დრიბლინგი: ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის...

AutoSharing Option
იტალიაში რომაულმა დერბიმ გეგმა ისევ გადაჭარბებით შეასრულა, ანტონიო კონტე კი, ვგონებთ, ლოჟაში უფრო კარგად გრძნობს თავს და ნერვებს მხოლოდ სულელები უშლიან; ინგლისში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები აღარ ნერვიულობენ ხოლმე; ესპანეთში მცველებმა ხუთი გოლის გაშვების გამო კომპლიმენტები დაიმსახურეს; გერმანიაში რომან ნოიშტედტერს სრულყოფილი კვირა ჰქონდა...

იტალია

ცეცხლოვანი რომაული დერბი

მილანური დერბი შეიძლება იყოს უემოციო და, ასე ვთქვათ, მკვდარი, მოსაწყენი რომაული დერბი კი არ არსებობს! "ლაციოს" და "რომას" მორიგი, რიგით 83-ე ჯახი დაწყებულიც არ იყო, რომ მივხვდით:

განსაკუთრებული მატჩის მომსწრენი გავხდებოდით. ჯერ იყო და
"ოლიმპიკოს" მოედანი წვიმამ დატბორა, მერე კი სტადიონზე განათებაც ჩაქრა და ტიფოზებმა "ლაციოს" პრეზიდენტ ლოტიტოს მაშინვე ხმაშეწყობილი სკანდირებით მოუწოდეს, დენის გადასახადი გადაიხადეო.

სველ მინდორზე კი ისეთი დუელი გაჩაღდა, სწორედ მარადიული ქალაქის დერბის რომ შეეფერება. "რომას" მეკარე გოიკოეჩეამ კანდრევას შორეული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში გროტესკულად შეაგდო, დანიელე დე როსიმ კარიერა მორიგი წითელი ბარათით "გაამდიდრა", მისმა თანაგუნდელმა ივან პირისმა თავით ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა - ოღონდ, ბურთი მეტოქე სტეფანო მაურის დაუგდო, რომელმაც ანგარიში 3:1 გახადა ("ლაციოს" სასარგებლოდ, რა თქმა უნდა), მატჩის მიწურულს კი უკვე "ლაციალეს" მეკარე ფედერიკო მარკეტის უმუხთლა ბედმა - პიანიჩის (კანდრევაზე შორეული) საჯარიმო დარტყმის შემდეგ ალღომ უმტყუნა და (ვაღიაროთ) საოცარი ტრაექტოორით გაფრენილი ბურთი მის კარში აღმოჩნდა.

მიროსლავ კლოზეზე არაფერი გვითქვამს: ვეტერანმა გერმანელმა, რომელსაც გაზეთი "რეპუბლიკა" მსოფლიოში ყველაზე სწრაფ 34 წლის ფეხბურთელად მოიხსენიებს, შუათანა გოლი გაიტანა და მისთვის მესამე დერბის მოგებაშიც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

რომი კი უკვე მომდევნო დერბის მოლოდინშია...

რომელმა იდიოტმა იზეიმა ჩელსის გოლი?
ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები - მათ შორის, "იუვენტუსის" თავკაც ანტონიო კონტეს გრძელვადიან დისკვალიფიკაციასაც.

ანტონიო VIP-ლოჟაში კომფორტულად ზის, თამაშებს საუკეთესო ხედით უყურებს, მიმტანები ნებისმიერ წამს მზად არიან, რაიმე სასმელი ან საჭმელი მიართვან, "იუვენტუსი" კი თამაშებს იგებს. ასისტენტმა იკითხოს (კონტეს ტექსტური შეტყობინებებიც), თორემ თავად ანტონიო თავს მშვენივრად გრძნობს.

წინა კვირაში, "ნორდსიელანდთან" მატჩის მიწურულს კონტეს გაუგონია, როგორ იზეიმეს ვიღაც-ვიღაცებმა "ჩელსის" გოლი ("შახტართან", ბოლო წუთზე) და ყვირილი მოურთავს, "საინტერესოა, რომელი იდიოტი ვერ ხვდება, რომ ეს ჩვენთვის ცუდი იყოო".

შაბათს, ტურინელებმა "პესკარასთანაც" დიდი ანგარიშით (6:1) მოიგეს და ამ ეტაპზე კონტეს მთავარი საფიქრალი მხოლოდ ისაა, როგორ დაამარცხოს "ჩელსი", თუმცა საფიქრალიც ასეთი უნდა...

გალიანის ფიქრები
"მონტელა "ფიორენტინას" ისეთ ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს, როგორიც სინიორ ბერლუსკონის მოსწონს," - თქვა "მილანის" შეფმა ადრიანო გალიანიმ ამ გუნდების უმძაფრესი დაპირისპირების წინ, რაც ლოგიკურად ცუდი იდეაა, მაგრამ რას გაიგებ, რა უტრიალებთ თავში გალიანის და თუნდაც ბერლუსკონის, რომლის სახელსაც ადრიანო შემთხვევით არასდროს ახსენებს ხოლმე.

ვარაუდები იქით იყოს, ფაქტი კი ისაა, რომ მონტელას ბიჭებმა "როსონერი" "სან სიროზე" 3:1 დაამარცხეს.

მოგვიანებით, ფლორენციის ცნობილ "სანტა მარია ნოველას" სადგურზე გუნდს ათასზე მეტი ტიფოზი დახვდა - ფანები გმირებს ისეთი ზარ-ზეიმით შეხვდნენ, რომ გააოგნეს ამერიკელი ტურისტები, რომლებმაც უკვე იციან სიტყვა "კალჩოს" მნიშვნელობა.

"მილანის" მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კი ისევ ჩემოდნებზე ზის - წინა კვირაში ვწერდით, რომ გალიანიმ მას სიყვარული აუხსნა, მაგრამ ხომ იცით, იტალიური სიყვარული რამდენ ხანსაც გრძელდება ხოლმე...

ინგლისი

ფერგიუსონის ტაიმ-ბოლები...
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები უკვე აღარ ნერვიულობენ ხოლმე - დაე, მათი საყვარელი გუნდი 0:2-ს აგებდეს.

"ასტონ ვილასთანაც" ასე მოხდა - ახალგაზრდა ავსტრიელმა ანდრეას ვაიმანმა "იუნაიტედს" პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ფერგის ბიჭები მაინც არ დამარცხდებოდნენ.

მეორე ტაიმში ხავიერ ერნანდესმა "ვილას" 29 წუთში სამი გოლი გაუტანა (მეორე რონ ვლაარის ავტოგოლად ჩაითვალა, მაგრამ ჩიჩარიტოს როლი მნიშვნელოვანია).

მერამდენედ შეძლო ეს "იუნაიტედმა"? ამ სეზონში ეს მერვე შემთხვევა იყო და ფაქტია, რომ ფერგის ბიჭებს თამაშების შემოტრიალება ყველაზე კარგად ეხერხებათ.

სუარესიც...

პრემიერლიგის გასულ ტურს სამი გამორჩეული გმირი ჰყავდა: ცხადია, ჩიჩარიტო, სუპერ-ჯოკრის სტატუსს ვერგაცდენილი ედინ ჯეკო (სხვათა შორის, თამაში "სიტიმაც" შეატრიალა) და "ფულჰემის" ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი.

თუმცა კარგი იყო ლუის სუარესიც, რომელმაც "ჩელსისთან" არა მარტო ანგარიში გაათანაბრა, ჯონ ტერისაც მიაღებინა ისეთი ტრავმა, რომ ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.

აღსანიშნავია, რომ სუარესმა ეს მისდა უნებურად გააკეთა - ტერის ტრავმაში ბრალი უფრო რამირესს მიუძღვის, რომელმაც სუარესს ხელი ჰკრა, ეს უკანასკნელი კი ჯონს დაეტაკა.

თავად ლუისს ახლა უკვე 8 გოლი აქვს გატანილი - იმდენი, რამდენიც რობინ ვან პერსის და წარმოიდგინეთ, სად იქნებოდა "ლივერპული" მისი გოლების გარეშე...

ესპანეთი
რამდენი მოიგე, ხოსე ლუის?
ზოგადად, გასულ შაბათ-კვირას ევროპის სტადიონებზე მეორე ტაიმებში თამაშების შეტრიალების ფაქტები უჩვეულოდ ხშირი იყო. რაღა შორს (ქვედა ლიგებში) წავიდეთ, ყოველივე ზემოთ ხსენებულის გარდა, გერმანიაში "შტუტგარტმა" და "ფიურტმა" მოახერხეს და პირველი ტაიმების მოგების შემდეგ ერთნაირი ანგარიშებით, 2:4 დამარცხდნენ.

ესპანეთში კი ასეთი რამ "დეპორტივოს" დაემართა. ელიტაში დაბრუნებული ლაკორუნიელები "სარაგოსას" 21 წუთის შემდეგ 2:0-ს უგებდნენ, მერე ზუსტად 21 წუთში სამი ბურთი გაუშვეს და საბოლოოდ 3:5 დამარცხდნენ.

ამრიგად, "დეპორმა" გასვლითი მატჩის მოგება მაინც ვერ მოახერხა და ამ წაგებით გასავარდნ ზონაში ჩაქვეითდა.

ამ ყველაფრის ფონზე ერთობ საოცარი და მოულოდნელი იყო "დეპორის" თავკაც ხოსე ლუის ოლტრას კომენტარი, რომელმაც სრული სერიოზულობით თქვა: "ჩემს ბიჭებს მისალოცად აქვთ საქმე... გაგიკვირდებათ და მცველებიც უნდა შევაქო... ახლა მთავარია, ფეხზე წამოვდგეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ!"

მართლა ასე თქვა - შეგიძლიათ, გადაამოწმოთ! "დეპორტივოს" ფეხბურთელებს მისალოცად რომ აქვთ საქმე, ამის გაგება კიდევ რაღაცნაირად შეიძლება, მაგრამ მცველების შექება?

იმ მატჩის შემდეგ, რომელშიც გუნდმა ხუთი გოლი გაუშვა და ლა ლიგაში ყველაზე მეტი, 25 გოლი აქვს მიღებული? არ ვიცით, არ ვიცით... შეიძლება ტოტალიზატორში ითამაშეს და ბევრი ფული მოიგეს...

კაცი ყოფილა, კაცური
კრიშტიანო რონალდოზე ბევრს საუბრობენ და ხშირად გვსმენია, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი დედიკოს ბიჭია, რომლისთვისაც მოედანზე ყოფნისას ყველაზე მთავარი ისაა, რომ კარგად გამოიყურებოდესო.

"ლევანტესთან" გასვლით მატჩში კრიშტიანომ ამ კლიშეს ბოლო მოუღო: მესამე წუთზე მას დავიდ ნავარომ იდაყვი უთავაზა და რონის მარცხენა თვალთან საკმაოდ საზარელი ჭრილობა გაუჩინა.

სისხლმა კრიშტიანოს სახე დაუმახინჯა, ექიმებს კი რამდენიმე წუთი დასჭირდათ იმისათვის, სისხლდენა შეეჩერებინათ. რონალდო მოედანზე ჩალურჯებული თვალით დაბრუნდა და სულაც არ ჰგავდა დედიკოს ბიჭს...

დანი ალვეშის იდეა
მესიმ პელეს რეკორდი რომ დაამხო, ამ ამბავმა მთელი საფეხბურთო მსოფლიო ისე მოიარა, როგორც საჭირო იყო და დეტალებს აღარ გავიმეორებთ.

სიახლე ისაა, რომ დანი ალვეშმა ფიფას საკმაოდ საინტერესო და ლოგიკური იდეა შესთავაზა: "სანამ მესი ფეხბურთს თამაშობს, წლის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს.

ლეო უბრალოდ საუკეთესოა და ეჭვი მაქვს, ასე იქნება მანამდე, სანამ კარიერას არ დაამთავრებს და იქნებ, საუკეთესო ფეხბურთელის წოდება პოზიციების მიხედვით დაგვეყო? სხვანაირად ოქროს ბურთების, ბუცების და ასე შემდეგ მხოლოდ ერთი ფეხბურთელისთვის გადაცემა აზრს კარგავს, რადგან ყველამ იცის, ვის დარჩება ასეთი პრიზი."

გერმანია

წარმატებები, რომან!
"შალკეს" (ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობ) საყრდენ ნახევარმცველ რომან ნოიშტედტერს ისეთი კვირა ჰქონდა, უკეთესს ნაღდად ვერ ინატრებდა.

ჯერ "არსენალთან" დაძაბულ მატჩში (2:2) "დახნა" მინდორი, მერე მისი ბოლოდროინდელი პროგრესი გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმაც დააფასა და ბუნდესგუნდში უხმო, შაბათს "ვერდერს" გოლი გაუტანა, მოგვიანებით კი გერმანიაში ყველაზე პოპულარულ სპორტულ თოქ-შოუ "აკტუელე შპორტშტუდიოშიც" მიიწვიეს და პირდაპირ ეთერში ალაპარაკეს. რა იქნება შემდეგი? იქნებ, გოლი ჰოლანდიის ნაკრების კარში (დღეს)?

ვორონინს მოსკოვში ელიან

"ფორტუნას" უკრაინელი თავდამსხმელი ანდრეი ვორონინი ნოიშტედტერის ანტიპოდია. რაკი დიუსელდორფელთა თავკაცმა ნორბერტ მაიერმა თქვა, ეგ ტიპი აღარ მჭირდებაო, ვორონინმაც ფეხი ფეხზე გადაიდო და მშვიდად ელის იმ დღეს, როცა მოსკოვის "დინამოში" დააბრუნებენ.

იმ დროს, როცა მისი თანაგუნდელები "ჰოფენჰაიმთან" მატჩისთვის ხურდებოდნენ, უკრაინელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.

როგორც ჩანს, მერე მაიერმა მისი გამოყენება მაინც გადაწყვიტა, რადგან ვორონინმა შესვენებაზე ძუნძული დაიწყო და ნორბერტმა მართლაც შეუშვა.

თუმცა უკრაინელი ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში და ისიც უნიჭო სიმულანტობის გამო. ორშაბათს არ უვარჯიშია - ოფიციალური ინფორმაციით გაციებულია. ცუდი ის არის, რომ დიუსელდორფში კაციშვილი არ უსურვებს მალე გამოჯანმრთელებას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული