გაჭირვებული ჰოლანდიელები

AutoSharing Option
ჰოლანდიას ყველაზე მეტი ლეგიონერი ბუნდესლიგაში ჰყავს, მაგრამ ბოლო დროს "ნარინჯისფერების" მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს გერმანიიდან ხეირი არ აქვს, რადგან ბუნდესლიგაში მოასპარეზე ჰოლანდიელ ფეხბურთელებს პრობლემები აქვთ.

61 წლის ვან გაალი გერმანიაში გადახვეწილი შეგირდებიდან ყველაზე მეტს ბაიერნელი არიენ რობენისგან (29 წლის), ჰამბურგელი რაფაელ ვან დერ ვაარტისგან (29) და შალკელი კლაას-იან ჰუნტელაარისგან (29) ელის, მაგრამ ეს ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში არც ისე კარგად გამოიყურებიან.

რობენი სკამზე ზის
რეკორდმაისტერის "ათიანი" დიდხანს იყო ტრავმირებული და ზოგადად, რობენს ტრავმები ძალიან ხშირად აწუხებს ხოლმე, რის გამოც "ბაიერნს"
თითქმის ყოველთვის ნახევრად ეხმარება. არიენმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის მხოლოდ ექვს მატჩში იასპარეზა, გოლი კი არ გაუტანია!

შესაბამისად, ეს მისი ყველაზე ცუდი ბალანსია მას მერე, რაც "ბაიერნში" გადავიდა (2009).

რობენი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მიუნხენური გრანდის თავკაცი იუპ ჰაინკესი არ ათამაშებს. 30 იანვრის ნომერშიც ვწერდით, რომ შტუტგარტში 2:0-ზე მოგებულ შეხვედრაში "დონ იუპმა" არიენი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა, რის გამოც ჰოლანდიელი გარემარბი განაწყენებულია. "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ამბობს, ამ ეტაპზე ყველაფერი რობენის წინააღმდეგ მეტყველებსო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სხვები სჯობნიან და არიენი ამიტომაც ხეხავს სკამს.

ვან დერ ვაარტს სტრესი აქვს
"ჰამბურგში" დაბრუნებულ გამთამაშებელ ვან დერ ვაარტს, რომელზეც ვან გაალი ასევე დიდ იმედებს ამყარებს, პირადი ცხოვრება აერია და 31 დეკემბერს მიღებული სტრესი (ცოლს ეჩხუბა და შორდება) დღემდე მოჰყვება.

თავად განსაჯეთ: ვან დერ ვაარტმა "ჰამბურგის" გოლში მონაწილეობა ბოლოს ოქტომბრის ბოლოს მიიღო ("აუგსბურგთან" 2:0-ზე მოგებულ მატჩში) და მას მერე არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. მას მერე რაფაელი დაშავებულიც იყო, ახალი წლის ღამეს კი მეუღლე სილვისთან ჩხუბი მოუვიდა, ცოლს ხელითაც კი შეეხო და საქმე განქორწინებამდე მივიდა.

ბუნდესლიგის მეორე წრეში "ჰამბურგმა" ორი მატჩი გამართა და ვან დერ ვაარტმა ვერც "ნიურნბერგთან" გამოიჩინა თავი და არც "ვერდერთან" დერბიში ჩანდა.

ჰუნტელაარს რაღა დაემართა?
"შალკეს" გოლეადორმა წინა სეზონის 47 ოფიციალურ მატჩში 48 (!) გოლის გატანა შეძლო, მიმდინარე სეზონში კი ბუნდესლიგის 18 შეხვედრაში მხოლოდ 5-ჯერ იხეირა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჰუნტელაარს ძალიან დააკლდა რაულის პასები, რომელიც ზაფხულში ყატარში წავიდა. მასზე უარყოფითად იმოქმედა გაწელილმა მოლაპარაკებებმა კლუბთან, თუმცა ჰუნტელაარმა უკვე გააფორმა ახალი კონტრაქტი და "შალკეს" თავისი ბედი 2015 წლამდე დაუკავშირა.

ამბობს, ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი მოგვარდაო, მაგრამ გოლების გატანას ისევ ვერ ახერხებს.

კარგად მხოლოდ ბას დოსტი თამაშობს
ამ სამი ვარსკვლავის გარდა, ვან გაალს ბუნდესლიგიდან ელჯერო ელიას (ვერდერი) და ლუუკ დე იონგის (გლადბახი) იმედიც აქვს, მაგრამ ვერც ეს ფეხბურთელები ბრწყინავენ. ლუისს იმედებს განსაკუთრებით დე იონგი უცრუებს.

ერთადერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც გერმანიაში კარგად გამოიყურება, "ვოლფსბურგის" ცენტრფორვარდი ბას დოსტია, რომელსაც, მიუხედავად კლუბის წარუმატებელი ასპარეზობისა (მე-13 ადგილი), ბუნდესლიგის 18 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი (2 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვან გაალმა ჰოლანდიის ნაკრებში ვესლი სნეიდერი და არიენ რობენი არ გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული