
როგორც ზეელერი იტყვის
"ჰამბურგის" 125-წლიანი იუბილე ნამდვილად არ იყო ისეთი საინტერესო, როგორც ამ გუნდის "ნიურნბერგთან" გაჩაღებული საჩემპიონო ბრძოლა 1922 წელს, მაგრამ ჩვენ მაინც აღმოვაჩინეთ რაღაც-რაღაცები.

ლეგენდარული ჰამბურგელი უვე ზეელერი ნამდვილად ამაყობდა რენეთი და ჰაიკოთი, რომლებიც რიგრიგობით უმკლავდებოდნენ "ჰანოვერის" "უმძაფრეს" იერიშებს; ადლერმა სულაც "ტიტანის" წოდება დაიმსახურა, ვესტერმანს კი მწვრთნელმა ფინკმა "ცხოველი" უწოდა...

ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჰამბურგელები ძალიან უნიჭოდ ცდილობენ დაკარგული რენომეს აღდგენას...

გერმანული ლოგიკა
დავუშვათ, "შტუტგარტი" მაგარი გუნდია, "აუგსბურგი" ცივსისხლიანი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, "ფიურტი" შესაშურ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, მაინცელები კი დარბიან და არ იღლებიან...

მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ "ვოლფსბურგს" უჭირს. ფელიქს მაგათის გუნდმა 6 ტურში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, რაც მთელ სეზონზე პროპორციულად გადანაწილებით სადღაც 11 გოლს და უდავოდ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას ნიშნავს. ამავე ლოგიკით "ბაიერნმა" 108 გოლი უნდა გაიტანოს, მარიო მანჯუკიჩი კი 28 გოლით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი უნდა გახდეს.

მაშ, მარიო გომესს რაღა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული