დრიბლინგი: სხვა აბიატი სად არის?!

AutoSharing Option
იტალიაში "მილანის" შეფმა ადრიანო გალიანიმ "როსონერის" მეკარე კრისტიან აბიატი კონსტრუქციულად გალანძღა, ინგლისში "Big Fucking მერტემ" პირველი გოლი გაიტანა, ესპანეთში "ბეტისი" გაილახა და "ესპანიოლი" დაიჩაგრა, გერმანიაში კი "ბაიერნის" დიქტატურა გრძელდება.


იტალია
თვითგვემა იტალიურად
რა ხანია, იტალიაში მსაჯები აუგად არ მოუხსენიებიათ და კალჩოპოლი არ გაუხსენებიათ - ამისათვის ორი კვირა მართლაც დიდი დრო იყო...

"ინტერმა" "კალიარის" ვერ მოუგო (2:2) და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მილანურ გრანდს პენალტი არ დაუნიშნეს.

მართალია, ეს თერთმეტმეტრიანი არ იყო ისეთი ასპროცენტიანი, როგორც "დიდი საკუთარი სახლი" (იტალიაში ნაღდ პენალტს სწორედ
ასე მოიხსენიებენ ხოლმე), მაგრამ კომპაქტურ "2-ოთახიანს" კი ნამდვილად ჰგავდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ "ინტერის" თავკაც ანდრეა სტრამაჩონის ხსენებული მომენტი ჟოზე მოურინიოზე აქტიურად გაეპროტესტებინა.

"ნერაძურის" მწვრთნელი ხელ-ფეხის ქნევას მოჰყვა და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ფაქტია, რომ მის დაშოშმინებას თვით ანტონიო კასანო ცდილობდა.

არდანიშნული პენალტი (თუნდაც 2-ოთახიანი ბინის მსგავსი) "ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატისთვის, რა თქმა უნდა, მორიგი საიმისო საბაბი გამოდგა, რომ თავისი გუნდი დაჩაგრულად გამოეცხადებინა:

"მსაჯებმა ზედიზედ მესამედ მიჰქარეს ჩვენს წინააღმდეგ და ეს მძლავრად აისახება სატურნირო ცხრილზე. დეჟავიუ მაქვს, რადგან ასეთ სიტუაციას ერთხელ უკვე მოვესწარი. იმედია, ასეთი რამ აღარ განმეორდება", - თქვა მორატიმ, რომელსაც ძალიან უყვარს კალჩოპოლის თემის არქივიდან ხშირად ამოგდება.

ჩვენ მხოლოდ ერთს დავძენთ: "კალიარისთან" "ინტერის" საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე ჰანდანოვიჩი გახლდათ და როგორც მორატის, ისე სტრამაჩონისაც ცოტაოდენი თვითკრიტიკა ნამდვილად არ აწყენდათ.

და კიდევ: იქნებ კასანომ იცოდა ის, რაც არ იცოდა სტრამაჩონიმ?

ხუმრობა იტალიურად
თუმცა იტალიაში ისტერიკული პოლემიკები ჩვეულებრივი ამბავია და ნეაპოლში უარესი ითქვა. "მილანის" ბოსმა ადრიანო გალიანიმ "როსონერის" კიპერ კრისტიან აბიატის უპატიებელ შეცდომაზე ასეთი განცხადება გააკეთა:

"რა საშინელი მეკარეა! ჩვენ ჩასვრილი მეკარე გვყავს!"

მეორე დღეს გალიანიმ, როგორც ყოველთვის, გამოიდარა და აღნიშნა, ვიხუმრეო. მერე ისიც დაამატა, აბიატის უკვე ველაპარაკე და ორივემ ბევრი ვიცინეთო.

ახლა საინტერესო ის კი არ არის, მართლა იცინა თუ არა ამაზე "მილანის" მეკარემ, არამედ ის, გულახდილი იყო მისი სიცილი თუ იძულებითი...

ძმაკაცობა სიცილიურად
შაბათს საფეხბურთო იტალია არა "იუვენტუსისა" და "ლაციოს" მატჩზე, არამედ სერია D-ს ერთ-ერთ რიგით შეხვედრაზე ლაპარაკობდა, რაც სავსებით ლოგიკურია - ტურის ცენტრალური შეხვედრა 0:0 დასრულდა, სერია D-ში კი გაცილებით საინტერესო ამბავი მოხდა.

კოზენცაში ვინმე სალვატორე არკიდიაკანომ თავისი გოლი მაისურის გახდით იზეიმა, შიგნითა მაისურზე კი ასეთი რამ ეწერა: "სპეციალე უდანაშაულოა!"

ანტონიო სპეციალე სიცილიელი ჭაბუკია, რომელსაც ოთხშაბათს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. მიზეზი: მას 2007 წელს გამართული სიცილიური დერბის დროს (კატანია-პალერმო) პოლიციელის მკვლელობა დაუმტკიცდა. კლუბმა ფეხბურთელი სამუდამოდ მოკვეთა, პოლიცია კი იტალიის ფეხბურთის ფედერაციას სპეციალეს სამუდამო დისკვალიფიკაციას სთხოვს.

რაც შეეხება ფეხბურთელ არკიდიაკანოს ქმედებას, მან თქვა:

"ეს არ იყო პოლიციის საწინააღმდეგო ჟესტი. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა იმ ბიჭისადმი, რომელთან ერთადაც კატანიაში გავიზარდე. სპეციალე ჩემი მეგობარია!"


ინგლისი

BIG FUCKING GERMAN
გასულ შაბათ-კვირას პრემიერლიგაში ნამდვილი საგიჟეთი იყო - იმდენად დიდი საგიჟეთი, რომ ათი მატჩიდან მხოლოდ ერთის ზუსტი ანგარიშის გამოცნობა შეიძლებოდა და ამ შემთხვევაშიც ლონდონურ დერბის ვგულისხმობთ, რომელშიც "არსენალმა" "ტოტენჰემი" 5:2 (!) დაამარცხა და ამ ანგარიშის გამოცნობაც მხოლოდ იმიტომ შეიძლებოდა, რომ თებერვალშიც ასეთი ანგარიში დაფიქსირდა.

თუმცა, რომ არა ემანუელ ადებაიორის უტვინო ქცევა (შეტევა) სანტი კასორლას მისამართით, შეიძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, რადგან ფაქტია, რომ ადებაიორის გაძევებამდე "ტოტენჰემი" "არსენალს" სჯობნიდა.

"ამაზე ნაღდი წითელი ბარათი ინგლისში არასდროს აუფრიალებიათ", - ადებაიორის საქციელის გამო გაბრაზებული იყო არსენ ვენგერი და მას "ტოტენჰემის" თავკაცი ანდრე-ვილაშ ბოაშიც უსიტყვოდ დაეთანხმა, თუმცა მერე თქვა, თამაშს მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდითო და წარმოიდგინეთ, როგორი ანგარიში დაფიქსირდებოდა, "ტოტენჰემს" "თამაში რომ არ გაეკონტროლებინა.

საფინალო სასტვენის შემდეგ ყველაზე ბედნიერი პერ მერტეზაკერი ჩანდა, რომელმაც ინგლისში პირველი გოლი გაიტანა და "არსენალის" ფანებისგან ასეთი ეპითეტი დაიმსახურა - "Big Fucking German, we have a big fucking German", - მღეროდნენ "მეთოფეების" ფანები.

ისევ სუარესი
ლუის სუარესი
ალბათ მოგბეზრდათ, მაგრამ მას ვერც ერთ დრიბლინგში ვერ გავურბივართ. ურუგვაელმა "უიგანთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩში ორი გოლი თავად გაიტანა, ერთი კი ხოსე ენრიკეს გაატანინა.

"სიმპათიურ" სამხრეთამერიკელს უკვე 13 გოლი აქვს გატანილი და სულაც არაა გასაკვირი, მისი გადაბირებით არაერთი გრანდი რომ დაინტერესდა. ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერდნენ, ათი დღის წინ ლივერპულში "იუვენტუსის" დელეგაცია იმყოფებოდა - ტურინელები სუარესის ხალხს შეხვდნენო.

მერე კი ერთბაშად რამდენიმე ინგლისურმა გაზეთმა დაწერა იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი" სუარესისთვის 50 მილიონ ფუნტს ამზადებს.

სპეკულაციები ყველა მხარემ უარყო, მაგრამ საინტერესოა, ვინ იყო დაინტერესებული ამ ჭორების გავრცელებით? ფაქტია, რომ ჟურნალისტები ასე უბრალოდ ვერაფერს მოიგონებდნენ. ექსპერტები ახლა იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ამ ცნობების გავრცელებით თავად "ლივერპულის" თავკაცი ბრენდან როჯერსი ყოფილიყო დაინტერესებული.

საქმე ისაა, რომ მერსისაიდელები სუარესის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ზამთარში გუნდს გააძლიერებენ და "ლივერპულს" უკეთესი პერსპექტივა ექნება. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ როჯერსის გეგმას გაუმართლებია და ეგაა, რადგან მეორე დღეს "ლივერპულის" ბოსმა ტომ ვერნერმა თქვა, ლუისი შესანიშნავი ფეხბურთელია, ჩვენ მის გაყიდვას არ ვგეგმავთ, პირიქით, ზამთარში გუნდის გაძლიერება გვინდაო.

დი მატეო და ფერგი
რობერტო დი მატეოს
თაობათა ცვლის პროცესი უშნოდ ეწელება. "ვესტ ბრომვიჩთან" 1:2 "ჩელსისთვის" ბოლო შვიდ მატჩში მეექვსე მოუგებელი შეხვედრა გახლდათ.

მატჩის შემდეგ ინგლისურ პრესაში გამოჩნდა მოწმე, რომელსაც გაუგონია, რა ხდებოდა "არისტოკრატების" გასახდელში საფინალო სასტვენის შემდეგ - არისტოკრატმა იტალიელმა მწვრთნელმა თურმე ხმას აუწია და შეგირდებს უყვიროდა, ჩემპიონთა ლიგა მოიგეთ და ნუ გადამრიეთ, "ვესტ ბრომვიჩს" როგორ ვერ უგებთო.

წააგო "მანჩესტერ იუნაიტედმაც", ოღონდ დი მატეოსგან განსხვავებით, სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, "ნორვიჩის" ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს, ნაყოფიერად იშრომეს და გამარჯვება დაიმსახურესო.


ესპანეთი
მთავარია პასუხისმგებლობა
ისევე, როგორც 1943 წელს, "სევილიამ" თანაქალაქელ "ბეტისს" ამჯერადაც ხუთი გოლი გაუტანა - განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მაშინ "ბეტისმა" სამი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ამჯერად მხოლოდ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი.

ისევე, როგორც მაშინ, ამჯერადაც ორმა ფეხბურთელმა შეძლო დუბლის შესრულება - რეიესსა და ფასიოს ვგულისხობთ.

პირველი გოლი მე-12 წამზე (!) გავიდა და "ბეტისის" მეკარე ადრიანის უხეშ შეცდომას მოჰყვა - ამ უკანასკნელმა ბურთის ხეირიანად მოგერიება ვერ შეძლო და პირდაპირ რეიესს მიუგდო, რომელმაც მადლობა გადაუხადა და ანგარიში გახსნა.

ზუსტად ხუთ წუთში ფასიომ თავით მეორედ დალაშქრა ადრიანის კარი, რის შემდეგაც ერთ წუთში ნეგრედოს მესამე გოლის გატანაც შეეძლო.

ამ ყველაფრით იმის თქმა გვინდა, რომ "სევილია" "ბეტისს" ბევრს უბრახუნებდა და შეეძლო, ტაიმი 7 ან 8-ბურთიანი სხვაობით მოეგო.

მატჩის შემდეგ "ბეტისის" თავკაცმა პეპე მელმა თქვა, ჩვენი გეგმები ექვს წამში ჩაიშალაო და ამ მარცხისთვის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავის თავზე აიღო.

უბედური რუბენ პერესი
მოკლედ, "ბეტისს" მძიმე დღე ჰქონდა და ეს განსაკუთრებით რუბენ პერესს ეხება, რომელიც ორი ერთმანეთზე უარესი საქციელით გამოირჩა.

ჯერ იყო და ხესუს ნავასს წელში ისე სწვდა, როგორც კარგ მორაგბეს შეეფერება, მაგრამ მცირეწონოსანი ნავასი მაინც ვერ დააგდო; მერე კი, ექვსი წუთის შემდეგ უკვე თვითონ გაიშხლართა მინდორზე და თანაც ისე თეატრალურად, თითქოს ნავასმა ბურთით მუცელი გაუხვრიტა.

არადა, პერესმა ბურთი ხელით გააჩერა!

მსაჯმა მას ორივე საქციელისთვის თითო ყვითელი და შესაბამისად, ერთი წითელი ბარათი აუფრიალა.

საწყალი ესპანიოლი
რობერტო სოლდადომ
"ვალენსიას" "ესპანიოლთან" სამი ქულა ბოლო წუთზე გატანილი პენალტით მოუტანა, საინტერესო კი ის არის, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ესპანელი მსაჯების ამბავი ხომ იცით...

ფაქტია, რომ ან ნამეტანი ჭკვიანები არიან, ანაც ნამეტანს აფრენენ.

"ესპანიოლის" ფეხბურთელები და ხელმძღვანელები თავს ძალიან დაჩაგრულად გრძნობდნენ, რადგან პენალტთან ერთად, დე სერო გრანდემ მათ ორი ფეხბურთელი გაუძევა. არბიტრის პატაკში წერია, რომ მორენომ და სერხიო გარსიამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

რაც შეეხება უშუალოდ პენალტს: კატალონიელები მიიჩნევენ, რომ მსაჯს ვალენსიელთა შეტევა უნდა შეეჩერებინა - მანამდე ბანეგამ თამაშის წესები დაარღვიაო.

"ესპანიოლის" დარი გუნდის დაჩაგვრა ძალიან ადვილია და ეს ყველას გასდის, რადგან ორშაბათს აღარავის აღარაფერი ახსოვს ხოლმე", - საწყლად დაიჩივლა "ესპანიოლის" თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ მატჩის შემდეგ.

მთლად ეგრეც არაა: აგერ, ამ ამბავზე ოთხშაბათის ნომერშიც კი ვწერთ...


გერმანია

შენც, იუპ?
"ბაიერნმა" ნიურნბერგში ორი ქულა დაკარგა და ამ ამბავს, რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ყურადღების ცენტრში მიუნხენელთა მეკარე მანუელ ნოიერი მოექცა, რომელსაც ჟურნალისტებმა ყველა მხრიდან შეუტიეს - მარკუს ფოილნერის დარტყმა აუღებელი არ იყო და უნდა მოგეგერიებინაო, რაზეც რეკორდმაისტერისა და გერმანიის ნაკრების კიპერი დიახაც, განრისხდა და კორესპონდენტი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.

"ბაიერნში" სხვა კანონებთან ერთად, ერთი დაუწერელი წესიც მოქმედებს: ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, ყველა სულელად უნდა იქნას მიჩნეული.

ნოიერთან ერთად, ეს წესი უკლებლივ ყველა ბავარიელმა დაიცვა - მათ შორის, ბრძენმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმაც, რომელმაც თქვა:

"როცა მანუელ ნოიერის კარში გოლი გადის, ორი აზრის არსებობა დაუშვებელია - ამ დროს ყოველთვის აუღებელ დარტყმასთან გვაქვს ხოლმე საქმე".

მიდი და ეკამათე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIII ტური: სამი ლიდერის სამი ქულა [VIDEO]
ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური: "სიტიმ" "იუნაიტედი" ჩამოაქვეითა [VIDEO]
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური: ლიონელ მესიმ ტურბო ჩართო [VIDEO]
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: მიუნხენის "ბაიერნმა" ფრითაც წინ წაიწია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული