დრიბლინგი: დრონი მეფობენ

AutoSharing Option
კლაუდიო ლოტიტო ხანდახან სიმართლესაც ამბობს ხოლმე; ბერლუსკონიმ "მილანი" "ყაზარმულზე" გადაიყვანა, ალეგრის დღეები დათვლილია; ტურინში პოგბა დაინახეს და დააფასეს, ნეაპოლელებს კი ძველებურად ვერ იტანენ; ანდრე ვილაშ ბოაში "ჩელსიზე" გადაირია, ოღონდ 6 თვის დაგვიანებით; მესი პელეს რეკორდსაც დაამხობს, ფალკაომ კი ჯარიმების დარტყმაც ისწავლა.

ერთი სიტყვით, თქვენ წინაშეა "ლელოს" მორიგი "დრიბლინგი" ევროპაში.

იტალია

ლოტიტოს სიმართლე და ალეგრის მძიმე დღეები

კლაუდიო ლოტიტო უმეტესად სისულელეებს ბუტბუტებს ხოლმე, მაგრამ ამჯერად სიმართლე თქვა. "ჩვენ ყველაზე მაგარი თავდასხმა გვყავს!" - ამაყად განაცხადა "ლაციოს" პრეზიდენტმა "მილანთან" 3:2-ის შემდეგ.

მართლაც:
"ლაციალეს" 15 გოლიდან 13 ერნანესის, კანდრევასა და კლოზეს ანგარიშზეა. ამ ტრიოდან ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ვეტერანი გერმანელი გამოირჩევა, რომელმაც ამ სეზონში გერმანიის ნაკრებისთვის სამი გაიტანა, ერთი ევროპალიგაში შეაგდო, სერია A-ში კი მის ანგარიშზე 6 გოლია და ვინ იცის, სეზონის ბოლოს "ლაციოს" იქნებ მართლაც ჰყავდეს იტალიის ჩემპიონატის პირველი საუკეთესო ბომბარდირი 2001 წლის შემდეგ.

მაშინ ეს წოდება რომაული კლუბის არგენტინელმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ დაიმსახურა და მაშინ "ლაციო" ძალიან მაგარი გუნდი იყო.

ცხადია, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ დღესდღეობით "მილანთან" საშინაო მატჩში სამი ქულის მოპოვება ლამისაა ყველა იტალიური კლუბისთვის სავალდებულო იყოს, რადგან "როსონერი" შავ დღეშია - რვა ტურში ხუთი თამაში წაგებული აქვს. ასეთი რამ კი "მილანს" ბოლოს 71 წლის წინათ დაემართა.

ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა ამ "მილანის" სავიზიტო ბარათად კევინ-პრინს ბოატენგი გამოაცხადეს, რომელიც "როსონერიში" თავიდან ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ახლა კი კასტინგზე მიწვეულ უნიჭო მსახიობს ჰგავს, რომელმაც შავ-წითელ ფერებში გაწყობილი ფორმა შემთხვევით, სადღაც იპოვა.

ერთი სიტყვით, "მილანი" შვიდი ქულით, "ბოლონიასთან", "კიევოსთან" და "პესკარასთან" ერთად, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 ადგილებს ინაწილებს. ამიტომაც სკანდირებდნენ "ლაციოს" ჩრდილოელთმოძულე ტიფოზები, "მილანი" სერია B-ში დაქვეითდებაო, თუმცა საქმე აქამდე ალბათ არ მივა.

"ლაციოსთან" წაგების შემდეგ სილვიო ბერლუსკონის ბრძანებით "მილანი" "ყაზარმულზე" გადავიდა და "მილანელოშია", საიდანაც ფეხბურთელებს ერთ კვირაში მხოლოდ ორჯერ შეეძლებათ გამოსვლა - "მალაგასთან" და "ჯენოასთან" მატჩებისთვის. ეს შეხვედრები "როსონერის" თავკაც მასიმილიანო ალეგრისთვის უკვე მართლა ბოლო შანსია.

"ალეგრიმ ახლა უკვე სასწრაფოდ ქულები უნდა მოგვიტანოს," - თქვა ადრიანო გალიანიმ და იოლი მისახვედრია, როგორ გააგრძელებდა ამ წინადადებას, რომ არ გაქცეულიყო და გაეგო ჟურნალისტის კონტრკითხვა - "წინააღმდეგ შემთხვევაში?"

გაიცანით: პოლ პოგბა!
საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი და ერთი შეხებით უზუსტესი დარტყმით პოლ პოგბამ არა მარტო "იუვენტუსის" გამარჯვება სრულყო (თანაც ვისთან? ნაპოლისთან!), არამედ ტურინული გრანდის ფორმით პირველი გოლი გაიტანა. ვერაფერს იტყვი, 19 წლის საყრდენ ნახევარმცველს ულამაზესი სადებიუტო გოლი გამოუვიდა.

"ვინც ფიქრობს, რომ ეს ბიჭი სათადარიგოთა სკამისთვის ვიყიდეთ, ძალიან ცდება. პოგბა ითამაშებს ხოლმე და იმაზე ხშირად, ვიდრე თქვენ გგონიათ," - თქვა ზაფხულში "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ და მაშინ იტალიელ ჟურნალისტებს ამ სიტყვებზე ჩაეცინათ.

ახლა, "ნაპოლისთან" გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ, პოგბაზე საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამიც კი დაფიქრდა და სავარაუდოდ, იტალიასთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახებს.

"როცა დავინახე, როგორ შევარდა ბურთი ნეაპოლელთა კარში, უცებ დავყრუვდი: აღარაფერი მესმოდა, ვეღარაფერს ვიგებდი," - ასე აღწერა ახალგაზრდა ნახევარმცველმა თავისი პირველი ტურინული გოლი.

პოგბა 2009 წელს "ლე ავრიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა - მაშინ 16 წლისაც არ იყო. "ზაფხულში ჩემი გადაბირება "მილანს", "ჩელსის" და "არსენალს" სურდათ, მაგრამ მე "იუვეში" გადმოვედი, რადგან ამ კლუბში ჩემი გენიალური თანამემამულეები: პლატინი, ზიდანი, ტიურამი და ვიეირა თამაშობდნენ," - თქვა ამას წინათ პოგბამ.

მანჩესტერში ის ხშირად ერეოდათ მარიო ბალოტელიში, რის გამოც პოგბამ თავზე აქეთ-იქიდან ორ-ორი ოქროსფერი ზოლი გაიკეთა.

სხვა მხრივ, მანჩესტერთან არც ისე სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს: "სერ ალექსი ხშირად მეუბნებოდა, შენი დროც მოვაო, მაგრამ მანჩესტერში ჩემი დრო არა და არ მოვიდა. ფერგიუსონისგან მოსალოც ტექსტურ შეტყობინებას არ ველოდები," - ასე მოიკითხა პოგბამ ფერგი.

ჩვენც დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ სერ ალექსს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს...

უკეთური ვერონელები
იტალიაში ტური ისე არ ჩაივლის, რომ არასასიამოვნო ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს, თუმცა "კალჩო" ამიტომაცაა ძალიან საინტერესო. სერია B-ში, "ლივორნოსა" და "ვერონას" მატჩის (0:2) სტუმარი ტიფოზები ძალიან ცუდად მოიქცნენ: აპრილში გულის ინფარქტით გარდაცვლილი ლივორნოელი ფეხბურთელი მოროზინი შეურაცხყვეს.

"ეს გუნდი არ იმსახურებს არსებობას!" - ყვიროდა მატჩის შემდეგ ლივორნოელთა კაპიტანი ლუკი. აქვე ძველი ისტორიაც: "ვერონას" ფანებმა 1996 წელს ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მათ გუნდში შავკანიანი ფეხბურთელი არ გადასულიყო - ტრიბუნაზე დიდი შავი თოჯინა გადმოკიდეს, რომელსაც ეწერა: "Negro, go away!"

შენც, ჟურნალისტო?
საფეხბურთო იტალიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამგვარ სკანდალებში ხშირად ჟურნალისტებიც ეხვევიან ხოლმე. ცუდი ფაქტი დაფიქსირდა ტელეკომპანია "რაის" რეგიონალურ არხზე, რომელიც, მართალია, მხოლოდ პიემონტში უჩვენებს, მაგრამ მომხდარის შესახებ, რა თქმა უნდა, მთელმა იტალიამ და როგორც ხედავთ, არა მარტო იტალიამ გაიგო.

"იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირების წინ არხის კორესპონდენტმა გააკეთა პირდაპირი ჩართვა "იუვეს" ფანების თავშეყრის ადგილიდან, სადაც ტურინელი ტიფოზები მღეროდნენ, დაბანეთ ნეაპოლელები ცეცხლითო.

"ნეაპოლელები ჩინელებივით ყველგან არიან," - თქვა "იუვენტუსის" ერთ-ერთმა ფანმა, რაზეც ჟურნალისტმა მიუგო: "თქვენ მათ ყნოსვით ცნობთ?"

მერე იწუწუნებენ, იტალიაში სამხრეთელები ჩრდილოელებს ვერ იტანენო...

ინგლისი
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ანდრე!

ცოტა არ იყოს, დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ "ჩელსიმ" ბოლოს და ბოლოს ისე ითამაშა, როგორც ეს ანდრე ვილაშ ბოაშს უნდოდა 2011 წლის ზაფხულში, როცა "პორტუდან" "სტემფორდ ბრიჯზე", ლონდონური კლუბის თავკაცის რანგში აღმოჩნდა.

"ჩელსი" ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს, - ყოფილ გუნდზე გაბრწყინებული თვალებით ლაპარაკობდა 35 წლის პორტუგალიელი, - კრეატიულობა, ინდივიდუალური ოსტატობა, გენიალური ტრიო ნახევარდაცვაში (აზარი, მატა, ოსკარი)... ეს "ჩელსი" ძალიან მომწონს!"

ვილაშ ბოაშისთვის ცუდი მხოლოდ ის არის, რომ პორტუგალიელი არა "ჩელსის", არამედ "ტოტენჰემის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მისმა ყოფილმა შეგირდებმა მისი ამჟამინდელი გუნდი 4:2 დაამარცხეს.

განაწყენებული ჯეკო
"მანჩესტერ სიტის" ცენტრფორვარდმა ედინ ჯეკომ "ვესტ ბრომვიჩთან" 2:1-ზე მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მაგრამ მატჩის შემდეგ არ იცოდა, გახარებული უნდა ყოფილიყო, თუ არა, რადგან ინგლისურმა მედიამ ბოსნიელ თავდამსხმელს სუპერჯოკრის იარლიყი მიაწება.

"აქამდე ჯოკერი არასდროს ვყოფილვარ, ყველგან და ყოველთვის სასტარტოში ვთამაშობდი ხოლმე," - განაწყენებული სახით თქვა 26 წლის ჯეკომ, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში გოლების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ ტევესს, აგუეროსა და ბალოტელის ერთად არ აქვთ ჯეკოზე მეტი გოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ რობერტო მანჩინის გუნდში ოთხივე თავდამსხმელი უკმაყოფილოა.

დასკვნა: ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის სპეკულაციები მალე დაიწყება.

ესპანეთი
ვააა, პელე! ჰოოო, მესი!

დიდი ხანია, "რიასორზე" არ უნახავთ ისეთი გადასარევი მატჩი (4:5), როგორიც "ბარსელონას" ლა კორუნიაში სტუმრობას მოჰყვა.

20 წუთის შემდეგ კატალონიელები "დეპორს" უკვე 3:0-ს უგებდნენ და თითქოს ყველაფერი ცხადი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, "ბარსას" ფეხბურთელებმა რამდენჯერმე უყურეს გერმანია-შვედეთს (4:4) და ეს თამაში ძალიან მოეწონათ, რადგან რაც მერე მოხდა, კომენტარს არ საჭიროებს...

...და რაც შეეხება ფაქტებს: ლეო მესიმ პრიმერადივიზიონში მე-15 ჰეთ თრიკი შეასრულა, რითაც დიდი ლადისლაო კუბალა უკან მოიტოვა. 2012 წელს არგენტინელს ოფიციალურ მატჩებში 71 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ ოთხი გოლიღა აკლია პელეს ნახევარსაუკუნოვან რეკორდამდე (75 გოლი 1959 წელს).

წლის ბოლომდე ლეოს 15 ოფიციალური მატჩი აქვს დარჩენილი, მაგრამ მესი ისეთ ფორმაშია, ოთხი გოლისთვის 90 წუთიც ეყოფა...

სადაც მესიმ დაიკვეხნოს...
ახლა ჯარიმების დარტყმაც ისწავლა... "ბარსას" მდევარ "ატლეტიკოს" "რეალ სოსიედადთან" გასვლით მატჩში გოლის გატანა უჭირდა და ის-ის იყო, ყველამ იფიქრა, მადრიდელები ქულებს კარგავენო, რომ 90-ე წუთზე რადამელ ფალკაომ 20 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით გაიტანა და "ატლეტიკოს" სან სებასტიანიდან მაინც სამი ქულა წამოაღებინა. ცნობისათვის, ფალკაოს აქამდე საჯარიმო დარტყმით არასდროს ეხეირა...

მოურინიოს აჯაფსანდალი
ესპანურ მედიაში დიდი სჯა-ბაასი მიდის იმაზე, უნდა თამაშობდნენ თუ არა "რეალის" ძირითად შემადგენლობაში მოდრიჩი და იოზილი ერთად. "სელტასთან" საშინაო მატჩში ჟოზე მოურინიომ ამ დუეტს კაკაც დაამატა, რითაც დისკუსიის ცეცხლზე ნავთი დაასხა, "სამეფო გუნდმა" კი ნახევარდაცვის ცენტრში "გემრიელი აჯაფსანდალი" მიიღო.

შესაბამისად, გვირაბის ბოლოს დანახულ სინათლეს ჰგავდა ჟოზეს ქმედება 47-ე წუთზე, როცა მან კაკა მოედნიდან გაიყვანა და თამაშში მის ნაცვლად გარემარბი დი მარია ჩართო.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "რეალს" სამი ხედირა გამოუჯანმრთელდა, დღეს, დორტმუნდში საჩემპიონთალიგო მატჩისთვის მადრიდული გრანდის შუა ხაზი თავისით დალაგდება.

გერმანია
ზამერის იუმორი
ტელევიზიაში გამოსვლისას ხანდახან უნდა იხუმრო - ეს დაუწერელი კანონია, რომელიც "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმაც იცის.

გერმანული მედიისთვის ყველაზე აქტუალური თემის შესახებ დასმულ კითხვას ზამერმა "სქაის" პირდაპირ ეთერში ასე უპასუხა: "იუპ ჰაინკესთან არანაირი თანამშრომლობა არ მაქვს, მე მხოლოდ ჩემს მეუღლესთან ვთანამშრომლობ."

მათიასს მართლა კარგი ხუმრობა გამოუვიდოდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, სიტყვა "თანამშრომლობის" ნაცვლად "ურთიერთობა" რომ გამოეყენებინა. თანაც, ჟურნალისტმაც სწორედ მწვრთნელთან ურთიერთობის შესახებ ჰკითხა. ამასთან, ზამერი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობისთვის თანამშრომლობის დარქმევა უმეტესად გაყრის წინაპირობაა ხოლმე...

ფელიქსი
...და იდგა ფელიქს მაგათი შერეულ ზონაში და ისმენდა ჟურნალისტის მწარე კითხვებს. მერე მარჯვენა ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიყო და ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მაშინვე დაწერეს, კაცები ამას იმ დროს აკეთებენ, როცა მუქარის ქვეშ ექცევიანო.

ჟურნალისტმა კი ჰკითხა: "ამბობენ, მწვრთნელი მაგათის გათავისუფლება მხოლოდ სპორტულ დირექტორ მაგათს შეუძლიაო და მართალია?"

ფელიქსის პასუხი: "რა თქმა უნდა, არსებობს ვიღაც, ვინც ჩემზე მაღლა დგას და ამ კითხვით მას უნდა მიმართოთ."

ამბობენ, მაგათზე მაღლა მხოლოდ ავტოკონცერნ "ფოლკსვაგენის" შეფი მარტინ ვინტერკორნი დგასო, მაგრამ ეგ "იმხელა კაცია", ჩვეულებრივ ჟურნალისტს მინიმუმ ორი თვე დასჭირდება იმისათვის, რომ ჰერ ვინტერკორნისთვის კითხვის დასმის უფლება მოიპოვოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული