დრიბლინგი: სამი კასანოს გაძლება არ გინდა?

AutoSharing Option
იტალიელ ანტონიო კასანოს ხომ კარგად იცნობთ? - ცოლიც არანაკლები ჰყოლია; ინგლისში არგენტინელი კოლოჩინი ორ ან ერთ, მაგრამ ჩვეულებრივზე დიდ წითელ ბარათს იმსახურებდა; ესპანეთში ვნახეთ ტური "უცხოპლანეტელთა" გოლების გარეშე; გერმანიაში ტიმ ვიზემ კარგად ითამაშა, ასე რომ...

"დრიბლინგი" იტალიით დავიწყოთ.

იტალია

ნამდვილი სიყვარული მილანში
"მილანისგან" ერთ მატჩში ხუთ გოლს გადაჩვეულები ვიყავით. "როსონერის" ასეთი რამ ბოლოს 2010 წლის იანვარში ჰქონდა მოხერხებული და ვისთან უნდა დაესრულებინა ეს სერია, თუ არა "კიევოსთან", რომელსაც "მილანი" ყოველთვის იოლად უგებს ხოლმე.

დიდი ანგარიშით გამარჯვებამ თვით სილვიო ბერლუსკონიც აღაფრთოვანა
- "მილანმა" ისე ითამაშა, როგორც "მილანს" შეშვენისო.

მართლაც ასეა, რადგან უკვე სერიოზულად ვფიქრობდით, რომ "როსონერის" ფეხბურთელები საქმეს, რბილად რომ ვთქვათ, ზერელედ ეკიდებოდნენ.

თუმცა, საბოლოო ჯამში, "კიევოსთან" გამარჯვება სხვა არაფერი იყო, თუ არა კარგად შესრულებული საშინაო დავალება, რომელმაც "მილანს" დაგეგმილი სამი ქულა მოუტანა. თანაც, "როსონერიმ" "კიევოს" ზედიზედ მე-12 მატჩი მოუგო. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ "მილანელებს" ერთმანეთი ისევ შეუყვარდათ.

"ნებისმიერ სხვა კლუბს ასეთ სიტუაციაში მწვრთნელი დიდი ხნის გათავისუფლებული ეყოლებოდა, მაგრამ ჩვენ სხვანაირები ვართ, ჩვენი სიძლიერე მოთმინებაშია, - თქვა ადრიანო გალიანიმ და იქვე დასძინა, - თანაც, ხომ იცით, ნამდვილი სიყვარული ჩხუბის და უსიამოვნების გარეშე არ არსებობს."

ვნახოთ, შენარჩუნდება თუ არა ეს სიყვარული "მალაგასთან", "ფიორენტინასთან", "ნაპოლისთან" და "იუვენტუსთან" მატჩების შემდეგ.

მესამე კასანოს მოლოდინში
"იუვენტუსმა", როგორც იქნა, წააგო და თანაც ვისთან: მაინცდამაინც "ინტერთან"! ამ მარცხმა ტურინში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, "ნერაძურის" ბანაკში კი - ეიფორია.

ტურინელი ტიფოზები წერდნენ, ფეხებზე გვკიდია ნებისმიერი სერია, რომელიც "ინტერთან" წაგებით მთავრდებაო, ხოლო "ინტერის" ფანტაზისტა ანტონიო კასანოს მეუღლემ კი სოციალურ ქსელ "თვითერზე" დაწერა: "ღმერთო ჩემო, 3:1 ტურინში! ახლა ვიმშობიარებ!"

კასანოს მეორე შვილის დაბადებამდე კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი და როგორც ჩანს, მანამდე ანტონიო სპორტის სხვა სახეობებითაცაა დაკავებული.

ამჯერად მან გოლფი გააანალიზა: "გოლფი მხოლოდ ლუზერებისთვის და სულელებისთვისაა სპორტის სახეობა!"

კასანოს მალევე უპასუხა საუკეთესო იტალიელმა გოლფისტმა ედოარდო მოლინარიმ: "ანტონიოს განცხადებამ ჩემი ცხოვრების აზრზე დამაფიქრა და ცუდ ხასიათზე ვარ, რადგან ეს სიტყვები ეკუთვნის ისეთ ინტელექტუალს, როგორიც კასანოა."

მალე "თვითერზე" კასანოს ცოლის, კაროლინას მორიგი განცხადება გამოჩნდა: "ვულოცავ ფილოსოფიურ მსოფლიოს - მალე მესამე კასანოც დაიბადება."

ვაჰ, სამი კასანოს გაძლება არ გინდა?!

გააუქმეთ-მეთქი, გააუქმეთ ეს იდიოტური კანონი!
"დრიბლინგის" სტაჟიანი მკითხველი მიხვდება, რომელ კანონსაც ვგულისხმობთ...

მატია დესტრომ კვირას "რომას" მაისურით, როგორც იქნა, პირველი გოლი გაიტანა და ვერ გავამტყუნებთ იმის გამო, რომ ემოციები ვერ მოთოკა.

დესტრო შეცვლაზე შევიდა, ყვითელი ბარათი მიიღო, გოლი გაიტანა და გახარებულმა მაისურა თავზე გადაიტარა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალეს და მოედნიდან გააძევეს - ეს ყველაფერი მან ზუსტად შვიდ წუთში შეძლო, რაც სარეკორდო მაჩვენებელს ჰგავს.

ნუთუ ვინმე არ გვეთანხმება იმაში, რომ ნონსენს-პარაგრაფი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი მაისურის გახდისთვის ყვითელი ბარათით უნდა დაისაჯოს, გასაუქმებელია?

ინგლისი
ლივერპულ-ნიუკასლის ვნებანი

"ლივერპულისა" და "ნიუკასლის" მატჩში (1:1) კაბაისა და სუარესის თვალსასეირო გოლები ვნახეთ. ასევე ვიხილეთ, როგორ მიიღეს ცივი შხაპი მეორე ტაიმის დასაწყისში VIP-ლოჟის წარმომადგენლებმა.

სტივ ჯერარდმა "ლივერპულის" ფორმით მე-600 შეხვედრა ჩაატარა და ვერაფრით გამოირჩა. სტუმრების მცველმა ფაბრიციო კოლოჩინიმ კი ლუის სუარესის მოკვლა განიზრახა - მიუხედავად იმისა, რომ ბურთი დაახლოებით ხუთი მეტრის მოშორებით იყო, არგენტინელი სუარესს სასტიკად მოექცა, რის გამოც მოედნიდან მიაბრძანეს.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ნიუკასლელთა თავკაც ალან პარდიუს არ უთქვამს, სუარესმა ისიმულანტაო. ვერც იტყოდა - იმიტომ, რომ კოლოჩინი ერთს კი არა, ერთბაშად ორ წითელ ბარათს იმსახურებდა.

მათხოვარი ანდრე სანტოსი
"არსენალის" ფეხბურთელი ანდრე სანტოსი "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებულ მატჩში (1:2) ისევე უნიათო გახლდათ, როგორც ორი კვირის წინ, "შალკესთან" დაპირისპირებისას, რომელიც ლონდონელებმა 0:2 წააგეს.

თუმცა ბრაზილიელმა მაინც მიიქცია ყურადღება და კერძოდ იმით, რომ ექს-თანაგუნდელ რობინ ვან პერსის, რომელსაც "არსენალის" ფანები "იუნაიტედში" გადასვლის გამო დასანახად ვეღარ იტანენ, მაისური ჯერ კიდევ შესვენებაზე სთხოვა.

ინგლისურმა პრესამ ეს სცენა "იუნაიტედსა" და "არსენალს" შორის მთავარ განსხვავებად მონათლა - მომხდარის გამო, საფეხბურთო ინგლისი ლონდონელთა ბრაზილიელი ფეხბურთელის თამადობით, მთელ "არსენალს" აქილიკებდა. მოგვიანებით ანდრე სანტოსმა თქვა, ვან პერსის მაისურა ჩემი ნაცნობისთვის მინდოდაო...

სანდერლენდის გასაჭირი
"სანდერლენდმა" "ასტონ ვილასთან" წაგებული მატჩით ძალიან საშიში ბალანსი დააფიქსირა: მარტინ ო’ნილის გუნდს ინგლისის ოთხივე პროფესიულ ლიგაში ყველაზე სუსტი წინა ხაზი ჰყავს! სათამაშო დროის რვა საათზე მეტია, "სანდერლენდის" ფეხბურთელებს გოლი არ გაუტანიათ.

ამავდროულად, კლუბის შიდა ბომბარდირებში სტივენ ფლეტჩერის (5 გოლი) შემდეგ მეორე ადგილზე "ნიუკასლის" თავდამსხმელი დემბა ბაა, რომელმაც ჩრდილო-აღმოსავლურ დერბიში ავტოგოლი გაიტანა...

ესპანეთი

13
მადრიდის "ატლეტიკო" მაგიურ 13-ზე გაჩერდა - "როხიბლანკოს" ზედიზედ 13 ოფიციალური მატჩი ჰქონდა მოგებული, მათ შორის, 8 ლა ლიგაში და "ბარსელონას" ფეხდაფეხ არა "რეალი", არამედ მეორე მადრიდული (დიახაც) გრანდი მისდევდა.

9 ტურის შემდეგ 25 ქულა "ატლეტიკოსთვის" რეკორდი გახლდათ, მე-14 მატჩში კი "ვალენსიასთან" 0:2 დამარცხდა. არადა, მადრიდელები მეტოქეს სჯობდნენ. უბრალოდ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, გოლები ვალენსიელებმა გაიტანეს.

"ეს გულისამრევი თამაში იყო, მაგრამ მარცხი მხოლოდ ჩვენი ბრალია," - ასეთი იყო რადამელ ფალკაოს დასკვნა.

"ატლეტიკოსთვის" ყველაზე მტკივნეული ის ფაქტია, რომ "როხიბლანკო" გრანდებთან წარმატების მიღწევას ვერაფრით ახერხებს - სამი წელია "ბარსასთან", "რეალთან" და "ვალენსიასთან" არ გაუმარჯვია.

"როგორც ჩანს, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ გრანდებს შორის და სხვათა შორის, ამას დიდი ხანია ვამბობ," - აღნიშნა მატჩის შემდეგ "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ.

თუმცა გუნდი ჯერ კიდევ მეორე ადგილზეა - ოღონდ "ბარსელონას" უკვე სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ, სამაგიეროდ, "რეალს" ხუთით უსწრებს.

ლეო, ოღონდ არა მესი
თუ ჯერ კიდევ არ იცით მის შესახებ, დროა, გაიგოთ: "რაიო ვალეკანოს" რიგებში თამაშობს უნიჭიერესი ფეხბურთელი ლეონარდო კარილიო ბაპტიშტაო, რომელსაც მოკლედ ლეოს ეძახიან. აგერ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც 20 წლის ბრაზილიელი მთელ საფეხბურთო ესპანეთს აღაფრთოვანებს.

შაბათს "ვალეკანომ" ჩემპიონთა ლიგის სენსაციური მონაწილე "მალაგა" მისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა და პიტის ორივე გოლი ლეომ გაატანინა.

"ის მართლაც ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს," - წერდა "მარკა".

ანუ ლეო მესის კონკურენტი გამოუჩნდა?

ჟოზე მართლა მაგარია
ის, უბრალოდ, ყველაზე მაგარია! ვინ? რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიო! "რეალის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა ამ უქმეებზე მორიგი რეკორდი დაამხო.

"სარაგოსასთან" 4:0 ჟოზესთვის მადრიდული გრანდის მწვრთნელის რანგში რიგით მე-100 გამარჯვება გახლდათ და მოუმ ამ შედეგის მისაღწევად 133 მატჩი იმყოფინა.

ძველი რეკორდი ჟოზეს "მეგობარ" პეპ გვარდიოლას ეკუთვნოდა, რომელმაც 100 მატჩის მოსაგებად 138 შეხვედრა იკმარა. აქვე ვთქვათ, რომ "რეალის" ლეგენდა მიგელ მუნიოსს თავის დროზე 140 თამაში ეყო.

უცხოპლანეტელებმა რა ჰქმნეს?
რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს მე-10 ტურში ერთი გოლიც არ გაუტანიათ - მიუხედავად იმისა, რომ "ბარსამ" 3, "რეალმა" კი 4 გოლი გაიტანა. გაზეთმა AS-მა იხუმრა, ორივე გასაშვებიაო.

სხვათა შორის, ამ ტურში ვერც ფალკაომ გაიტანა - თუკი შეიძლება, რომ ისიც კრიშტიანოსა და ლეოს გვერდით მოვიხსენიოთ...

გერმანია
ბალაკის უბედურებას ბოლო არ უჩანს
მიხაელ ბალაკი პენსიაზეა, მაგრამ მაინც არ ასვენებენ. გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანზე კიდევ ერთხელ გავრცელდა უსიამოვნო ცნობები.

ამას წინათ ცოლი ოფიციალურად გაშორდა (განქორწინებამდე სხვა კაცთან დაიწყო სიარული), ახლა კი ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის სექტემბერში მიხაელი დოპინგ-კონტროლზე არ გამოცხადდა, რის გამოც "ბაიერს" 25 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა...

გაიცანით ფოლკერ ვეცელი
ფოლკერ ვეცელის სახელი და გვარი გაგონილი არ გექნებათ. მას გასულ შაბათ-კვირამდე გერმანიაშიც ძალიან ცოტა თუ იცნობდა; ახლა კი, მინიმუმ ნიურნბერგში მაინცაა ცნობილი კაცი, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა, "ნიურნბერგისა" და "ვოლფსბურგის" მატჩის 76-ე წუთზე ტიმო გებჰარდტმა ფრანკებისთვის სამი ქულის მომტანი გოლი რომ შეაგდო.

საქმე იმაშია, რომ ნიურნბერგელთა თავკაც დიტერ ჰეკინგს ამ ფეხბურთელის მოედნიდან გაყვანა უნდოდა და შემცვლელი მაიკ ფრანციც უკვე აუტის ხაზთან იდგა, მაგრამ ვეცელმა, რომელიც ამ შეხვედრაში მეოთხე მსაჯი გახლდათ, ელექტრონულ დაფასთან ურთიერთობის დამყარებას ბევრი დრო მოანდომა და შეცვლა სწორედ ამის გამო დაგვიანდა. გებჰარდტმა კი ამასობაში გოლი გაიტანა!

მატჩის შემდეგ ჰეკინგმა ვეცელი შეაქო.

დაბოლოს...
"ვოლფსბურგის" ჭკვიანო ხელმძღვანელებო, დროულად გადაწყვიტეთ მთავარი მწვრთნელის საკითხი, თორემ უკვე ყელში ამოვიდა ჰერ ლორენც-გიუნტერ კიოსტნერის განცხადებების მოსმენა იმის თაობაზე, რომ არ იცის, რა იქნება ხვალ და ზეგ. ან მიეცით ამ კაცს სერიოზული შანსი, ანაც დანიშნეთ ვინმე სხვა.

თუნდაც ლოთარ მათეუსი, რომელიც, მართალია, ჯიუტად აღარ ითხოვს ბუნდესლიგაში მუშაობას, რადგან მიხვდა, რომ იდიოტის როლშია, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ გულის სიღრმეში დღეს სწორედ "ვოლფსბურგში" მუშაობაზე ოცნებობს და თქვენს ზარს ელოდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ავტორ ყოველთვის კარგ სიახლებს წერ მაგრამ ჰოლანდიაზეც რო ორი სიტყვით რამე დაწერო კარგი იქნება
England
21:35 07-11-2012
0

სიახლეები პოპულარული