დრიბლინგი: მარტინს, შენ ძველო! ობას დაბადების დღეს დაგვიანებით ვულოცავთ...

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "მოჯის სინდრომი" იტალიელ არბიტრებს დღემდე აწუხებთ და კიდევ დიდხანს შეაწუხებთ;

ინგლისში ახლა მსაჯს აბრალებენ რასისტობას, ლუის სუარესი კი მორიგ სკანდალს ამჯერად უვნებლად გადაურჩა;

პაკო ხემესს მთელმა ესპანეთმა დასცინა, ობაფემი მარტინსი კი 28 წლის გახდა;

გერმანიაში ვერაფრით გაარკვიეს, ვინ დაწყევლა ტიმ ვიზე და სადაურია ვადიმ დემიდოვი...

იტალია
მოჯი ჯერ კიდევ მუშაობს...

"დიდი ხანია", იტალიაში მსაჯები არ გაულანძღავთ და ამის გამო აპენინური სადრიბლინგე ისტორიები ცოტათი მოსაწყენიც კი იყო, მაგრამ ლოდინი დიდხანს როდი დაგვჭირდა. "კატანიამ" "იუვენტუსს" გოლი იმ დროს გაუტანა, როცა
ანგარიში 0:0 იყო და მსაჯებმა ეს გოლი უსამართლოდ არ ჩათვალეს, რაც, სამწუხაროდ, გვიანღა აღიარეს.

"იუვეს" სათადარიგო ფეხბურთელებმა ისე სწრაფად მიირბინეს ლაინსმენთან, კარგი იქნებოდა, მოედანზეც ასე რომ დარბოდნენ და გოლის გაუქმებისკენ მოუწოდებდნენ.

მსაჯებმა ზუსტად 44 წამი იმსჯელეს, უნდა გაეუქმებინათ თუ არა გოლი და ბოლოს გადაწყვეტილებაც მიიღეს - თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს.

ფიფა და უეფა ტელე-არბიტრზე უარს იმ მოტივით ამბობენ, მომენტის განმეორებით ნახვას დიდი დრო დასჭირდება, რაც ფეხბურთში უსიამოვნო პაუზებს გამოიწვევსო, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს დრო 44 წამზე მეტი იქნება...

Sportall.Geამით "კატანია"-"იუვენტუსის" ამბავი არ დასრულებულა: იმავე ლაინსმენმა თავისი ალამი აღარ აღმართა იმ დროს, როცა "იუვეს" თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი ნამდვილად თამაშგარეში იყო. სწორედ მის დარტყმულს დაამატა არტურო ვიდალმა და ასე გახსნა ანგარიში.

შედეგი ლოგიკურია: მეორე დღეს საფეხბურთო იტალიაში ისევ იმაზე ბჭობდნენ, რომ მსაჯები "იუვენტუსის" მატჩების დროს წნეხის ქვეშ არიან და ქვეცნობიერად ეშინიათ ლუჩანო მოჯის, რომელსაც ტურინულ გრანდთან დიდი ხანია, არანაირი შეხება აღარ აქვს.

მატჩის შემდეგ "კატანიას" პრეზიდენტი ანტონიო პულვირენტი ისტერიკულად საუბრობდა "კალჩოს გარდაცვალებაზე", ქალაქის მერმა კი თქვა, დღეს მსაჯებმა სრულიად კატანია შეურაცხყვესო.

პულვირენტის არა უშავს, ამ უკანასკნელს კი, უმჯობესი იქნებოდა, ქალაქის გაუბედურებული ინფრასტრუქტურისთვის მიეხედა...

სპაგეტი ბოლონეზე
ბოლონიაში ტაბლოს მოსამსახურე ან მთვრალი იყო, ან კაიფში გახლდათ, ანაც უბრალოდ კარგ ხასიათზე მყოფი გართობის ხასიათზე დადგა.

როცა "ბოლონიამ" "ინტერს" გოლი გაუტანა და ანგარიში 1:2 გახდა, ტაბლოზე 0:3 აენთო! როცა მილანელებმა მესამე გოლი გაიტანეს, ტაბლომ 3:3 აჩვენა!

შეხვედრა კი 1:3 დამთავრდა: "ინტერმა" ზედიზედ მერვე გასვლითი მატჩი მოიგო, რაც ამ გუნდისთვის რეკორდია.

ოქტობერფესტი ფლორენციაში
"ფიორენტინასა" და "ლაციოს" მატჩის წინ ფლორენციულ პრესას საქმე გაუადვილდა: "ოქტობერფესტ-დუელი" - ასე დაასათაურეს ამ შეხვედრის წინა მიმოხილვა ფლორენციაში და სტატიას თან ლუკა ტონის და მიროსლავ კლოზეს ერთობლივი ფოტო დაუთმეს, რომელიც იმ დროსაა გადაღებული, როცა ეს თავდამსხმელები მიუნხენის "ბაიერნში" ერთად თამაშობდნენ.

ლუკა და მირო ფოტოზე ერთმანეთს ბავარიული ლუდით სავსე კათხებს უჭახუნებდნენ.

მატჩის შემდეგ საქეიფო განწყობა რეალურად ტონის ჰქონდა, რადგან მისმა "ფიორენტინამ" "ლაციო" 2:0 დაამარცხა და თანაც, მეორე გოლი სწორედ ლუკას ანგარიშზეა.

ინგლისი
მსაჯიც რასისტია?

"ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დუელში, რომელიც სტუმრებმა 3:2 მოიგეს, ვნახეთ ყველაფერი, რაც იდეალურ საფეხბურთო მატჩს სჭირდება ხოლმე: ლამაზი გოლები, დაუჯერებელი შეცდომები, დაუნდობელი უხეშობები, მსაჯის შეცდომები, ორი გაძევება და არასაფეხბურთო კურიოზიც.

მატჩის წინ რასიზმში დადანაშაულებულმა და ამის გამო დისკვალიფიცირებულმა ჯონ ტერიმ კლუბის ჟურნალში დაწერა, ვამაყობ იმით, რომ "ჩელსი" ანტირასისტულ კამპანია Kick it out-ს მხარს უჭერსო.

მატჩის შემდეგ "ჩელსის" ფეხბურთელები ჩიოდნენ, მსაჯმა მარკ კლატენბურგმა ორ მოთამაშეს შეურაცხყოფა მიაყენა - ერთს "დებილი ესპანელი" უწოდა, ჯონ ობი მიკელი კი რასისტულად შეურაცხყოო.

სანამ საფეხბურთო ასოციაცია ამ საკითხს კარგად გამოიძიებს, ლონდონელებს ერთი მნიშვნელოვანი ტიპი დაუშავდათ: ჩიჩარიტოს გოლის დროს ერთი სამართალდამცავი დღემდე აუხსნელი მიზეზის გამო სარეკლამო ბანერზე გადაყირავდა და ფეხი იღრძო...

ლუის სუარესის თავგადასავლები
ლუის სუარესი თავის სტიქიაშია. "ევერტონთან" დერბიში გატანილი გოლის შემდეგ ურუგვაელი თავდამსხმელი დევიდ მოიესის ცხვირწინ დემონსტრაციულად გაიშხლართა.

საქმე იმაშია, რომ თამაშის წინ "ევერტონის" დამრიგებელმა თქვა, სუარესს სიმულაცია უყვარს და ეხერხებაო.

"ეს ლივერპულული იუმორია, - თქვა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შოტლანდიელმა, ჟურნალისტებს თვალი ჩაუკრა და დასძინა, - მეც ასე მოვიქცეოდი!"

მოგვიანებით მისმა ქალიშვილმა სოციალურ ქსელ "თვითერზე" დაწერა, მიკვირს, მამამ თავში რომ არ ჩაარტყაო.

სხვათა შორის, სუარესმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რომელიც უსამართლოდ არ ჩაუთვალეს, ხოლო სილვაინ დისტინს კი კოჭში მწარედ უთავაზა.

"მაგ ტიპს ძალიან გაუმართლა, მოედნიდან რომ არ გააძევეს", - თქვა მოიესმა, ამჯერად თვალის ჩაკვრის გარეშე...

რას მოუტანს ჩიკი სიტის?
რობერტო მანჩინის რთული დროება ელისო, წერენ ჩვენი ინგლისელი კოლეგები. მიზეზი ისაა, რომ "მანჩესტერ სიტის" სპორტულ დირექტორად "ბარსელონას" ყოფილი ფუნქციონერი ჩიკი ბეგირისტაინი დაინიშნა - სწორედ ის ბეგირისტაინი, რომელმაც თავის დროზე პეპ გვარდიოლა "ბარსას" მთავარ მწვრთნელად დანიშნა.

ცხადია, ინგლისში მაშინვე დაიწყო სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ჩიკი პეპს მანჩესტერში მუშაობაზეც დაითანხმებს, თუმცა პირველი რეაქციები ასეთ პერსპექტივას არ ადასტურებენ.

გაზეთმა "სანმა" კი ბეგირისტაინის დანიშვნით მანჩინისთვის პოზიტიური ასპექტი დაინახა: ამიერიდან "მანჩოს" აღარ მოუწევს მუშაობა ბრაიან მარვუდთან, რომელსაც ზაფხულში მოსალოდნელი თუ შემდგარი ტრანსფერების გამო რამდენჯერმე ეჩხუბა.

ესპანეთი
პაკო ბჭობდა, ბარსა იცინოდა

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ "რაიო ვალეკანოს" მწვრთნელმა ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო. პაკო ხემესს თავდაჯერებული სპეციალისტიც ეთქმის, მაგრამ აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "რაიო ვალეკანოს" დამრიგებელმა და ფეხბურთელებმა თვითშეფასებისას აშკარად გადააჭარბეს.

"ძალიან შემრცხვება, "ბარსელონასთან" ისე რომ ვითამაშოთ, როგორც "სელტიკმა" ითამაშა", - თქვა კატალონიურ გრანდთან დუელის წინ ხემესმა და შეგახსენებთ, რომ გლაზგოელები "ბარსასთან" 1:2 დამარცხდნენ და "ბლაუგრანას" ბურთის ფლობის 90-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა.

"ჩვენი მიზანია, რომ ბურთს ვფლობდეთ და გოლები გავიტანოთ", - დასძინა თამაშის წინ პაკომ.

"რაიო ვალეკანოს" არც ერთი გამოუვიდა და არც მეორე: "ბარსელონა" ბურთს, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ფლობდა და "რაიოს" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

სხვათა შორის, ამ გამარჯვების შემდეგ ცხადი გახდა, რომ "ბარსამ" არსებობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო. მართალია, რვა მოგება და ერთი ფრე კატალონიელებს 1997/98 წლების სეზონის დასაწყისშიც ჰქონდათ, მაგრამ მაშინ ბურთების შეფარდება იყო ოდნავ უარესი...

ის შავი კაცი...
ჰო, ლეო მესიმ და კრიშტიანო რონალდომ მორიგი დუბლები შეასრულეს. მესიმ კარიერაში მე-300 და 301-ე გოლები გაიტანა, რონალდომ კი მალიორკელი ფანობის სტვენას საქმით უპასუხა, მაგრამ ამჯერად "უცხოპლანეტელებზე" ბევრს არ ვილაპარაკებთ...

საქმე იმაშია, რომ დუბლი შეასრულა ობაფემი მარტინსმაც! სწორედ იმ მარტინსმა! მან "ლევანტეს" რიგებში სამ საშინაო შეხვედრაში ითამაშა და მოედანი უგოლოდ ერთხელაც არ დაუტოვებია. "გრანადასთან" 3:1-ზე მოგებულ მატჩში კი თავის თავს დაბადების დღისთვის მართლაც კარგი საჩუქარი გაუკეთა - კვირას მარტინსი 28 წლის გახდა. 28-ის კი?

გერმანია
23 წლის შემდეგ
ლევერკუზენის "ბაიერმა" მიუნხენში უკანასკნელად რომ მოიგო, მაშინ სიდნი სემი ჯერ კიდევ დედის ძუძუთი იკვებებოდა, ანდრე შიურლე კი დაბადებულიც არ ყოფილა.

1989 წლის ოქტომბერში "ფარმაცევტებმა" მიუნხენში 1:0 გაიმარჯვეს. ბერლინის კედელიც იმ წელს დაინგრა...

მას მერე ლევერკუზენელები ბავარიის მთავარ ქალაქში ყოველთვის თეთრი ბაირაღებით ჩადიოდნენ და მხოლოდ 23 წლის შემდეგღა შეძლეს მიუნხენიდან სამი ქულის წაღება.

საინტერესოა, რა მოყვება ამ ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით? იქნებ სილვიო ბერლუსკონი მართლა აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა...

შავი მაგია
ცრუმორწმუნეობა სისულელეა, საღად მოაზროვნე ადამიანს ცრურწმენის პრობლემა არასდროს შეექმნება, მაგრამ ფაქტია, რომ რიცხვი "27" მართლა ვერ არის წესრიგში.

ყოველ 27 წუთში მსოფლიოში რაღაც ცუდი ხდება. მაგალითად, გერმანიაში ყოველ 27 წუთში ერთხელ ჩხუბი ხდება და სწორედ ყოველ 27 წუთში ერთხელ "ჰოფენჰაიმის" მეკარე ტიმ ვიზეს კარში გოლი გადის.

სხვა საქმეა ის, რომ გერმანიაში ეს რეალურად არავის აღელვებს - ღელავს მხოლოდ თავად გერმანიის ნაკრების რიგით მეექვსე თუ მეშვიდე მეკარე.

იმის გამო, რომ ვიზემ მაინცში 3 გოლი გაუშვა, ბუნდესლიგის ყველაზე უბედური კიპერია და შვიდი თვე და 17 დღეა, გერმანიის ჩემპიონატში გამარჯვება არ ღირსებია. მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა დაუსვა - თავდაჯერების საქმე როგორ არისო.

ტიმი ამაზე ისე ავარდა, თითქოს პენისის ზომაზე ჩამოუგდეს სიტყვა: "შენ ფიქრობ, რომ თავდაჯერება მაკლია, თუ რა? მეცინება ამაზე!" - თქვა ვიზემ, მაგრამ არც კი გაუღიმია...

წარმოშობით საიდან ხარ, ვადიმ?
როცა "შტუტგარტისა" და "აინტრახტის" მატჩში ფრანკფურტელი ვადიმ დემიდოვი მოედანზე შევიდა, გერმანელი კომენტატორი მაგრად აიჭრა.

ჯერ იყო და, ვადიმს, როგორც ბულგარელს, მიესალმა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ბულგარელად მოიხსენიებდა; მერე, სავარაუდოდ, თვითონვე შეეპარა ეჭვი და თქვა, ბურთით რუსი ფეხბურთელიაო; მოგვიანებით კი, სავარაუდოდ, მაინც გადამოწმება ამჯობინა და აღმოაჩინა, რომ თურმე ვადიმ დემიდოვი ნორვეგიის ნაკრების ღირსებას იცავს.

ჩვენ ერთსღა დავამატებთ: სხვათა შორის, ვადიმ დემიდოვი რიგაში, ანუ ლატვიაშია დაბადებული...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული