"დრიბლინგი": მიეცით ანდრეა პირლოს ოქროს ბურთი!

AutoSharing Option
ინგლისში ყველაფერი ჰარი რედნაპს უნდა ჰკითხოთ, ჰარიმ ყველაფერი იცის; სამაგიეროდ, არაფერი იცის კრისტიან ბენტეკემ.

იტალიაში სილვიო ბერლუსკონი ისევ გამოჩნდა ასპარეზზე და რა თქმა უნდა, ისევ ენაწყლიანობით გამოირჩა; ანტონიო კონტეს კი მიაჩნია, რომ "ოქროს ბურთს" ლიონელ მესი იმსახურებს, მაგრამ ანდრეა პირლოს ეკუთვნის.

ესპანეთის ჩემპიონატი მოსაწყენიაო, თქვა დიეგო სიმეონემ და ის კი დაავიწყდა, რომ ამაში ბრალი თვითონაც მიუძღვის.

ბუნდესლიგა კი 2013 წლამდე დაგვემშვიდობა...

ინგლისი

ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური: წაგება "ენფილდზე" [VIDEO]

ბენტეკეს ეგონა, ლონდონში
მიდიოდა

გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში გრანდების ჯახი არ ყოფილა. სამაგიეროდ, მოხდა ერთი სენსაცია: "ასტონ ვილამ" "ლივერპული" მისსავე "ენფილდზე" 3:1 დაამარცხა.

"წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვითამაშეთ ასე ცუდად", - გაკვირვებული იყო მატჩის შემდეგ "ლივერპულის" თავკაცი ბრენდან როჯერსი თავისი შეგირდების გამაოგნებელი უნიათობით, მეტადრე იმიტომ, რომ მერსისაიდელები ბოლო დროს კარგად თამაშობდნენ.

საბოლოოდ, როჯერსმა წარუმატებლობა გადაღლილობას დააბრალა, მაგრამ ეს ნამდვილად ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან მატჩებში ბრენდანი ხშირად მიმართავდა როტაციას და თანაც, "ლივერპულს" ლიგის თასზე არ უთამაშია.

ბირმინგემელებმა კი მაგრად გაიხარეს. "ასტონ ვილას" წარმატების მთავარი შემოქმედი 22 წლის ბელგიელი კრისტიან ბენტეკე გახლდათ, რომელმაც "ლივერპულის" კარი ორჯერ დალაშქრა.

ეს უკანასკნელი "ასტონ ვილამ" ზაფხულში "გენკიდან" 10 მილიონ ევროდ შეიძინა და ფაქტია, რომ ბირმინგემელებს გაუმართლათ, რადგან ბენტეკეს უამრავი მსურველი ჰყავდა, თავად ფეხბურთელს კი თავის სმარტფონში "გუგლ მაპის" აპლიკაცია არ ჰქონდა ჩატვირთული.

"კონტრაქტს ხელს რომ ვაწერდი, არ ვიცოდი, რომელი ქალაქის გუნდი იყო "ასტონ ვილა", - თქვა ცოტა ხნის წინ ბენტეკემ, - მეგონა, ლონდონელები იყვნენ..."

რა საერთო აქვს ტარააბტს დი კანიოსთან? ჰარის ჰკითხეთ!
"ფულჰემთან" მატჩის წინ "ქუინზ პარკ რეინჯერსის" შეფმა ტონი ფერნანდესმა თქვა, საშობაოდ ერთადერთი სურვილი მაქვს და ეს "ფულჰემთან" სამი ქულის აღებააო.

ფერნანდესს ეს სურვილი ადელ ტარააბტმა შეუსრულა - "ქუინზ პარკმა" 2:1 მოიგო და ორივე გოლი მის ანგარიშზეა.

გუნდის მწვრთნელი ჰარი რედნაპი კი იძულებული გახდა, თამაშის შემდეგ ტარააბტისთვის მადლობა გადაეხადა და ეს იმიტომ აღვნიშნეთ, რომ ჰარი ის კაცია, ვინც ხსენებული ფეხბურთელი შარშან "ტოტენჰემიდან" გაყიდა. თუმცა რედნაპმა ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა დროს რა უნდა თქვას.

"მიუხედავად იმისა, რომ ადელი ნამდვილი გიჟია, მისი გაყიდვა ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, - ირწმუნებოდა რედნაპი, - ახლა კი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და შეუძლია, ისეთი ფეხბურთელი გახდეს, როგორიც, მაგალითად, პაოლო დი კანიო იყო.

აქვე დავძენ, რომ "ვესტ ჰემს" დი კანიოს დარი ფეხბურთელი მანამდე არასდროს ჰყოლია და დიდი შანსია, რომ არც მომავალში ჰყავდეს. პაოლოს დარად, ადელსაც შეუძლია, აკეთოს მოედანზე ის, რასაც მოისურვებს".

ჩვენ მხოლოდ ერთს დავძენთ: სადაც ჰარია, იქ შეუძლებელი მართლა არაფერია!


იტალია
იტალია. სერია A. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
იტალია. სერია A. XVII ტური: "ინტერი" ისევ კოჭლობს, "იუვე" წინ მიიწევს [VIDEO]

სილვიო, როგორც ინძაგი?
"მილანის" 103-ე დაბადების დღეზე "სან სიროს" პუბლიკამ არა მარტო "პესკარას" განადგურება (4:1) იხილა, არამედ ნახა მესამოციათასე გოლი სერია A-ში 1929 წლის შემდეგ.

გოლი, თანაც რა გოლი! ქარიზმატული გვარის მქონე ჟონატას კრისტიან დე ხესუს მაურისიომ, რომელსაც თანაგუნდელები უბრალოდ ჟონას ეძახიან, ახლო ძელთან მოხდენილად ახტა და ბურთი კეფით შორეულ კუთხეში გადაგზავნა.

საიუბილეო განწყობის ჩამწარება არ გვინდოდა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ჟონამ (თუ როგორც ჰქვია) საკუთარი კარი დალაშქრა!

სხვათა შორის, მანამდე ელვის აბრუსკატომაც ავტოგოლი გაიტანა და ასევე თავით!

VideoSportall.Ge
მილანი - პესკარა 4:1


თუკი ამ ფეხბურთელებს "მილანის" შეფებისთვის თავის მოწონება ჰქონდათ განზრახული, მაშინ დავაწყნარებთ და ვეტყვით, რომ ისინი "მილანისთვის" უკვე ბებრები არიან.

საქმე იმაშია, რომ "როსონერის" ბატონ-პატრონმა სილვიო ბერლუსკონიმ ჯერ კიდევ ამ თამაშამდე თქვა, ამიერიდან მხოლოდ 22 წლამდე ფეხბურთელებს გადმოვიბირებთო.

"მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს ვაკვირდებით, - ამაყად განაცხადა სილვიომ. - დამიჯერეთ, 2-3 წელიწადში "მილანი" არა მარტო იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში დაიბრუნებს დიდებას".

ბერლუსკონის განცხადება ამით, რა თქმა უნდა, არ დამთავრებულა. სილვიომ ისიც თქვა, რომ მხოლოდ ერთი ისეთი ფეხბურთელის ყიდვას დაუშვებს, რომელიც 22 წელზე ასაკოვანი იქნება:

"თუ "მილანის" ტიფოზები მოითხოვენ, თანახმა ვარ, ვითამაშო, ოღონდ მხოლოდ ცხრანომრიანი მაისურით!" - დასძინა ბერლუსკონიმ.

ახლა უკვე გასაგებია, რატომ მიუწევს გული რობინიოს ბრაზილიისკენ. ცხადია, სილვიოსთვის პასების მიცემას კოპაკაბანაზე წამოკოტრიალება ურჩევნია...

სტუდენტი სტენდარდო
იტალიაში ყველაზე მძიმე კვირა გულიელმო სტენდარდოს ჰქონდა. "ატალანტას" 31 წლის მცველი სალერნოში გაემგზავრა, სადაც სამშაბათიდან ხუთშაბათამდე საადვოკატო გამოცდები (?!) უნდა ჩაებარებინა.

არადა, სამშაბათს ბერგამოელებს იტალიის თასზე "რომასთან" უწევდათ თამაში და "ატალანტას" თავკაცი სტეფანო კოლანტუონო ლოგიკურად განრისხდა - ასეთ რამეს პირველად მოვესწარი, ფეხბურთელმა ექვსი დღის წინ მითხრა, მომავალ კვირაში გამოცდები მაქვს და ჩემი იმედი ნუ გექნებაო.

"ატალანტას" მწვრთნელი გამოცდილ უკანახაზელს შიდა დისკვალიფიკაციით დაემუქრა და "იუვენტუსთან" მართლაც არ გაამწესა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ დაპირება მაინც ვერ შეუსრულა - რაკი 36-ე წუთზე "ატალანტას" მანფრედინი გაუძევეს, კოლანტუონო იძულებული გახდა, სტენარდო მოედანზე მაინც შეეშვა.

სწავლა და ფეხბურთი ერთად მართლაც არ გამოდის. სამწუხაროდ, იტალიური პრესა არ დაინტერესებულა იმით, ჩააბარა თუ არა სტენდარდომ გამოცდები, ანუ ღირდა თუ არა მწვრთნელის ასეთი გულისწყრომა ამად.

კონტეს აზრით...
იტალიაში (ყოველგვარი ხუმრობის გარეშე) ყველაზე ეფექტური გოლი ანდრეა პირლომ გაიტანა. "იუვეს" უბერებელმა გამთამაშებელმა 30 მეტრიდან ისეთი ჯარიმა შეაგდო, მეორე დღეს მთელი საფეხბურთო იტალია ისევ მასზე ლაპარაკობდა.

VideoSportall.Ge
იუვენტუსი - ატალანტა 3:0

ისაუბრა ანტონიო კონტემაც:

"მე თუ მკითხავთ, ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას წელს სწორედ პირლო იმსახურებს.

მართალია, ესპანეთის ჩემპიონატ
ში თამაშობს პატარა არგენტინელი, რომელსაც ათასობით გოლი გააქვს, მაგრამ, მომკალით და, ჩემი აზრით, ეს წოდება წელს პირლოს ეკუთვნის".

გამოუცდელი მსაჯი
სერია B-ში "ვარეზესა" და "გროსეტოს" მატჩი 82-ე წუთზე შეწყდა და აღარ გაგრძელდა. იმ დროს ანგარიში 3:0 იყო და შეხვედრის ბედიც გადაწყვეტილი გახლდათ, თამაშის შეწყვეტა კი არა ჩხუბმა და აყალმაყალმა (როგორც იფიქრებდით), არამედ ნისლმა გამოიწვია.

ფეხბურთელებს და კლუბის ხელმძღვანელებს მატჩის ჩამთავრება სურდათ, მაგრამ ახალგაზრდა არბიტრი კანონმორჩილი აღმოჩნდა და თამაში შეწყვიტა.

ამრიგად, "გროსეტოს" კიდევ ერთხელ მოუწევს 1000 კილომეტრის (ორი გზა) გავლა იმისათვის, რომ "ვარეზესთან" უიმედო მატჩი ჩაამთავროს.

მეორე დღეს მთელი საფეხბურთო იტალია არბიტრს დასცინოდა. იმედია, ეს ფაქტი მისთვის ჭკუისსასწავლებელი გამოდგება. იტალიაში არაფრით არ შეიძლება უამინდობის გამო ისეთი მატჩის 82-ე წუთზე შეწყვეტა, რომელშიც ანგარიში 3:0-ია...


ესპანეთი
ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტური: ფალკაო? არა, მესი! [VIDEO]

ტურის მატჩი
ვინც ნახა, ნახავდა და ვინც არ ნახა, მიმოხილვაში მაინც გაიგებდა, რომ "ატლეტიკომ" "ბარსელონას" პირველ ტაიმში პრობლემები შეუქმნა.

კატალონიელები ფორტუნას და თავიანთი კარის ძელს უნდა უმადლოდენ, რადამელ ფალკაომ ვიქტორ ვალდესს მხოლოდ ერთი გოლი რომ გაუტანა, მაგრამ "ბარსამ" რაღაცნაირად პირველივე ტაიმში შეძლო თამაშის თავის სასარგებლოდ შეტრიალება, მეორე ნახევარში კი მეორეადგილოსნისგან ხეირიანი ვეღარაფერი ვნახეთ.

ესპანეთის ჩემპიონატი მოსაწყენია. ეს დიეგო სიმეონემ თქვა...

მოულოდნელი გმირი
"ბარსელონას" ქომაგების გარდა, ყველას, მთელ საფეხბურთო მსოფლიოს უნდოდა, რომ ლა ლიგის ამ ტურის გმირი ფალკაო გამხდარიყო, მაგრამ, ნეიტრალური ქომაგებისთვის რაც უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, "ატლეტიკოს" გოლეადორმა ეს ვერ შეძლო.

და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს "რეალის" ფანებისთვის, ეს წოდება "ესპანიოლის" ფეხბურთელმა ხუან ალბინმა დაიმსახურა.

27 წლის ალბინს საკმაოდ სტრესული კარიერა აქვს. მართალია, ყმაწვილკაცობაში სამჯერ გახდა ურუგვაის ჩემპიონი, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატში ბევრს ვერაფერს ახერხებს. უფრო სწორად, ვერ ახერხებდა!

2006-დან 2011 წლამდე მან "ხეტაფეში" ითამაშა და მეტ-ნაკლებად ნორმალურად გამოიყურებოდა, "ესპანიოლში" გადასვლის შემდეგ კი აბსოლუტურად ყველას დაავიწყდა, რადგან მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 219 წუთი გაატარებინეს.

თუმცა გასული უქმეების შემდეგ ალბინს არა მარტო "ესპანიოლის", არამედ "ბარსელონას" ქომაგებშიც უკვე ძალიან ბევრი პირადი ფანი ჰყავს!

მიზეზი ისაა, რომ "რეალთან" შეცვლაზე შესულმა 88-ე წუთზე იკერ კასილიასის კარი დალაშქრა და "ესპანიოლს" "სანტიაგო ბერნაბეუდან" ქულა წამოაღებინა.

VideoSportall.Ge
რეალი - ესპანიოლი 2:2


გადამწყვეტი დარტყმა მან ისე შეასრულა, რომ თვით პიპო ინძაგისაც კი შეშურდებოდა...


გერმანია
გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური: "მხოლოდ" 42 ქულა [VIDEO]

ნახეთ იან როზენტალის ვებგვერდი
თუ თქვენც მოიწყინეთ, მაშინ არ დაიზაროთ და მოინახულეთ "ფრაიბურგის" ფეხბურთელ იან როზენტალის ოფიციალური ვებგვერდი (www.jan-rosenthal.de) - საინტერესო რამე-რუმეებს ნახავთ და თანაც, გერმანული ენის ცოდნაც არაა აუცილებელი.

რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს: როზენტალმა, რომელსაც "ფრაის" თავკაცი კრისტიან შტრაიხი ხან გარემარბად ათამაშებს ხოლმე, ხან გამთამაშებლად და ხანაც თავდამსხმელად, "შალკეს" ორი გოლი გაუტანა და ფაქტობრივად, მან უზრუნველყო გელზენკირხენული კლუბის თავკაც ჰუუბ სტევენსის გათავისუფლება.

თანაც, ეს ამ სეზონში იანის პირველი გაბრწყინება როდია - როზენტალს ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ "ფრაიმ" პირველი წრე მეხუთე (!) ადგილზე დაამთავრა.

ამასთან, როზენტალი ბუნდესლიგაში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია - მისი მაქსიმალური სიჩქარე ამ სეზონში 35.39 კმ/სთ იყო...

პროვინციული ამბიციები
"ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელმა სეიად სალიჰოვიჩმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის წინ საუკუნის პროგნოზი გააკეთა - გერმანიის ჩემპიონს 3:0-ს მოვუგებთო.

მისი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ გამართლდა - დორტმუნდელებმა "ჰოფენჰაიმი" 3:1 დაამარცხეს, მაგრამ ჩვენ სხვა რამეზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება: არ გვესმის, რატომ აქვთ "სოფლელებს" ამხელა ამბიციები.

სალიჰოვიჩის პროგნოზს კიდევ რა უჭირს, გაგახსენებთ, რომ სეზონის წინ ტიმ ვიზე ამბობდა, იმ გუნდში გადავდივარ, რომელიც მაქსიმუმ გერმანიის ჩემპიონობისთვის და მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებსო.

17 ტურის შემდეგ "ჰოფენჰაიმი" მე-16 ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების რეალური საფრთხე ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული