2012 წლის ორი კადრი: Knocking on heaven's door

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წლის გოლი 14 ნოემბერს, შვედეთისა და ინგლისის ნაკრები გუნდების ამხანაგურ მატჩში გაიტანა.

შვედმა "მაკრატელა" შეაგდო - 25 მეტრიდან. მაგრამ ეს იმ გოლის ძალიან მოკრძალებული აღწერაა. ფიფამ ზლატანის გოლი წლის საუკეთესო გოლის გამოკითხვაში ვეღარ შეიტანა, რადგან გამოკითხვა დაწყებული იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს - ეს არის გოლი, რომელიც ძალიან დიდხანს გვეხსომება.

შვედეთის ნაკრების მეტოქე იმ მშვენიერ საღამოს ინგლისი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს არ იქნებოდა ერთი რიგითი ტესტ-მატჩი.

90-ე წუთი მიმდინარეობდა, ზლატანს სამი გოლი ჰქონდა გატანილი და
უკვე მატჩის გმირი იყო, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მეტი სურდა. უფრო მეტი! ინგლისელთა მეკარე ჯო ჰარტი კარიდან გამოვარდა, საჯარიმოც დატოვა და ბურთი თავითღა მოიგერია. მაგრამ არა შორს, არამედ მაღლა. ძალიან მაღლა!

ბურთი ზლატანის თავზე აფრინდა. შვედი კარისკენ ზურგით იდგა და იქით არც გაუხედია. კარამდე მანძილი 25 მეტრი იყო. იბრამაც დაჰკრა და რა დაჰკრა - "მაკრატელა". სუფთა "მაკრატელა"!

აყლაყუდა შვედი ჰაერში გაიჭიმა, დარტყმის შემდეგ, ბურთს თვალი მიწაზე დაშვებამდე გააყოლა. ბურთმა ყველას და ყველაფერს გადაუფრინა - გარდა კარისა! გარი კეჰილმა მხოლოდ კარის ხაზს მიღმაღა მიასწრო და ბურთთან ერთად ბადეში გაიხლართა.

VideoSportall.Ge
შვედეთი - ინგლისი 4:2


მატჩის შემდეგ, იბრასთვის კითხვების დასმისას არცერთ ადგილობრივ ჟურნალისტს არ უხსენებია სიტყვა "იღბალი" და არავინ გახსენებია სიტყვა "პოკერი".

ყველანი მხოლოდ ამ "მაკრატელაზე" ლაპარაკობდნენ. იბრაჰიმოვიჩმა თქვა: "გავიგე, რომ წლის საუკეთესო გოლის გამოკითხვაში ჩემი არცერთი გოლი არ იყო შესული და ეს გოლი სწორედ ამ პრობლების მოსაგვარებლად გავიტანე!"

მაინც ვერ მოაგვარა - გამოკითხვა დაწყებული იყო და ეს გოლი იქ ვეღარ მოხვდა.

წლების შემდეგაც კი ყველა შვედი გაიხსენებს, სად იყო და რას აკეთებდა იმ დროს, როცა იბრამ ეს გოლი შეაგდო.

გაიხსენებენ ისინი, ვინც სტადიონზე იყვნენ და ღრიალით წამოხტნენ. ისინიც, ვინც იმ მომენტში ლუდს წრუპავდა და გადაესხა.

ისინიც, ვინც სტადიონის დატოვება ნაადრევად გადაწყვიტა, რათა საცობში არ მოყოლილიყო. ისინიც, ვინც ამ მატჩს სახლში, ტელევიზორის წინ კომფორტულად მოკალათებული უყურებდა და მით უმეტეს ისინი, ვინც 88-ე ან 89-ე წუთზე სხვა არხზე გადართო, რადგან იქ იმ დროს რამე ფილმი იწყებოდა ჯორჯ კლუნის ან ჯულია რობერთსის მონაწილეობით...

ზუსტად ერთ კვირაში "მილანის" მცველმა ფილიპ მექსემ ჩემპიონთა ლიგაში ასევე მაკრატელა-გოლი შეაგდო - ოფიციალურ, მაგრამ გაცილებით უემოციო მატჩში.

VideoSportall.Ge
ანდერლეხტი - მილანი 1:3


ერთნი ამტკიცებდნენ, მექსეს იბრაზე ლამაზი მაკრატელა გამოუვიდაო. შესაძლოა. ეს სადავო საკითხია. მთავარი კი ის არის, რომელი გოლი უფრო დიდხანს შემორჩება ჩვენს მახსოვრობას.

ამ კითხვაზე პასუხს ზლატანის გოლის გამოხმაურება გაგვცემს.

"ამ ტიპს გოლები კი არ გააქვს, გოლებს ქმნის!" - წერდა ფრანგული "ლე მონდი".

"იბრაჰიმოვიჩი ციდან ვარსკვლავებს წყვეტს. ჩვენ ყველანი ზლატანის ქვეყნიდან ვართ!" - წერდა შვედური "აფტონბლადეტი".

"თავი მაქსიმალურად დაუხარეთ მსოფლიოში საუკეთესოს!" - წერდა "ექსპრესენი".

"ზლატანს ეს გოლი ღმერთებმა გაატანინეს!" - წერდა ბრიტანული "დეილი მეილი".

"ეს იყო საუკუნის გოლი!" - წერდა გერმანული "ბილდი".

"იბრაკადაბრა. ეს გოლი დაგვესიზმრა, თუ ნამდვილი იყო?" - წერდა იტალიური "ტუტოსპორტი".

"დაიჩოქეთ ზლატანის წინაშე!" - წერდა გერმანულ "ზუდდოიჩე ცაითუნგი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული