ბოროტი, შავი იტალიელი

AutoSharing Option
მარიო ბალოტელი ბოროტია. მარიო ბალოტელი იტალიელია. მარიო ბალოტელი შავია - ამ სამიდან ორი გამოთქმა ნაღდად მართალია.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ბოროტმა შავმა იტალიელმა გერმანიის ნაკრებს ორი მოხდენილი გოლი გაუტანა და ქებით ცაში აყვანილი იოახიმ ლიოვი თავისი გუნდითურთ სახლში უტიტულოდ გაუშვა. ეს იტალიელმა გააკეთა - ბოროტმა და შავმა!

გერმანელებმა აღარ იცოდნენ, რა მოეხერხებინათ ეიფორიისთვის. ყველაზე მეტად კი დღემდე იმ პოზაზე ეშლებათ ნერვები, რომელიც მარიომ მეორე გოლის აღნიშვნის დროს შემოგვთავაზა. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა.

ამ ფოტოზე გერმანელები დარტსს თამაშობენ. ამ კადრს
საფეხბურთო გერმანიაში პროვოკაციაც კი უწოდეს.

თამამად უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო გოლის ძალიან დიდხანს დასამახსოვრებელი, მეტიც, ყველაზე ეპოქალური აღნიშვნა როჟე მილას ცეკვის შემდეგ.

რაც შეეხება განსხვავებას: მილა 1990 წლის მუნდიალზე კამერუნის ნაკრებში თამაშობდა, რის გამოც მისი ცეკვა საფეხბურთო საზოგადოებამ ეგზოტიკად მიიღო. თუმცა, არა მარტო მიიღო, არამედ ეს მართლაც დიდი ეგზოტიკა გახლდათ.

ის ფაქტი, რომ ფეხბურთისთვის ოდნავ მობერებული ეს სასიამოვნო ტიპი გოლების შემდეგ კუთხურის ალამთან ცეკვავდა, კარგი სანახაობა იყო. მილა სიცოცხლითა და ფეხბურთის თამაშით სიხარულს გამოხატავდა.

თუმცა მაშინაც კი მისი ეს ცეკვა ვიღაც-ვიღაცებისთვის აუტანელი აღმოჩნდა და, რა თქმა უნდა, მილას მისამართით რასიზმმაც იფეთქა, მაგრამ ეს ბევრს არ შეუმჩნევია, რადგან როჟე მილა რაღაცნაირად კარგი ტიპი იყო, ყოველთვის იღიმოდა და თანაც, ცეკვავდა.

ბალოტელის შემთხვევა კი სხვანაირია. მარიო იტალიის ნაკრებში თამაშობს. არ არის ეგზოტიკური. თუ მაინცდამაინც მასაც რაიმე ეპითეტი უნდა მივანიჭოთ, მაშინ ექსცენტრიული უფრო შეეფერება.

VideoSportall.Ge
გერმანია - იტალია 1:2


გარდა ამისა, ბალოტელი თითქმის არასდროს იცინის, რის გამოც ალბათ არასდროს დაიმსახურებს სამყაროს სიმპათიას და მით უმეტეს, არც ცეკვავს.

ბალოტელიმ თავის პოზაში ბოღმა გადმოანთხია! ადგილზე გაქვავდა, კუნთები დაჭიმა, ბოროტი და ამავდროულად, ძალიან ამაყი გამომეტყველება ჰქონდა. მუჰამედ ალის ჰგავდა - იმ ალის, განადგურებულ სონი ლისტონს რომ ადგას თავზე!

ამ ფოტომ მაშინვე მთელი მსოფლიო მოიცვა! ყოველდღიურად ვხედავდით ფოტომონტაჟებს, რომლებშიც ბალოტელი ამ პოზაში ხან ევერესტზე იდგა, ხან მთვარეზე და... სად აღარ იდგა!

ამ სცენაზე წერდნენ ბლოგებს, სტატიებს, ამ ფოტოს დებდნენ სოციალურ ქსელებზე - მარიო ბალოტელი, ბოროტი შავი იტალიელი, რომელმაც გერმანია ატირა, ყველგან იყო!

გოლის ასეთი აღნიშვნა გენიალური იყო. მარიომ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მერე კი ბოლო წლების ყველაზე ექსცენტრიული ზეიმი შემოგვთავაზა.

ამ სტატიის ავტორი 2013 წელს მეტ ასეთ სცენას, მეტ ბალოტელის, მეტ ასეთ "პროვოკაციას" და გოლის ეპოქალურ აღნიშვნებს ისურვებდა.

იმიტომ, რომ ფეხბურთი მარტო ლიონელ მესის, ზინედინ ზიდანის, რობერტო ბაჯოს, დიეგო მარადონას, მიშელ პლატინის, იოჰან კრუიფის ან პელეს გამო არ გვიყვარს.

თანაც, ბალოტელიმ არაერთი იდუმალი რასისტი გაგვაცნო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული